№51 რისი გაფუჭების ეშინია ქეთი ხატიაშვილს და რა ხდება მასა და დავით კაჭარავას შორის
ქეთი ხატიაშვილისთვის 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ბევრი დასახული მიზანი აისრულა და სიყვარულიც იპოვა. მისი და მორაგბე დავით კაჭარავას რომანის შესახებ დიდი ხანია, საუბრობენ და ულამაზესი წყვილი სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებსაც ხშირად უზიარებს მეგობრებს. რაც შეეხება პროექტს, რომლითაც ის საზოგადოებამ გაიცნო, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წინა ლაივზე ქეთი მაყურებელმა ირინკა კავსაძესა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად იხილა და მათმა გლამურულმა ცეკვამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ქეთი ხატიაშვილი: ამ პროექტში ცეკვის საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა, ძალიან გამიხარდა, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჩემთვის ოჯახივითაა. თუმცა ძალიან ბევრი ვინერვიულე. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთ ემოციებში ვიქნებოდი და არ ვიცი, ასე ძალიან რა მანერვიულებდა. საკუთარ თავს ვუმეორებდი, ჩემი კონკურსი ხომ არაა, მხოლოდ ერთხელ უნდა ვიცეკვო, როგორც მიწვეულმა ვარსკვლავმა-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. მობილიზებული რომ იყო, ცოტა ნერვიულობა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ მე საჭიროზე გაცილებით მეტი გამომივიდა. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, სცენაზე დაბრუნებით ძალიან დიდი სიამოვნება და ადრენალინი მივიღე. ლაივამდე, ხუთდღიანი რეპეტიციების განმავლობაში, ძალიან ბევრი ვიხალისე ოთოსთან და ირინკასთან ერთად. ცეკვაში იმხელა ენერგია ჩავდე, ლაივის მეორე დღეს „დანგრეული“ ვიყავი, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს, მატარებელმა გადამიარა. ასი პროცენტით დავიხარჯე, რადგან გვინდოდა, ძალიან მაღალი დონის გლამურული ცეკვა გამოგვსვლოდა და მგონი, მიზანს მივაღწიეთ.
– ერთ-ერთი ლიდერი წყვილის პარტნიორობა, ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაც იყო.
– ამით ვხსნიდი ჩემს ნერვიულობას – ვფიქრობდი, რამე არ გავუფუჭო-მეთქი. როცა საკუთარ საქმეს აკეთებ, თუ რამე ისე არ გამოგივიდა, როგორც საჭიროა, მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებ, მაგრამ, როცა სხვას უფუჭებ საქმეს, ძალიან რთული მომენტია. მით უმეტეს, როცა კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამიტომ ვცდილობდი, ირინკასთვის და ოთოსთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა.
– მანამდე ჟიურის ამპლუაც მოირგე.
– ჟიურიში ყოფნა უფრო რთულია. მე მაქვს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პარკეტზე ცეკვის გამოცდილება და ვიცი, რამდენად რთულია ეს. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვეშლება და ყოველთვის, როცა გვინდა, სწორედ მაშინ არ გამოგვდის საუკეთესოდ ცეკვა. ზოგჯერ რეპეტიციით უფრო კმაყოფილი ხარ, შეიძლება, ვარჯიშის პროცესი აღმოჩნდეს ძალიან კარგი, მაგრამ ლაივის დროს პარკეტზე, ისეთი აღარ გამოგივიდეს. არადა, თითოეული ცეკვის უკან ძალიან ბევრი შრომა და ღამეების თენება დევს. ახლაც ღამის ოთხ საათზე ვამთავრებდით რეპეტიციებს და ეს ძალიან ჩვეულებრივი გრაფიკი იყო. სხვა დროს ღამის ოთხ საათზე რომ დამაძინო, მეორე დღეს შრომის უნარი არ მექნება, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს იმდენად ნორმალური იყო, ერთხელაც არ დამიწუწუნია. პირიქით, დილის ცხრა საათზე უკვე სავარჯიშოდ ვიყავი. ამიტომ, როცა იცი, რა გზას გადიან ეს ადამიანები პროექტის განმავლობაში – უამრავი სტრესი, ტრავმა, დაბეჟილი ფეხები, „მაზოლები“, ნერვიულობა და უცებ, თუ ლაივზე რაღაც არ გამოუვიდათ, ვერ ეტყვი, იცი რა, შენ ცუდად იცეკვეო.
– ამ პროექტიდან დაიწყო შენი ცხოვრების სხვა ეტაპიც, რა შეიცვალა მას შემდეგ?
– რომ არა ეს პროექტი, ისევ ამ გზით წავიდოდი, მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიას ვგულისხმობ, მაგრამ პროექტი დამეხმარა, რომ ცნობადი გავმხდარიყავი. ტელევიზიაც „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ მოიტანა. კვირაში შვიდი დღე ვმუშაობ, იმიტომ კი არა, რომ სავალდებულოა. უბრალოდ, არ მინდა დასვენება, ძალიან მომწონს ჩემი საქმე და თუ ბავშვებს ვჭირდები, მათგან იმხელა ენერგიას ვიღებ, რომ კვირას, დასვენების ნაცვლად, მირჩევნია დარბაზში მოვიდე და პატარებთან ერთად ვიმუშაო. თუ განტვირთვა დამჭირდება, ორი დღით ქალაქგარეთ გავდივარ.
– ახალი წელი მოდის და რასთან ასოცირდება შენთვის ეს დღესასწაული?
– ახალ იდეებთან. ახალი ძალებით შევუდგები ჩემი ოცნებების ასრულებას. დიდი მოტივაცია მაქვს. ახალი წელი რომ იწყება, ჩემს თავს ვიწვევ, აბა, ამ წლის განმავლობაში რას მივაღწევ-მეთქი და შედეგებს წლის ბოლოს ვაჯამებ. 2018 წელი ჩემთვის ძალიან საამაყო აღმოჩნდა. წელს ჩავატარეთ მხატვრული ტანვარჯიშის პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორასამდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა შვიდი ქვეყნიდან, რაც საქართველოში ამ სპორტის განვითარებისთვის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. თან, ჩვენი აკადემია ერთი წლის გახსნილი იყო. მიხარია, რომ მაქსიმუმი შევძელით. კიდევ გაჩნდა ახალი შემოთავაზებები, რაზეც მანამდე ვოცნებობდი.
– საახალწლო ტრადიციები გაქვს?
– მინდა, რომ ახალ წელს სახლში შევხვდე, ეს არის ჩვენი ოჯახის ტრადიცია. ყველა ერთად ვხვდებით და მერე ვიშლებით.
– განსაკუთრებულად რომელი ახალი წელი გახსენდება?
– პირველი ახალი წელი, რომელიც განსაკუთრებულად მახსენდება, ის იყო, როცა ანასტასია შემეძინა. სულ სხვანაირი ახალი წელი იყო – უკვე მარტო აღარ ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში ჩემი სისხლი და ხორცი, კიდევ ერთი პატარა ადამიანი არსებობდა. შემდეგ ახალი წელი, რომელიც მართლა სასწაულად მახსენდება იყო, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოვიგე. ეს ახალი წლის ღამეს მოხდა და მართლაც ჯადოსნური ახალი წელი გამომივიდა.
– რამე რიტუალი თუ გაქვს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?
– სურვილების ჩაფიქრება და გეგმების დასახვა, თორემ თავისით არაფერი ახდება. ცხოვრება მარტივი არ არის. შარშან მე და ანასტასიამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ ნაძვის ხის სათამაშოები და შიგნით ჩვენი სურვილები ჩავყარეთ. სხვათა შორის, რაღაცები ამიხდა და ძალიან მაინტერესებს, ამ ახალ წელს რომ გავხსნი, კიდევ რას აღმოვაჩენ, აბა თუ დარჩა რამე განუხორციელებელი. თუმცა, ძირითადი ახდა. ნაძვის ხე უკვე მოვრთეთ. ჩემთვის მთავარია, ყველაფერი ხასხასა ფერებში იყოს და ანათებდეს. ბევრი ნათურა მიყვარს და მე ამაზე ვიზრუნე, სხვა მხრივ, საახალწლო მორთულობა წელს მთლიანად ანასტასიას ვანდეთ და სხვათა შორის, ყველაფერი ძალიან გემოვნებიანად გააკეთა.
– ჰგავს დედას ანასტასია და როგორია ქეთი დედის ამპლუაში?
– შვიდი წლისაა. მეუბნებიან, ხასიათით, მანერებით, ემოციებით, ცეკვით შენი ასლიაო და ისე მამას ჰგავს. ჩემთან დადის ტანვარჯიშზე, ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარეა. აკადემიაში ძალიან მკაცრი ვარ და თქვენობით მელაპარაკება. მგონი, აქ რომ მკაცრს მხედავს, ჰყოფნის და ყველგან მოწესრიგებულია. თუმცა, სახლში ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. როგორც მე მინდა მომექცნენ ან ბავშვობაში როგორც მინდოდა, მომქცეოდნენ ვცდილობ, ისე მოვექცე.
– ბოლოს, პირადზეც გკითხავ, შენი და დავით კაჭარავას სიყვარულის ამბავი, სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება. როდის და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ამ თემაზე ლაპარაკს საერთოდ ვერიდები. კარგად ვარ, ყველაფერი კარგად არის და მეტის თქმა არ მინდა.