კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ გარისკა გამარჯვების სანაცვლოდ საკუთარი სიცოცხლე ლაშა დორეულმა, რომელიც ამერიკის მკლავჭიდის მეფედ აღიარეს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ახალგაზრდა სპორტსმენი ლაშა დორეული ორი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მან ამ დროის განმავლობაში უამრავ შეჯიბრებაზე ასახელა საქართველო. ამერიკული მკლავჭიდის ელიტა კი მის წარმატებულ სპორტულ მომავალზე ალაპარაკდა. ლაშასთან დაპირისპირებას ბევრი სპორტსმენი არიდებს თავს – იგი ამერიკის რამდენიმე შტატისა და ლიგის გამარჯვებულია 80 კილოგრამ წონით  კატეგორიაში. 23 სექტემბერს კი ნიუ-იორკში გამართულ ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა შტატის ჩემპიონები მონაწილეობდნენ, ლაშამ ყველას დამარცხება შეძლო და პირველი ადგილი დაიკავა. მან მონაწილეობა მიიღო, ასევე, აბსოლუტურ კლასში, სადაც ერთმანეთს ყველა წონაში გამარჯვებული სპორტსმენები შეეჯიბრნენ. ლაშამ აქაც ყველას დამარცხება შეძლო და  ამერიკული მკლავჭიდის მეფის გვირგვინი დაიდგა, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ, საუკეთესო სპორტსმენს გადაეცემა. ლაშა გამარჯვებების რაოდენობის მიხედვით, ასევე, დასახელდა წლის საუკეთესო მკლავჭიდელად.
– ლაშა, მოგვიყევი შენ შესახებ. სად დაიბადე, გაიზარდე და როგორ ვითარდებოდა შენი სპორტული კარიერა?
– მე ქართველი ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. დავიბადე, გავიზარდე თიანეთის რაიონში, გახლავართ მთიული. განგებამ მარგუნა საპატიო ტვირთი და უდიდესი პასუხისმგებლობა არაგველობისა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად უნდა ვატარო.  ბავშვობაში სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ყველა კლასი ხუთებზე დავამთავრე. ბავშვობაში სამხედრო კარიერაზე ვოცნებობდი, ბევრი სხვა პროფესიაც მხიბლავდა, მაგრამ ჩემს სამომავლო გეგმებზე არასოდეს არავისთან ვსაუბრობდი. სხვათა შორის, ეს ჩვევა დღემდე გამომყვა. ადრეული ბავშვობიდან აქტიურად ვვარჯიშობდი. გატაცებული ვიყავი შერეული საბრძოლო ხელოვნებით, რომელშიც მავარჯიშებდა ხვიჩა გიგაური, ხოლო კრივში – ვეფხვია შეთეკაური. მიზნად მქონდა დასახული MMA-ს (ბრძოლა წესების გარეშე) მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოპოვება და ამ მიზნის მისაღწევად მსოფლიო არც ისე დიდი მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ერთი უბედური შემთხვევა, რამაც მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყოველგვარი აგრესიული და დარტყმითი სპორტისთვის თავი უნდა დამენებებინა. რომ არა ეს, არაა გამორიცხული, ახლა თქვენ ინტერვიუს UFC-ს ჩემპიონისგან იღებდეთ.
– რას გულისხმობ უბედურ შემთხვევაში, რა მოხდა?
– როგორც უკვე გითხარით, თიანეთის რაიონში გავიზარდე. ჩვენთან, სალოცავებში დღეობებზე დოღები იმართება (ცხენების შეჯიბრება), გამარჯვებულს „კარგ ყმას“ ეძახიან და აჯილდოვებენ. მეც ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით. მამაჩემი საკმაოდ კარგ ფულს იხდიდა ჯიშიან ცხენებში, რომ ჩემთვის ეჩუქებინა და გავეხარებინე. ბევრი დოღი მაქვს მოგებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყოველ გატაცებას თავისი ასაკი აქვს, გავიზარდე, გავხდი სტუდენტი და ცხენოსნობას თავი დავანებე. 17 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს რაიონში დღეობაზე ჩავედი. დოღიც ჩატარდა საკმაოდ საშიშ ადგილებზე. ერთი ძალიან ველური ცხენი იყო, საკმაოდ სწრაფი და მოუთვინიერებელი. ასეთ საშიშ ადგილებში მასზე შეჯდომა ვერავინ გაბედა. ყველაზე გამოცდილი მხედარი ვიყავი და მე გამოვთქვი სურვილი. კარგად მახსოვს, როდესაც ცხენი წავიყვანე დედაჩემმა პირჯვარი გადამსახა და მითხრა, ფრთხილად ვყოფილიყავი. დოღი საკმაოდ დიდ მანძილზე 8-10 კილომეტზე გაიმართა. დიდი გამოცდილებისა და საკმაოდ დიდი ძალის მიუხედავად, ცხენის დამორჩილება ძალიან გამიჭირდა. ბილიკებიდან გადასვლასა და ჩემს გადმოგდებას ცდილობდა. ძალიან დავიღალე. ბევრმა ცხენმა გამასწრო, ფინიშიც მოახლოვდა. ვიგრძენი, რომ ვმარცხდები და ეს გრძნობა ჩემთვის ძალიან უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. გამარჯვების მხოლოდ ერთი გზა იყო – ცხენი უნდა შემეტრიალებინა და დამეშვა ძალიან დამრეც კლდოვან ხევში, გადარჩენისა და გამარჯვების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. გამარჯვების სანაცვლოდ სიცოცხლე გავრისკე და ცხენი უგზო, კლდოვანი ხევის ფერდობზე გავაქციე, ამას თვალს ადევნებდა ფინიშთან შეკრებილი უამრავი ხალხი. თითქმის ბოლომდე წარმატებით ჩავედით. ცოტაოდენი მანძილი იყო დარჩენილი, რომ ხევის ბოლოს ლოდები შევნიშნე. ვიგრძენი, ცხენის გაჩერების ცდას აზრი აღარ ჰქონდა, წამით დედაჩემი დამიდგა თვალწინ, მხოლოდ წამით და შემდეგ ლოდებზე მუხლმოკვეთილი ცხენი ჯერ მკერდით დაეცა, შემდეგ ერთად გადავგორდით. არ გავითიშე, მაშინვე ფეხზე წამოვხტი, ხელი მოვკიდე შეშინებულ ცხენს, კვლავ შევჯექი და შემდეგ ვიგრძენი, რაც მჭირდა, გატეხილი თავიდან სისხლი ჩამომდიოდა, მთელ სახეზე გაბუჟებას ვგრძნობდი, პირი სისხლით მქონდა სავსე, მარცხენა ხელი საერთოდ აღარ მემორჩილებოდა. გამარჯვების ჟინმა ყველაფერი დამავიწყა, ფინიშთან პირველი მივედი. დანარჩენი მხედრები მოგვიანებით მოვიდნენ (როდესაც დავუნახივართ, რას ვაკეთებდი, ყველა მხედარი გაჩერებულა და შეშინებულები მე მიყურებდნენ, გამარჯვებაზე აღარავინ ფიქრობდა). ჩემმა ძმამ სასწრაფოდ მანქანაში ჩამსვა, საავადმყოფოში წამიყვანა. ქვედა ყბა ორ ადგილას აღმოჩნდა გატეხილი, ლოყა ქვედა მხარეს 5-6 სანტიმეტრზე გაგლეჯილი, მარცხენა მაჯაც დაზიანებული და მთელი სხეული დაჟეჟილი. გამიკეთეს ოპერაცია, ექიმებმა წელიწად-ნახევარი კრივი ამიკრძალეს. ვიგრძენი, თითქოს ჩემთვის
სიცოცხლე დასრულდა... ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მკლავჭიდის ჩემპიონატი, რომელსაც იმ დროს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონი ერეკლე გურჩიანი ხელმძღვანელობდა. მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგად ვიასპარეზე, რამდენიმე სპორტსმენი დავამარცხე, მაგრამ მკლავჭიდის წესების არცოდნის გამო ფინალი გაფრთხილებებით წავაგე. ჩემი გამოსვლით ყველა გაკვირვებული დარჩა. ხოლო ერეკლე გურჩიანმა ძალიან მკაცრად მითხრა, ორ დღეში მივსულიყავი მასთან და  საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებთან ერთად ვარჯიშს დამაწყებინებდა. გავიდა რამდენიმე თვე და ვიასპარეზე საქართველოს უნივერსიადაზე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ორივე მკლავში გავიმარჯვე. ეს იყო დიდი სტიმული ჩემთვის და ჩემი მწვრთნელებისთვის. დავიწყეთ უფრო დიდი შეჯიბრებებისთვის მზადება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს ფიზიკურ მომზადებაზე უძლიერესი პროფესიონალი მწვრთნელი და ძალიან კარგი ადამიანი ვაჟა კურკუმული მუშაობდა. უამრავ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა, არასოდეს ყოფილა შემთხვევა; რომ მე მეასპარეზა და მედლის გარეშე დავრჩენილიყავი.
– რატომ გადაწყვიტე ამერიკაში ცხოვრება?
– არის ცხოვრებაში ეტაპები, როდესაც სივრცე და სარბიელი აღარ გყოფნის და საჭიროა უფრო დიდი ცხოვრებისეული გამოწვევები მიიღო. ესაა ჩემი
ამერიკაში ჩამოსვლის მიზეზი – დიდი ასპარეზი მჭირდება. ამერიკაში წამოსვლამდე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად ვემზადებოდი. ჩემს ამერიკულ ვიზას კი ვადა ეწურებოდა და ვიდექი გადაწყვეტილების წინაშე – ან ჩემპიონატში უნდა მიმეღო მონაწილეობა ან ამერიკა უნდა ამერჩია, თავისი სიახლეებით, მკლავჭიდის ლიგებითა და ბევრი ისეთი მწვერვალით, რომელზეც ჯერ არცერთ ქართველ მკლავჭიდელს არ დაუდგამს ფეხი. ვიცოდი, რომ ახალ გზაზე ბევრი სირთულე მელოდა, მაგრამ სირთულეების დაძლევა ჩემი სტილია და ამერიკა ავირჩიე. ჩამოსვლიდან ორ კვირაში მონაწილეობა მივიღე WAL-ის (მსოფლიო უმაღლესი ლიგა) საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში გაიმართა, სადაც ორივე მკლავში გავიმარჯვე. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე საკვალიფიკაციო ტურნირი და მოვხვდი WAL-ში, რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული ლიგაა. 2018 წელიც წარმატებებით დაიწყო, წლის განმავლობაში თერთმეტ შეჯიბრებაზე გავიმარჯვე, სადაც ორივე მკლავში ასზე მეტი შეხვედრის ჩატარება მომიწია.
ერთ-ერთ შეჯიბრებაში მოწინააღმდეგე ამერიკის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იყო და მის დამარცხებას არავინ ელოდა, მაგრამ მე ეს შევძელი. სტატისტიკურად, გამარჯვებების რაოდენობით, 2018 წლის ამერიკის საუკეთესო მკლავჭიდელად დამასახელეს, ასევე, ნიუ-იორკის ფედერაციამ გადმომცა ამერიკის მკლავჭიდის მეფის ტიტული, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ სპორტსმენს ენიჭება. სიმბოლურად გადმომეცა მეფის გვირგვინი და მოსასხამი. რამდენიმე დღის წინ მოწვევა მივიღე, სადაც მთხოვენ, რომ მონაწილეობა მივიღო Arnold classic 2019-ზე. ეს არის მსოფლიო მასშტაბის ტურნირი, რომელსაც ატარებს და ხელმძღვანელობს არნოლდ შვარცენეგერი და ესწრება მის მიერ მოწვეული „ჰოლივუდის“ ელიტა.
– როგორც ვიცი, უარი თქვი ამერიკის სახელით ასპარეზობაზე და ყველა შეჯიბრებაზე ქართული დროშით მონაწილეობ.
– რამდენიმე თვის ჩამოსული ვიყავი, როდესაც ნიუ-იორკის ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩემში ხედავდა დიდ პოტენციალს და თუ მე მსოფლიოს სხვადასხვა ჩემპიონატებზე ამერიკის სახელით ვიასპარეზებდი, ის საბუთების გაკეთებაში დამეხმარებოდა და მაქსიმალურად შემიწყობდა ხელს.
ჩემი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ამის გაკეთების უფლება არ მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ მოვიდოდა დრო და მე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წინააღმდეგ მომიწევდა ბრძოლა, რასაც არასოდეს ვიზამ. ვიცოდი ამის გამო რა სირთულეებიც მელოდა და ასეც მოხდა, ამერიკაში თითქმის ორწლიანი ცხოვრების განმავლობაში არაადამიანურად რთულ პირობებში მომიწია ცხოვრება და ვარჯიში. ამაზე არ დავიწყებ ვრცლად საუბარს, რადგან დაჩივლება და წუწუნი არაა ქართველი კაცის საკადრისი. რაც ვერა გკლავს, გაძლიერებსო, ნათქვამია. მეც გავუძელი და ამ სირთულეების დაძლევამ უფრო მეტად გამომჭედა და გამაძლიერა. ყველაფერმა ჩაიარა, ყველაფერი დალაგდა და აწი წინ ბევრი კარგი რამ გველის.
– რა სირთულეების გავლა მოგიწია ამ წლების განმავლობაში?
– ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება თუ არ გაქვს, ნორმალურ სამსახურს ვერ იშოვი. თუ არ იმუშავე, ვერ იარსებებ, მით უმეტეს, ახალჩამოსული. ჩამოსვლიდან მეორე დღესვე ვიშოვე სამსახური: მაცივრები ხელით უნდა აგვეტანა ისეთ კორპუსებში, სადაც ლიფტი არ იყო (ასეთ სამსახურს აქ ყველა ერიდება, რადგან ხშირია ფიზიკური ტრავმები). სახლიდან ღამის 4 საათზე გავდიოდი, მთელი დღე შეუსვენებლად ვმუშაობდი, თან, ძალიან ვჩქარობდი, რომ ვარჯიში მომესწრო. რაც უფრო ვჩქარობდი და მალე ვამთავრებდი სამსახურს, მეორე დღეს მანქანაში უფრო და უფრო მეტი ტვირთი მხვდებოდა. მაინც არ შევწყვიტე ვარჯიში – სამსახურიდან დარბაზში მივდიოდი. ღამეში 2-3 საათი მეძინა, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვარჯიშიდან სახლში მისული სპორტული ჩანთის მოუხსნელად ტახტზე დავმჯდარვარ და რამდენიმე საათის შემდეგ, სამსახურში წასვლის წინ მეგობარს გავუღვიძებივარ. ასეთ პირობებში ვივარჯიშე წელიწად-ნახევარი და ჩემი მეგობრები დამემოწმებიან, რომ არასოდეს დამიწუწუნია, არასოდეს მითქვამს, რომ დავიღალე. ყველა მეუბნებოდა, რომ ამერიკამ ბევრი კარგი სპორტსმენი გააფუჭაო. მირჩევდნენ, ან სპორტი ამერჩია და საქართველოში წავსულიყავი ან ენერგია მხოლოდ მუშაობაზე და ფულის შოვნაზე მიმემართა. ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი და სპორტული შედეგებით ვუმტკიცებდი, რომ ჩემს შემთხვევაში ცდებოდნენ. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ყველა ახალგაზრდამ იცოდეს: ნუ შეგეშინდებათ წინაღობების, იბრძოლეთ ბოლომდე დასახული მიზნის მისაღწევად, ყოველგვარი წინაღობა და ტკივილი პირიქით მოტივაციად აქციეთ და გჯეროდეთ, ყველაფერი გამოგივათ!
скачать dle 11.3