№51 სახიფათო საუბრები
კარელ გილფორდი
ჯონ ედისონი სახლში საშინელ გუნებაზე დაბრუნდა. მთელი რვა საათი ბულდოზერის კაბინაში, თაკარა მზის ქვეშ მჯდარი, ნაგავს ყრიდა. ცოლს კინოში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ნაომიმ ისევ დაქალებთან ბრიჯის სათამაშოდ წასვლა არჩია. ბარს მიაკითხა. ზოგადად, იქაურებს ყველას იცნობდა, მაგრამ იმ საღამოს იქ ვიღაც უელისი ნახა. მის გვერდით სკამი თავისუფალი იყო და იქ ჩამოჯდა.
ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ჯონმა უთხრა, რომ ცოლიანი იყო, მისი ცოლი ლამის ყოველ საღამოს დაქალებთან ბრიჯის სათამაშოდ დადიოდა. უცნობმა გაიცინა და თქვა, რომ ქალებს ხუთი თითივით იცნობს, თუ გინდა, შეგიძლია, გჯეროდეს ზღაპრების ბრიჯის შესახებო და ჩხუბიც დაიწყო. მოჩხუბრები გარეთ გამოყარეს. ჯონის მუშტი უელისს ნიკაპში მოხვდა და მოცელილივით დაეცა. ჯონმა ფანარი ამოიღო მიანათა და დაინახა, რომ უელისი სისხლში ცურავდა. ჩანს დაცემისას თავი ბამპერს ჩამოარტყა. ჯონი მიხვდა, რომ ადამიანი მოკლა. მანქანის საბარგულში ჩატენა და ქალაქში ორი საათი წინ და უკან იარა, მაინც ვერაფრით მოიფიქრა, სად გადაეგდო. სახლში დაბრუნდა და დაიძინა. დილით, ჩვეულებისამებრ, გამთენიისას გაიღვიძა, ისაუზმა, სამსახურში წავიდა და მხოლოდ ნაგავსაყრელთან მისულს გაუნათდა გონება. გვამის დასამალად ნაგავსაყრელზე კარგი ადგილი რა უნდა ყოფილიყო.
ნაგვით სავსე პირველი მანქანები სამ-ოთხ საათში გამოჩნდებოდნენ. დრო თავზე საყრელად ჰქონდა. ნაგავსაყრელი უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული. ის პატარა გორაკებისგან და ორმოებისგან შედგებოდა. ნაგავსაყრელის მეაპტრონეს, მისტერ სტიუარტს სურდა, ორმოები ნაგვით და მიწით ამოევსო, ზედაპირი მოესწორებინა და მერე ეს ადგილი სარფიანად გაეყიდა.
გვამი ღრმად უნდა ჩაეფლო, რომ რამდენიმე წლის შემდეგაც ვინმეს იქ სარდაფის ამოთხრა, რომ გადაეწყვიტა ძვლები ვერ ეპოვა. ექვსმეტრიანი ორმო ამოთხარა, გვამი ჩააგდო და ადამიანი, სახელად უელისი, სამუდამოდ გაქრა.
ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯონმა შემთხვევით გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა. ბრიჯს დაქალებთან არ თამაშობდა და ამ დროს სხვა კაცს ხვდებოდა. ერთ საღამოს, როდესაც ცოლი ბრიჯის სათამაშოდ ისევ წავიდა, ჯონმა ის უცხო მამაკაცთან ერთად დაინახა. ჩუმად უკან გაყვა, სანამ წყვილი იაფფასიან მოტელში არ შევიდა.
ქალი სახლში გვიან დაბრუნდა. კაცმა წყნარად ჰკითხა:
– სად იყავი?
– ხომ იცი, დოროთისთან ბრიჯს ვთამაშობდი, როგორც ყოველთვის.
– იტყუები, კაცთან დაგინახე.
– ადრე, თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო... ამოიოხრა ქალმა - ახლა რას აპირებ?
– შენ რას აპირებ. მასთან ურთიერთობას არ გაწყვეტ?
– არა. მე ის მიყვარს. მაგრამ ამას ვერ მიხვდები. სხვანაირია. ბევრად უკეთესი, ვიდრე საცოდავი მებულდოზერე ნაგავსაყრელიდან.
ქალს რომ ბულდოზერი და ნაგავსაყრელი არ ეხსენებინა, შეიძლება, მკვლელობაზე არც ეფიქრა. ცოლის მოკვლას არ აპირებდა, მაგრამ თვალწინ წარმოუდგა, როგორ ეგდებოდა ეს არსება ორმოში და როგორ დააყრიდა ზემოდან ნაგავს. ამან ისე აღაგზნო, რომ ცოლს ყელში ხელი წაუჭირა და დაახრჩო.
გამთენიისას ადგა, ისაუზმა და ნაგავსაყრელზე გაემგზავრა. როგორც პირველად, ცოლის გვამსაც უამრავი ნაგავი და მიწა დააყარა. ის კიდევ უფრო ღრმად ჩამარხა, ვიდრე უელისი. მაგრამ ცოლის სიტყვები „საცოდავი მებულდოზერე“ მოსვენებას არ აძლევდა. ძალიან უნდოდა, უფრო მეტი ფული ეშოვა. მაგრამ სხვა არაფრის კეთება შეეძლო. ერთბაშად გონება გაუნათდა. მას ჰქონდა ის, რაც არ ჰქონდა სხვას – საკუთარი კონსპირაციული სასაფლაო.
ნიკი ალბერტის შესახებ ჯონმა გაზეთებში ამოიკითხა. ალბერტი განგსტრების ბანდის მეთაური იყო და ბრალს სხვა განგსტერის მკვლელობაში სდებდნენ, თუმცა პოლიცია მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ვერ პოულობდა და ვერც იჭერდა. განგსტერთან მოხვედრა იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტთან, მოახერხა და ალბერტს წერილი შეუგზავნა: „მე შემიძლია თქვენი დახმარება“. ცოტა ხანში იგი ნიკი ალბერტის წინ აღმოჩნდა.
– რითი შეგიძლიათ ჩემი დახმარება? – ჰკითხა მან, როცა დაკვირვებით შეათვალიერა.
– გვამს მოგაშორებთ. ნაგავსაყრელზე მებულდოზერედ ვმუშაობ.
ნიკი ალბერტის რეაქციაზე ჯონი მიხვდა, რომ მოკლული განსგტერის გვამი ჯერ კიდევ მოსაშორებელი იყო.
– საიდან უნდა ვიცოდე, რომ პოლიციაზე არ მუშაობთ? – დაინტერესდა განგსტერი.
– შეგიძლიათ, შემამოწმოთ.
ჯონს უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ და სახლში გამოუშვეს. მეორე დღეს მიხვდა, რომ ნაგავსაყრელზე მას ვიღაც უთვალთვალებდა. საღამოს მისტერ სტიუარტმა უთხრა, რომ ვიღაც ტიპი მასზე ცნობებს აგროვებდა. მომდევნო დღის საღამოს კი დაურეკეს...
გვამის დამარხვაში ათასი დოლარი მოითხოვა. ასე დაიწყო ჯონმა თავისი უცნაური ბიზნესი. ნიკი ალბერტი მშვენიერი კლიენტი გამოდგა. მისი მტრების რაოდენობა კი ამოუწურავი აღმოჩნდა. პოლიცია დაბნეული იყო. საეჭვო ტიპები ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდნენ. დროდადრო ჯონს ეჩვენებოდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ეწეოდა.
იყო შემთხვევები, როცა ჯონთან იმდენი „საქონელი“ მოდიოდა, ეჭვიც გაუჩნდა, ნიკი სხვა, მეგობარ განგსტერებსაც ხომ არ სთავაზობდა მომსახურებას. მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ელვის სისწრაფით მდიდრდებოდა. საიმისო ჭკუა კი აღმოაჩნდა, სიმდიდრე უცებ არ გამოეჩინა. მხოლოდ ბინა იყიდა. ღამით, სახლში მისული დოლარების შეკვრებს უყურებდა და ფიქრობდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც დამსახურებულ პენსიაზე გავიდოდა. საზღვარგარეთ გაემგზავრებოდა, სადაც ფრთებს გაშლიდა და ცხოვრებით დატკბებოდა.
ერთ დღეს მისტერ სტიუარტმა განაცხადა:
– კლიენტი გამოჩნდა. ამ მიწის ყიდვა უნდა. ჩვენი ნაგავსაყრელი ერთ ძალიან მდიდარ კაცს სჭირდება. აქ მან სარაკეტო ბაზა უნდა გააკეთოს. ამბობენ, რომ რაკეტების ქვეშ 20 მეტრის სიღრმის შახტები უნდა გაითხაროს. უცნაური ამბავია, ამდენი წელი ჩვენ აქაურობას ვასწორებდით, ისინი კი თავიდან გადათხრიან.
ჯონი სახლში გავარდა. ტურისტული ცნობარები მოიძია და მათი შესწავლა დაიწყო. არავითარ შემთხვეევათი არ შეიძლებოდა იმ ქვეყანაში გამგზავრება, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ცხოვრებამ ძალიან ფრთხილ ადამიანად აქცია. მაგრამ თავისმა სიხარბემ დაღუპა. ხომ სჯობდა, ათასი დოლარით ნაკლები ჰქონოდა, მაგრამ იმის წარმოდგენაც ძნელი იყო მისთვის, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო ნაგავსაყრელის ჭეშმარიტი მყიდველი. ნიკი ალბერტიმ პირველად გადაწყვიტა ფულის წინასწარ გადახდა, ისე, რომ გვამი არ გამოუგზავნია, დაურეკა და თავისთან დაიბარა. არადა, ჯონის გასამგზავრებელი ბილეთი უკვე ჯიბეში ედო. ბედის ირონიით, მისი გვამი პირველ მსხვერპლსა და მის ცოლს შორის ჩამარხეს. ნიკი ალბერტიმ საკუთარი სასაფლაო შეიძინა. შეიძლება მას ეს ბიზნესი სარფიანად მოეჩვენა ან გადაწყვიტა, ზედმეტი მჭამელი და უსარგებლო მოწმე თავიდან მოეცილებინა. ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. . მით უფრო ჯონსთვის.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ