№51 მადლი მცნებების შესრულებით ჩნდება
ჩვენ, ვინც იესო ქრისტეს მიერ ცხოვრების სული მივიღეთ გულში, გვმართებდა, წმიდა ლოცვით ქერუბიმივით გვესაუბრა უფალთან. მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ აღორძინების მადლის სიდიადეს, პატივსა და ღირსებას, და არ ვზრუნავთ, რომ გავიზარდოთ სულიერად მცნებების შესრულების გზით და მივაღწიოთ გონიერი მჭვრეტელობის მდგომარეობას. ნაცვლად ამისა, უდიერებას ვეძლევით, ამით ვნებიან ჩვევებს ვიძენთ და ამგვარად ვვარდებით უგრძნობლობისა და სიბნელის უფსკრულში. ისეც ხდება, რომ ნაკლებად გვახსენდება ღმერთის არსებობა. ხოლო, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, მადლით ღვთის შვილები, ამის შესახებ ხშირად არც კი ვიცით. გვწამს, მაგრამ უმოქმედო რწმენით, და ნათლისღებაში სულით განათლებულნი, მაინც განვაგრძობთ ხორციელ ცხოვრებას.
***
თუკი ზოგჯერ მონანიების შემდეგ ვიწყებთ მცნებების შესრულებას, ამასაც მხოლოდ გარეგნულად ვაკეთებთ და არა სულიერად. იმდენად გადაჩვეულები ვართ სულიერ ცხოვრებას, რომ როდესაც სხვებში ვხედავთ მის გამოვლინებას, არასწორად და შეცდომად მიგვაჩნია. და ასე, ცხოვრების ბოლომდე ვართ სულით მკვდრები, ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ არა ქრისტეს მიერ და არ შევესაბამებით იმ განწესებას, რომ სულით შობილნი სულიერად უნდა ცხოვრობდნენ.
***
რა მადლსაც იესო ქრისტეს მიერ წმიდა ნათლისღებაში ვიღებთ, ის არ აღიხოცება, როგორც მიწაში რაღაც საგანძური. კეთილგონიერება და მადლიერება მოითხოვს, რომ ამოვიღოთ ის და ნათელზე გამოვიტანოთ. ამისთვის შემდეგი საშუალებები არსებობს. უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლი ჩნდება მცნებების შესრულებით, რასაც მრავალი შრომა სჭირდება: მცნებას რამდენსაც შევასრულებთ, ეს მადლიც იმდენად აჩენს თავის ნათელსა და ბრწყინვალებას. მეორეც, მადლის გამოჩენა ვლინდება უფალ იესო ქრისტეს დაუცხრომელი მოხმობით ან, რაც იგივეა. ღმერთის მუდმივი ხსოვნით. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე მეტადრე ძლიერია, იმდენად, რომ პირველი მისგან იღებს მთელ თავის ძალას. ამიტომ, თუკი გულწრფელად გვსურს, გამოვაჩინოთ ჩვენში ჩამალული მადლმოსილი თესლი, ამისათვის ვიჩქაროთ, მალე მივეჩვიოთ ამ გულისმიერ მეცადინეობას და მუდამ ვიქონიოთ გულში მხოლოდ ეს ლოცვა, უსახოდ და წარმოსახვების გარეშე, სანამ არ გაათბობს ის ჩვენს გულს და გაამხურვალებს მას გამოუთქმელი სიყვარულით უფლისადმი.
ღირსი გრიგოლ სინელი
ცეცხლი არ გამოჩნდება, სანამ ვნებები ძალაშია, თუნდაც მათ არ აქეზებდნენ. ვნებები ადამიანისთვის იგივეა, რაც შეშისთვის ნესტი. ნესტიანი შეშა არ იწვის. საიდანღაც უნდა მოიტანო მშრალი შეშა და დაანთო. ისინი წვისას გამოაშრობენ სინესტეს, და გამოშრობის ზომისამებრ ნესტიან შეშასაც გადასდებენ ცეცხლს. ასე ნელ-ნელა განდევნის რა სინესტეს და გავრცელდება, ცეცხლის ალი დაეუფლება შეშის მთელ გროვას.
***
ჩვენი შეშა არის ჩვენი სულის ყველა ძალა და სხეულის მოძრაობა. სანამ ადამიანი ყურადღებით არ არის საკუთარი თავის მიმართ, ყველა ეს ძალა და მოძრაობა გაჟღენთილია სინესტით – ვნებებით, და სანამ ვნებები განდევნილი არ არის, ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სულიერ ცეცხლს. ვნებები გაივლიან სულს, სხეულს. იტაცებენ თვით სულსაც – ცნობიერებასა და თავისუფლებას და ამგვარად ბატონობენ მთელ ადამიანზე. რადგანაც ისინი შეთქმულებაში არიან ეშმაკებთან, ამიტომ მათი მეშვეობით ეშმაკებიც ბატონობენ ადამიანზე, რომელსაც ამ დროს წარმოუდგენია, თითქოს თვითონ არის თავისი თავის ბატონ-პატრონი.
ეპისკოპოსი თეოფანე