კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ ვაქციოთ ბავშვის მეცადინეობა თამაშად და რისთვის არის საჭირო თერაპიული თამაშები

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

თამაში ბავშვის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ თამაშში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები და ფსიქიკური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების განვითარებაზე და უღვივებს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარს. რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს მის მომავალზე. როგორ უნდა ვეთამაშოთ ბავშვს, რომ თამაშმა მის განვითარებაზე დადებითად იმოქმედოს – გვესაუბრა ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე: არსებობს ცნება, „განმავითარებელი თამაში“, რაც გულისხმობს ისეთი ტიპის თამაშებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას ფიზიკური, შემეცნებითი, პიროვნული და სოციალური მიმართულებებით. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მშობელმა ნებისმიერი თამაში შეიძლება აქციოს „განმავითარებლად“, თუ ის მას სწორად დაგეგმავს. თამაშის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინება. განმავითარებელი თამაშები ხელს უწყობს ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ყალიბდება სააზროვნო უნარები, მეტყველება, კრეატიულობა (შემოქმედებითობა). უნარ-ჩვევების გარდა, ბავშვი იძენს ცოდნას და ინფორმაციას იმ თემებზე, რაც მისთვის აქამდე უცხო იყო. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თამაში ბავშვის ბუნებრივი და წამყვანი ქცევაა, ამრიგად, თამაშით სწავლა  მისთვის სპონტანური და სახალისო პროცესია.
– რას გულისხმობს თამაშით სწავლა?
– „თამაშით სწავლა“ გულისხმობს სწავლების ისე დაგეგმვას, რომ თამაშის ელემენტებს მოიცავდეს და მეორეს მხრივ, სათამაშო გარემოს სასწავლო ელემენტებით გამდიდრებას. მაგალითად, შინაური და გარეული ცხოველების გარჩევა, შეკრება-გამოკლების სწავლა, სიტყვების კითხვა შეიძლება ლოტოს თამაშით წარიმართოს. შესაძლოა თვლა კიბეებზე ასვლის პროცესში ვისწავლოთ, ამ დროს მოტორული უნარებიც ვითარდება, ხოლო თუ ბავშვი მაკრატლით გამოჭრის დიდი ზომის ასო-ბგერებს, ამით ასოების ცნობასაც ისწავლის და ნატიფ მოტორულ უნარებსაც განივითარებს.
– როგორ უნდა წარვმართოთ თამაშით სწავლა?
– ითამაშეთ ბავშვებთან ერთად როგორც სამაგიდო თამაშები (ლოტო, მოზაიკა), ისე მოძრავი თამაშები  (ზოგჯერ გუბეებში მშობლებთან ერთად ხტომა ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია ბავშვისთვის). თამაშის დროს ელაპარაკეთ ბავშვს. სამეტყველო ლექსიკის განვითრებისთვის მშობელმა საგნების მანიპულირების დროს ზეპირი სახელდებაც უნდა გააკეთოს – თუ სურათებს აფერადებთ, სიტყვებიც მოიშველიეთ ახალი ცნებების სწავლისა და გამტკიცებისთვის, მაგალითად: „მე ახლა წითელი ფერის ფანქარს ავიღებ, შენ ლურჯი ფერით აფერადებ გემს; მე სათლელით გავთალე ფანქარი, ახლა შენ სცადე; მარჯვნივ შეგიძლია საშლელი დაიდო“. აქციეთ სწავლა თამაშად და გამოიყენეთ თამაში სწავლისთვის – აქციეთ მეცადინეობა თამაშად და პირიქით, თამაში გამოიყენეთ აკადემიური უნარების განვითარებისთვის.
– როგორ შევარჩიოთ სათამაშოები?
– სათამაშოები ყველგან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. დაგეგმეთ სხვადასხვა სახის თამაშები. სათამაშო რომ განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი იყოს, არ არის აუცილებელი მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქცია და ნივთები. ცნობილია, რომ ცომის მოზელის პროცესი ან კვერცხისა და შაქრის ათქვეფა უფრო სიამოვნებს ბავშვს და თან, ეს მათ სენსორულ და კოგნიტურ განვითარებას უწყობს ხელს. 6 წლამდე ბავშვის ყურადღებისა და მეხსიერების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ აკონტროლეთ წასაკითხი გვერდების რაოდენობა და კითხვის დრო. წაახალისეთ, რომ გადაფურცლოს წიგნი, „თითი გააყოლოს“ ნაწერს, ვითომ კითხულობს; მოყვეს წიგნში გადმოცემული ამბავი. ეს კითხვის უნარის განვითარების საწყისი სტადიაა (დაწყებითი  წიგნიერება); შეაქეთ, როდესაც საქმეს კარგად გააკეთებს, იქნება ეს კონსტრუქტორის აწყობა თუ ხელების დაბანა. შეაქეთ მოქმედების შესრულების ძალისხმევა და მცირე მცდელობაც კი. გამოთქვით იმედი და გამოხატეთ ოპტიმისტური განწყობა, რომ შედეგი მეტი მონდომებითა და გავარჯიშებით ყველაფერი უფრო უკეთესად გამოუვა. არ შეადაროთ სხვა ბავშვებს. მისი ამჟამინდელი შედეგი შეადარეთ წარსულ შედეგს და აღნიშნეთ გაუმჯობესება. ამით ბავშვს ოპტიმისტური განწყობა ჩამოუყალიბდება და წარმატებაზეც მეტად იქნება ორიენტირებული.
– რა არის თერაპიული თამაში და რისთვის გამოიყენება ის?
–  თერაპიული თამაშები პრევენციული ხასიათის აქტივობაცაა ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მშობელს, დაამყაროს და შეინარჩუნოს პოზიტიური კომუნიკაცია ბავშვთან, შეამციროს ბავშვის შფოთვა, დაეხმაროს მას თვითშეფასების ამაღლებაში, მეტყველების განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
– როგორ უნდა ჩაუტაროს მშობელმა თერაპიული თამაშები ბავშვს?
– მთავარია, მისცეთ თავისუფლება თამაშის დროს – ბავშვი თამაშის წამყვანი უნდა იყოს. შესთავაზეთ არჩევანი, რისი თამაში სურს. შეიძლება, იყოს ლოტო, სახლობანა, კუბების აწყობა, მანქანები, ხატვა, ძერწვა და სხვა. იყავით თამაშზე კონცენტრირებული – თერაპიული თამაშის წარმართვა დაუშვებელია სხვა საქმის კეთების პარალელურად, მაგალითად, როგორიცაა: ტელეფონზე საუბარი, წიგნის კითხვა ან ფილმის ყურება. თქვენ მთელი ეს პერიოდი – 30 წუთი – ბავშვთან სრულფასოვან კომუნიკაციას უნდა დაუთმოთ და გამოხატოთ მნიშვნელოვანი დაინტერესება აქტივობის მიმართ. იმოქმედეთ უხეში შენიშვნების გარეშე – არ გააკრიტიკოთ ბავშვი სათამაშოს ან თამაშის ფორმის არჩევის გამო, გახსოვდეთ: თქვენ მას არჩევანი მიეცით და ისიც გენდოთ. შესაბამისად, არჩევნის უფლება მას ნდობასა და თვითგამოხატვას განუვითარებს. ესაუბრეთ თამაშის დროს. თამაშის პროცესში ისაუბრეთ ბავშვთან. ეს უნდა იყოს დიალოგი – დაუსვით კითხვები, გაუზიარეთ გამოცდილება, წაახალისეთ მისი საუბარი. გაუღიმეთ და გულწრფელად შეაქეთ მისი წარმატებული ქმედებები. აღნიშნეთ, რა გამოუვიდა კარგად. თუ გარკვეული აქტივობა მისთვის ახალია და ჯერ ვერ ახერხებს (მაგალითად, თოჯინის ჩაცმას ან ლეგოს დეტალის მორგებას), მიეხმარეთ, აჩვენეთ და შემდეგ სთხოვეთ, დამოუკიდებლად გაიმეოროს. დაეხმარეთ, მიეცით საშუალება, თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი ემოცია, რომელიც თამაშის დროს აღეძვრება. ეს შესაძლოა იყოს სიხარული ან შიში, ბრაზი ან სევდა. როლური თამაშის პროცესში ემოციების გამოხატვა ბავშვს იმ ნეგატიური ემოციებისგან „დაცლაში“ დაეხმარება, რომლებიც შესაძლოა აწუხებდეს. თამაშის ბოლოს გადაუხადეთ მადლობა, აღნიშნეთ, რომ მასთან თამაში ძალიან მოგწონთ და თავს კარგად გრძნობთ.
скачать dle 11.3