№52 როგორ „აახია“ 4 მილიონი მანეთი ქართველ „ცეხავიკებს“ ბოროტმოქმედმა „ფრანგმა“
მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
„ცეხავიკების“ რისხვა
ვალტერ ბუაძე ცნობილი თბილისელი „ცეხავიკი“ იყო. 42 წლის უცოლშვილო, მოქეიფე მექალთანე და ყოფილი მოკრივე. მას ბიჟუტერიის დამამზადებელი იატაკქვეშა საამქროების ფართო ქსელი ჰქონდა თბილისში. სულ – 20 „ცეხი“, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი შრომობდა და თითოეულის მინიმალური ხელფასი 800 მანეთი იყო, რაც აკადემიკოსის ხელფასს უტოლდებოდა... ვალტერი კი იმდენ „მაყუთს ღუნავდა“, რომ მილიციასაც უხდიდა, ქურდებსაც, თანამშრომლებიც კმაყოფილი ჰყავდა და თავად კი შეიხივით ცხოვრობდა...
ღამის 2 საათი სრულდებოდა, როდესაც ვალტერ ბუაძე სატელეფონო ზარმა გამოაღვიძა და მამაკაცის აშკარად შეცვლილმა ხმამ უთხრა:
– ვალტერ ბუაძე ხარ, ხომ?
– კი. შენ ვინ ხარ? – მიუგო „ცეხავიკმა“.
– სამი დღის წინ რომ წერილი გამოგიგზავნე, რატომ არ შეასრულე, მასში რაც ეწერა, – იკითხა უცნობმა.
სამი დღით ადრე ბუაძემ თავის საფოსტო ყუთში წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა: „მე „ფრანგი“ ვარ. ზეგ ვაკის პარკში ასი ათასი მანეთი მოიტანე და შემოსასვლელთან რომ მარცხენა ავაზაა, ამის ქვეშ დადე. იცოდე, არავის უთხრა და ჩემი დაჭერა არც კი სცადო, წინააღმდეგ შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯები“.
თავმოყვარე იატაკქვეშა მილიონერს ეს წერილი სასაცილოდაც არ ეყო. ანონიმს კი ტელეფონში უთხრა:
– ეგ წერილი ტრაკში ამოვისვი. შენი დედაც... აღარ დამირეკო!
– ერთ შანსს კიდევ გაძლევ: ხვალ, დღის თორმეტ საათზე იმავე ადგილზე უკვე 200 ათასი მოიტანე, თორემ უმკაცრესად დაგსჯი.
ბუაძემ უწმაწურად შეიგინა და ტელეფონი გათიშა. მეორე დღეს, საღამოს 22 საათზე ვალტერ ბუაძის ერთ-ერთი „ცეხი“, რომელიც ჩუღურეთში მდებარეობდა, ბოლომდე ჩაიფერფლა და „ცეხავიკმა“ 400 ათასი მანეთის ზარალი მიიღო. იმავე ღამეს, 3 საათზე „ფრანგმა“კვლავ დაურეკა და უთხრა:
– ახლა მაინც არ მოხვალ გონზე? უკვე 300 ათასი გაქვს მოსატანი და ზეგ იმავე დროს და იმავე ადგილზე, იმავე პირობებით გელოდები.
– მოგკლავ, შენი დედაც! – ღრიალებდა ვალტერი.
– ძირში არ მომჭამო, – ცინიკურად უთხრა „ფრანგმა“ და დააყოლა, – აბა, ერთი ფანჯარაში გადაიხედე!
ვალტერ ბუაძემ ფანჯარაში გაიხედა და ენაჩავარდნილმა უყურა, თუ როგორ დაიწვა მისი „გასისინებული“ „გაზ 24“ „ვოლგა“... თავმოყვარე „ცეხავიკს“ ამჯერად უფრო საღი გონება აღმოაჩნდა: 300 ათასი მანეთი ვაკის პარკში მიიტანა და ავაზის ქანდაკების ქვეშ დადო, რომელიც მოტოციკლზე ამხედრებულმა მუზარადიანმა მძღოლმა მაშინვე უპრობლემოდ წაიღო... მას მერე, იგივე ბედი ეწიათ სხვა „ცეხავიკებს“. მოუხელთებელი „ფრანგი“ შიშის ზარს სცემდა ქართველ „ცეხავიკებს“ და მათ დიდ „მაყუთებში“ „წეწავდა“.
მეტსახელი – „ფრანგი“
ქართველი „ცეხავიკების“ „სუფთად პარსვა“ 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და იდუმალი მოტოციკლისტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ფულს სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან ეზიდებოდა. ერთ დღეს იატაკქვეშა საამქროს მფლობელს, ზორბეგ ჩინჩალაძეს, „ფრანგმა“ 100 ათასის მოტანა მოსთხოვა და შეხვედრის ადგილად პლეხანოვზე მდებარე „საბაჩი პერეულოკი“ დაუნიშნა, თან მკაცრად გააფრთხილა:
– იცოდე, ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე. არავინ დამახვედრო. მაინც ვერ მომიხელთებ. სამაგიეროდ კი, თავს გაიფუჭებო.
დანიშნულ დროს და ადგილზე ჩაფხუტიანმა მოტოციკლისტმა სქელი ქაღალდის ხვეული აიღო, მაგრამ მას შეიარაღებული ადამიანები გადაუდგნენ. თუმცა, მოტოციკლისტმა იმარჯვა, უწყვეტი ცეცხლის ქვეშ გაიარა და გაიქცა... იმავე ღამეს ჩინჩალაძეს „ფრანგმა “ დაურეკა და უთხრა:
– ხომ გითხარი, ვერ მომიხელთებ და ვერაგობა არ გაბედო-მეთქი. ფულის მაგივრად ქაღალდები გამომიგზავნე და ამის გამო უსასტიკესად დაისჯები.
ჩინჩალაძე უკიდურესად იყო შეშინებული და „ფრანგს“ აკანკალებული ხმით მიუგო:
– მაპატიე. მილიონ მანეთს მოგიტან, მხოლოდ არ დამსაჯოო.
– არა! – მოკლედ მიუგო „ფრანგმა“.
ამ დროს, ჩინჩალაძეს შუბლში ტყვია მოხვდა, რომელიც მოპირდაპირე სახურავზე ჩასაფრებულმა სნაიპერმა კარაბინიდან ესროლა...
საქმე უკვე მილიციის ყურამდე იყო მისული და მოუხელთებელ „ფრანგს“ გამალებით ეძებდნენ. წინა დღით კი ახალგაზრდა ქირურგი მირიან ხასაია უცნობმა პირებმა მორიგეობის მერე მოიტაცეს. თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს და ნახევარი საათის მერე ერთ ბინაში მიიყვანეს, სადაც საწოლზე მამაკაცი იწვა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა. ასევე ნიღბიანმა გამტაცებლებმა ხასაიას პაციენტზე მიუთითეს, რომელსაც ქირურგმა მხარიდან „ტეტეს“ ტყვია ამოუღო და სანაცვლოდ, 10 ათასი მანეთი მიიღო. ნიღბიანებს პაციენტის მოვლა ასწავლა და მათივე თანხლებით, ისევ თავზე შავტომარაჩამოცმული ვორონცოვზე მიიყვანეს და დატოვეს, თან, უმკაცრესად გააფრთხილეს, რომ სიტყვა არსად დაეძრა. ქირურგმა კი მოიცადა, შემდეგ მილიციის სამმართველოში მივიდა და ფული მიიტანა. ყველაფერი დაწვრილებით მოყვა და ბოლოს თქვა:
– პაციენტს სახეზე კი ჰქონდა გადაფარებული, რომ არ მეცნო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის ბავშვი იყო სხეულით, ანუ – არასრულწლოვანიო...
ამით მილიციამ „ორიენტირი“ მიიღო. ლოგიკურად, ჩინჩალაძის მკვლელობას დაუკავშირეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუჩინარებული მოზარდების ძებნას შეუდგნენ. ასეთი სულ 5 მოზარდი იყო. ერთ-ერთი მათგანის კვლევას მაიორი გოჩა გაგუა შეუდგა. 17 წლის ნოე კაშია პროფტექნიკუმის მოსწავლე იყო. გაგუა სასწავლებელში მივიდა და კაშიას ოსტატს, გივი ფრანგიშვილს ესაუბრა. 36 წლის ფრანგიშვილმა დადებითად დაახასიათა თავისი შეგირდი. მაიორი უკან გამობრუნდა, თან ფრანგიშვილთან შეხვედრის დეტალებს აანალიზებდა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რატომ ღელავდა გივი ფრანგიშვილი საუბრისას.
– ფრანგიშვილი გივი... – იმეორებდა გაგუა და უცებ წამოიძახა, – ფრანგიშვილი გივი... „ფრანგი“. აი, სწორედ ეს ოსტატი უნდა იყოს „ფრანგი“.
გაგუა უკან მიბრუნდა, თუმცა ფრანგიშვილი იქ აღარ დახვდა. ოსტატს ბინაში მიაკითხეს, მაგრამ იქიდანაც აორთქლებულიყო. მილიციამ პროფსასწავლებლის ექვსი მოსწავლე დააკავა, მათ შორის ნოე კაშიაც, რომელიც მხარში იყო დაჭრილი და ფრანგიშვილის აგარაკზე იმყოფებოდა. ექვსივე არასრულწლოვანი მოტოსექციის წევრები იყვნენ, რომელსაც ფრანგიშვილი ხელმძღვანელობდა... არასრულწლოვნები სხვადასხვა ვადით გაამწესეს ციხეებში. 17 წლის კარლო ბიწაძე კი მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს „ცეხავიკის“ მკვლელობისთვის, რომ არასრულწლოვანი იყო. თავად „ფრანგი“ კი 2 თვის მერე ჩრდილო კავკასიაში, გროზნოში დააკავეს და 4 მილიონი მანეთი აღმოუჩინეს. გივი ფრანგიშვილს 15 წელი მისცეს, თუმცა ის, „ცეხავიკების“ შეკვეთით, ორთაჭალის ციხეში პატიმრებმა ჩამოახრჩვეს.