კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ აირჩევა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ახალი კონსტიტუციით და როგორ შეუძლია პრემიერს პარლამენტის დათხოვნის პროცედურის გამოწვევა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს უამრავ საკითხს და მათ შორის, სახელისუფლო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას.
ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად განვიხილავთ, რა ტიპის სიახლეებია პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებში, როგორაა განაწილებული ძალაუფლება სახელისუფლო შტოებს შორის და, ბოლოს და ბოლოს, მიენიჭა თუ არა პარლამენტს მთავრობის სრულფასოვანი კონტროლის უფლება და აქვს თუ არა მისი შეცვლის ეფექტიანი მექანიზმი.

– თვისებრივად რა არის ახალი „ოცნების“ მიერ შემუშავებულ კონსტიტუციაში, რაც მას განასხვავებს წინა კონსტიტუციისგან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა?
– მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს, წინა კონსტიტუციას, მაინც დიდი ნაბიჯი გადაიდგა საპარლამენტო მმართველობისაკენ. მართალია, იმ კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებები საჭიროზე მეტად იყო გაზრდილი, მთავრობისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადების პროცედურა კი – საკმაოდ გართულებული, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ ორ კონსტიტუციას შორის თვისებრივი განსხვავებებია, რადგან ორივე საპარლამენტო მმართველობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წინა კონსტიტუციას ნახევრად საპრეზიდენტოსაც უწოდებდა, ახალს კი – სუფთა საპარლამენტოს, ორივე შემთხვევაში პირველი პირი პრემიერ-მინისტრია. ის, რითაც განისაზღვრება კონსტიტუციის ბუნება – საპრეზიდენტოა, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის ქვეყნის პირველი პირი, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და როგორ აირჩევენ ან დანიშნავენ მას. თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, წინა კონსტიტუციითაც პირველი პირი პრემიერ-მინისტრი იყო და დღესაც ასეა. ამდენად, კონცეპტუალური ცვლილება არ არის, მაგრამ არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ზოგი დაიხვეწა, ზოგი – ნაკლებად.
– ყველაზე მნიშვნელოვნად რა ცვლილებას მიიჩნევთ ახალ კონსტიტუციაში?
– ყველაზე მნიშვნელოვანი არის მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობა, ანუ ის, თუ როგორ ფორმირდება მთავრობა და რა ბერკეტები აქვს პარალმენტს, რომ მთავრობას გამოუცხადოს ნდობა ან უნდობლობა. ვთქვი, რომ წინა კონსტიტუციაში იყო ჩადებული როგორც ერთი, ისე მეორე მექანიზმი. პრინციპი თითქოს იდო მისთვის, ვინც არ ჩაუღრმავდებოდა დეტალებს, რეალურად კი იმდენად გაჭიანურებული იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომ ფაქტობრივად, მთავრობის გადაყენებას შეუძლებელს ხდიდა. ეს ნაწილი ძალიან სწორადაა ჩამოყალიბებული დღევანდელ კონსტიტუციაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
– ავხსნათ ახალი კონსტიტუციით პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი.
– დღეს რეალურია, რომ პარლამენტმა დასვას მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ პარლამენტი რეალურად უკმაყოფილოა მთავრობის, მას შეუძლია მთავრობის დათხოვნა. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ პარლამენტი დამოუკიდებელია და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს პროცედურა კარგადაა გაწერილი ახალ კონსტიტუციაში და ამით პარლამენტს შეუძლია, რეალურად მართოს მთავრობა, რაც არის საპარლამენტო მმართველობის არსი. იმიტომაც ჰქვია საპარლამენტო რესპუბლიკა ამ ტიპის მმართველობას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს პარლამენტი – მთავრობას ნიშნავს და წარადგენს პარლამენტი. ახალ კონსტიტუციაში არის ცალკეული ნაწილები, რომლებიც შეიძლება, მივიღოთ ან არ მივიღოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, მაინც ეს საკითხია.
– რა შემთხვევაში უცხადებს მთავრობას პარლამენტი უნდობლობას და რა სქემით?
– უნდობლობის გამოცხადების მოტივი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, ამიტომ აქ არ არის ლაპარაკი შინაარსზე, ლაპარაკია ფორმაზე. დავუშვათ, პარლამენტის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით, როგორ იქცევა პარლამენტი ასეთ შემთხვევაში? აი, ამ პროცედურაზეა ლაპარაკი. თუ პარლამენტის სრული შემადგენლობის მესამედი მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, მას შეუძლია, დაიწყოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. პარლამენტის წევრთა ეს რაოდენობა, 50 დეპუტატი იწყებს უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. როგორც კი ეს საკითხი დადგება, არა უადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში, პარლამენტის ამ ჯგუფმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და დასვან მოქმედი მთავრობის ნდობის საკითხი. ისე არ არის, რომ ჯერ მოქმედ მთავრობას გამოუცხადებენ უნდობლობას, სახლში გაუშვებენ და ამის შემდეგ იფიქრებენ ახალ მთავრობაზე. ახალი კონსტიტუციით, ამ ვადაში პარლამენტართა იმ ჯგუფმა, რომელიც უნობლობას უცხადებს მოქმედ მთავრობას, პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. თუ პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ ახალ წარდგენილ მთავრობას...
– უბრალო უმრავლესობა – იგულისხმება 76 დეპუტატი?
– დიახ, იმიტომ რომ მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისია 76 ხმა. ეს ჩაითვლება უკვე მოქმედი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად და ერთდროულად მოხდება ძველისთვის უნდობლობისა და ახლისთვის ნდობის გამოცხადება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და ახალი პრემიერმინისტრი, ასევე, ორი დღის ვადაში წარმოადგენს თავის კაბინეტს. ეს პროცედურა გულისხმობს პროგრამების წარდგენასაც. ანუ უცებ და მოულოდნელად კი არ უცხადებს პარლამენტი უნდობლობას მოქმედ მთავრობას, წინასწარ იქმნება ჩრდილოვანი კაბინეტი და ამის შემდეგ დააყენებს დეპუტატთა მესამედი მოქმედი მთავრობის უნდობლობის საკითხს. მაგრამ, თუ ახალმა, დეპუტატთა მესამედის მიერ წარდგენილმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა ვერ მოიპოვა, მაშინ  დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომლებმაც დაიწყეს მოქმედი მთავრობის უნდობლობის პროცედურა, აღარ აქვს უფლება, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღოს მონაწილეობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაში, თუ ეს პროცედურა პარლამენტართა მეორე ჯგუფმა დაიწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ახალი კონსტიტუცია გულისხმობს ნდობის გამოცხადების პროცედურას. თუ რაღაც საკითხის გამო პრემიერსა და პარლამენტს შორის უთანხმოება წარმოიშვა და პარლამენტი არ იღებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, მაშინ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი.
– თავის თავსაც გულისხმობს?
– დიახ, იგულისხმება მთლიანად მთავრობა პრემიერ-მინისტრთან ერთად. თუ ასეთი საკითხი დაისვა, კენჭისყრა ისევ მოკლე დროში უნდა გაიმართოს: 7-14 დღის ვადაში და, თუ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი თავის ადგილზე რჩება, თუ მან პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, მაშინ ამ პროცედურიდან არა უადრეს 8 და არა უგვიანეს 14 დღისა პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა არსებულ მთავრობას, მაგრამ თავად წარადგინა მთავრობა, პარლამენტის მესამედს აქვს უფლება, წარადგინოს ახალი მთავრობა და მიიღოს ნდობა, მაგრამ, თუ არც იმ მთავრობას არ გამოუცხადა ნდობა პარლამენტმა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დაინიშნება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. მთავრობა კი იხსნის უფლებამოსილებას მხოლოდ მაშინ, როდესაც აირჩევა ახალი პარლამენტი და ის ახალი პარლამენტი სრულად დააკომპლექტებს მთავრობას. აი, ეს პროცედურაა, განსხვავებით წინა კონსტიტუციისგან, როდესაც მთავრობა უფლებამოსილებას იხსნიდა პრეზიდენტის და არა პარლამენტის წინაშე. პროცედურულად შესაძლოა, იგივე იყო, რადგან პრეზიდენტი პირდაპირ არც მაშინ ნიშნავდა პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის არჩევის წესი სხვაა. თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მთავრობა დანიშნულად ითვლება.
– ანუ პრეზიდენტის ხელმოწერას ფორმალური მნიშვნელობაც აღარ აქვს?
– დიახ, არ აქვს. ეს პრინციპია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კონსტიტუციაში გაკეთდა.
– პრემიერ-მინისტრის არჩევის წესი იგივეა, როგორც წინა კონსტიტუციაში?
– როდესაც აირჩევა პარლამენტი, ძველი მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას და აგრძელებს მუშაობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია (არ არის აუცილებელი, იყოს საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ პირველ ადგილას უნდა იყოს პარლამენტში მანდატების რაოდენობით) წარადგენს და შემდეგ პრემიერ-მინისტრი წარადგენს მთავრობას. პირდაპირ არ წერია, მაგრამ, როდესაც ასეთი წარდგინებაა, თანხმდება არა მარტო პრემიერ-მინისტრის, არამედ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების კანდიდატურებიც. თუ პარლამენტი ნდობას ვერ უცხადებს მთავრობას, იწყება ისევ ის პროცედურა, რაც მთავრობისთვის  უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაშია აღწერილი.
– პარლამენტის წევრთა მესამედი წარადგენს თავის ჩრდილოვან მინისტრთა კაბინეტს, წინასწარ გამზადებულს?
– დიახ.
– წინა კონსტიტუციას უწოდებდნენ სუპერსაპრემიეროსაც, ამჟამინდელ ვარიანტში პრემიერ-მინისტრი რა სიძლიერის ფიგურაა?
– ახალ კონსტიტუციაში უფრო პარლამენტის უფლებებია გაზრდილი, რასაც ადასტურებს ის პროცედურები, რაზეც ვილაპარაკე. აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს პარლამენტი თავის თავზე ვერ აიღებს, ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია პარლამენტს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე ზემოქმედება. სუპერსაპრემიეროდ იმიტომ ფასდებოდა წინა საკონსტიტუციო მოდელი, რომ, თუ პრემიერ-მინისტრი ერთხელ მიიღებდა ნდობას, მისი გადაყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. არ არსებობდა პარლამენტის მიერ მთავრობის გადაყენების ქმედითი მექანიზმი და, როდესაც ამბობენ, რომ აი, ეს გასწორდა, იგულისხმება ის მექანიზმი, რომელიც მოგახსენეთ. პრემიერ-მინისტრის გადაყენების მექანიზმი სწორადაა დანახული ახალი კონსტიტუციის მიერ. გვახსოვს, როგორ დაიწერა წინა კონსტიტუცია, მიშა სააკაშვილს უნდოდა, რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და თან, ისე, რომ, თუ პარლამენტთან შეექმნებოდა პრობლემები, თავად მის ძალაუფლებას არ გასჩენოდა პრობლემები. ის დარწმუნებული იყო, რომ თავად აიღებდა უმრავლესობას პარლამენტში და მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, უპრობლემოდ გამოუცხადებდნენ ნდობას და შემდგომ, რომ დაეკარგა კიდეც პარლამენტზე კონტროლი, მას, ფაქტობრივად, ვერავინ გადააყენებდა. დღეს ასეთი ვითარება აღარ არის და ეს ხარვეზი გასწორებულია.
– ანუ პრემიერ-მინისტრის გადაყენების მექანიზმი უკვე ამოქმედდა?
– დიახ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, კონსტიტუცია მთლიანად ამოქმედდა.
– მინისტრთა კაბინეტის მესამედის შეცვლის შემდეგ პარლამენტს თავიდან უნდა გამოეცხადებინა ნდობა მთავრობისთვის. ახლაც ასეა?
 – ახალ კონსტიტუციაში ასეთი დათქმა აღარ არის.
скачать dle 11.3