№52 პიარში გარღვეული
ეს ჩვენი ახალი ეკონომიკის მინისტრი (ბ-ნი ქობულია), ფაქტია, ერთობ უცნაური განცხადებებით გამოირჩევა. და მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. კერძოდ, გასულ კვირას გვაცნობა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე ყოველთვიურად უმჯობესდება და ამის დასტურად მოიტანა სტატისტიკა.
ერთი ისაა, რომ მთლად საკუთარი თავისთვისაც არ დაუბრალებია ეს წრეგადასული კეთილდღეობა (მომყავს ციტატა): „ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს არის იმის, რომ ჩვენ მივდივართ ბევრი მიმართულებით, ძალიან კარგად ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა. შემოსავლები იზრდება (ისე დაუმშვენდა ცხვირი ამის მთქმელს)… შეიძლება, ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება, უარესად ცხოვრობს, მაგრამ ფაქტებით ასე არ არის.“
იმას გარდა, რომ ბ-ნი ქობულიას ცხვირი, მართლაც, დილემის წინაშეა, იბადება კითხვა: რაში უხდის ხელფასს სამინისტროს პიარსამსახურის ხელმძღვანელს, როდესაც მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა აგერ უკვე მერამდენე თვეა, მის საწინააღმდეგოდვე უტრიალდება თუ საქმე უფრო უარესადაა (ანუ მართლაც ფიქრობს, რომ მოსახლეობას კეთილდღეობა ყურებიდან გადმოსდის)?!