კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ იპარავენ სხვადასხვა ქვეყნები ნინო ჩაკვეტაძის ნახატებს საკუთარი წარმოებისთვის და როგორ კურნავს მისი ნამუშევრები ადამიანებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ნინო ჩაკვეტაძის ნახატები არასდროს აგერევათ სხვის შემოქმედებაში. მისი ბავშვები და მოხუცები იმხელა სითბოს, სიყვარულსა და დადებით მუხტს ასხივებენ, რომ არავის ტოვებენ გულგრილს და განსაკუთრებულ თბილ, ემოციითა და ნოსტალგიით სავსე განწყობაზე გვაყენებენ.
– ქალბატონო ნინო, როდის მოვიდა პირველი აღიარება?
– ფერწერის პარალელურად, საბავშვო ილუსტრატორიც ვარ და ბევრი წიგნი მაქვს გაფორმებული, ამ საქმიანობას ახლაც ვაგრძელებ. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ვხატავდი, გამოფენაც მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი თავი ჯერ კიდევ არ მყავდა ნაპოვნი. საკუთარი ხელწერისთვის ჯერ კიდევ ვერ მიმეგნო, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. ერთ-ერთი პირველი აღიარება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ბერძნულ-რომაული მითების დასურათებას მოჰყვა. ამ წიგნმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფერწერას რაც შეეხება, 2011 წელს მქონდა პერსონალური გამოფენა და ამ სახით, რომლითაც დღეს მიცნობენ, პირველად იქ მიხილეს და აი, მაშინ, გამოფენის პირველ დღეს მივხვდი, რომ რაღაცას მივაგენი, რომ საკუთარი თავი
უკვე ვიპოვე. იმ საღამოს ძალიან ბევრი აღფრთოვანებული ადამიანი, ცრემლიანი თვალები ვნახე და ამ ყველაფრით მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი. მას შემდეგ ვაგრძელებ ამ სტილში ხატვას, მაგრამ პარალელურად, გამუდმებით სიახლეების ძიებაში ვარ.
– სხვა სამყაროა თქვენთან – ბავშვობიდან თბილ თუ სევდიან მოგონებებს რომ აღგვიძრავს და ბედნიერებას გვანიჭებს. როგორია ამ ნახატების ისტორია?
– ჩემს ნახატებში ხშირია ბავშვის თემა, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ჩემში იმდენად ღრმადაა ბავშვური გრძნობები, რომ ხშირად ვამბობ ხოლმე, ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი-მეთქი. როგორც მაშინ მიხაროდა ან მწყინდა, დღემდე ისეთი განცდები მაქვს შენარჩუნებული და ძალიან მენატრება ის პერიოდი. ნოსტალგიური ფერწერააო, უთქვამთ ჩემს ნამუშევრებზე და მეც ვეთანხმები. ძალიან ბევრი ნახატი ავტობიოგრაფიულია და ჩემს მოგონებებს ასახავს. ერთი ნახატი მაქვს –„კაკლის მურაბა“: ბიჭი
ძვრება კარადაში და კაკლის მურაბას იპარავს. მურაბებს არა, მაგრამ დათუნია შოკოლადებს, რომელსაც დედა წინასაახალწლოდ ყიდულობდა და ინახავდა, განსაკუთრებული მონდომებით ვეძებდი და აუცილებლად ვპოულობდი ხოლმე (იცინის). კაკლის მურაბა კი ყველას ბავშვობის სიმბოლოა, რომელიც ტკბლილეულის მოპარვასთან ასოცირდება.
– თითოეულ ნახატში რომ ამდენი ემოცია დევს, გასხვისება არ გიჭირთ? რა ფასებად შეუძლიათ მსურველებს მათი შეძენა?
– კი, რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ისიცაა, რომ მხატვრის შემოსავლის წყარო ნახატის გასხვისებაა. სამწუხაროდ, მსურველი უფრო მეტია, ვიდრე ნახატი. ბევრი საყვედურით და წყენით მიდის ჩვენგან. ბევრს არ ესმის, რომ ნახატის შექმნას დრო სჭირდება. თუმცა, მარტო დროც არაა, განწყობა ხომ უნდა მოვიდეს, რაც ბევრ რამესთანაა კავშირში. ბევრს უთქვამს, რა ბედნიერი ხარ, ზიხარ და ხატავო. კი, ბედნიერი ვარ და ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ იოლი ნამდვილად არ არის. ფასებს რაც შეეხება, ორასი ლარიდან იწყება და სამი ათას ლარამდე ადის, გააჩნია ნახატის ზომას. ახლა რაც გვაქვს გამოფენილი, თითქმის ყველაფერი გაყიდულია.
– მათ შორის, ვინც აღფრთოვანებულია თქვენი ნამუშევრებით, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია და არა მხოლოდ საქართველოში.
– ინტერნეტმა გაამარტივა ეს ურთიერთობა. ძალიან ბევრი მწერს. ბევრი გამოხატავს აღფრთოვანებას რუსეთიდან, უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან და მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. სრულიად მოულოდნელად, პერუდანაც მოუწერიათ, იაპონიდანაც წამოსულა დაინტერესება და ბრაზილიიდანაც. ინტერნეტით ვრცელდება ფოტოები და მერე საავტორო უფლებებთან დაკავშირებით იქმნება ხოლმე პრობლემები.
– რამდენადაც ვიცი, ჩინეთში თქვენი ნახატებით მაისურების წარმოება დაიწყეს.
– მე ერთი შემთხვევის შესახებ დავწერე სოციალურ ქსელში და რეალურად, ასეთი ძალიან ბევრია. ახლობელმა გამომიგზავნა ფოტო, ნახე, შენი ნახატები ჩინეთში მაისურების სახით იყიდებაო. მერე სულ უცხო ადამიანმა მომწერა, თქვენი ნახატები იმდენად მიყვარს, ეს მაისური რომ ვნახე, მაშინვე გამოვიწერეო. თავიდან ფოტოებზე ვერ შევატყვე, მაგრამ ამ ქალბატონმა მომწერა: ქალბატონო ნინო, თქვენი ნახატებია, მაგრამ შესრულების წელია
არასწორადო – 1688 წელი ეწერა, ალბათ თავი დაიზღვიეს და ამაზე იმდენად ვიხალისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოსტების წერა არ მიყვარს, „ფეისბუქზეც“ დავწერე. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრჯერ ყოფილა. სასიამოვნო არაა, მაგრამ ადამიანი ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს. ყველაფერს რომ გამოედევნო, ნერვები მოგეშლება, დროსაც დაკარგავ და ჯობს, ისევ დაჯდე და ეს დრო ხატვისთვის გამოიყენო. ამიტომ, დიდად არ ვეძიები და არ ვღელავ. საავტორო უფლებათა საზოგადოებას მივმართე და მითხრეს, ჩვენ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეგვიძლია დაგეხმაროთ, უცხოეთში ვერაო. ჩინეთში მსოფლიო ბრენდების პატენტებს აკეთებენ და ცოტა აზრს მოკლებული იქნება ჩემი პროტესტი. მსგავსი რამ როცა ხდება, მე, უბრალოდ, კულტურულად ვწერ, რომ საავტორო უფლებებს არღვევენ. ზოგი ძალიან ადეკვატურად იღებს ამას და ბოდიშს იხდის, მაგრამ ძალიან ხშირად აგრესიითაც მპასუხობენ (იცინის). ვაიმე, ერთი ნახატის გამო რა ამბავი ატეხეთო. არადა, ამბავს ნამდვილად არ ვტეხ, პირიქით, ძალიან მოკრძალებულად, ბოდიშებით და წარმატების სურვილით ვწერ ყველას. ზოგი მეუბნება: გიხაროდეთ, რომ ხალხს მოსწონს და პოპულარიზებას გიწევთო. რუსეთში, ფაბრიკაში გამოიყენეს კაბების გასაფორმებლად. მივწერე. მითხრეს ამოვიღებთო, მაგრამ ისევ აგრძელებენ. იციან, რომ ბევრი არაფრის გაკეთება არ შემიძლია და „გასდით“. სხვათა შორის, ევროპაში არ მქონია მსგავსი პრობლემა, იქ ვერავინ გაბედავს ასეთ რამეს, მაგრამ სხვა ქვეყნებში – რამდენიც გინდა. ხან რომელი ქვეყნიდან მიგზავნიან ნივთების ფოტოებს ჩემი ნახატებით, ხან რომელი და მწერენ: რა ყოჩაღი ხარ, რამხელა მასშტაბებზე გახვედიო (იცინის).
– როგორც ვიცი, თქვენს ნამუშევრებს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ.
– დიახ, ამას ჰქვია მეტაფორული ბარათები, რომელიც სამკურნალო დანიშნულებით მთელ მსოფლიოში გამოიყენება. სხვადასხვა თემატიკის ნახატებია, რომლებიც ადამიანში სხვადასხვა ემოციას აღძრავს და ფსიქოლოგები ამას მკურნალობის დროს იყენებენ. პირველად ოთხი წლის წინ მომმართეს რუსეთიდან. რადგან ჩემი თემები ბავშვობასთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა ემოციას იწვევს, ჩათვალეს, რომ კარგად იმუშავებდა. სამოცი ნახატი გამოიყენეს, ჰონორარიც გადამიხადეს და ამ ბარათებს დღემდე იყენებენ. შემდეგ იმავე თხოვნით ყაზახეთიდან მომმართეს. წელს კი ქალბატონმა ეთერ ფილიპოვიჩმა
საქართველოშიც გამოუშვა – უკვე ქართული ბარათები. იმიტომ, რომ როგორც ვიცი, საქართველოდან იქ უკვეთავდნენ ამ ბარათებს. ორი კრებულია, ოჯახი და ბავშვი, თავის კითხვებით. ეს არის განკურნების ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მეთოდი. ეს ნახატები ადამიანებს საკუთარი ემოციების გამოხატვაში ეხმარება და ქალბატონი ეთერი პრეზენტაციების შემდეგ მეუბნება ხოლმე, რომ იცოდეთ, იქ რამდენი ცრემლი იღვრებაო.
– ცნობილ ადამიანებზე დავიწყეთ საუბარი, ვის აქვს თქვენი ნახატი?
– ყველაზე ცნობილი, ვისაც ჩემი ნახატი აქვს ჯეიმს აპატურაია. ჟურნალისტ ქეთი ქარდავასგან ჩემამდე მოვიდა ხმა, რომ ჯეიმს აპატურაის მოსწონდა ჩემი ნახატები, რომელიც მანამდე „ფეისბუქზე“ ჰქონდა ნანახი. ქეთისთან უკითხავს მათ შესახებ. სამი წლის წინ იყო ჩვენს გალერეაში, სულ ერთი დღით იყო საქართველოში ჩამოსული, საიდანღაც გამოიპარა და ჩვენს გალერეაში მოვიდა (იცინის). ძალიან დადებითი ადამიანია, ჩვენც ვისიამოვნეთ მასთან ურთიერთობით, გაგვიხარდა, რომ მოიცალა აქ მოსასვლელად და მგონი, თავადაც კმაყოფილი წავიდა. ერთი ნახატი ვაჩუქე და როგორც ქეთის უთხრა, ის ნამუშევარი მისი შვილის ოთახში კიდია.
– თქვენი ოჯახური ცხოვრების შესახებაც მოვუყვეთ მკითხველს.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. უფროსი ჩემთან, გალერეაში მუშაობს. მეუღლე მაქსიმალურად მიდგას გვერდში. შეიძლება, მთელი საღამოები გადაბმულად ვმუშაობდე, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ოჯახის საქმეებსაც ვუძღვები. თან, სახელოსნო სახლში მაქვს და ეს კომფორტს მიქმნის. სამუშაოდ სხვაგან რომ მიწევდეს წასვლა, უფრო რთული იქნებოდა.
скачать dle 11.3