№52 ჩემს საყვარელ გოგოს ფულის გამო მოვწონვარ
ფუფუნებაში არ გავზრდილვარ და ვიცი, გაჭირვება რა არის. თუმცა, რომ წამოვიზარდე, მამამ კარგი სამსახური დაიწყო და მას მერე, დღემდე საკმაოდ შეძლებულ ოჯახად ვითვლებით. გარეგნულად ნამდვილად არ ვწყვეტ ვარსკვლავებს, მაგრამ არც უსიმპათიურო ბიჭი ვარ. თუმცა, ვგრძნობ და ვხედავ, გოგონებს მხოლოდ იმის გამო ვაინტერესებ, რომ ფული მაქვს, მაგარ მანქანაზე ვზივარ და ოჯახიც შეძლებული მაქვს. ეს ძალიან მტკივა და განვიცდი. რამდენიმე თვის წინ გოგონა გავიცანი. ძალიან მომეწონა და შემიყვარდა. ვიცი, სიყვარული ასე მარტივად არ მოდის და ვცდილობდი, გამენებივრებინა, ძვირად ღირებული საჩუქრები გამეკეთებინა, ყოველ დილით მის სახლთან ყვავილები დამეწყო... მოკლედ, ამას ყველაფერს გულით და სიყვარულით ვაკეთებდი. ერთ დღესაც, ოცნება ამიხდა და იმ გოგომ, მითხრა, მიყვარხარო. ასე მეგონა, ცა და დედამიწა ჩემი იყო. საძმაკაცო შევყარე და მისთვის სიურპრიზი დავგეგმეთ – ულამაზესი ბეჭედი უნდა გადამეცა, საოცრად მოწყობილ ადგილას და გარემოში. ასეც მოვიქეცი. რას წარმოვიდგენდი, რომ მისი ჩახუტება, ღიმილი და თბილი სიტყვები ყალბი იყო. საერთო მეგობარი გოგონა გვყავს და მან მითხრა: გიო, რა გჭირს, თვალები დაბრმავებული გაქვს? ვერ ხედავ, სოფო გიყენებს და მხოლოდ შენი საჩუქრები აინტერესებს, დაქალებში რომ იმარიაჟოსო. სახტად დავრჩი. თურმე, დაქალებში ისე მამცირებს და ჩემზე ისეთ რამეებს ამბობს, პირი ღია დამრჩა. არდა, იმ დონეზე მიყვარს, ვფიქრობ, ვაპატიო. ეს ამბავი ძმაკაცებთან არ მითქვამს, მრცხვენია. ვიცი, მეტყვიან, დაანებე თავი, მაგის დასაცინი რა გჭირს, გოგოები დაილიაო. მშობლები ხვდებიან, რომ შეყვარებული ვარ და მეუბნებიან: დროა, შვილო, მოიყვანე, ვინც გიყვარსო. რა ვუთხრა, ცალმხრივად მიყვარს და იმას მარტო ჩემი ძვირად ღირებული საჩუქრები უნდა-მეთქი? ისე, სულ მიკვირდა, არავის რომ არ მაცნობდა. უნივერსიტეტშიც მივაკითხე და მითხრა, შორს დააყენე მანქანა და მოვალო. ვფიქრობდი, გოგოა და „უტყდება-მეთქი“. მაგრამ, მეუბნებოდა: მიყვარხარო და რა იყო „გასატყდომი“ იმაში, თუ შეყვარებული მიაკითხავდა? აღარ ვიცი, რა გავაკეთო, დავიბენი. რამ შემაყვარა ასე, თავად არ ვიცი. ორი თვის წინ დაბადების დღე ჰქონდა. საგანგებოდ მოვემზადე. დეიდაშვილ გოგოს ავარჩევინე ულამაზესი ოქროს ყელსაბამი, თაიგულიც დიზაინერს შევუკვეთე და რომ დავურეკე, მოვალ, საჩუქარი მინდა გადმოგცე-მეთქი, მიპასუხა: კურიერს გამოატანე, უფრო რომანტიკულიაო. კი მეწყინა, მაგრამ „გავატარე“. მმალავს, რცხვენია ჩემი გამოჩენა თუ რა ხდება, ვერ გავიგე. თუმცა, ჩემი საჩუქრები მოსწონს და ყველას ანახვებს. მინდა, გადავიყვარო, მაგრამ არ გამომდის. დღე და ღამე მასზე ვფიქრობ. იქნებ როგორმე შევაყვარო თავი ან იქნებ მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და მის გარეშე ცხოვრება მიჭირს. ასე ცალმხრივად შეყვარება, მართლა ტანჯვა ყოფილა.
გიო, 27 წლის.