№1 ღვაწლი, რომელსაც არ ახლავს ტკივილი ნაყოფს ვერ გამოიღებს
საოცარი და საშინელია ის, რომ წმიდა წერილის ზოგიერთი მცოდნე არ იკვლევს მას, სხვები კი, რომლებმაც არც იციან და არც ეძებენ, კადნიერდებიან, თავიანთი განსჯადობით შეუდგნენ ამ გონიერ ყურადღებას და, ამასთან, ამბობენ, რომ თითქოს ყურადღებით დგომა და ლოცვის-ყოფა საჭიროა სასურველ ნაწილში: ამისთვის, მათი აზრით, არსებობს ადგილი მუცელსა და გულში. ეს არის პირველი და თვითნებური ხიბლი. არამცთუ ლოცვები და ყურადღება არ უნდა მოვათავსოთ ამ ნაწილში, არამედ თვით ის სითბოც, რომელიც მოდის ვნებიანი ნაწილიდან გულზე ლოცვის ჟამს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ.
***
ამპარტავნების მიზეზია უგუნური და უზომო მარხვა, როდესაც მმარხველს ჰგონია, რომ სათნოებისთვის მარხულობს და არა უბიწოების მისაღწევად. ამის საბაბს განმარტოებული ცხოვრებაც იძლევა. ამიტომაც მეუდაბნოე ყოველთვის სამეფო გზით უნდა ვიდოდეს, რადგან ზედმეტობას ყოველთვის თან ახლავს მაღალი აზრი საკუთარ თავზე, რომლის მემკვიდრეც, ჩვეულებრივ, ხიბლია.
***
ხიბლის არ უნდა გეშინოდეთ – ხიბლი გაამპარტავნებულთ ემართებათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაკი გულში სითბო შეუვიდათ, ესე იგი, უკვე სრულყოფილების მწვერვალს მიაღწიეს. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ დასაწყისია. ისიც, შეიძლება, მტკიცე არც იყოს, რადგან სითბო და გულის სიწყნარე ბუნებრივადაც ხდება – ყურადღების კონცენტრირების შედეგად. საჭირო არის შრომა და შრომა, ლოდინი და ლოდინი, სანამ ბუნებრივი არ შეიცვლება მადლმოსილით. ყოველ შემთხვევაში, უკეთესია, არასდროს ჩათვალო, რომ რამეს მიაღწიე; ყოველთვის მიიჩნიე შენი თავი გლახად, შიშვლად, ბრმად და არაფრის მაქნისად.
***
კეთილი ინებეთ, მტკიცედ დაიმახსოვროთ, რომ სიმდაბლე მოიპოვება არა მდაბალი აზრებით, არამედ საკუთარი თავის თავისუფალი დაქვემდებარებით დამამდაბლებელი შემთხვევებისა და ურთიერთობებისადმი.
***
თქვენ მეკითხებით: „უნდა ვილაპარაკო თუ არა სხვებთან სულიერ ცხოვრებაზე?“ ილაპარაკეთ, მხოლოდ საკუთარზე ნურაფერს მოჰყვებით. ზოგადად იმსჯელეთ, თუმცა, საუბარი მიუსადაგეთ შემკითხველის მდგომარეობას. ხდება რომ ზოგიერთები საუბარს იწყებენ მხოლოდ ლაპარაკისთვის, და ეს უკეთესია, ვიდრე უქმსიტყვაობა ან რაიმე ყოფიერზე საუბარი. როდესაც იმსჯელებთ, ყველაზე მეტად გაფრთხილდით, რომ არ აღელვოთ მოსაუბრე ქიშპობით ან შეკამათებით. იმის აშკარა სურვილით, რომ მოიყვანოთ ის თქვენს აზრზე. მტერი ამისკენ გიბიძგებთ. მას სურს, კამათი და დავა გამოიწვიოს და ამის მეშვეობით შეურიგებლობამდე მიგიყვანოთ. არანაკლებ ერიდეთ სულიერზე საუბარს იმ მიზნით, რომ გამოთქვათ საკუთარი სიბრძნე. ესეც მტრის შთაგონებაა, რომელსაც შედეგად აუცილებლად მოჰყვება ადამიანებისგან დაცინვა და ღვთისგან არაკეთილგანწყობა.
***
ღვაწლის სარწმუნო ნიშანს და, ამასთანავე, მისი საშუალებით წარმატების პირობას წარმოადგენს მტკივნეულობა. ვინც უმტკივნეულოდ ცხოვრობს, ნაყოფს ვერ გამოიღებს. გულის ტკივილსა და ფიზიკურ შრომას ადამიანი მიჰყავს მასში სულიწმიდის მადლის გამოვლინებამდე, რომელიც თითოეულ მორწმუნეს ეძლევა წმიდა ნათლისღების საიდუმლოში და რომელიც ჩვენი დაუდევრობით, მცნებების შესრულებასთან მიმართებით, ვნებებში იფლობა, მაგრამ ღვთის გამოუთქმელი წყალობით კვლავ აღდგება სინანულში. ნუ დაანებებ თავს შრომას მისი სიძნელის გამო, რათა არ იქნე განკითხული უნაყოფობისათვის. ყველა ის ღვაწლი, იქნება ის სულიერი თუ ხორციელი, რომელსაც არ ახლავს ტკივილი და არ მოითხოვს შრომას, ნაყოფს ვერ გამოიღებს: სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებენ მათ, მიიტაცონ იგი (მათე II, 12). ბევრი შრომობდა მრავალი წლის განმავლობაში უმტკივნეულოდ, მაგრამ სწორედ ამ უმტკივნეულობის გამო იყვნენ სიწმიდისათვის უცხონი და სულიწმიდასთან უზიარებელნი, როგორც უარმყოფელნი საშინელი ტკივილებისა. ვინც ძალდაუტანებლად და გულგრილად შრომობს, თითქოს ბევრს შრომობს, მაგრამ უმტკივნეულობის მიზეზით არანაირ მოსავალს არ იმკის. თუკი, წინასწარმეტყველის თანახმად, არ იმუსრება მარხვისა და შრომისაგან დაუძლურებული ჩვენი ქედი და გულში არ აღვმართავთ შემუსვრილობის მტკივნეულ გრძნობებს და არა გავიტანჯებით, როგორც მშობიარე დედაკაცი, მაშინ ვერ ვშობთ ცხონების სულს ჩვენი გულის მიწაზე.