№1 ექიმის რჩევები
კითხვა: ერთი კვირის წინ დამეწყო თავის ძლიერი ტკივილები და გულისრევის შეგრძნება, გავიკეთე ანალიზები და მითხრეს, რომ დიდი ცვლილებებია, შეიძლება, თირკმლის პრობლემა იყოსო. ექოზე ყველაფერი წესრიგშია. აღარ ვიცი, ვის მივმართო, ვისთან მივიდე. შეგიძლიათ, რამე მირჩიოთ?
პასუხი: თირკმლის ცვლილებების დასადგენად ექოს გაკეთება არ არის საკმარისი, ექოზე ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ კენჭოვანი დაავადება ან თირკმლის ორგანული დაზიანება გაქვთ. ფუნქციურ ცვლილებებს კი მხოლოდ შარდის ანალიზი აჩვენებს. უნდა გაკეთდეს შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი. პირველ რიგში, უნდა მიხვიდეთ ოჯახის ექიმთან და ამ ანალიზებისა და გასინჯვის შედეგად ის გაარკვევს, რომელი სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ. თუ შარდში არის ცვლილებები, მაშინ ნეფროლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.
კითხვა: ორჯერ სხვადასხვა დროს, 9 წლის დაშორებით, გავიკეთე ტესტი ტუბერკულოზზე. კანი ნორმაზე მეტად გამისივდა, მაგრამ რენტგენმა არაფერი აჩვენა. რისი ბრალი შეიძლება იყოს რეაქცია? ჩემს შემთხვევაში 12 მილიმეტრით გასივდა.
პასუხი: სინჯის შეფასება მარტივი არ გახლავთ – ფასდება არა მთლიანად შეწითლებული უბნის, არამედ ინფილტრაციის (პაპულის) ზომის მიხედვით. თუ ინფილტრაციაა 20 მილიმეტრია, ეს ნიშნავს, რომ რეაქცია სინჯზე მკვეთრად დადებითია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ახალი გადატანილი აქვს რაიმე ინფექცია ან აქვს ალერგიული ფონი, ორგანიზმი ცრუ დადებით რეაქციას იძლევა ხოლმე. ასე რომ, თვითნებურ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. აუცილებელია ფთიზიატრის კონსულტაცია.
კითხვა: რატომ იწევა ორგანიზმში პროთრომბინი და რა არის მიზეზი?
პასუხი: პროთრომბინი არის პლაზმის ცილა, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში. მისი ნორმა განისაზღვრება 80-დან 100-მდე. პროთრომბინის მომატებას იწვევს ღვიძლის არასწორი მუშაობა, ვენური უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე