№52 რატომ მოითხოვს აშშ სომხეთისგან ირანისთვის საზღვრის ჩაკეტვას, რა გზაჯვარედინზე დგას ფაშინიანი და რის საფუძველზე ვარაუდობს საქართველო-სომხეთის ჩაკეტვის საფრთხეს
ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც თავად განაცხადა, ერთ ძალიან გამოცდილ დიპლომატს აღუწერა სიტუაცია, რომელშიც სომხეთი იმყოფება, რომ ორი საზღვარი – თურქეთთან და აზერბაიჯანთან – დახურულია, ხოლო ორი დარჩენილი საზღვარი – ნახევრად გახსნილი. კერძოდ, „სომხეთ-ირანის საზღვარი, მაგალითად, შეიძლება დე-ფაქტო დაიხუროს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებისა და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. საზღვარი საქართველოსთან, ასევე, შეიძლება დაიხუროს ცუდი ამინდის ან გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. რა გამოდის, რომ სომხეთი კუნძულია ზღვის გარეშე“ და, ამდენად, დასვა რიტორიკული კითხვა, რა უნდა მოიმოქმედოს სომხეთმა ასეთ ვითარებაში? ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სერჟ სარგისიანის მმართველობის პერიოდში მოითხოვდა სომხეთი როკის გვირაბის გახსნას, რადგან ლარსის გამშვები პუნქტი ზამთარში ამინდის გამო შეფერხებებით მუშაობს და ხშირად არც თუ კორექტულად და, რაც მთავარია, სომხეთსა და საქართველოს შორის მეტეოპირობების გამო საზღვარი არასდროს ჩაკეტილა და ისიც გაუგებარია, რა გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო შეიძლება, ჩაუკეტოს საქართველომ საზღვარი სომხეთს. რას ნიშნავს ფაშინიანის ეს განცხადება და რა უნდა ამოვიკითხოთ სტრიქონებს შუა? – ამ თემაზე გუბაზ სანიკიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
გუბაზ სანიკიძე: პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან ჩახლართულია. აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობა გარკვეულია – მტრობენ ერთმანეთს და ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, მაგრამ საქართველო-სომხეთის, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი, ზვიად გამსახურდიას ჰქონდა მცდელობა, რომ პოლიტიკურად ჩარეულიყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, მაგრამ არ დასცალდა. თუმცა ამ საკითხს კარგი პირი უჩანდა. ამ თემებზე სალაპარაკოდ თბილისში მუთალიბოვი ჩამოიყვანა, ლამის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ზვიადსა და ლევონ ტერ-პეტროსიანს. იყო იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო სომხურ-აზებაიჯანული მოლაპარაკებებისთვის პოზიტიური ველი გამხდარიყო და ამ პრობლემის გარკვევის პერსპექტივა კავკასიაშივე დარჩენილიყო. მოლაპარაკების ცენტრი კი თბილისი უნდა ყოფილიყო. ზვიადს ჰქონდა ამის სურვილი და ამბიცია და აბსოლუტურად გამართლებული იყო, რომ საქართველო ყოფილიყო პოზიტიური გამტარი. ეს საკითხი ზვიადმა დაძრა და მისი ეს კონცეფცია კავკასიური სახლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რასაც გეგმაზომიერად ახორციელებდა. ერთ წელიწადში რის მოსწრებაც შეიძლებოდა, მოასწრო – დამოუკიდებლობის აქტი აღადგინა, რეფერენდუმი ჩაატარა, აფხაზებთან კონფლიქტი აიცილა თავიდან, ამის შესახებ ძალიან ბევრმა ქართველმაც არ იცის. შევარდნაძეს ეს ესმოდა, მაგრამ ვერ გააკეთა, სააკაშვილს უფრო პროაზერბაიჯანული პოზიცია ჰქონდა.
– თუმცა სომხეთმა მას ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.
– ბუნებრივია, იქ კიდევ ბევრი რამაა. რაღაცების თქმა არ შეიძლება. როგორც ვიცი, ზეპირი შეთანხმება იყო სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც სომხებიც იცავდნენ და ქართველებიც. რა შეთანხმება იყო, ამაზე ვერ დაგელეპარაკებით. როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, სომხეთს ისევ ყარაბაღის კლანი მართავდა, თუმცა მაშინდელ სომხეთის ხელისუფლებას საქართველოსთან მკაცრად ჩამოყალიბებული პოლიტიკა ჰქონდა – ეს უნდა ყოფილიყო ერთმნიშვნელოვნად მეგობრული და ერევანი არ უჭერდა მხარს იმავე სეპარატიზმს ჯავახეთში. პირდაპირ გეტყვით, როდესაც საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის მეთურობით, ერევანში ჩავედით, სომხეთის პრეზიდენტმა პირდაპირ გვითხრა: სომხეთს არანაირი პრობლემები არ აქვს საქართველოსთან და ამას არც პერსპექტივაში განვიხილავთო.
– მაგრამ პერსპექტივაში არავინ იცის, ვინ რას განიხილავს.
– პერსპექტივაში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ საქართველო-სომხეთის კონფლიქტს მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ სომხებს ძალიან კარგად ესმით, საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება მათ ეკონომიკურად გაგუდავს, ანუ საქართველო მათ წყალივით კი არ სჭირდებათ, არამედ ჰაერივით. მაგრამ შემდეგ სომხეთში ის მოხდა, რაც მოხდა, ანუ რევოლუცია და, როგორც ვიცი, ფაშინიანი იყო უაღრესად პროქართულად განწყობილი. რამდენჯერმე შევხვედრივარ და გარკვეული ურთიერთობებიც მქონია. ფაშინიანს კერძო საუბრებში, ჩემთან საუბრისასაც, მკვეთრად პროქართული პოზიცია ჰქონდა. მაგრამ ის, რომ აფხაზეთში მივქარეთო, ოფიციალურად არ უთქვამს.
– აბა, რით გამოიხატება მისი პროქართულობა?
– იმ ფონზე, რომ აღმოსავლეთის დექრისტიანიზაცია მიდის, ფაშინიანი ამბობს, რომ დავრჩით ორი ქრისტიანი ხალხი და ამიტომ გარკვეულ საკითხებზე ერთნაირი აზრი უნდა გვქონდეს. არ ვიცი, ვინმემ მიაქცია თუ არა ყურადღება, მაგრამ მისი პირველი საგარეო ვიზიტი თბილისში იყო.
– მე მივაქციე ყურადღება და იმასაც, რომ ჩავიდა ჯავახეთში, სადაც სომხეთის დროშებით დახვდნენ.
– სოჭშიც ჩავიდა, მაგრამ იქ იყო „ოდეკაბეს“ ხელმძღვანელობის შეკრება და საგარეო ვიზიტად ვერ ჩაითვლება. პირველად საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და, როგორც ვიცი, ფაშინიანი ურთიერთობის გაღრმავების სერიოზული პაკეტით იყო ჩამოსული, მაგრამ აქ ყრუ კედელი დახვდა. ჩამოვიდა და ვერავის დაელაპარაკა, ვის დალაპარაკებოდა, არ იცოდა. მერე ჩავიდა ჯავახეთში და როდესაც სომხურად მიმართა ჯავახელ სომხებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ყურადღება არავინ მიაქცია, ტერმინ „ჯავახეთს“ ამბობდა – ქართულად.
– არ უთქვამს „ჯავახკ“.
– დიახ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სომხურ საუბარში ის „ჯავახეთს“ ამბობდა და იქაურ სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მას, რატომღაც, არ გაჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გააყოლეს აჩრდილი – საგარეო საქმეთა მინისტრი, არადა, წესით, გიორგი კვირიკაშვილი უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ მათ არ სცალიათ საქართველოსთვის. ივანიშვილს როგორ შეხვდებოდა?! ხომ არ ეახლებოდა?! თუმცა, იყო მოსაზრება, რომ, როდესაც სომხურ ეკლესიაში მივიდა, თითქოსდა იქ ბიძინა უნდა შეხვედროდა. როგორც ვიცი, იმ სომხური ეკლესიის რესტავრაცია ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არც იქ მივიდა. ფაშინიანი დაბრუნდა სომხეთში არაფრით და ცოტა გაკვირვებული. არადა, ჩამოსული იყო საქმეზე.
– ასე რომც არ ყოფილიყო, შენ უნდა გამოიყენო საქმისთვის.
– რა თქმა უნდა, როცა იცი, რომ სომხეთს ასე სჭირდები, ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება, ვისაუბროთ. შესაძლებელია, ერთმანეთს მივეხმაროთ, რომ ჩვენ მათ ინტერესებს გავუწიოთ ლობირება „ნატოსა“ და ევროკავშირში, სომხეთმა კი ჩვენი პოზიციები ევრაზიულ კავშირში დაიცვას.
– და ამით განაწყენებულმა ივარაუდა, რომ საზღვარი საქართველოსთან შეიძლება, გეოპოლიტიკური მიზეზით ჩაიკეტოს?
– არა, როგორც ჩანს, ეს პრევენციული განცხადებაა და ამის ფონია ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა. მოკლედ ვიტყვი, რომ მკითხველმა გაიგოს, რაზეა საუბარი – სირიასა და ერაყში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა ორივე სახელმწიფო დაიქცა, პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტად ირანმა გაიმყარა, ფაქტობრივად, ხმელთაშუა ზღვაზე გამოვიდა, რაც ძალიან საგანგაშოა დასავლეთისთვის, განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელისთვის, ამიტომ ახლა ირანი უნდა „მოითოკოს“. ამისთვის კი საჭიროა მისი ბლოკადა. თუმცა ირანი ისედაც ბლოკადაშია – თურქეთთან თავად შეერთებულმა შტატებმა ვერაფერი გააწყო, ირანისთვის კი თურქეთი გარკვეულწილად საყრდენია. ავღანეთში ისედაც ამერიკული ჯარი დგას, პაკისტანს, ფაქტობრივად, ამერიკელები აკონტროლებენ, თურქმენეთიდან ირანი ყრუდაა ჩაკეტილი და რჩებიან სომხეთი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი, ტრადიციულად, ირანის მეტოქედ ორი მიზეზის გამო ითვლება. პირველია ენერგომატარებლები, ორივეს აქვს გაზიც და ნავთობიც და მეორე მიზეზი ეთნიკურია, აზერბაიჯანში ცხოვრობს 9 მილიონი აზერბაიჯანელი, ირანში კი – 25 მილიონი. ანუ ირანში აზერბაიჯანული სეპარატიზმის შიშია. თუმცა, იქ ეთნიკური აზერბაიჯანლების პოზიციები ძლიერია და ირანის სულიერი ლიდერი ეთნიკური აზერბაიჯანელია. ირანს მართავს ორი ერი: აზერბაიჯანელები და სპარსელები.
– და რის პრევენციას ახდენს ფაშინიანი?
– სომხეთს საკმაოდ შეზღუდული აქვს მანევრის არეალი. ამერიკელები რაღაცებს მოსთხოვენ სომხეთს, ისევე, როგორც ჩვენ მოგვთხოვენ და, ასევე, ინტენსიურად მუშაობენ აზერბაიჯანთან, ისევე, როგორც ისრაელს აქვს სერიოზული გავლენა ბაქოზე, სამხედრო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური. ჩვენ კი უკვე ერთი საუკუნეა, ვლაპარაკობთ ოცდაექვსსაუკუნოვან ძმობაზე და არაფერი, ოცდაშვიდიც აღარ გახდა?! საქართველომ ვერ შეძლო ამის გამოყენება, თუნდაც, მსოფლიო ებრაული თანამეგობრობა რომ ყოფილიყო, სულ ცოტა, ლოიალურად განწყობილი საქართველოს მიმართ და ჩვენ ვყოფილიყავით ისრაელისთვის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. და დავრჩით სუფრაზე, ყანწით ხელში. ხოლო ბაქომ და ისრაელმა ძალიან პროდუქტიული ურთიერთობები ააწყვეს. ახლა ირანის ბლოკადისთვის რჩება სომხეთის საკითხი, ამიტომ ფაშინიანის ხელისუფლებაზე ზეწოლაა როგორც ამერიკელების, ისევე ირანელებისა და რუსების მხრიდან.
– დავაზუსტოთ: რუსების მიზანია, სომხეთმა არ ჩაუკეტოს საზღვარი ირანს, ამერიკელების - პირიქით.
– დიახ. ირანსა და სომხეთს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ. ფაშინიანს ახლა რეფორმებისთვის ფინანსები სჭირდება და მას ორი წყარო აქვს, თუ გამოვრიცხავთ რუსეთის სომხურ ლობის, რომელიც ბრძანებას პუტინისგან ელოდება. სომხეთმა შეიძლება, რეფორმებისთვის ფული აიღოს ევროსტრქტურებისგან და ამერიკისგან და განსაკუთრებით, სომხური დიასპორისგან. ეგრეთ წოდებულ, კალიფორნიულ სომხეთს დიდი შესაძლებლობები აქვს და შტატებში სომხური ლობი გავლენით მეორე ადგილზეა ებრაული ლობის შემდეგ. ამიტომ ფაშინიანი გზაჯვარედინზეა.
– ჩვენ რა გეოპოლიტიკური ვითარების გამო შეიძლება, ჩავუკეტოთ სიმხეთს საზღვარი, აშშ მოგვთხოვს?
– უახლოეს პერიოდში სომხეთის ხელისუფლებას ექნება მისაღები გადაწყვეტილება ირანის შესახებ, ირანთან მტრობა სომხეთისთვის არის დაღუპვა. ტრამპის შემდეგ სხვა პრეზიდენტი მოვა, რომელიც ირანთან დაათბობს ურთიერთობას, ირანელებმა კი გულში ჩადება იციან – როგორც მტრობის, ისე მოყვრობის. ფაშინიანს საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობის ენერგიული სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. შეიძლება, ცოტა გაამწვავა თავისი პრევენციული განცხადება, თუმცა მდგომარეობა მართლაც მძიმეა.
– ჩვენ მხოლოდ ფაშინიანისა და სომხეთის სურვილებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ იქ არის რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც რუსეთისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ირანთან საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის ბაზას იზოლაციაში მოაქცევს, ანუ მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორიც.
– რა თქმა უნდა, მე არ მგონია, რომ სომხეთმა ჩაკეტოს ირანთან საზღვარი. ისინი უფრო გონებადამჯდარი ხალხია, ვიდრე ჩვენ და ამიტომ მკვეთრ მოძრაობებს არ გააკეთებენ. ისე კი, სომხეთისთვის ვითარება მძიმდება, მოუწევს არჩევნის გაკეთება. ამდენად, ფაშინიანი შეეცდება, მაქსიმალურად გაწელოს პარიტეტი, მაგრამ სადამდე მიჰყვება სული?!