№51 როგორ გაშიფრა და გაანეიტრალა კონტრდაზვერვამ თბილისში მომუშავე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯაშუში
პუბლიკაციაში ნახსენები ადამიანების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
საგანგებო მზადება
თბილისის საავიაციო, როგორც მას უწოდებდნენ, 31-ე ქარხანაში საგანგებოდ ემზადებოდნენ. ქარხანაში აწყობილმა, უახლესი მოდიფიკაციის თვითმფრინავმა – „სუ 25-მა“, წარმატებით გაიარა გამოცდა და ხელმძღვანელობა მოსკოვის კომისიას ელოდებოდა, რათა მათთვის ეჩვენებინათ ეს საოცრება, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდნენ. საიდუმლოების შენახვას „კაგებე“ აკონტროლებდა და ეს საქმე პოდპოლკოვნიკ ვანო ნიორაძეს ჰქონდა დავალებული. 46 წლის ნიორაძე უშიშროების ძველი, გამოცდილი თანამშრომელი იყო და წარსულში არაერთი საიდუმლო მისია ჰქონდა შესრულებული. საკომისიო ჩვენება 11 ივნისისთვის იყო დაგეგმილი და დიდი გამოცდილების მიუხედავად, პოდპოლკოვნიკი ნიორაძე საკმაოდ ნერვიულობდა. მით უმეტეს, რომ ცენტრიდან (მოსკოვიდან) აცნობეს – ინფორმაციამ უახლესი „სუს“ შესახებ გაჟონა და ყურადღებით იყავითო.
ნიორაძემ ახალ თვითმფრინავთან წვდომა მაქსიმალურად შეზღუდა და „ობიექტის“ ჩაბარების საათებს ითვლიდა.
აგენტი „მაჩვი“
ვანო ნიორაძე კი იმიტომ გააფრთხილეს, რომ საბჭოთა დაზვერვამ შეერთებული შტატებიდან, „პენტაგონში“ ჩანერგილი აგენტისგან შიფროგრამა მიიღო, რომელშიც ეწერა:
„პენტაგონისთვის“ ცნობილია, რომ თბილისის ¹31 საავიაციო ქარხანაში უახლესი „სუ 25“ შეიქმნა. ცნობილია ისიც, რომ მან წარმატებული გამოცდა გაიარა. 11 ივნისს კი გენერალური გამოცდაა დანიშნული მოსკოვური კომისიისთვის. სამხედროები იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში ამ უახლესი თვითმფრინავის ყველა მონაცემის ხელში ჩაგდებას მოახერხებენ. თუ როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას, ჯერჯერობით ვერ დავადგინე. ცნობილია ისიც, რომ თბილისიდან ინფორმაციებს აგენტი „მაჩვი“ აწვდის და ინტენსიურად ვმუშაობ მის გაშიფვრაზე. „მედუზა“.
„პენტაგონში“ ჩანერგილი „მედუზა“ გოგი ყიფიანი იყო, რომელიც შეერთებულ შტატებში არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. „ლუბიანკამ“ ნიორაძე მსუბუქად გააფრთხილა. თავად კი უშიშროების ის დაკონსერვებული, მძლავრი ხაზი აამუშავა, რომლის შესახებაც ნიორაძემ არაფერი იცოდა – ისინი თავად ნიორაძესაც ამოწმებდნენ. მათი ძირითადი ამოცანა მტრის ჩანაფიქრის ამოცნობა და ახალი თვითმფრინავის უსაფრთხოება იყო, აგრეთვე, აგენტ „მაჩვის“ გამოვლენა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისის საავიაციო ქარხანაში ბუდობდა.
ცრუ ავარია
გენერალურ გამოცდამდე ორი კვირით ადრე, ანუ 29 მაისს, საიდუმლო ანგართან, სადაც უახლესი „სუ 25“ იდგა, რაკეტა „ჰაერი – ჰაერი“ აფეთქდა. ანგარს ხანძარი გაუჩნდა და იქაურობა ერთიანად გადაბუგა. ¹31 ქარხანა ამ ტიპის რაკეტებსაც ამზადებდა და შეიარაღებაში წელიწადში 6 ათას ცალს უშვებდა. ავარიის ამბავი, რა თქმა უნდა, „მიჩქმალეს“ და გენერალური გამოცდა განუსაზღვრელი დროით გადაიტანეს. ეს ინფორმაცია კი პირთა მცირე წრეს გაანდეს. ძირითადად იმ ადამიანებს, ვისშიც „კაგებე“ აგენტ „მაჩვს“ ეძებდა. სინამდვილეში, ეს იყო ცრუ ავარია, რომელიც „კაგებემ“ მოაწყო და ჯაშუშის გამოვლენის ოპერაციას ემსახურებოდა. სინამდვილეში, გენერალური გამოცდა არავის გადაუტანია, ის 11 ივნისს უნდა ჩატარებულიყო. მართლაც, კონტრდაზვერვის მცდელობამ შედეგი გამოიღო და „მაჩვმა“ შტატებს აცნობა, რომ უახლესი „სუს“ გამოცდა განუსაზღვრელი ვადით გადაიდოო... ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ კონტრდაზვერვას 46 წლის ინჟინერი, პავლე კირვალიძე აეყვანა და მისთვის ჯაშუშობის ბრალდება წაეყენებინა. საქმე კი ის იყო, რომ კირვალიძე იმ ეჭვმიტანილთა ხუთეულში შედიოდა, რომელთაც კონტრდაზვერვამ „უტკა“ შეუცურა და უთვალთვალებდა. კირვალიძე კი ფაქტზე, კოჯრის ტყეში რადიოკავშირისას აიყვანეს.
გენერალური გამოცდა
მიუხედავად იმისა, რომ კონტრდაზვერვამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა და ამერიკელების ძვირფასი ჯაშუში „მაჩვი“ შეიპყრო, სიხარული ნაადრევი იყო. „მედუზამ“ 10 ივნისს დილით, ანუ გენერალურ გამოცდამდე 24 საათით ადრე გადმოსცა: „პენტაგონში“ გაცხოველებული მზადებაა ახალი „სუს“ მისაღებად, რომელიც 11-ში უნდა გამოსცადონ და მიიღეთ შესაბამისი ზომები. „მედუზა“.
„პენტაგონგში“ ჩანერგილი „მედუზას“ შეტყობინებიდან აშკარა იყო, რომ თბილისში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო მოქმედებდა. ერთ-ერთი მათგანი, „მაჩვი“, უკვე განეიტრალებული იყო. მეორე კი – არა. ისიც გაირკვა, რომ ლაპარაკი იყო არა უახლესი „სუს“ ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემაზე, არამედ თავად თვითმფრინავის გატაცებაზე. ეს კი პილოტებს უნდა გაეკეთებინათ. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთს იმ ორთაგან, ვინც გენერალურ გამოცდაზე იყო დანიშნული – 31 წლის მერაბ ქოიავას ან 35 წლის ნოდარ კოკაიას. ამიტომ ზედ გამოცდის წინ ქოიავა და კოკაია უშიშროების ფორმიანმა თანამშრომლებმა აეროდრომ ველის ასაფრენ ბილიკზე აიყვანეს და წაიყვანეს. თვითმფრინავის ანგარში შეყვანა კი ტექნიკოს ვარლამ გოქსაძეს დაავალეს, რომელიც შტურვალს მიუჯდა და იმის მაგივრად, რომ საავარიო მანქანას დალოდებოდა, რომელიც მას ტროსით ანგარში შეაგორებდა, ძრავა ჩართო და აფრენა სცადა. თუმცა უახლესმა თვითმფრინავმა მხოლოდ ოციოდე მეტრი გაიარა. ბენზინი გაუთავდა და ვარლამ გოქსაძე იქვე აიყვანა სპეცჯგუფმა „ალფამ“, რომელიც საიდუმლოდ იყო მობილიზებული. ეს იყო კონტრდაზვერვის წარმატებული ოპერაცია მეორე ჯაშუშის გამოვლენის მიზნით. გოქსაძე გაასამართლეს და 15 წლით ციხეში ჩასვეს...
აგენტი „მედუზა“, იგივე გოგი ყიფიანი, სასწრაფოდ გამოიყვანეს შტატებიდან, რადგან მისი გაშიფვრის საფრთხე შეიქმნა და 1986 წელს ლენინის ორდენით დააჯილდოვეს.