№52 სჭირდება თუ არა ქალს ქმრის ღალატის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი
ზოგჯერ ტყუილში ცხოვრება სჯობს რეალობას. ძალიან ბევრი ქალი სწორედ ასე მსჯელობს და მშვიდად ცხოვრობს ტყუილში, თან ბედსაც არ უჩივის. ისინი ასე ფიქრობენ: მთავარია, კაცმა შეძლოს და ეს ტყუილი ლამაზად შეფუთოს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ერთ განავარდებას ყველას აპატიებ. არ არის პრობლემა. ეს იმაზეა დამოკიდებული, ამ განავარდების შემდეგ კაცი როგორ მოიქცევაო. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების დაგეგმვის თავისებური მიდგომა. მაგრამ უდავოა, რომ ღალატი სტრესია.
მანჩო (41 წლის): როცა ჩემი ქმრის ერთგულებაში ეჭვი შემეპარა არ დამიწყია ქმართან ურთიერთობის გარკვევა. პირდაპირ შეტევაზე გადავედი და გაცეცხლებული ისე დავესხი თავს, რომ საშუალება არ მივეცი, რამე აეხსნა. მე არ ვყოფილვარ ისეთი ცოლი, რომ შეჩვეული მყოლოდა ისტერიკებს. მაგრამ იმ წუთში ისე ვიყავი გადარეული, რომ დანა რომ მჭეროდა ხელში, შეიძლება, დამერტყა კიდეც. პირველმა შოკმა რომ გაუარა, ჩემი ქმარი შეეცადა, როგორმე გავეჩერებინე. არ ვიცი, საიდან აღმომაჩნდა ამდენი ძალა. ხელს ვკრავდი და ისე ვუბიძგებდი კარისკენ. ვუყვიროდი და ისეთ საზიზღრობებს ვეუბნებოდი, ახლა რომ მახსენდება, მრცხვენია.
– ძნელია, ადამიანი ღალატში მხოლოდ ეჭვით დაადანაშაულო.
– ვერ წარმოიდგენთ, როგორი საშინელი განცდაა. შეიძლება, ჭკუიდან გადახვიდე. ვუძახდი, არაკაცი ხარ-მეთქი. მიყვირა, ნამდვილად გაცოფდი, შე საცოდავოო. მოკიდა თავის ჩანთას ხელი და კარი გაიჯახუნა. შემოვბრუნდი და ავტირდი. მთელი ღამე ვტიროდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ახლა რომ დამორეკოს და პატიება მთხოვოს, გულახდილად მოინანიოს თავისი დანაშაული ან მოვიდეს და მითხრას, რომ შეცდა... მე ვუყვარვარ და ის ქალი არაფერს წარმოადგენს მისთვის, აუცილებლად ვაპატიებ-მეთქი.
– დარწმუნებული იყავით, რომ ის ქალი არსებობდა?
– მას რომ უკან დაეხია, მომფერებოდა და ეთქვა, რომ ვცდებოდი, მართლა ცოფიანი კი არ ვარ. გავჩერდებოდი. მერე, ალბათ, დავილაპარაკებდით და გავარკვევდით ურთიერთობას. მამაკაცები ძალიან ცდებიან, როცა თავდაცვის იარაღად თავდასხმას იყენებენ. ამით ვერცერთ ქალს ვერ დაამშვიდებ, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. მოფერებით კი ნებისმიერი ქალი ტყუვდება.
– ტყუილში ცხოვრება გერჩივნათ?
– რეალურად ასეა. მოღალატე კაცებსაც უყვართ ცოლები, მაგრამ ღალატობენ. თუმცა ამას ისინი ღალატს არ ეძახიან. ცდუნებას ვერ უძლებენ. ასიდან ოთხმოცდათხუთმეტ მამაკაცს არ უნდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ოთხმოცი თანახმა იქნება, სხვა ქალთან თუნდაც ერთჯერად ურთიერთობაზე. პატიოსანმა კაცმაც შეიძლება, უღალატოს ცოლს და ამას შემთხვევითობას დაარქმევს. როცა სამსახურიდან დაგვიანებებს მოუხშირა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა და მაძებრად ვიქეცი. რა ძალა მადგა. რატომ დავიწყე ქექვა. ცოლ-ქმრობა ისეთი ურთიერთობაა, სადაც ასეთი რამეები „მოსულა“. ქალი რომ ხარ, მეტად მოქნილი პოლიტიკით უნდა იმოქმედო. ზოგი ამას ახერხებს. მე ქმრის ღალატის დამადასტურებელი ფაქტებიც კი არ მაქვს. მიყვარს. სხვას ვერ დავუთმობ. ისიც ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისთვისაც ქმარს უღალატია. უნდა გავჩუმებულიყავი. ჭკვიანი ქალები ასე იქცევიან. მაგრამ მე ხომ გითხარით, რისი იმედიც მქონდა. გათვლებში შევცდი. ალბათ, მამაკაცები თავმოყვარე ქალებს უფრო აფასებენ. მაგრამ შემეძლო, უფრო ტაქტიკურად მემოქმედა. ანუ უფრო მეტი ნივთმტკიცებები მომეგროვებინა და ისე მიმემწყვდია კედელთან. მაშინ ის ვეღარ ითამაშებდა შეურაცხყოფილის როლს. ჩემმა დეიდაშვილმა ვიღაც ქერათმიან გოგოსთან ერთად კაფეში ნახა და დამირეკა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მისი საყვარელი იყო. თუმცა, არც გამორიცხულია. ხომ მართალია? იცით, რა დღეში ჩავვარდი, როცა ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა და ეს მითხრა? იმდენი ვიტირე, გული გამიხდა ცუდად. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი დამამცირებელია. მერჩივნა, მე თვითონ დამენახა. გავცოფდებოდი და გადავირეოდი, მაგრამ თავს ისე დამცირებულად არ ვიგრძნობდი.
– არ უნდა შეგექმნათ ამ ამბისგან ტრეგედია, ის გოგონა შეიძლება, უბრალოდ ნაცნობი ან თანამშრომელი იყო.
– მის თანამშრომლებს ყველას ვიცნობ. თუმცა მართალი ხართ, მართლა არ უნდა შემექმნა ამ ამბისგან ტრაგედია. ჩემს დეიდაშვილს კი ვუთხარი, მერე რა მოხდა, ალბათ, თანამშრომელთან ერთად იყო-მეთქი. მაგრამ დამცინა, ყურადღება მიაქციე მაგ შენს ქმარს, ანგელოზი რომ გგონია, თორემ ეგეთი თანამშრომლები რომ მოუმრავლდება და ხელს დაგიქნევს, მერე გვიან იქნებაო. ცეცხლზე ნავთი დაასხა. რატომღაც მჯეროდა, რომ ჩემი ქმარი სხვას არ ჰგავდა. რა სულელი ვარ. როგორ შეიძლება, კაცის პატიოსნებაზე თავი დადო. ყველანი ერთნაირები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეა. მაგრამ მასთან განშორება არ მინდა.
– აბა, რას ელოდით, სახლიდან რომ აგდებდით?
– რომ ბოდიშს მომიხდიდა და არსად წავიდოდა ან მეორე დღეს მაინც მოვიდოდა დარცხვენილი და პატიებას მთხოვდა. მზად ვიყავი ყველაფერი დამევიწყებინა და დამეჯერებინა მისი ტყუილი. რატომ ჩავიყენე თავი ასეთ სულელურ მდგომარეობაში. ახლა რა ვქნა? წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე. უკვე ერთი თვე გავიდა. ჩვენს დაუმთავრებელ აგარაკზე ცხოვრობს, რომლის შესახებაც ასევე არ ვიცოდი. ჩემი დისთვის უთქვამს, ისტერიკიანი და გიჟი ქალის გვერდით მიცხოვრია ამდენი ხანი და ვერ მივმხვდარვარო. ყველაფერს უარყოფს. ის ქერა გოგო დიზაინერი იყო. აგარაკი ჩუმად ვიყიდე, რომ შენი დისთვის, ანუ ჩემთვის, სიურპრიზი მომეწყო. პირდაპირ გარემონტებულში უნდა მიმებრძანებინა, თუმცა ეგ არაფრის ღირსი არ არისო. წარმოგიდგენიათ? მაგრამ მე რატომ მეუბნება გული, რომ მიღალატა.
– შეგიძლიათ სთხოვოთ პატიება.
– ისეთი ჯიუტია, არაფრით არ დათმობს. მე რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონდეს, საქმე სხვანაირად იქნებოდა, ასე ვეღარ იჭიკჭიკებდა. ავჩქარდი და ისეთი სერიოზული პრობლემა შევიქმენი, რანაირად გამოვძვრები, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა შეუძლია, პარანოიკადაც კი გამომაცხადოს. ალბათ, ყველასთან ამბობს, რომ უმადური და დაუნახავი ვარ. ის სიურპრიზს მიკეთებდა, მე კი მოვუგონე, რომ მღალატობდა.
– იქნებ, თქვენმა დამ შეძლოს და ისე მოაგვარის სიტუაცია, თქვენ ბოდიშის მოხდა არ დაგჭირდეთ.
– არ ვიცი. ჩემ მაგივრად ის ხომ არ მოიხდის ბოდიშს? თანაც, ჩემი ქმარი ამ შემთხვევას კარგად გამოიყენებს, რომ ჭკუა მასწავლოს და ეჭვიანობის სურვილი სამუდამოდ გამიქროს. ამიტომ ყველა ქალს ვურჩევ, ჯერ დაფიქრდნენ, არიან თუ არა მზად ქმართან გაშორებისთვის და ისე დაიწყონ ქმრის სულში ხელის ფათური. თან, მისი ღალატის დამადასტურებელ საბუთებს მოუყარონ თავი. ისე მოემზადონ, რომ იმან თავი ვეღარ იმართლოს.
– თუ თქვენს მეუღლეს მართლა არ უღალატია თქვენთვის?
– მაშინ სულელი ვყოფილვარ და მილიონ ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ვინ დამარწმუნებს ამაში.