№1 „ტრაგედია გმირით“
სკამების დაუფლების ვნებები
გვეგონა, 2018 წელს გულმშვიდად ვაცილებდით… გულმშვიდად, რაკი ვერ ახდა რუსი პიარტექნოლოგის (შკლიაროვის, რომელიც გრ. ვაშაძის წინასაპრეზიდენტო კამპანიას ხელმძღვანელობდა) პატაკი მოსკოვისადმი (სხვაგვარად ვერ ახსნი), დეკემბერში (რომელიც უკვე მიიწურა) უსისხლო რევოლუციის მოწყობისა საქართველოში და თითქოს „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩაწყნარდა (რაც აღმოაჩინეს, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, დაისჯებიან, რაც განსაკუთრებით, წამლად აისახა აქტივისტებზე, რომელთა დაყოლიება აწი და აწი სულ უფრო და უფრო გართულდება დებოშების მოსაწყობად), მაგრამ, სამაგიეროდ, სახელისუფლო „ოცნებამ“ სხვა სიურპიზი მოგვიმზადა (ვითომ საახალწლო) საჩუქრად. კერძოდ, მეტად ცუდად ცნობილი ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა. ჩვენ არ ვიცით, რა დამსახურებისთვის ტივტივებს ზემოხსენებული მოსამართლე სასამართლო სისტემაში (ან რატომ დარჩა ქართული სამართალი მურუსიძის ამარა, რომ ეგზომ შეუცვლელია), მაგრამ საქმეს უფრო ისე ეტყობა, რომ ეს ფაქტი სამომავლო პოლიტიკური თამაშების პრელუდიაა იმ მარტივი მიზეზით, რომ წინასაარჩევნო (საპარლამენტო) რბოლა 2019 წლიდან გახურდება. ასეთ საქმეში კი (დევიზით: „მთავარია, გქონდეს სკამი“), როგორც ჩანს, ეს ჩვენი პოლიტიკური კლასი არათუ სანდრო გირგვლიანის ტრაგედიით, აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აწიოკებითაც კი ივაჭრებდა!