№1 უკვდავა ნაღვლის სამკურნალოდ
საქართველოში სულ 5 სახეობის უკვდავაა (იგივე ნეგო) გავრცელებული. ხალხი ყველა მათგანს იყენებს სამკურნალოდ. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში, გამოიყენება კენწეროს ყვავილოვანი კალათები 1-2 სანტიმეტრის ღეროთი.
ნეგოს ყვავილები მედიცინაში გამოიყენება ნაღვლის, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. ავადმყოფებს უმცირდებათ პირღებინება, ღვიძლის არეში ტკივილის გრძნობა, მეტეორიზმი (მუცლის ბერვა გაზების დაგროვების გამო), აფერხებს ღვიძლის გადიდებას. ნეგო მცირედ ტოქსიკურია, ზრდის ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, ახდენს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის სტიმულირებას.
ნეგოს ნახარშის მოსამზადებლად იღებენ 10 გრამ დაქუცმაცებულ ყვავილს, ასხამენ 200 მილილიტრ ოთახის ტემპერატურის წყალს და აცხელებენ მდუღარე წყალში ჩადგმით, ამასთან, ხშირად ურევენ. შემდეგ აგრილებენ, წურავენ და ნაყენს იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნაღვლის დენის გამაძლიერებელი ჩაი კეთდება შემდეგნაირად: 400 მილილიტრ წყალზე იღებენ 10 გრამ შემდეგი ბალახის ნაკრებს: 3 გრამ ნეგოს ყვავილს, 3 გრამ სამყურას ფოთოლს და 2 გრამ ქინძის თესლს. 1 ჩაის კოვზ ნარევს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და თავდახურულს 20 წუთის განმავლობაში დგამენ. შემდეგ წურავენ და ნახევარ-ნახევარ ჭიქა თბილ ნაყენს სვამენ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნეგოს გამოყენება შეიძლება სიყვითლის სამკურნალოდ. ნეგოს წყლიანი ნაყენი (40 გრამი უკვდავა – 1 ლიტრ მდუღარე წყალზე) ნაღველსადინარების მკურნალობასთან ერთად დადებითად მოქმედებს თვით ღვიძლზეც, განსაკუთრებით ციროზისა და ჭვლების დროს. იმასვე იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას, აგრეთვე, შარდ-სასქესო ორგანოების, საშარდე ბუშტის ჩათვლით, მკურნალობის დროს შარდმდენ საშუალებად. იყენებენ შემდეგნაირად მომზადებულ წყლიან ნაყენსაც: 3 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნეგოს ყვავილებს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და დგამენ 8 საათის განმავლობაში (დღე-ღამის დოზა). რეცეპტი შეიძლება, გამოვიყენოთ თირკმლების დაავადების დროსაც.
ნეგოს ფისოვანი ნივთიერებები ანტიბიოტიკ არენარინს შეიცავს, რომელიც ფიტოპათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს და რადგან მას ინსექტიციდური თვისებაც აქვს, ჩრჩილის წინააღმდეგაც წარმატებით იყენებენ.