№1 რატომ უხარია ადამიანს სხვისი დაცემა და რატომ აღარ სურთ დღევანდელ ადამიანებს ღმერთი და ეკლესია
მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დღესასწაული ადამიანის განღმრთობას, მის კეთილდღეობას ემსახურება. მაგრამ ხშირად ჩვენი თანამედროვე ადამიანების ქრისტიანობა დღესასწაულების შემდეგ მთავრდება და მარხვიდან მარხვამდე, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე წარმართულ ცხოვრებას ვუბრუნდებით. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ყველა დღესასწაული ადამიანის განღმრთობას, მის კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ ვხედავთ, რომ საუკუნეები, წლები გადის, იცვლება და მოდის სხვადასხვა ხელისუფლება, მაგრამ ადამიანის ცვლილება და კეთილდღეობა მაინც შორსაა. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: თუ ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება, ის იქნება ცრუ სწავლებით შეპყრობილი. ღმერთზე ცრუ სწავლება სამოთხეშივე იყო. დღეს‚ სამწუხაროდ‚ ბევრმა არ იცის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და ის იშვა ჩვენი ცხონებისთვის – იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. ნანოტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო აღარ გახდება აღარც ღმერთი, აღარც მოძღვარი, აღარც ეკლესია... ადამიანი იფიქრებს, რომ ქვეყანაზე მარადიული ცხოვრებაა და აღარ მოითხოვს ღმერთისგან პურს არსობისას. ბევრი იფიქრებს, რომ მოძველდა რელიგია, მაცხოვარი, განკაცება და მათთვის მოძღვრის, ეკლესიისა და ღმერთის ადგილს თანამედროვე ტექნოლოგიები დაიკავებს. დღეს აშკარად არა‚ მაგრამ შეფარულად არის ამის ნიშნები. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვამხილოთ ის ცრუ სწავლება, ცრუ იდეოლოგია, რომელიც‚ სამწუხაროდ‚ უკვე შემოსულია თანამედროვე რეალობაში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებასო.
– ადამიანები ხშირად ამბობენ, დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ვნახე მოძღვარი, რომელიც მარხვას არღვევდა, ბილსწისტყვაობდა, ნასვამი იყო და რაღა მინდა ეკლესიაშიო. ზოგი ამბობს: სად მივიდე, ვისთან მივიდე, ვეძებ მოძღვარს განათლებულს, სულიერს, თავმდაბალს, მაგრამ ვერ ვნახეო.
– ადამიანთა სამი კატეგორია არსებობს: ვინც დადის, ვინც დადიოდა და ვინც აპირებს მოსვლას. ბევრი დღემდე დადის, ამბობს აღსარებას და ემზადება ზიარებისთვის. მაგრამ, არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ: თქვენ სად იყავით, როცა მე ეკლესიაში დავდიოდიო. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ემზადებიან ეკლესიაში მისასვლელად და ისინი აცხადებენ იმას, რაზეც თქვენ საუბრობდით. მინდა გითხრათ, რომ ტაძარში მივდივართ არა ჩვენი სურვილით, არამედ უფლის მოწოდებით. იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს: თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ თქვენ. მოსწონს მას თუ არა, დაბრკოლებულია თუ არა, ეს სხვა რამეა. უნდა შევარჩიოთ ტაძარი, მოძღვარი, რომელიც შეიძლება, არ იყოს ძალიან განათლებული, დიდი სულიერებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ შეუძლია წირვა-ლოცვის ჩატარება. ისეთ მოძღვართან უნდა მივიდეთ, წმიდა მამათა დაფუძნებით რომ ცხოვრობს და ეკლესიიდან წასვლის სურვილიც არ გაგვიჩნდება. ხშირად ჩვენი არასწორი გამომეტყველებით, ზარმაცი ლოცვით, ბუნდოვანი ქადაგებით, სიზარმაცით ვეუბნებით, რომ არ გვცალია, ვაბრკოლებთ მათ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეკლესიაში ის ადამიანი სულიწმიდის მადლმა მოიყვანა, შენ კი არ გცალია მისთვის; ანდა ისე ესაუბრები, თითქოს ვინმე ჩინოვნიკი იყო და ის შენში არანაირ სიყვარულს არ ხედავს. ადამიანებიც იმიტომ მიდიან ეკლესიიდან, რომ იქ სიყვარულს ვეღარ პოულობენ, რაც უკვე აღარსად არის – აღარც ოჯახში, აღარც ნათესავებში. ეკლესიაშიც რომ იკარგება ეს სიყვარული, მერე უკვე იქიდან მრევლიც მიდის. დიდი მამები ამხელდნენ ხოლმე: ტაძარში ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ლოცულობდაო, ასე იქნება ახლაც. თუ შენს გულში გყავს იესო ქრისტე, სულის ცხონება გინდა, მოძებნი ღარიბ მღვდელს, რომელსაც არ ჰყავს ძვირფასი მანქანა და არ არის შემჩნეული უკეთურ საქციელში. ხანდახან კარგი იქნება, სასულიერო პირებმა კონტროლი გაუწიონ თავს. ადრე არავინ არაფერზე წუხდებოდა და ახლა ცოტა უნდა დავფიქრდეთ: როგორ ვიქცევით, რა გვაცვია, რას ვქადაგებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვასწავლით ჩვენს მრევლს. დღეს მრევლი ძალიან განათლებულია და სასულიერო პირს არ ეპატიება უმეცრება, ზედმეტი ჭამა-სმა, ზედმეტი სიმსუქნე, სიზარმაცე, ულოცველობა. ამიტომაც, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ, სასულიერო პირებმა, საკუთარ თავზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ვიყოთ ღირსეული მოძღვრები. ზოგს ჰგონია: ეკლესიაში რომ მოვიდე, ეს არ უნდა გავაკეთო, ის ისე აღარ უნდა გავაკეთოო და ხშირად ეკლესიურ ცხოვრებას არასწორად იწყებენ. ეკლესიური ცხოვრება ნორმალური ცხოვრების წესია. კარგი ქრისტიანი ნორმალური ადამიანია და ცუდი ქრისტიანი – არანორმალური. როცა ეუბნები, რომ ქრისტიანი უნდა იყოო, გპასუხობთ: როგორ უნდა ვიყო, ოცდამეერთე საუკუნეში რაღა დროს ქრისტეაო.
– ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში დადიან, ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი იციან.
– როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, ის ვერაფერს მიიღებს ღმერთისგან. ადამიანი გლახაკი უნდა იყოს სულით. ჩვენ გვინახავს როგორ ზეიმობენ ზოგიერთები შობას და შემდეგ ისევ წარმართულ ცხოვრებას განაგრძობენ, ანუ, მაცხოვარი შობიდანვე მიტოვებულია, ის ადამიანებისგან განიდევნება. სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ, გვიხარია. ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, რადგან უფალი გვეუბნება: რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს განვრისხდეთ, როდესაც ჩვენ გვამხილებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ უგუნურ და, მით უმეტეს, უხამს სიტყვას, მოჰყვება მთელი რიგი ცუდი შედეგებისა. ეს სიტყვა შემდგომში იქცევა საქმედ. სიძულვილი, ზიზღი, დამცირება, განკითხვა ეშმაკის საქმეა და, თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი, მისი თანამზრახველი ვხდებით და საკუთარ თავს, სულს ვაგინებთ. ეკლესიაში მკაცრი განაჩენის უკიდურესი ფორმაა ანათემა, როდესაც ადამიანი შეგნებულად გმობს წმიდა სამებას, ნათლისღების საიდუმლოს; გმობს სულიწმიდას, იკლავს თავს. იმ შემთხვევაში გმობს ის სულიწმიდას, როცა არ ცხოვრობს ეკლესიურად; გაჭირვებაში ჩავარდნილი, იმდენად ამპარტავანია, რომ არ მიდის უფალთან, მოძღვართან, ეკლესიაში. ასეთი ადამიანები დეპრესიაში ვარდებიან, ნევროზი ემართებათ. ღმერთმა ყველა დაიფაროს და, ისინი ცდილობენ საკუთარი თავის განადგურებას – სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა და ამიტომაც ეკლესია არ ლოცულობს მათთვის.