№51 რა ისწავლა მეუღლესთან 13-წლიანი თანაცხოვრების შედეგად სოფო გელოვანმა და რა ცხოვრებისეულ სიღრმეებში შეიყვანა ის ქმარმა
სოფო გელოვანი ამ ეტაპზე ახალ ალბომზე მუშაობს, ახალ სიმღერებს წერს და მუდმივად სტუდიაშია. ეს მისთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან თავისი საქმე განსაკუთრებულად უყვარს. სოფო ორი უსაყვარლესი ბიჭის დედაა და მათ აღზრდაშიც მეუღლესთან ერთად მუდმივად არის ჩართული.
სოფო გელოვანი: ახალ ალბომზე ვმუშაობ, ჩემთვის ახალი სიმღერები იწერება, მოკლედ, საინტერესო პროცესი მაქვს. მთლიანად გადართული ვარ ამ საქმეზე. ამ ალბომზე მიშა მდინარაძე და მე ვმუშაობთ, „ბრავო რექორდსში” ვწერთ და ძალიან მალე მოისმენთ. მე ყოველთვის ძიებაში ვარ. მინდა, მუსიკაში ახალი შეგრძნებები დავიჭირო და ეს ალბამიც სწორედ ის არის, რაც მინდოდა გამეკეთებინა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო პერიოდი დგას.
– ცხოვრებაში რამდენად გიყვარს ახალი-ახალი შეგრძნებების მიღება?
– ახალ-ახალი შეგრძნებები თუ არ გაქვს, თითქოს არ ცხოვრობ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შეგრძნებები, სიახლეები. რაღაც შეიძლება, გეწყინოს, რაღაც გაგიხარდეს – ეს არის ცხოვრება. ჩემთან, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ირგვლივ იმდენი რამე ხდება, იმდენი ნეგატიური, რომ შენს ნაჭუჭში ვერ ჩაიკეტები და ვერ იტყვი, ბედნიერი ვარო. როცა ამ საზოგადოების წევრი ხარ და როცა გარშემო ამდენი ცუდი რამ ხდება, ბოლომდე ვერ იქნები კარგად, ბოლომდე ვერ იქნები ბედნიერი.
– როდისმე ჩაკეტილხარ შენს ნაჭუჭში?
– ყოველთვის მიყვარს ემოციების გაზიარება, არ მიყვარს ჩაკეტვა. თუმცა, ცოტა ხნით შეიძლება, მაგრამ არა დიდხანს. აუცილებლად უნდა გავცე ჩემი ემოციები, გავუზიარო ჩემს მეგობრებს, ახლობლებს. რაღაც რომ მწყინს, უნდა ვთქვა და რაღაც რომ მიხარია, ისიც. რაც წლები გადის, ვხვდები, რომ ადამიანს მარტივად შემიძლია ვაპატიო. გულში ჩადება არ მიყვარს, აუცილებლად ვეტყვი, რა მეწყინა. როცა ადამიანთან არასასიამოვნო ურთიერთობები გაქვს, სჯობს იქვე გაარკვიო. ამიტომ მიყვარს პრობლემებზე საუბარი და არა ჩაკეტვა.
– ადრე მარტივად არ პატიობდი?
– ბავშვობაში უფრო მარტივად ვიბუტებოდი, მაგრამ ახლა ძალიან მიმტევებელი გავხდი. თან, გულით ვპატიობ ხოლმე და შემდეგ ეს მეც კარგად მხდის. ადამიანთან ოდნავ დაძაბული ურთიერთობა ჩემთვის იმდენად დიდი დისკომფორტია, რომ მირჩევენია, იქვე მოვაგვარო, გავარკვიო. შეიძლება, ეს ერთგვარი ეგოიზმიც არის – არ გინდა, რომ დისკომფორტი გქონდეს. თან, არ მიყვარს ნეგატიური ურთიერთობები.
– ოჯახში, ცოლ-ქმარს შორის რამდენად აუცილებელია პრობლემებზე მუდმივად საუბარი?
– ოჯახში პრობლემებზე საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ მეუღლეები ერთმანეთთან არ საუბრობენ, იქმება პრობლემები და შეიძლება, რაღაც გაგეპაროს. ოჯახში მეუღლეებს, შვილებსა და მშობლებს შორის დიალოგი აუცილებელია. როცა ჩვენ რაღაცას გადავწყვეტთ, დათას ყოველთვის ვეკითხებით აზრს და ეს ძალიან გვეხმარება ურთიერთობაში.
– როგორია ქალის როლი ოჯახში?
– ქალს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს ოჯახში – ურთიერთობაში, სტუმრებთან, ზოგადად ყველაფერი არის ქალი. მეც ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ნოდისაც, მაგრამ ქალი მაინც სხვანაირად ალაგებს ურთიერთობებს. ქალს უფრო მარტივად შეუძლია რაღაცების დალაგება, ბევრ რამეს უფრო რბილ ფორმებში წყვეტს.
– როდისმე მეუღლეს არჩევნის წინაშე დაუყენებიხარ?
– ჩვენ ყველაფერს ერთად ვწყვეტთ, ერთად ვართ. არ მახსენდება რამე განსაკუთრებული: ან ეს, ან ის. ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით ხდება, სხვაგვარად წარმოუდგენელია. რომც გადაწყვიტოს რაღაც და მე არ ჩამაყენოს საქმის კურსში, ნამდვილად არ მეწყინება, რადგან ჩათვლი, რომ ასე იყო საჭირო.
– რა ისწავლე ნოდისგან ამ 13 წლის განმავლობაში?
– ნოდი ძალიან მიზანდასახული ადამიანია. ჩემ გარშემო ასეთი მიზანდასახული ადამიანი ბევრი არ ვიცი. რომ იტყვის რაღაცას, დაისახავს მიზანს, იმას აუცილებლად გააკეთებს. მე ნაკლებად მებრძოლი ვარ, უფრო დინებას მივყვები. ნოდიმ უფრო მეტად ბრძოლა მასწავლა. მე ცოტა მეტი სირბილე, სიდინჯე შევძინე. ადრე უფრო ფიცხი იყო და ახლა ვცდილობთ, ერთმანეთი გავანეიტრალოთ. ნოდი უფრო აფექტურია და მოკლედ, ვაბალანსებთ ერთმანეთს. ყოველთვის ვცდილობ, სიტუაცია არ გავამძაფრო და შემდეგ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბროთ. თუ არ განიხილე, ეს რატომ მოხდა, რატომ დაგვემართა განსაცდელი, ვერც მოაგვარებ. ამიტომ სულ ვსაუბრობთ, რა ვერ გავაკეთეთ სწორად. როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც განსაცდელი ხდება, ყოველთვის არის პასუხი, რადგან მუდმივად ვუსმვამ საკუთარ თავს კითხვას: ეს რატომ მოხდა, რატომ დაგვემართა? პასუხს რომ ვიღებთ, მაშინვე ვხვდებით, ეს რატომ მოხდა. ნოდიმ ყოველთვის იცის და ზოგადად, მან მასწავლა როგორ მოვიძიო პასუხი. მე ბევრ რამეს მარტივად ვუყურებდი და ნოდიმ უფრო მეტად შემიყვანა ცხოვრებისეულ სიღრმეებში.
– წლების წინ როგორ გადაგაწყვეტინა ნოდიმ დაოჯახება?
– ნოდიმ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. თუმცა, არც მე დამიკლია არაფერი. ჩვენ გვინდოდა ერთად ყოფნა და ასეც მოხდა.
– ურთიერთობაში კრიზისები მართლა არსებობს?
– კრიზისები ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება. თუ კრიზისები არ არის, ესე იგი, არ ცხოვრობ. უბრალოდ, ამით სწავლობ, უფრო მარტივად უყურო ცხოვრებას. ყველაფერზე ნერვების მოშლა არაფრად ღირს. ურთიერთობას უფრო მეტი გაფრთხილება, მიმტევებლობა სჭირდება და თუ სიყვარული არ არის, ამას ვერ გააკეთებ. სიყვარული როცაა, ბევრ რამეს ალაგებ.
– რა ეტაპები გაიარა თქვენმა სიყვარულმა?
– სიყვარული ფერს იცვლის. ადრე უფრო ჭრელი იყო, ფერადი, კაშკაშა, ახლა შეიძლება, ღვინისფერი იყოს – ეს ყველაფერი ხუმრობით. საინტერესოა ცხოვრება თავისი სირთულეებით, შესაბამისად, სიყვარულიც. 20 წლის სხვანაირი ხარ და ამ ასაკში – სხვანაირი, შეგრძნებებიც გეცვლება. ყველაფრისგან უნდა მიიღო სიამოვნება. ახლა ყველაზე საინტერესო პერიოდი მაქვს, როგორც დედას, როგორც ქალს, მეუღლეს – ასეთი საინტერესო პერიოდი ჯერ არ მქონია. თუმცა ბევრი რამ სწორედ შენზეა დამოკიდებული. მაგრამ მარტო ვერაფერს იზამ, როცა მეორე ნახევარი გყავს, ის ადამიანიც უნდა მოგყვებოდეს. თუმცა, ვიცი ქალები, რომლებიც ყველაფერს მარტო აკეთებენ, ყველაფერს ახერხებენ და მე მათ გმირებს ვეძახი. სიყვარულს ორივე მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა. ვიღაცამ შეიძლება თქვას: სოფო, რა დროს სიყვარულია, იმდენი პრობლემააო, მაგრამ მგონია, ყველანაირ სიტუაციაში შეგიძლია, იპოვო სიყვარული. სიყვარული არბილებს ქალს და ბევრი რამ უფრო ადვილი ხდება.
– რთულია სამ ბიჭზე ზრუნვა?
– ბიჭების მოვლა არ არის მარტივი, მაგრამ არც ძალიან რთულია. მეც არანაკლებ მივლიან. სიყვარულით მანებივრებენ, ძალიან თბილები არიან. მამაკაცსაც ბავშვივით სჭირდება მოვლა. ამ ცხოვრებაში ყველაფერს სწავლობ და როცა სიყვარულია, იქ ყველაფერი ბუნებრივად ხდება.