№1 უნდა გაუშვათ
ამბობენ, რომ სიყვარულის დაკარგვა საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი გზაა. მის გარეშე, ალბათ, არ იქნებოდით ის ადამიანი, ვინც დღეს ხართ. ნამდვილი სიყვარული ადამიანს ცვლის და მისი ცხოვრება სხვა რელსებზე გადაჰყავს.
ზოგიერთ სასიყვარულო ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს – ისინი ცხოვრებას ერთად ატარებენ და ერთად ბერდებიან. როდესაც ნამდვილ სიყვარულს პოულობთ, ის მთელს თქვენს არსებას იპყრობს, ჩაგავლებთ და დაუძლეველი და უსაზღვრო შეიძლება იყოს. ყოველი დილა სიყვარულითა და სიამოვნებით სავსე ფიქრებით იწყება. დღე უფრო ნათელია, სამყარო – უფრო ფერადი. თავს იმაზე მეტად ცოცხლად გრძნობთ, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ის, რაც ასეთ წარუშლელ კვალს ტოვებს, ზოგჯერ, მტკივნეული მოგონებებია. იმ ტკივილის გაცნობიერებას, რომელიც ნამდვილი სიყვარულის დაკარგვას მოჰყვება, დრო სჭირდება. ასე უბრალოდ არ ხდება – გული გაგიტყდათ და გაკვეთილი ისწავლეთ. გულს უსასრულოდ მსხვრევის უნარი აქვს, ეს დროში გაწელილი პროცესია.
თუ საკუთარ თავთან გულწრფელი იქნებით – რაც ხშირად ძალიან რთულია – გაცილებით გამჭრიახი თვალით შეძლებთ იმ პიროვნების შეფასებას, როგორადაც იქეცით. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, იმ ადამიანის ფორმირება დაიწყოთ, რომელიც გინდათ, რომ იყოთ. სიყვარულის დაკარგვა ნამდვილად გაჩვენებთ რეალურ მეს. ის გაჩვენებთ, რომ საკუთარ თავზე მუშაობა და გაუმჯობესება უნდა განაგრძოთ, რათა სიყვარულის ნაწილად ყოფნისა და მტკიცე ურთიერთობისთვის იყოთ მზად.
ახალი ცხოვრება, რომელსაც ქმნით, გადაჯაჭვულია იმ ფაქტთან, რომ ოდესღაც ძლიერ გიყვარდათ. თითქოს გრძნობთ, რომ იმ სიყვარულის, სიხარულისა და ტკივილის გარეშე შეუძლებელი იყო, ის ადამიანი გამხდარიყავით, ვინც დღეს ხართ.
ვიდრე ცხოვრების გაგრძელებას ცდილობთ, ერთ დღეს შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ წარსული სიყვარულის გახსენება ერთგვარ ნორმად გექცათ. თითქოს იძულებული ხართ ეს მუდმივად აკეთოთ. სიყვარულიდან უვნებელი არასდროს გამოდიხართ – მნიშვნელობა არ აქვს, ურთიერთობა როგორ დამთავრდა. ეს არც კარგია და არც ცუდი. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, უნდა სცადოთ და სიყვარული თავიდან იპოვოთ.
უნდა გაუშვათ საყვარელი ადამიანი – ორივესთვის ასე აჯობებს. ერთადერთი გზა, რომ ეს შეძლოთ, ალბათ, ახალი სიყვარულის პოვნაა. დაკარგული სიყვარული, სავარაუდოდ, ბოლომდე არასდროს დაგავიწყდებათ, დროდადრო მოგონებები ზედაპირზე ამოტივტივდებიან, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია.
ურთიერთობამ, რომელიც ოდესღაც გქონდათ, თქვენი დღევანდელი თავის უკეთეს ვერსიად გაქციათ. გიყვარდათ, იცინოდით, ტიროდით. თქვენ შეცვალეთ საკუთარი ცხოვრება და არასდროს მოგინდებათ იმ წარსულის დავიწყება, რომელმაც ამდენი რამ გასწავლათ.
შეიძლება, ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ იმის იმედი ყოველთვის არსებობს, რომ სიყვარულს ისევ იპოვით. ახალ სიყვარულს ძველის გადაფარვის უნარი აქვს. ერთ დღესაც, ტკივილი ტკბილ მოგონებად იქცევა, რომლის გახსენებასაც ღიმილითა და ნოსტალგიით შესძლებთ.
სასიყვარულო
დუელის ნაწილი
ძლიერი და მშვენიერი სქესი ყოველთვის კარგად როდი უგებს ერთმანეთს. თუმცა, ვიდრე ეს შეუსაბამობა სასიყვარულო დუელის ნაწილია, ის ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც მამაკაცი უთანხმოებას ვერ ურიგდება და თავის გატაცებას მალევე უსვამს წერტილს – ქალთან ურთიერთობას ასრულებს.
1. თუ მამაკაცი იწყებს ფიქრს – „სასაცილო ხომ არ ვარ?!“
თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა, რომელიც უარს არ იტყვის ცხოვრებით, ქალებით თამაშზე, მაგრამ როდესაც იგრძნობს, რომ მისით „თამაშობენ“, რისხვა იპყრობს. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმის ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს. ამიტომ, სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და ფრთხილად იყავით მასთან ხუმრობისას. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახის წევრებს, ფულის შოვნის უნარს...
2. მათ არ სურთ სხვის დაკრულზე ცეკვა.
მამაკაცის ტემპერამენტი მისმა ბიოლოგიურმა ფუნქციამ ჩამოაყალიბა. ვერ ითმენს ქცევის შტამპებსა და ერთფეროვნებას. მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ, როდესაც საყვარელი ქალი „მეთაურის“ რანგში გამოდის, მამაკაცი ამას აღიქვამს როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე. თავმოყვარე მამაკაცური ბუნება „დედაკაცის დაკრულზე ცეკვას“ ვერ აიტანს.
3. მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი.
მამაკაცები იშვიათად დადიან ექიმებთან, შეძლებისდაგვარად გაურბიან მკურნალობას. მიზეზი მარტივია – მათ ტკივილის ეშინიათ. ცხოვრებაში ისინი იმდენს ვერ ითმენენ, რამდენსაც ქალები. მარტო მშობიარობა რად ღირს! ამიტომაც, ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები ნაკლებად არიან მზად. გარდა ამისა, ექიმთან წასვლაზე თანხმობის მიცემა მამაკაცისთვის ცხოვრებასთან ბრძოლაში დათმობის, დამარცხების ტოლფასია. არ სურს, გამოჩნდეს უბადრუკი და სუსტი. მამაკაცს არც ისე კარგად აქვს განვითარებული თანაგრძნობის უნარი და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვას ეს შეუძლია.
4. მათ სძულთ ურთიერთობების გარკვევა.
ეს ყველაზე დიდი წყალგამყოფია ქალისა და მამაკაცის ბუნებას შორის. მშვენიერ სქესს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვარს, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. მათ საერთოდ უჭირთ საკუთარი გრძნობების ანალიზი. ნუ ჩაითრევთ მამაკაცს სენტიმენტალურ, ცხოვრებისეულ საუბრებში. ეს დროის ამაო კარგვა იქნება.