კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რა უფლებებს უზღუდავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ახალ ეკლესიას და რატომ მოუწევთ უკრაინელ სასულიერო პირებს მოსკოვის საპატრიარქოსთან ბრძოლა უკრაინაში არსებული თითოეული ეკლესიისთვის

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

უკრაინის სასულიერო პირებმა, ანუ უკრაინაში მოქმედმა ორმა არაღიარებულმა ეკლესიამ, 15 დეკემბერს აირჩია წინამძღოლი, რაც იყო მსოფლიო პატრიარქის პირობა, მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნის შემდეგ. ახლა კი უნდა დაიწყოს მსჯელობა უკრაინის ეკლესიის სახელწოდებაზე, შესაბამისად – მისი აღიარების პროცესიც.
სახელწოდება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ავტონომიურ ეკლესიას უკვე ჰქვია უკრაინის ეკლესია. როგორ განვითარდება შემდგომ პროცესები და როდის უნდა ველოდოთ მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას – ამ თემაზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– როგორ შეთანხმდნენ, რომელი ეკლესია რომელს გაუერთიანდა და, საერთოდ, რა მოხდა 15 დეკემბერს კიევში?
– გაიმართა საეკლესიო კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის სამი ეკლესიის წარმომადგენლებმა. ხმის უფლებით, სულ, 42 სასულიერო პირი ესწრებოდა კიევის საპატრიარქოდან, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ფილარეტი, 12 – უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიიდან, რომელსაც მიტროპოლიტი მაკარი ხელმძღვანელობს და ეს არის 1918 წელს შექმნილი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალია უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამოაცხადა და ორი სასულიერო პირი – უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოდან.
– რა დონის სასულიერო პირები იყვნენ?
– ეპისკოპოსები, რომლებიც კრებას ესწრებოდნენ ხმის უფლებით. ასევე,  თითოეულ ეპისკოპოსს ახლდა თითო-თითო სასულიერო პირი და მორჩილი, ანუ ერისკაცი. როგორც ჩანს, ბოლომდე არ იყო განსაზღვრული, რა როგორ წარიმართებოდა და ხმა გარეთ რომ არ გამოსულიყო, კარი მჭიდროდ იყო დახურული, ამიტომ გარდა ემოციური გაცხადებებისა ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ. საბოლოოდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ზეწოლის შედეგად, მართალია, ფილარეტს მოეხსნა ანათემა, მაგრამ იმავდროულად, მას შესთავაზეს, კენჭი არ ეყარა.
– მსოფლიო საპატრიარქომ შესთავაზა?
– დიახ და შეიქმნა ერთგვარი უხერხულობა, იმიტომ რომ ფილარეტი თავის თავს უწოდებს პატრიარქს, მსოფლიო საპატრიარქო კი მას მიტროპოლიტად მოიხსენიებს. თან, ფილარეტი  არ არის კონკრეტული კათედრის მმართველი და, ამდენად, მისი საკითხი არ გადაწყვეტილა.
– რას გულისხმობთ?
– ფილარეტის სტატუსი გარკვეული არ არის. არჩევნებში კი მონაწილეობას იღებდა სამი კანდიდატი: ორი უკრაინის საპატრიარქოდან, ანუ ფილარეტის ფრთიდან და ერთი – მოსკოვის საპატრიარქოდან. ლოგიკურიც იყო, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ თავისი კანდიდატი არ წამოაყენა, რადგან იცოდნენ, რომ, რაოდენობიდან გამომდინარე, შანსი არ ჰქონდათ. ძალიან საინტერესოა, რომ ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვის საპატრიარქოს კანდიდატს. როგორც ჩანს, საინტერესო პროცესი წარიმართა. ფაქტები არ ვიცით, მაგრამ ჩანს, რომ ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენლები ფილარეტის ეკლესიიდან ორი კანდიდატის ბრძოლაში არ ჩაერივნენ. ერთი იყო ფილარეტის ხელდასხმული  და მისი უშუალო გარემოცვიდან, მეორე – მისი ოპონენტი და სწორედ ამ ორს შორის გაიმართა ჭიდილი. გაიმარჯვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ, ახალგაზრდა – 40-წლამდე, კაცმა, რომლის კარიერაც ფილარეტის ხელში განვითარდა და მის შემდეგ ყველაზე მაღალი იერარქი იყო. ანუ, გაერთიანებული ეკლესიის წინამძღოლი ფილარეტის წარმომადგენელი გახდა.
– რა დაერქვა სახელად ამ გაერთიანებულ ეკლესიას?
– ეს საკითხიც გაურკვეველია. ალბათ, პირობითი სახელწოდება იქნება მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში, ახლა ბრძოლა დაიწყება სახელწოდებაზე, რადგან, ფაქტობრივად, უკრაინაში ორი მართლმადიდებელი სუბიექტი გამოიკვეთა და სახელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სავარაუდოდ, ამ საკითხში უკრაინის ხელისუფლება ჩაერთვება და უკრაინის იუსტიციის სამინისტროც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მთავარია, რომ გამოჩნდა რუსეთის უსუსურობა ამ საკითხში და ის, რომ რუსეთმა უკრაინის ეპარქიები დაკარგა, უბრალოდ, ახლა ეს ორი ძალა იჭიდავებს. რუსეთი, სავარაუდოდ, აირჩევს ესკალაციისა და დაპირისპირების გზას და ალბათ, იმ ორ ეპისკოპოსსაც განკვეთავს.
– ვისი ხელდასხმით არიან ნაკურთხი ფილარეტის მიმართულებიდან სასულიერო პირები? ფილარეტი გასაგებია, თავის დროზე მოსკოვის საპატრიარქოში ეკურთხა.
– კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიტროპოლიტ ფილარეტს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დადებული ანათემა მოუხსნა და ყველა მის მიერ ნაკურთხ სასულიერო პირს კი იგივე წოდება დაუტოვა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანმა ავტომატურად მიიღო კურთხევა მსოფლიო პატრიარქისგან და მათ უკვე კანონიკური სტატუსი აქვთ.
– რუსულ საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ, მართალია, ამ გადაწყვეტილებით უკრაინის ეკლესია გამოეყო რუსულ ეკლესიას, მაგრამ თითქოს ის იქნება მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში. არ ვიცი, არის თუ არა ეს სიმართლე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელიც ბიზანტიის სამართალმემკვიდრეობაზე აცხადებს პრეტენზიას და ამაში მას არავინ ეცილება, განთქმულია ვაჭრობით – ეს ვიცით საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან. ამიტომ, ერთი მხრივ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ხელს უწყობს ამ პროცესს, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ მოქმედებებს და, ცხადია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც ისარგებლა სიტუაციით. ჩვენ ვამბობდით, რომ პროცესი ამ მიმართულებით ბუნებრივად განვითარდებოდა და მაშინ უკრაინის ეკლესიას არ ექნებოდა ასეთი სუსტი სასტარტო პოზიციები. დღეს ის მთლიანადაა დამოკიდებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებებზე და კონსტანტინოპოლის კეთილი ნებაა მთავარი. ვისაც აქვს ბიზანტიის ეკლესიასთან ურთიერთობის გამოცდილება და საქართველოს ეკლესიას აქვს ეს გამოცდილება, ალბათ, დამეთანხმება, რომ რაღაც ახალ მოდელს მოიფიქრებენ. აქ იგულისხმება მირონის მოხარშვის უფლება, წმიდანთა კანონიზაცია, ანუ უკვე სამუშაო პროცესში განსახილველი საკითხები. ვერ ვნახე ინფორმაცია სტავროპიგიის შესახებ, როდესაც ესა თუ ის ეკლესია, განსაკუთრებით, მონასტრები, რომლებიც ეპარქიებში არიან, არ ექვემდებარება ეპარქიის მმართველს და ექვემდებარება პატრიარქს. საქართველოშიც არის ისეთი ეკლესია-მონასტრები, რომლებიც პირდაპირ საქართველოს პატრიარქს ემორჩილება. და ჯერჯერობით არ არის გარკვეული, როგორ გადაწყდება ეს საკითხი უკრაინაში: კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სტავროპიგიას უკრაინის ტერიტორიაზე თავის თავზე აიღებს, ანუ აიყვანს თუ არა უშუალო მართვა-გამგებლობაში უკრაინის ეკლესიებს თუ მათ დაუტოვებს. ეს საკითხი ჯერჯერობით დისკუსიის საგანიც არ გამხდარა.
– რა სტატუსი აქვს უკრაინის ახალი ეკლესიის პირველ პირს?
– ის არის არჩეული პირველ იერარქად მიტროპოლიტის სტატუსით.
– როგორ უნდა გახდეს პატრიარქი?
– სახელწოდება არ არის პრობლემა, იმიტომ რომ, მაგალითად, პოლონეთის, ჩეხეთის, თუნდაც, ამერიკის ეკლესიას მთავარეპისკოპოსისა და მიტროპოლიტის რანგის პირველი იერარქები ჰყავთ. პატრიარქობა ისტორიული საკითხია და ეს არის იმ ეკლესიების უპირატესობა, რომლებიც ოდითგანვე ჩამოყალიბდნენ, როგორც ეკლესია და ამიტომ აქვს საქართველოს პარტიარქს უფლება, იწოდებოდეს პატრიარქად. ასევეა, სერბეთის პატრიარქიც. უკრაინის ეკლესიაში კი ეს გასარკვევია. ჯერჯერობით ეპიფანი მიტროპოლიტის რანგში იქნება მმართველი.
– რუსეთის პატრიარქმა მიმართა გაეროს გენმდივანს, რომის პაპს, რომ უკრაინაში ირღვევა მართლმადიდებლების უფლებებიო. რომის პაპი რა შუაშია?
– უძალობის გამოხატულებაა, რუსეთის ეკლესია რომ დაიწყებს ჩივილს, მჩაგრავენო, ისევე, როგორც თავადვე უაზროდ შევიდა ჩიხში. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტულ კავშირში დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის მრევლი, ფაქტობრივად, ემიჯნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ ეკლესიებსა და მღვდელმსახურებს, ანუ ათონის მთაზე, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაშია, რუსი მომლოცველები ვეღარ უნდა წავიდნენ, მეტიც, მართალია, რუსები დასცინიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს – ერთი კვარტალია სტამბოლში და მრევლი არ ჰყავსო, მაგრამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ძირითადი მრევლი და ეკლესიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია. მაგალითად, პარიზის ერთ-ერთი, ალექსანდრე ნეველის სახელობის, ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და რუს მომლოცველს, რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებით, არ აქვს უფლება, იქ მოილოცოს. თუმცა, რაც რუსეთისთვის ცუდია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სხვისთვის იქნება კარგი და ის ფაქტიც, რომ უკრაინაში კრება ასეთი ჩაკეტილი და პოლიტიზებული იყო, ნათლად მეტყველებს, რომ პრობლემები უკრაინის ეკლესიას ჯერ კიდევ წინ აქვს. რუსეთის საპატრიარქო აუცილებლად წავა დაპირისპირებისა და აგრესიის გზით.
– და რა შეიძლება, მოიმოქმედოს? საეკლესიო ომს ხომ არ დაიწყებს?
– მიუხედავად იმისა, რომ მივესალმები უკრაინის ეკლესიის ჩამოყალიბებას, ეჭვს აჩენს პოროშენკოს ზედმეტი ჩართვა ამ საქმეში. ამან გამოიწვია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ზედმეტი უფლებების მიცემა და შეიძლება, უკრაინის ეკლესიის დამცრობაც გამოიწვიოს, არადა რაც დღეს მოხდა, 5-10 წელიწადში ბუნებრივად მოხდებოდა. როგორც კი გაიზრდებოდა უკრაინის მოსახლეობის სამოქალაქო შეგნება, უკრაინის მოქალაქეების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, მორწმუნე მრევლი, თავის ეკლესიებიანად, ავტომატურად გადავიდოდა ახალ ეკლესიაში, ახლა კი, ფორსირებულ სიტუაციაში, რუსეთს დაპირისპირების საშუალება ეძლევა. უმთავრესია კიევ-პეჩორის ლავრის საკითხი, რომელიც იურიდიულად რუსეთს ექვემდებარება, უკრაინისთვის კი მისი დაბრუნება ღირსების საკითხია. იქ ასეულობით ბერი ცხოვრობს და შეიძლება, მომლოცველებს ყოველდღიური პრობლემები შეუქმნან და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდეს, ისევე, როგორც რეგიონების ეკლესიებში.
– შეიძლება, თითოეული ეკლესიისთვის ხელჩართული ბრძოლა გაიმართოს?
– დიახ და ტვინგახურებული პოლიტიკოსებისთვის, მათი ვითომ პატრიოტიზმისა და ეროვნულობის გამოსახატავად, ეს დაპირისპირება ხელსაყრელია.
скачать dle 11.3