№52 ცრემლი განწმენდის ნიშანია
ითხოვთ ლოცვებს, რათა არ გაგიტაცოთ აზრებმა, რომლებიც შეუჩერებლად გარე-გარე დახეტიალობენ და ყურადღების მოკრებაში გიშლიან ხელს. პირველად მესმის თქვენგან ამის შესახებ! არადა, ეს მთავარი მოუწყობლობაა, რასაც შინაგანად განიცდით. თუმცა, ადრე ეს არ გეჩვენებოდათ ხელისშემშლელ გარემოებად, ახლა კი სხვა ჭრილში ხედავთ. რა მიზეზია? ამას იმ პატარა წესს მივაწერ, რომლის დაცვაც თქვენ დაიწყეთ იესოს ლოცვაში მოღვაწეობისას. როდესაც ლოცვებს კითხულობდით და კითხულობდით... მაშინ ლოცვები თქვენში მრავალაზრიანობას იწვევდა, და ეს აზრები ხან გტოვებდნენ, ხან შეუმჩნევლად უკან გიბრუნდებოდნენ. ახლა კი, როცა ლოცვითი სიტყვა ერთია და მის მიერ ერთი აზრი მოგეწოდებათ, ნებისმიერი სხვა აზრი მაშინვე შესამჩნევია, როგორც უცხო სტუმარი. ამგვარად გაგეცხადათ თქვენი მოუწყებლობა. როგორ უნდა მოიქცეთ? – განაგრძეთ მეცადინეობა იმ წესით და აზრები ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებს. თქვენ მიერ შემჩნეული უძლურება კი – განკურნებას. ის პატარა წესი, თუ მას სათანადოდ განაგრძობთ, შემოიყვანს გულში ტკივილს, ეს ტკივილი კი მიგაჯაჭვავთ ღმერთთან და ამით დასრულდება აზრების ხეტიალი. იმ მომენტიდან, როდესაც უფალი მისი შემჩნევის ღირს გყოფთ, დაგეწყებათ ახალი გარდაქმნა. მთელი შინაგანისა და ღვთის წინაშე სიარული შეუჩერებელი გახდება.
***
უნდა ვიცოდეთ, რომ სრულყოფილებისკენ აღმასვლა მოშურნეთათვის უხილავია. პიროფლიანი შრომობს, მაგრამ თითქოსდა უნაყოფოდ – მადლი თავის საქმეს დაფარულად აწყობს. ადამიანს ხვედრად რჩება თავისი ურგებობის დანახვა. გზა სრულყოფილებისაკენ გადის იმის გაცნობიერებაზე, რომ მე ვარ ბრმა, გლახაკი და შიშველი, და ამ ცნობიერებასთან ურღვევ კავშირში დგას სულის შემუსვრილობა, ანუ ტკივილი და წუხილი საკუთარი უწმინდურობის გამო და ამ გრძნობის ღვთის წინაშე გადაშლა, ანუ, რაც იგივეა – მოუკლებელი სინანული. ჭეშმარიტი მოსაგრეობის განმასხვავებელი ნიშანია სინანულის გრძნობა. ვინც მას გაურბის, ის სწორი გზიდან უხვევს. ახალი ცხოვრების დასაბამი იყო სინანული; სულიერ ზრდაშიც ის უნდა იყოს მთავარი და მასთან ერთად უნდა ვმწიფდებოდეთ. ვინც სულიერად მწიფდება, ის მოდის თავისი დაცემისა და ცოდვიანობის გაცნობიერებაში და ღრმავდება სინანულის შემუსვრილ გრძნობებში. ცრემლი არის წარმატების საზომი, ხოლო შეუწყვეტელი ცრემლი – მალე განწმენდის ნიშანი.
***
ზედმეტია გაგახსენოთ, რომ შეუმუსრავი იარაღი მტრის წინააღმდეგ არის სიმდაბლე. სიმდაბლე ძნელად მიიღწევა. შეიძლება, შენი თავი მდაბლად მიიჩნიო, მაგრამ, იმავდროულად, სიმდაბლის აჩრდილიც კი არ გაგაჩნდეს. მხოლოდ ფიქრით თავს ვერ დაიმდაბლებ. უკეთესი, უფრო სწორად, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა სიმდაბლისაკენ არის მორჩილება და საკუთარი ნების მოკვეთა.
***
ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, მაგრამ არის ლოცვა, რომელიც თავად ლოცულობს და თავის კვალზე მიჰყავს მთელი შინაგანი კაცი. ვინც ამას განიცდის, მხოლოდ მან იცის, თუ რა არის ლოცვა.
***
ლოცვის ღირსება მდგომარეობს ხარისხში და არა რაოდენობაში. რაოდენობა მაშინაა საქები, როდესაც მას ხარისხამდე მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე. რაოდენობას კი მხოლოდ მაშინ მივყავართ ხარისხამდე, როდესაც გულმოდგინედ ვლოცულობთ.
***
ჭეშმარიტი ლოცვის ხარისხი იმაში მდგომარეობს, რომ გონება ლოცვის დროს ყურადღებით არის. გული კი მას თანაუგრძნობს.
***
თუნდაც ვინმე სათნოებათა მწვერვალზე იმყოფებოდეს, თუ ის ცოდვილივით არ ლოცულობს, მისი ლოცვა უარყოფილია ღმერთისგან.
***
თუნდაც მრავალი ამაღლებული ღვაწლი გავიაროთ, არც ერთი მათგანი არ იქნება ჭეშმარიტი და ნაყოფიერი, თუ ამასთანავე არ გვექნება სინანულის მტკივნეული გრძნობა.