№51 როგორ მოვამზადოთ ამ სეზონისთვის საჭირო ეთერზეთოვანი კრემები სახლის პირობებში
ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს, რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ.
დამატენიანებელი კრემის მთავარი კომპონენტი არის წყალი და მისი მთავარი ფუნქციაა კანის დატენიანება. ის უფრო ადვილად შეიწოვება კანში. მის შემადგენლობაში ასევე, შედის კომპონენტები, რომლებიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს. დამატენიანებელი კომპონენტებია: გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა. ტენიანობის შენარჩუნებაში კანს ეხმარება ცხოველური და მცენარეული ცხიმები, ასევე, მინერალური ზეთები. დამატენიანებელი კრემი, შესაძლოა, შეიცავდეს ვიტამინებსაც, მაგალითად, E-სა და A-ს, დამამშვიდებელ და გაღიზიანების მომხსნელ ინგრედიენტებს, როგორიცაა პანთენოლი, მწვანე ჩაის, კიტრის, კალენდულას ექსტრაქტები. დამატენიანებელი კრემი იცავს კანს სიმშრალისგან. მისი საშუალებით კანი იფარება თხელი ფენით, რაც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კრემს, ასევე აქვს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული ჰაერისგან დამცავი ფუნქცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზამთრის ყინვაში, დამატენიანებელი კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მკვებავი კრემი არის სქელი, შესაბამისად უფრო ძნელად შეიწოვება კანში. ამიტომ, ძირითადად, ღამის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. დამატენიანებლისგან განსხვავებით, ის დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს. ასევე, შეიცავს წყალს. შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვაგავარია, კოლაგენითა და ელასტინით დაწყებული წყალმცენარეებით დამთავრებული. კრემის მთავარი ფუნქცია კანის მინერალური ნივთიერებებით კვებაა, ასევე, დატენიანება. მკვებავი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განსაკუთრებით ღამით. მკვებავი კრემიც ატენიანებს კანს და აწვდის მას საჭირო ვიტამინებს, იცავს სიცივისა და დაბერებისგან. ამგვარად, დამატენიანებლისგან განსხვავებით, მისი გამოყენება რეკომენდებულია ცივ ამინდში. მკვებავის საშუალებით, კანი ინარჩუნებს ელასტიკურობასა და ტენიანობას.
დამატენიანებელი კრემი ყველა ასაკის კანს უხდება, მკვებავი კი ასაკოვანი კანისთვის უფრო საჭიროა. ყინვისას მკვებავის გამოყენება აუცილებელია მშრალი კანის შემთხვევაშიც. მგრძნობიარე კანისთვის კრემის შერჩევისას გასათვალისწინებელია კრემის შემადგენლობა, კერძოდ, ის უნდა იყოს ჰიპოალერგენული და არ შეიცავდეს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს
როგორც წესი, დამატენიანებელს დღისით მოიხმარენ, მკვებავს კი – ღამით, ძილის წინ. დღის კრემის მთავარი ფუნქცია არის დაცვა და დატენიანება, ღამის კრემის კი – კვება. კანისთვის ორივე ტიპის კრემია საჭირო, ამიტომ კარგი იქნება მათი კომბინირებულად გამოყენება: დღისით – დამატენიანებელი, ღამით – მკვებავი.
კრემის შერჩევისას, ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია კანის ტიპი. მშრალი კანი უფრო მეტად საჭიროებს ვიტამინებით მდიდარ მკვებავს. ასევე კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველ კრემს. ასაკოვანი კანი კი – ანტიასაკობრივ კრემს, წყლის მინიმალური შემცველობით. ცხიმიანი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი – ვიტამინიზებულ, ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ცხიმის ნაკლები შემცველობა ექნება. ნორმალური ტიპის კანისთვის კარგია მსუბუქი დამატენიანებელი. კომბინირებული კანი, ყველაზე რთული შემთხვევაა, რადგან სახის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. თუმცა, ასევე არსებობს სპეციალური კრემები ამ ტიპის კანისთვის.
აქვე შემოგთავაზებთ სახლის პირობებში მოსამზადებელ კრემებს, რომელთა გამოყენება ზამთრის ცივ დღეებში საკმაოდ უხდება სახის კანს. მისი მთავარი კომპონენტები საბავშვო კრემი და სხვადასხვა ეთერზეთია. მომზადება კი – უმარტივესი: აიღეთ ჩვეულებრივი საბავშვო კრემი, დაუმატეთ მას შესაბამისი ეთერზეთი და კრემიც მზადაა. ხოლო, რომელი ეთერზეთი გამოგადგებათ თქვენი კანის შესაბამისად, ამას ქვემოთ გთავაზობთ:
* ბერგამოტისა და ფორთოხლის ეთერზეთი – აქრობს სახიდან ცხიმიან სიბზინვარეს და ფორებს ავიწროებს;
* ლავანდის ეთერზეთი – უხდება პრობლემურ კანს;
* როზმარინის ზეთი – ანტისეპტიკური საშუალებაა გაღიზიანებული კანისთვის. ასევე, ამკვრივებს მოშვებულ კანს და აღადგენს ქსოვილების ელასტიკურობას;
* ვარდის ხის ზეთი – შველის კანის სიმშრალეს;
* ფიჭვის ეთერზეთი – ასწორებს ნაოჭებს და აახალგაზრდავებს კანს;
* ევკალიპტის ეთერზეთი – ამცირებს კანის ცხიმიანობას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.