კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ გახდა საყვარელი ქალის გამო ემიგრანტი კაკო ქინქლაძე და რას იცეკვებს ლელა შოვნაძე იტალიური ცნობილი შოუს ფინალში ჩელენტანოსთან ერთად

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

გურული მოცეკვავეების, ლელა შოვნაძისა და კაკო ქინქლაძის სიყვარულის ისტორია წლების წინ საირმეში დაიწყო. თუმცა, მერე მათი გზები გაიყო და 30 წლის შემდეგ, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. იტალიაში დაქორწინდნენ, უცხოეთში ცხოვრება ახლიდან დაიწყეს და დღეს პოპულარული იტალიური შოუ-კონკურსის – „იცეკვე ვარსკვლავთან ერთად“, ფინალისტები არიან.
ლელა შოვნაძე: მე და კაკო ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს – დაახლოებით 12 წლის ასაკიდან. ორივე ნატანებიდან ვართ, მაგრამ ერთმანეთს საირმეში შევხვდით და იქ დაიწყო ჩვენი ბავშვური სიყვარულის ისტორია, რომელიც 30 წლის მერე ემიგრაციაში გაგრძელდა.
კაკო ქინქლაძე: ხომ იცით, ზედმეტმა სიყვარულმა ჩხუბი იცისო, ნათქვამია და მე და ლელამაც ვიკინკლავეთ და დავშორდით.
ლელა: გაბრაზებულებმა, მე ოჯახი შევქმენი, კაკომაც და ჩვენ-ჩვენ გზას გავუყევით, თუმცა, ორივე ვცეკვავდით. წლების შემდეგ ჩვენი შეხვედრა ბედისწერის ბრალი იყო.
კაკო: ბედისწერისა და სოციალური ქსელის (იცინის).
– როგორ აღმოჩნდით ემიგრაციაში და სად გაგრძელდა თქვენი სიყვარულის ისტორია წლების შემდეგ?
ლელა: მე უკვე 15 წელია, იტალიაში ვარ. მინდოდა, ოჯახს, შვილებს მატერიალურად დავხმარებოდი და წამოვედი. კაკო კი ჩემ გამო გახდა ემიგრანტი (იცინის).
კაკო: ერთი წლის წინ ჩამოვაკითხე საყვარელ ქალს და რომში მოვაწერეთ ხელი. მართალია, წლების წინ ერთმანეთი დავკარგეთ, მაგრამ სოციალურ ქსელში ვკონტაქტობდით და ბოლოს აქ ჩამოსვლა და დაქორწინება გადავწყვიტეთ. კი დავპატიჟე, ჩამოდი-მეთქი, მაგრამ, მეც მომეწონა იტალიაში ყოფნა და დავრჩი (იცინის). ახლა, ისეთ საქმეს მოვკიდეთ ხელი, ემიგრაციაში ყოფნა, ალბათ, დიდი ხანი მომიწევს.
ლელა: იტალიაში ძალიან მომრავლდნენ ქართველი ბავშვები და ვხედავდი, როგორ იკარგებოდნენ, როგორც ქართველები. ამიტომ, მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა, საქართველო რომ არ დავიწყებოდათ. საბავშვო ცეკვის სტუდია „ფესვები“ გავხსენით და ბარში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ქართულ ცეკვებს ვასწავლით. თუმცა, დიდებიც დადიან. სტუდიის გახსნაში ბარში საქართველოს საკონსულოს ფილიალი, ეკა ვარაზი, მაია შენგელია და ასოციაცია „ფესვების“ ხელმძღვანელობა, კერძოდ, ნინა ზურაბიშვილი, ასევე, მანანა მემანიშვილი და მისი მეუღლე, ოსვალდო მაჩიპინტო დამეხმარნენ. ამ ადამიანების გარეშე ვერაფერს შევძლებდით. სამი წლის წინ დავიწყე ფიქრი და ორი თვეა, ეს სტუდია ჩამოვაყალიბეთ. 20 ბავშვი და 11 დიდი მოსწავლე გვყავს, თუმცა, ამ ბოლო დროს იტალიელებმაც გამოთქვეს ქართული ცეკვის სწავლის სურვილი. ერთხელ, მე და კაკო კაფეში ვიყავით. იქვე სტუდენტები ისხდნენ, რუსულ ენაში მეცადინეობდნენ და რაღაც ვერ გაიგეს. მივედით და ავუხსენით, საუბარში გაიგეს, რომ ცეკვას ვასწავლიდით და დიდი სურვილი გამოთქვეს, ჩვენც გვინდა, ვიცეკვებთ ქართულსო (იცინის).
– გამოდის, თქვენი წამოწყებული საქმით, ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ქართველობას უნარჩუნებთ?
– ასე გამოდის. ემიგრაციაში დაბადებულმა ბავშვებმა ცეკვა და სიმღერა კი არა, ქართული ენაც კი არ იციან. მე და კაკო ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა შევაყვაროთ და მშობლიურ კულტურას ვაზიაროთ.  
კაკო: უნდა ნახოთ, გურული იუმორიც როგორ ჭრის იტალიაში (იცინის). იტალიელებიც, გურულებივით, ცოტა ფიცხი ხალხია, თუმცა იუმორი უყვართ. გურულად რომ ვღადაობ, არ სწყინთ (იცინის).
– სოციალური ქსელი დაიპყრო თქვენმა ვიდეომ, სადაც აჭარულ ფორმებში გამოწყობილი, იტალიურ ცნობილ შოუ-კონკურსზე – „იცეკვე ვარსკვლავთან ერთად“, ცეკვავთ. რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ახლა რა ეტაპზე ხართ? ქართულმა ცეკვამ „გაჭრა“ უცხოეთში?
ლელა: ეს კონკურსი წლებია, ტარდება და იტალიაში ძალიან პოპულარული შოუა,  სადაც ცნობილი სახეები და ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. სულ ვადევნებდი თვალყურს და მომწონდა. პროდიუსერს უნახავს ჩემი და კაკოს ცეკვა სოციალურ ქსელში და მიგვიწვიეს. კონკურსისთვის აჭარულის ფორმები ერთ ღამეში შეიკერა და არც იმ შედეგს ველოდით, რაც მივიღეთ.
კაკო: მე ამ კონკურსის შესახებ არაფერი ვიცოდი. ვიფიქრე, წავალ ვიცეკვებ და წამოვალ-მეთქი. ჩავიცვი ორი ზომით პატარა „აზიაცკები“ და ასე მოკუზული თითებით ჩამოვიცეკვე აჭარული (იცინის). გურული რომ ვარ, იმიტომ მოვირგე ორი ზომით პატრა  და ფეხის დაპატარავება მომიწია (იცინის). მუსიკა რომ დროზე ადრე გათიშეს და შევჩერდით, ვიფიქრე, არ მოეწონათ-მეთქი. არადა, თურმე ისე მოიხიბლნენ, პირდაპირ ფინალში გადაგვიყვანეს. მე ჩემი თავის კმაყოფილი არ ვარ, როცა „გავხურდი“, მუსიკა მაშინ შეწყვიტეს. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი: ახლა წამოაყენა დიდი ილიკო სუხიშვილი და დაანახა, როგორ ვიცეკვე, ხომ გადაირეოდა და მომკლავდა-მეთქი (იცინის).
ლელა: ახლა ფინალში ვართ და წამყვანმა არხმა ჩვენზე ვრცელი სიუჟეტიც მოამზადა. ძალიან პოპულარულები გავხდით. ჩვენმა ჩაცმულობამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
კაკო: ძალიან ბევრი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, ძირითადად, სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდნენ და ყველა ნახევრად ტიტველი ცეკვავდა. მარტო მე და ლელა ვიყავით კოჭებამდე შეფუთულები (იცინის). ჟიურის წევრები, კონკურსანტები და დამსწრე საზოგადოებაც გაოგნებული გვიყურებდნენ, რა აცვიათო და გვეკითხებოდნენ: რომელი ქვეყნიდან ხართ, რა გაცვიათ, ცეკვის დროს რატომ არ ეხებით ერთმანეთსო (იცინის).
ლელა: რთულია ამ შოუში მოხვდე და ტურები გადალახო, თუმცა მე და კაკო პირდაპირ ფინალში „მთიულურს“ ვიცეკვებთ. ვფიქრობ, მეც ჩოხა მოვირგო და ისე გავიდე. სხვათა შორის, ჩოხა-პალტო  და ყაბალახი უნდა შევიკერო და ამით ვიარო იტალიის ქუჩებში, უცხო იქნება და თან ყურადღებასაც მივიქცევ. სანამ კონკურსზე გავიდოდით, მანამდე გვკითხეს რაღაცები და ვუთხარი, ოცნება მაქვს, ადრიანო ჩელენტანო გავიცნო პირადად-მეთქი და ეჭვი მაქვს, ხელმძღვანელობა ფინალში სიურპრიზს მიმზადებს – მასთან მომიწევს ცეკვა (იცინის). მე უკვე გამარჯვებულად ვთვლი თავს, რადგან ამ შოუში ცეკვა ჩემი აუხდენელი ოცნება იყო. ჩელენტანოს გაცნობა კი ჯერ წინ მაქვს.
კაკო: თქვენ გგონიათ, მე ვიეჭვიანებ? იცეკვოს ლელამ ბებერ ჩელენტანოსთან ერთად, ჩემს საყვარელ ქალს მაინც არ დავუთმობ (იცინის). მე, რაფაელა კარას მოვითხოვ, ის კარგ ფორმაშია (იცინის). მე და ლელას უკვე ქუჩებშიც გვცნობენ და ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ, გვგულშემატკივრობენ. ფაქტობრივად, იტალიაში „ფესისბუქ-სახეები“ და პოპულარული წყვილი გავხდით.
скачать dle 11.3