№52 ქოსატყუილები
ანუ მოლა ნასრედინის კონკურენტები
მოგვეხსენება, რომ დემოკრატიის მონაპოვრად სიტყვის თავისუფლება მიიჩნევა, რაც, სახელდობრ, ჩვენთან გაიგება, ერთი მხრივ, რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის ფრქვევა (თუმცა ხალხური სიბრძნე შეგვაგონებს, რომ „პირზე მომდგარსა სიტყვასა განა ყველასა თქმა უნდა“), მეორე მხრივ კი, უტიფარი ტყუილების კორიანტელიც გამოხატვის თავისუფლებადაა შერაცხული. მეტიც, ინკოგნიტო საინფორმაციო სააგენტოებიც უხვადაა (ინკოგნიტო-მეთქი, ვინაიდან იმ სააგენტოების არც დამფუძნებელია მითითებული და არც ჟურნალისტების გვარ-სახელები), ხოლო ერთი ქართული ტელევიზია (ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ანუ „რუსთავი 2“), საერთოდაც, გამეცადინებულია დეზინფორმაციაზე (რაც ბუნებრივია, შეჩვეულს არათუ ნუ, ვერ გადააჩვევო, არადა, რაც მათ გუნდრუკები აქვთ ნაკმევი იმ ავადსახსენებელ ცხრა წელიწადში ავადვე სახსენებლებისთვის).
და მაშინ, როდესაც მამალი ტყუილების თქმა ჩვენს სინამდვილეში კაცობრიობის მონაპოვრადაა აღიარებული, როგორც ლამის ადამიანის უმთავრესი უფლება, საფრანგეთის პარლამენტმა კანონად დაადგინა, რომ მოსამართლეებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ყალბი ახალი ამბების დაუყოვნებელი წაშლის შესახებ. მეტიც, საფრანგეთმა უკვე მიინიჭა უფლება, გათიშოს ნებისმიერი უცხოური ტელევიზია, რომელზეც ეჭვს მიიტანენ, რომ ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს. ელ და ბეჭდურ გამოცემებს კი მოუწევთ იმ ფინანსების გასაჯაროება, რაც მათ რეკლამაში გადაუხადეს. ხოლო დამრღვევებს ან 75 000 ევროს აკმარებენ (ჯარიმად), ან ერთი წლის განმავლობაში ვირის აბანოს გახეხვინებენ.
ამის პარალელურად, გერმანული „შპიგელიდან“ ერთ-ერთი პოპულარული და სახელგანთქმული ავტორი, ასე განსაჯეთ, მრავალი ჟურნალისტური პრემიის მფლობელი კლაას რელოტიუსი გაათავისუფლეს, არც მეტი, არც ნაკლები, ტყუილების გავრცელების გამო. მეტიც, თავად ჟურნალისტმაც აღიარა, რომ უამრავი ტყუილი აქვს გამოგონილი.
ამის გათვალისწინებით კი, სავარაუდოდ, მოლა ნასრედინს შეშურდება, თუ მოხდა სასწაული და აღიარეს, ჩვენი თანიმემამულე ჟურნალისტების არაკების მასშტაბები.