№51 როგორ აპოვნინა სიყვარული ვარსქენ პიტიახშის საფლავში გასული ბროწეულის ხის ფესვებმა სიმონ ჩიქოვანს
„ჩემი გვარეულობა ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით – ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და ვფიქრობ, რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში ჩამესახა“. თავიდან, თურმე გატაცებული იყო ავანგარდიზმის ერთ-ერთი ფორმით – ფუტურიზმით. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, კიდეც ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი. 1924-28 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: „H2SO4, „ლიტერატურა და სხვა“, „დროული“ და „მემარცხენეობა“. შემდეგ მის შემოქმედებაში გარდატეხა მოხდა: „ჩემი ნამდვილი არსებობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიწერა ლექსები: „წვიმაში“, „უშგული“, „მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი“, „თეიმურაზ პირველი“, „განშორება“, „შენი ჩრდილის საძებნელად“... და ეს არაჩვეულებრივი ლექსი: „ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი, ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!. “ ეს სიმონ ჩიქოვანის დღიურებია.
რეზო ჭეიშვილი: „სიმონ ჩიქოვანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა… დაბადებულა 1903 წელს „უღარიბეს ოჯახში“ (ასე აღნიშნავდნენ) სამეგრელოში, სოფელ ნაესავკოვოში. რატომ იყო იმ დროს ჩიქოვანი უღარიბესი, ცოტა გაუგებარიც კია… თუმცაღა, ვიცით, რომ თავდაპირველად, ალბათ, რუსული პოეზიის გავლენით, ფუტურისტობდა, ოფიციალურად „ფუტურისტული სკოლის წარმომადგენელი“ ერქვა. შემდეგ საბჭოთა (სხვანაირად არ შეიძლებოდა) მწერლად მოინათლა. ისე დაამთავრა სიცოცხლე (60-იანი წლები იყო), რომ „საბჭოთა“ არ მოშორებია. ხელისუფალთაგან პატივცემული, საკავშირო მწერლური ელიტისაგან დაფასებული, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივადად ერთადერთი ლიტერატურული ჟურნალის, „მნათობის“ რედაქტორი, ბოლოს უმუშევარიც დარჩა, ბედის ირონიით კი არა, ავადმყოფობის გამო. იგი ემსახურა იმ წყობილებას, რომელმაც აღაზევა და უყურადღებობას, თუნდაც დროებითს, არ იმსახურებდა... სამეგრელოში გაზრდილი, ქუთაისში სწავლაგასრულებული (პირველი ეტაპი) პოეტის შემოქმედებას ქართლის ველების, ქართლის ბაღების, ქართლის შემოღამების სურნელი ახლავს... „სამეგრელოს საღამოები“ ბავშვობის თბილ და მწარე მოგონებებს ვერ იცილებს, გარდაცვლილი დის, იმქვეყნად უდროოდ გადაბარგებული მშობლების ხატება არ შორდება...
არცერთი შემოტევისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევიაო, განაცხადა. პოეტური მრწამსი, რომელსაც იმ წყობაში ბოლომდე განხორციელება არ ეწერა, ასე ჩამოაყალიბა: „მწიფობისთვეში მზის ჩასვლა და ფერების დაფიონი ისეთივე მომხიბლავია, როგორც აპრილში მზის ამოსვლა და ატმის ყვავილების გიზგიზი“. „ფუტურისტული სკოლის წარმომადგენელი“ ერქვა და იმდროინდელი (20-ანი წლებია) ნოვატორული, რადიკალური, თავხედური დავარქვათ, თუ გნებავთ, გამოხდომების (ახალგაზრდებს ჭირთ ეს სენი) მეწილე გახლდათ... სრულიად მიუღებელი მაქსიმაა, წარსულის, ტრადიციის უარყოფით ბევრი ვერა მოიგო რა მაგრამ, ვერსიფიკაციული თვალსაზრისით, მაღალი პოეზიის ბევრი ნიმუში დაგვიტოვა ყურადსაღებად. მოგვიანებით (ცხადია, ზეწოლითაც) მაშინდელი ავანგარდული მიმდინარეობა – ფუტურიზმი „სიყმაწვილის სენად“, „სიჭაბუკის ბორძიკად“ მონათლა...
***
...კინოსტუდიაში მწერალთა კავშირის შუამდგომლობითა და ბესარიონ ჟღენტის (სიმონის პარტიული ოპონენტისა და ადრინდელი თანამოაზრის) მეცადინეობით მოხვდა; ხელფასის გამო (2 000 მანეთი ხელფასობდა) დაეშვა ჩვენ დონეზე, როგორც ოთარ მამფორია იტყოდა, – უპარაშუტოდ. ისე კი, ესეც უნდა ითქვას, იმდროინდელი სასცენარო კოლეგია (გვარებს არ ჩამოვთვლი) საკმაოდ სოლიდური მწერლებითა და სპეციალისტებით (მუდმივი და მოწვეული პირებით) იყო დაკომპლექტებული. სჭირდებოდა თუ არა კინოს ის კადრი, სხვა საკითხია, სხვა ლაპარაკს საჭიროებს. ხელფასი ხელფასია – სახელმწიფო კაცისთვის აუცილებელი ნორმა, თუმც სიმონ ჩიქოვანს შინ ჯდომას (ულუკმაპუროდ არ დარჩებოდა), უხელფასობა ერჩია, დარწმუნებული ვარ. უქმობა არც შეეძლო და არც შედიოდა, როგორც გამოირკვა, მის სასამსახურო გეგმაში. მოდიოდა ხოლმე კოლეგიისა და სამხატვრო საბჭოს სხდომებზე; ესწრებოდა გადაღებული მასალებისა და სცენარების განხილვებს, თუმც თვალში სინათლედაშრეტილს სიარულიც უჭირდა; მოაცილებდნენ, ტოვებდნენ, მიჰყავდათ დღის ბოლოს. სხდომათა საპროექციო დარბაზებში შესვლა-გამოსვლისას რომელიმე ჩვენი უფროსი კოლეგათაგანი გამოდებდა მკლავში ხელს და ლაპარაკით მოჰყვებოდა. გადაღებული მასალებისა და მსახიობთა სინჯების ავკარგიანობაზე მსჯელობდა შემდეგ სასცენარო განყოფილების უფროსის კაბინეტში. ცუდად ხედავდა ან ვერ ხედავდა, მაგრამ ხმა ესმოდა და კიდევ რაღაც სხვა გრძნობა თუ ინსტინქტი ამოძრავებდა, ალბათ, რადგან არაფერი ეშლებოდა. თავისუფალ დროს რბილ, მასიურ სავარძელში ჩაფლული ლაპარაკობდა პირხმელი, ბაგეთხელი… სათვალიანი ნახევარმელოტი საფეთქლებიდან ზევით ალაგებული და გვერდზე გადაწყობილი თმით მახსენდება… მკაფიო დიქციით ბრტყლად (ლექსებსაც წამღერებით კითხულობდა) მეტყველებდა. იმ დღეებში ქუთაისში უხდიდნენ საიუბილეო საღამოს და წასასვლელად ემზადებოდა. საღამო დანიშნულია და მელიანო, კი არ ვიყავი საიმისოდ გამზადებულ-განწყობილი, მაგრამ უარი ვერ ვთქვიო...
– წავიდეთ, გპატიჟებთ, სხვებიც წამოვლენ... ჭეიშვილი, კაცო, - გაიხსენა სხვათა შორის, - ქუთაისელი ყოფილა! გვერდით ვუჯექ და ვერ მამჩნევდა, მახსენა და ავფორიაქდი, მივხვდი, რასაც მოასწავებდა ის შეკითხვა, რომელიც სხვის დასტურს არ საჭიროებდა. კი ბატონო-მეთქი, ჩემი არსებობა შევახსენე და ქუთაისლობა დავადასტურე, ჩემის ჭკუით.
– აქა ხარ? – სათვალის შუშები მომანათა ღიმილით (იმის სიცილიც ის იყო) და სავარძლის ბორტებზე ხელების ტყაპუნსაც მორჩა, კმაყოფილი სახე ჰქონდა.
კოლეგია, თუკი ადრესატის სურვილიც ჩვენს სურვილს დაემთხვეოდა, სამსახურს არ დაამადლიდა. სხვა რომ არ ყოფილიყო, მე პირადად მაშინაც მაინტერესებდა, რა აკავშირებდა სიმონ ჩიქოვანს, სწავლის წლების ცივი მოგონების გარდა, ქუთაისთან? დრო დიდსაც ამცრობს, მუსრავს, აპატარავებს, არა მარტო ხეებს, არამედ ადამიანებს, მათ შორის პოეტებსაც, სამწუხაროდ. სიმონ ჩიქოვანის იუბილეზე დასასწრებად ქუთაისში მატარებლით გავემგზავრეთ: გურამ ასათიანი, ნოდარ დუმბაძე, ედიშერ ყიფიანი, მიშა ქვლივიძე, თქვენი მონა-მორჩილი და მერაბ სალარიძე – რედაქტორი სასცენარო კოლეგიისა, შემდგომში ცნობილი რეჟისორი ანიმაციური ფილმებისა. არჩილ სულაკაური მეორე დღეს გამოჩნდა, ბატონი სიმონი და მისი ოჯახის წევრები კი იქ დაგვიხვდნენ.
საიუბილეო სამმა დღემ, როგორც იტყვიან, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქალაქმა, პედინსტიტუტმა და საშუალო სკოლამ მშვენიერი საღამოები გაუმართეს პოეტს. თეატრში ფარდის გახსნამდე სუნთქვააჩქარებულმა, ცოტა ნარბენმა სერგო ზაქარიაძემ შემოალაჯა. არ გახსნათ, ფარდა არ გახსნათო, დაიძახა და მოფარებულში დაჯდა. მისი შემოვარდნით გამოწვეული მოსალოდნელი ეფექტით იუბილარისადმი მიმართული ყურადღება არ წაიღო. პედინსტიტუტში იუბილარს, საღამოს დაწყებამდე, აჩვენეს აუდიტორია, სადაც ის სწავლობდა, ესწრებოდა გაკვეთილებს და ალბათ, ლექციებსაც ისმენდა, მაგრამ მხოლოდ ერთ ოთახში? ეს ვერ გავიგე. ბატონი სიმონი კი იდგა და (გარედან ვუყურებდი) ყურადღებით ათვალიერებდა ჭერს და კედლებს. და რასაც უყურებდა, ბოლოს ნახავთ. ისევ ისეა ყველაფერიო, ჩაილაპარაკა გარეთ გამოსვლისას და მადლობა გადაიხადა ყურადღებისათვის.
ბავშვებმა, განსაკუთრებით პატარებმა, დაამშვენეს შეხვედრა-წარმოდგენა, იუბილარი და დელეგაციის წევრები კმაყოფილები დატოვეს. შემდგომად ამისა, რაღა-საკვირველია, გაიმართა ბანკეტი სტუმარმრავლიანი, სიტყვაწყლიანი, სუფრა უხვპურმარილიანი. სიმონ ჩიქოვანი არ სვამდა, გემოს უსინჯავდა ღვინოს და სავსე ჭიქას იმწამსვე „უვსებდნენ“... იმეორებდა დროდადრო და ჭიქას აღარ უშვებდა ხელს. იუბილარის გვერდით მოვხვდი, ხელმარცხნივ, სრულიად შემთხვევით და ეს ჩურჩული თუ ლოცვა მესმოდა… იუბილარს დაღლა დაეტყო, დიაბეტმა, რომელმაც ბოლო-ბოლო, თუ არ ვცდები, იგი იმსხვერპლა, თავი შეახსენა. თანმხლებ პირთა, ნამოწაფართა (ისინი პედაგოგ ქალთა ლეგიონში მიიკარგ-მოიკარგენ) ხმები ვეღარ მოიახლოვა და მოიწყინა. ახლა, როცა ამ თაბახებს ვავსებ, ბარე შვიდი-რვა წლით უფროსი ვარ იმდღევანდელ ბატონ სიმონზე. არადა, ბევრად ჩემზე უფროსი დაეთხოვა სააქაოს და ასაკითაც უფროსი დარჩა სამარადჟამოდ...“
***
სიმონ ჩიქოვანი ფუტურისტი მწერალი იყო. ის ქმნიდა, მაგალითად, ასეთ შედევრებს: „ბადე ბაიდებს, ბუდე ბაიდებს, ცირა მუხლებზე გულ-ფილტვს დაიდებს. აიდა ბაიდებს, აიდო ბაიდებს, ცირა ციბა, ცირა წარბი, ცირა წაბლი, წარბენილი. ცაკუთხური, ცაკუთხედი, ხიდბოგირი. ოდელიოდო ბუდე, ოდელიოდო ცა“. მერე, ბოლშევიკურ საქართველოში არაერთხელ გაუხსენებენ და წამოაყვედრიან ფუტურისტობას. მაგრამ სიმონ ჩიქოვანი მაინც ბედნიერი ადამიანი იყო, რადგან მის ცხოვრებაში შედგა ლეგენდარული სიყვარული – უკვე ასე ცნობილი ფაქტი ყველასათვის. მანამდე კი ასეთი უცნაური მოვლენა გახმაურდა ქვეყანაში: 1941 წელს, მცხეთაში არქეოლოგიური გათხრებისას, გახსნეს პიტიახშის საფლავი, რომელშიც იპოვეს ბროწეულის ხის ფესვის მიერ გარღვეული სერაფიტას სამარხი. ამ ამაღელვებელ ამბავს პოეტმა უძღვნა ლექსი „ბროწეული პიტიახშის სამარეზე“. მასში ასეთი სტრიქონებია: „მოწეულო ბროწეულო, გადმოფრინდი, შენი რტო და შენი ჩრდილი დამაფარე“. რას წარმოიდგენდა მაშინ სიმონ ჩიქოვანი, თუ ეს ნატვრა აუხდებოდა. მან ცოლად შეირთო ულამაზესი მარიკა ელიავა და სრული ჰარმონია ჩამოდგა პოეტის ცხოვრებაში. მათი სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა. მარიკა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადდა, მაგრამ ქმარს არ გაუმხილა. მეუღლე ბათუმში დასასვენებლად გაამგზავრა, თვითონ კი მაშინდელ ლენინგრადში ჩუმად წავიდა ოპერაციის გასაკეთებლად. მაინც გაიგო სიმონ ჩიქოვანმა და მეუღლეს საავადმყოფოში ჩააკითხა. ოპერაციის შემდეგ მარიკა ელიავა გამოკეთდა... თუმცა, სიმონ ჩიქოვანი მალე გარდაიცვალა. ქმრის მონატრებას ვეღარ გაუძლო, დასუსტდა, ცალკე ავადმყოფობამ შემოუტია და ორი წლის შემდეგ მარიკა ელიავაც გარდაიცვალა. მისი ანდერძი მთელ საქართველოს მოეფინა: „დამწვით და ფერფლი ჩემი ქმრის საფლავზე მიმოაბნიეთ, მის მიწას უნდა შევერიო“.
სიმონ ჩიქოვანის საფლავზე დარგულია ბროწეულის ხე. იქვე კი ფერფლით სავსე ურნაა „მარიკა ელიავას ფერფლი – ნიშნად ერთგული და უნაპირო სიყვარულისა“.