№51 რატომ სთხოვს დათო ქაცარავა ცოლს საჭმელში საწამლავის ჩაყრას
უკვე მეორე წელია, დათო ქაცარავა, თანამებრძოლებთან ერთად, საოკუპაციო ზოლთანაა დაბანაკებული და ცდილობს, ოკუპანტების ქმედებებს ხელი შეუშალოს.
რამდენიმე ხნის წინ მისმა მეუღლემ, სოფო ხაჭაპურიძემ, ქმართან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „ახლა ვზივარ სახლში და არეული გრძნობების გამო ვტირი. რა ვქნა, რა მოვიმოქმედო? ჩავკეტო და არ გავუშვა? დედა, რა გატირებს? – მეკითხება ქეთი. აბა, რა ავუხსნა? დე, მამიკო რუსი იარაღიანი ჯარისკაცების წინ დგება და სროლა მოგიწევსო, ამას ეუბნება-მეთქი, ეს ვუთხრა? ჩემი ცხოვრების ადამიანი რაღაცებს სჩადის და მე ვეთანხმები, ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. ერთის მხრივ, შიშით გული მისკდება და ამავე დროს, ამ სამივე შვილით მივალ და მეც ვუყვირებ, მესროლეთ-მეთქი – მართლა ამ აზრზე ვარ!
ათჯერ ვუყურე დღევანდელ ვიდეოს. აი, რუსულად რომ ეუბნება იარაღიანებს რაღაცებს, თან, ის ფოტოს რომ უღებს ჩემს ქმარს, მაგ მომენტზე ღრიალით ვსკდები. არ ვიცი, რა ვქნა, მართლა რაღაც ძალიან უცნაური ხდება ჩემს და ჩემი ოჯახის თავს.
ეს ცხოვრება წამია და დაე, ღირებულ წამად შედგეს ყოველი ჩვენგანისთვის”.
სოფო ხაჭაპურიძე: ძალიან ავღელდი, როცა დათო ოკუპანტების პირისპირ დავინახე, მაგრამ ჩემი პოსტი შიშის გამომხატველი არ იყო. მინდოდა, ამით ხალხის რეაქცია გამომეწვია, თუმცა ემოციების შეკავება მართლა გამიჭირდა, ყელში მაწვებოდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. გამიხარდა, რომ ჩემი გულწრფელი ემოცია აიტაცეს. მინდოდა, სხვებსაც ისე ეგრძნოთ, როგორც მე, რადგან ზოგს ჰგონია, იქ სათამაშოდ ვართ.
– ბევრი ქალისთვის, დედისთვის, მეუღლისთვის ეს შეიძლება, განგაშის მიზეზი გამხდარიყო, რადგან საფრთხე რეალურია და მეუღლისთვის ეთხოვა, რომ უკან დაეხია.
– რომელ უკანდახევაზეა საუბარი, თუ საჭიროა, მეც დავდგები დათოს გვერდით, რაც არაერთხელ გამიკეთებია და შვილებსაც გვერდით დავიყენებთ. აბსურდია, დათოს ვუთხრა, იქ შეიძლება, რამე დაგემართოს და მოდი, სახლში დაჯექი-მეთქი. რეალური საფრთხე ქუჩაში რომ გამოვდივართ, მაშინაც არსებობს და არ სჯობს, დიდი მიზნისთვის მაინც გავწიროთ თავი?! მართლია, ფიზიკურად ყოველდღე ვერ ვახერხებ, მაგრამ პერიოდულად მეც მის გვერდით ვდგავარ. რაც შეეხება მორალურ თანადგომას, დათოს ეს ჩემგან ყოველთვის ჰქონდა. მისთვის გარდამტეხი მომენტი 2017 წლის ზაფხული იყო, როცა საოკუპაციო ზოლი ბერშუეთში გადმოსწიეს. დილით ადგა და მითხრა: სოფო, რაღაც უნდა მოვიმოქმედო, „ფეისბუქზე“ წერას რამდენ ხანს გავაგრძელებ, იქნებ, მოვიფიქრო ფორმა, რომლითაც ოკუპაციას ხელს შევუშლიო და სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ სამეგობროსაც იმავესკენ მოუწოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ერთი ადამიანის აქტივობა ვერაფერს შეცვლის, არადა, დამერწმუნეთ, თუ საერთო მიზნის ქვეშ გავერთიანდებით, ყველაფერი შეიძლება. სერიოზულ ექსპერტებს მოუწიათ იმის აღიარება, რომ მათმა იქ დგომამ ამხელა მანქანის მოქმედება შეაჩერა – სადაც კილომეტრიანი ღობე უნდა გაევლოთ და სამასზე მეტი ბოძი ჩაესოთ, 148-ეზე გაჩერდნენ და ვეღარ აგრძელებენ. ეს ფაქტია, რასაც შეიძლება დათოც არ ელოდა. სამოქალაქო პირები შიშველი ხელებით დგანან საკუთარ მიწაზე და არანაირ კანონს არ არღვევენ, ისინი კი სამხედრო დანაშაულს ჩადიან, რომელსაც ვადა არ აქვს. რაც შეეხება საფრთხეს, აქ ორ და სამ ადამიანზე არაა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანია იქ, მათ თითოეულ ნაბიჯს დიდი გამოხმაურება აქვს და ოკუპანტების მხრიდან მათი საფრთხეში ჩაგდება ასე მარტივი არაა. დათო თავიდანვე გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავდა ამ ყველაფერს. ყოველთვის ამბობდა, ეს არის ფიფქი, რომელიც ზვავს გამოიწვევსო. მე მაშინ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეტყოდი, მოდი რა, შეეშვი ამ ყველაფერს-მეთქი, რადგან მართლაც შესაძლებლად მიმაჩნდა, რამე გამოსულიყო.
– ამ ყველაფრის ფონზე, ბევრი ქილიკის, არასასიამოვნო შეფასებების, ლანძღვის მოსმენა, რუსეთის აგენტობის ბრალდება, რომ ამ ყველაფერში დათო ფულს იღებს რუსული მხარისგან და რომ ის უფრო მეტად გაამწვავებს ამ კონფლიქტს, ალბათ, ძალიან არასასიამოვნო მოსასმენია.
– დათო ყოველთვის საქმის კურსში აყენებდა სამართალდამცავ ორგანოებს იმის შესახებ, რის გაკეთებასაც აპირებდა, ისინი კი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. რაც შეეხება ბრალდებას, რომ დათოს რუსულ მხარესთან აქვს კონტაქტი, ყველაზე სასაცილოა, ვისგან მოდის ეს ბრალდება. იმ ადამიანებისგან, ვინც თვეში რამდენჯერმე ჩადიან კრემლში შეხვედრებზე. ირმა ინაშვილი რომ ჩემს მეუღლეს დაუწერს რამეს ან მისი მხარდამჭერები... ზუსტად რომ ვიცი, გამყიდველია, სატელევიზიო გამოსვლებში ფული ერიცხება და ჩემს მეუღლეზე იტყვის პროვოკატორიაო, ეს ნიშნავს, რომ დათო სწორად მოქმედებს, ჩვენ სწორად ვიქცევით.
– ფოტოებიც გავრცელდა, როგორ ხვდება დავით ქაცარავა რუსული ბანკის წარმომადგენლებს და მათგან დაფინანსებას იღებსო.
– ამ შეხვედრას ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთისაც, მეც იქ ვიყავი. დათო ზუსტად ამ შეხვედრაზე უხსნიდა რუსებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მათში ამან პროტესტი გამოიწვია. დაძაბული საუბარი ჰქონდათ და ის კადრი, რომელიც მერე გაავრცელეს, ზუსტად მაშინაა გადაღებული, როცა დათო ფეხზე წამოდგა, ფოტოებზე კონფლიქტის მომენტია ასახული. ქალბატონ ირმას ერთი-ორი კომენტარი რომ დავუწერე, დამბლოკა, რადგან არგუმენტირებულ პასუხს ვერ მცემდა.
– როგორია დათოს რეაქცია ამ ყველაფერზე?
– თავიდან ძალიან განიცდიდა, მისთვის გაუგებარი იყო ადამიანების ასეთი რეაქცია, მაგრამ ახლა ყურადღებას აღარ აქცევს. თავის საქმეს აკეთებს, საბედნიეროდ, თანამოაზრეებიც გამრავლდნენ და დამხმარეებიც. ნეგატიურ კომენტარებს რაც შეეხება, მათ მე უფრო ვპასუხობ, დათო – ნაკლებად. თვითონ არ უყვარს სოციალურ ქსელებში ამ ადამიანებისთვის პასუხების გაცემა, თუ მართლა ოჯახის შეურაცხყოფამდე არ მივიდნენ. მერე ეუბნება ხოლმე, არ გვინდა აქ საუბარი, მოდი, პირადად შევხვდეთ და ლაივში დამელაპარაკეო, რაზეც ყველა უარს ეუბნება.
– ცოტა თქვენი ცხოვრების სხვა მხარეზეც ვისაუბროთ. როგორია იმ დათო ქაცარავას ცოლობა, რომელიც ძალიან პოპულარულია ქალებში?
– სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჩემი ქმარი რომაა იმიტომ არ ვამბობ, მართლა ქარიზმატული ადამიანია და ტიპაჟიდან გამომდინარე ყურადღებას იქცევს. თავიდან დამთრგუნველი იყო, მაგრამ ოცი წელია, ერთად ვართ და ეს ცოტა არაა, მგონი, რაღაცაზე მეტყველებს. ბევრანაირი სიტუცია გვაქვს გამოვლილი, შვიდი წელი შეყვარებულები ვიყავით, ოც წელში ამასაც ვთვლი. სხვა ქალაქში მუშაობდა, მე ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენი გაბუტვა შეყვარებულობის პერიოდში მაქსიმუმ ათი დღე გაგრძელდა. ყველაფერში ერთად ვართ ბიზნესი იქნება, სამსახური თუ ოჯახი. ზომიერად ეჭვიანი ვარ, ვიღაცები შეიძლება, ზღვარს გადადიან, ბევრს წერენ და დათოც უხეშად არავის უპასუხებს. თუ ვინმეს მისწერა „ჩემო კარგოო“, იმან შეიძლება, იფიქროს – ვაიმეო (იცინის).
– მეფლირტავებაო?
– შეიძლება, რაღაც დონეზე ამას ფლირტიც დაარქვა. გალანტური ტიპაჟია და ქალს კომპლიმენტს ეტყვის. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ. მაგრამ გრძნობებზე რომ მიდის საქმე, ფაქტები მეტყველებს. ვის რა ჰგონია, არ ვიცი, მაგრამ მისი საქციელი სხვა რამეზე მიუთითებს. უთქვამს ხოლმე: მაშინ რა მინდა აქ, წავიდოდი და ხან ერთთან ვიქნებოდი, ხან მეორესთანო.
– ღალატის შესახებ რომ გაიგოთ, რას იზამთ?
– არ ვიცი. მაგრამ თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას შეეცდება, ზუსტად ისევე დავუდგები წინ, როგორც სამშობლოს მტერს და იქით ვესვრი კიდეც. არა მგონია, რუსეთივით ძლიერი მოწინაღმდეგე მყავდეს (იცინის). ჩემია, ჩვენ ერთმანეთის ვართ, ერთი მთლიანობის ნაწილები და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
– ბოლოდროინდელი აქტივობების ფონზე შეიცვალა?
– არა, ყოველთვის ასეთი იყო. არ მინდა, ზედმეტად აღმატებულად გამომივიდეს, მაგრამ ერთი რაღაც მითხრა: თითქოს ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც მისია უნდა შემესრულებინაო. შინაგანად აქვს ასეთი შეგრძნება. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ადამიანია და ბევრის გაკეთება შეუძლია. თუმცა, რაღაც მომენტში გულზე პრობლემები შეექმნა. უცნაური დიაგნოზი დაუსვეს – გულის გარსის ანთება. მერე ვშაყირობდი, ხომ ხედავ, შენს მოწამვლას ეცდებიან-მეთქი და მითხრა, მერე შენც ცოტ-ცოტა ჩამიყარე, საწამლავს შევეჩვევი და მერე ვეღარ მომწამლავენო (იცინის). სინამდვილეში ფიზიკურად ძალიან ძლიერია, გაგიჟდებით რომ ნახოთ, იქ რაებს აკეთებს: ფეხით გადის კილომეტრებს ზურგჩანთით და მერე კიდევ იმავე ზურგჩანთით აზიდვებს აკეთებს. ბიჭები ამბობენ ხოლმე, გაგიჟებულები ვუყურებთო. შეიძლება, ხისტი ჩანს, მაგრამ საკმაოდ რბილი ხასიათი აქვს. თუმცა, არის მომენტი, როცა შეიძლება, „გადაეკეტოს“ და „გაჭედოს“. ახლა პოლიციელებს ათქმევინეს მისთვის, შენი ფარდულის ოცდაათი მეტრით უკან გადმოწევა მოგიწევსო. ასეთ მომენტებში თვალებზე ბინდი ეკვრება და მართლა „ჭედავს“. ასეთ რამეზე უფრო „ეკეტება“, ვიდრე იმაზე, რომ ვითომ რუსეთიდან ფულს იღებს.