კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რა ცრუ ტრადიციებს იცავენ ქრისტიანები ახალ წელს და საჭიროა თუ არა ახალი წლის თარიღის შეცვლა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ახალი წელი, შობა გვიახლოვდება. საქართველოში ამ ორი საერო და საუფლო დღესასწაულის აღნიშვნას გარკვეული ტრადიციები უკავშირდება. მათგან ზოგი სწორია, ზოგი – არა. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ბევრ ადამიანს, რომელსაც შობას ვულოცავთ, ამ დღესასწაულის მიმართ ბუნდოვანი დამოკიდებულება აქვს. ვერ გაუგია, რას ვულოცავთ. ამიტომ უნდა განვუმარტოთ ხოლმე: გილოცავ ქრისტეს შობას, მესიის შობას, მაცხოვრის შობას. თუ ყველაფერს არ ავხსნით, არ დავარქმევთ თავის სახელს, ბავშვებს შეიძლება ეგონოთ, რომ დაიბადა პატარ ბავშვი, უწყინარი, სახელად იესო. ყველა დღესასწაული დოგმატურია და აქ არანაირი ზღაპარი და მითი არ არსებობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანი ვერ გაიგებს, რა არის ქრისტეს შობა, ის ვერ გაიგებს ვერც ნათლისღებას, ვერც აღდგომას და ყოველი დღესასწაული მისთვის გაურკვეველი იქნება. აღდგომა ერთადერთი ბრწყინვალე დღესასწაულია და მას მოჰყვება შობა. ევროპაში შობა პირველ ადგილზეა დაყენებული, ხოლო აღმოსავლეთში, მართლმადიდებლურ სამყაროში – უფრო აღდგომა. ჩვენ აღდგომითა და შობით უნდა შევიდეთ სასუფეველში. თუ მესია ჩვენს გულებში არ დაიბადება, ათიათასჯერ რომ ვიზეიმოთ, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ იქნება. ჩვენ იმიტომ ვმარხულობთ, რომ ჩვენი გონება გაიწმინდოს ცოდვებისგან და ჩვენი გული იყოს ის ბაგა, სადაც იშვა მაცხოვარი. ამ ყველაფერს კი წინ უძღვის მარხვა, ლოცვა, აღსარება და ზიარება.
– როგორ შევხვდეთ, მამაო, ახალ წელს – ეს არის მარადიული კითხვა.
– ყოველ წელს ერთი და იმავე ფილმის ყურების, ერთი და იმავე მომღერლების მოსმენის მაგივარად, ხომ შეიძლება უფრო კარგ რამეზე ვიფიქროთ. მთელი წელი რომ ცოდვებში გავატარე, იქნებ ამ დღეს მაინც მოვიქცე წესიერად, მოვინანიო და ნაზიარები შევხვდე კალენდარულ ახალ წელს. მეზობელს, რომელსაც დიდი ხანი არ ველაპარაკები, ახლა მაინც შევურიგდე. ნუ ვიქნებით დაბოღმილები, შურიანები. როგორებიც ვხვდებით ახალ წელს, ისეთები ვართ მთელი წლის განმავლობაში. და როგორ ვხდებით ახალ წელს, ნასვამები, მთვრალები და შობას ძლივს გამოვდივართ ნაბახუსევზე. თან სხვებს ვაბრალებთ: მეკვლე რომ შემოვიდა, ცუდი ფეხი ჰქონდა, იმან ცუდად შემომხედა; ჩემი ცოლის ბრალია, რომ იწყევლება; ჩემი შვილის ბრალია, ასე ცუდად რომ იქცევაო... გადაბრალებაში არაფერი იცვლება. ყველაფერი უფრო მეტად გაუარესდა და ჩვენ ვიტყუებით, რეალობას ვალამაზებთ ბრჭყვიალა ნათურებით, სროლით, სასმლის დალევით, ვზეიმობთ და გვიხარია. სანამ ხალხს არ ვეტყვით სიმართლეს: ცუდად ხართ, ხალხო, რა გექეიფებათ. ახალი წელი სიხარულის გარეშე ვის წარმოუდგენია, მაგრამ როცა ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ამდენი პრობლემაა, ჩვენ კი შუშხუნებით, სიხარულით ველოდებით. რა თქმა უნდა, უარი არ უნდა ვთქვათ ახალი წლის აღნიშვნაზე, მაგრამ კარგი იქნება, თუ მას გულგაწმენდილები, ნაზიარები შევხვდებით და დავლოცავთ, ჩავეხუტებით ერთმანეთს, ყველანაირ წყენას, დაპირისპირებას დავივიწყებთ და სიყვარულით შევუდგებით ცხოვრებას. ახალ წელს ახალი, უკეთესი და კარგი ცხოვრება უნდა დავიწყოთ.
– ქართველები ორ ახალ წელს ვზეიმობთ.
– ქართველი ხალხი ახალი წლების დილემის წინ დგას. ბევრი პატრიარქსაც განიკითხავს, რომელიც 1 იანვარს გვილოცავს ახალ წელს. მისმა უწმიდესობამ იცის, რომ ახალ წელს ქართველების უმრავლესობა სახლში ხვდება და მოუწოდებს მათ ლოცვისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, ახალ წელს 1 იანვარს იზეიმებთ და თუ 14 იანვარს. მთავარია, რომ 7 იანვარს არის შობა, დოგმატური დღესასწაული, ახალი წელი კი საერო დღესასწაულია. თარიღის შეცვლა არაფერს ნიშნავს. ჩვენ თუ არ შევიცვლებით, არც არაფერი შეიცვლება. კარგად გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და ახალი წლიდან ყველაზე დიდი ცოდვა, რაც გვაქვს, ის აღარ ჩავიდინოთ. ქართველებს ყველაზე დიდი ცოდვა რა გვაქვს? რა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. გვგონია, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, გონიერები, ნიჭიერები, ვიდრე აზერბაიჯანელები და სომხები, ან სხვა ეროვნების ადამიანები. არადა, ყველაზე ზარმაცები ვართ, ბოღმიანები, შურიანები. თუმცა ერთად ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. როცა ვიცი, ჩემი პირველი მტერი ამპარტავნებაა, რომ მოვერიო, უნდა შევებრძოლო მას. და რომ შევებრძოლო, ჩემი ცოდვა თავად უნდა ვიცოდე. ნაძვის ხეზე ხომ არის სათამაშოები ასხმული, ასეა ჩვენი ცოდვებიც ერთმანეთზე ასხმული. თუ ცოდვას სასტიკ ბრძოლას გამოვუცხადებთ ლოცვით, აღსარებით, მართლაც ბედნიერი იქნება ახალი წელი. დავიმახსოვროთ, რომ არავითარი ბედობა არ არსებობს, ჩვენი ბედის მჭედლები თავად ვართ. ლოთობით, ბახუსით თუ შეხვდები ბედობას, მთელი წელი მთვრალი ივლი? ან შეყვარებულის ფოტოს ბალიშის ქვეშ თუ ამოიდებ, ის მერე შენი ცოლი გახდება? გონიერი ერი ვართ და მოდი, სხვა ერებს ვაჯობით გამოსწორებაში და ცრუ ტრადიციებს ყურადღება არ მივაქციოთ.
– ბევრი ადამიანი შობას 25 დეკემბერსაც აღნიშნავს.
– 25 დეკემბერს მზებუდობაა, დღე იმატებს. შობის ზუსტი თარიღი არავინ იცის, ამიტომაც ეკლესიამ ეს დაადგინა დაახლოებით, ანუ როცა დღე მატულობს მაშინ უნდა იზეიმოს ქრისტიანმა შობის დღესასწაული. მთავარია, გულში იზეიმო იესო ქრისტეს შობა, თორემ დიდი დოგმატური სხვაობა არ არსებობს.
– ბევრი შობის მარხვას სწორედ იმიტომ არ ინახავს, რომ ის ახალ წელს ემთხვევა. მოგეხსნებათ, რომ ახალ წელს ქართველი კაცი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი სუფრა დახუნძლული იყოს სხვადასხვა კერძითა და ნუგბარით.
– მარხვა სადღესასწაულოც არსებობს. საკმაოდ მარტივი მარხვაა, თევზიც იჭმევა. თან, ქართველი კაცი იმდენად გურმანია, რომ მან უამრავი სამარხვო კერძი მოიფიქრა, ისეთიც, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ სამარხვო და არასამარხვო კერძებს შორის. ამიტომაც არ არის პრობლემა საერო დღესასწაული მარხვით ვიზეიმოთ, თან, პატრიარქი ხომ ახსნილებს თევზით. ქართველებმა იმდენად კარგად ვიცით თევზის ჯიშის შერჩევა, მათი გემრიელად მომზადება, რომ მგონი, არაფერი პრობლემა არ იქნება. ტრაპეზს დაანებეთ თავი. დღესასწაული სიხარულიდან მოდის. სიხარულის სიტყვა-ფუძე არის „ხარა“, რომელიც ბერძნულიდან გადმოტანილი სიტყვა „ხარიზმაა“, ანუ მადლი. საერო დღესასწაული იქნება თუ საუფლო, მე უნდა მივიღო მადლი. როცა გულს განვიწმენდ, აღარ შემშურდება შენი, აღარ გაგლანძღავ, აღსარებას ვიტყვი და ვეზიარები, მაშინ გადმოვა ჩემზე მადლი. სუფრაზე შემწვარი გოჭი გექნება თუ ხიზილალა, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს, რომ სახლში უნდა ჰქონდეს ღორის გამოსახულება, ნაძვის ხე, ბრჭყვიალები, თუ ადგილი დარჩება ხატებთანაც დადოს რამე. ხატები გქონდეს სახლში და თან ღორის გამოსახულება? ეს უკვე მკრეხელობა, ორი ბატონის მსახურებაა. ღორის და სხვა ცხოველების მსახურები არ უნდა ვიყოთ. ძაღლი მეც მყავს სახლში, მაგრამ არა სამზარეულოში და საწოლში არ ვიწვენ. ძაღლის სახლში მოყვანა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა ადამიანები დავკარგეთ. დღეს ადამიანზე მეტად ძაღლები უყვართ. გიყვარდეთ ძაღლები, მაგრამ ზომიერების დაცვა გვჭირდება. ადამიანი ღმერთის მეგობარი უნდა იყოს, ცხოველების კი არა. ბევრ ადამიანს ბედნიერებაზეც არასწორი დამოკიდებულება აქვს. ბედნიერება ის არის, როცა ადამიანი გულს განიწმენდს, ბოროტი და შურიანი არ იქნება და ყველა ადამიანი ეყვარება. ამიტომაც ახალ წელს ბედნიერები, სიყვარულით სავსეები უნდა შევხვდეთ, ვნებების და ბოროტებისგან გაწმენდილნი.
скачать dle 11.3