№51 როგორ იყენებს ირანის სპეცსამსახური საქართველოს აშშ-ს წინააღმდეგ პლაცდარმად
ირანის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან. ამის მიზეზი კი თბილისის აეროპორტიდან 200 ირანელის გაბრუნებაა, თუმცა მანამდე ირანის საგარეო უწყებამ საქართველოს ლამის საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა იმ მოტივით, რომ თითქოს ირანელ ქალბატონებს თბილისის აეროპორტში ამოწმებენ, რაც მათ რელიგიურ გრძნობებს ლახავს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ უპასუხა ირანელ კოლეგებს და აუხსნა, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე კანონის ყველა წესის დაცვით ამოწმებენ.
ასეა თუ ისე, ირანმა, რომელსაც კვლავ გაუგრძელდა დასავლური სანქციები, საქართველოში კი მისი მოქალაქეები მართლაც თავისუფლად გრძნობენ თავს, ფაქტია, საქართველოსთან სასაუბროდ მკაცრი ტონი არჩია. თუ რატომ, ამის გარკვევას ბესო ალადაშვილთან ერთად შევეცდებით.
– პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანის ხელისუფლება ასეთ ტონს იყენებს, რატომ მისცა თავს ირანმა უფლება, ასეთი ტონით ელაპარაკა ქართულ სახელმწიფოსთან, საერთოდაც, რა ბერკეტი აქვს ზეწოლისთვის, რაც ამ ტონს გაამართლებდა? ეს მათი სტილია თუ რის ჩვენებას ცდილობენ?
– ნათქვამია, აღმოსავლეთი ფაქიზი საქმეაო და მით უმეტეს, სპარსული და ოსმალური დიპლომატია, ისევე, როგორც დღეს არაბული დიპლომატია, ცნობილი იყო და არის, როგორც მოქნილი, შემპარავი.
– ენადათაფლული და ცოტა ქლესაც და ამიტომ მიკვირს მათი ასეთი სიხისტე ჩვენ მიმართ, დასავლეთის მოკავშირეებს შორის ერთადერთი ქვეყნისადმი, სადაც მათ არავინ ზღუდავს.
– ჩემი აზრით, ირანის ბერკეტია რუსეთის ფაქტორი, ანუ არაღიარების პოლიტიკა.
– თუ „ცუდად“ მოიქცევით, მაშინ სოხუმსა და ცხინვალს ვაღიარებთო? შანტაჟის ენაა?
– რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის საგარეო ვაჭრობა 200 მილიონის ფარგლებშია. ირანიდან ჯერჯერობით შეუძლებელია გაზის შემოტანა, იმდენად მოძველებულია არსებული გაზსადენი და იმდენად დიდ გეოპლიტიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. რაც შეხება სომხეთიდან ირანის გაზის მიღებას: ეს პირდაპირ „გაზპრომის“ ხახაში ჩაგვაგდებს, იმიტომ რომ სომხეთის გაზსადენი „გაზპრომის“ საკუთრებაა. ყველა ეკონომიკური და სოციალური ბერკეტი რომ გვერდზე გადავდოთ, რჩება ეს პოლიტიკური ზეწოლა. ეს არის ჩემი ვარაუდი. შეიძლება. პირდაპირ არ აღიარონ, მაგრამ რა შეგვიძლია ჩვენ, თუკი ირანელი ბიზნესმენები ჩავლენ ცხინვალსა და სოხუმში?! პირადად მე სხვა ხელშესახებ ზემოქმედების ბერკეტს ვერ ვხედავ.
– ირანის მოქალაქეებმა შემოწმებაზე განაცხადეს უარი და იმიტომ გააბრუნეს, ამასთან, ვიცით, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მათ მოქალაქეებს ნარკოტიკები შემოჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე. ცხადია, არავის უფლებები არ უნდა დაირღვეს, მაგრამ შემოწმებაზე უარის თქმა უცნაურია.
– ზოგადად, ეს თემა იმიტომაა ფაქიზი და რთული, რომ ჩვენ, ანუ საქართველოს ხელისუფლებას უწევს ორი ფაქტორის გათვალისწინება: ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გაგრძელდა ანტიირანული სანქციები, თუნდაც, გამკაცრდა პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენს ხელისუფლებას გარკვეულწილად აიძულებს, მხარი დაუჭიროს მათ. მეორე მხრივ, ირანსაც აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ის საქართველოს განიხილავს, როგორც აშშ-ს პლაცდარმს. ობამას პერიოდშიც და ახლაც ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლების ბევრი განცხადება ვნახე, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად იქნებოდა საქართველო ჩართული სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. სომხეთი გამორიცხულია.
– აზერბაიჯანიც.
– დიახ. ვხედავთ, რომ ბოლო წლებში აშშ-ს წინააღმდეგ თურქეთის პოზიციაც ძალზე ხისტი გახდა და რჩება საქართველო. აი, ამ საფრთხეს ხედავს ირანი. ის იზოლაციაშია და რეალურად გასასვლელი მხოლოდ ჩვენგან აქვს: ლიბანისა და სირიის გამო, ძალზე ცუდი ურთიერთობა აქვს არაბულ სამყაროსთან, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ირანის სპეცსამსახურები დიპლომატიური თუ სხვა არხებით ცდილობენ საქართველოს პლაცდარმად გამოყენებას. ისინი ცდილობენ, აქ მოიპოვონ ინფორმაცია თავიანთი ოპონენტების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისშიც მუშაობენ ამაზე. რადგან მათ არ აქვთ აშშ-სთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, არ არის გამორიცხული, რომ ირანული სპეცსამსახურები იყენებდნენ ირანის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მოტივით არიან ჩამოსულები საქართველოში.
– ინფორმაციის მოსაპოვებლად?
– ინფორმაციის მოსაპოვებლად და სხვა, შორსმიმავალი მიზნებიც ექნებათ, ამიტომ აუცილებელია მკაცრი მეთვალყურეობა და კონტროლი სუსის მხრიდან. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ასეც უნდა იყოს და საწყენი არაფერია. თუმცა ირანის საელჩოს უყვარს პროტესტი ყველაფრის გამო. მაგრამ ეროვნული ინტერესები ისეთი თემაა, რომელიც ყველას უნდა ესმოდეს. ოღონდ ესეც ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს. ჩვენმა საგარეო უწყებამ, როგორც ჩანს, ირანის მხარეს სათანადოდ ვერ აუხსნა, რა წესები მოქმედებს ჩვენთან საზღვარზე, არ მიაწოდა რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის.
კიდევ ერთი რამის ვარაუდი შეიძლება: ჩვენ ვიცით, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის მოქალაქეებსაც, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსაც და, ბუნებრივია, ეს სანქციები საქართველომაც უნდა შეასრულოს. ანუ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რომ არც ერთთან გავიფუჭოთ ურთიერთობა და არც მეორესთან.
– გახშირდა შემთხვევები, როდესაც ირანის მოქალაქეები იჯარით იღებენ საქართველოს მოქალაქეებისგან რაღაც ობიექტს, არ იხდიან იჯარის ფულს, არ გადიან ობიექტიდან, იქ ცხოვრობენ და ქართული სამართალი უძლურია, დაიცვას საქართველოს მოქალაქეები. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა თუ, უბრალოდ, ცალკეული თაღლითობა?
– ეს არის კომერციული დავები. არ ვიცი, რამდენად მასობრივია ასეთი შემთხვევები, რომ შესაძლებელი იყოს განზოგადება, მაგრამ ჩვენთან არის ის პრობლემა, რომ ინვესტორს ვუწოდებთ ყველას – გაძვალტყავებულსა და ღატაკსაც ინვესტორად მოვნათლავთ ხოლმე. მეორე პრობლემაა, რომ არ ხდება ინვესტიციების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ანუ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესები და შემოდიან ისეთი, ეგრეთ წოდებული, ინვესტორები, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური თუ პოლიტიკური მტრული მიზნები. არადა, აპრობირებული მეთოდია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა ინვესტორი უნდა შემოწმდეს, რომ დავადგინოთ, რა განზრახვით შემოვიდნენ. მიშა სააკაშვილი თავს იწონებდა, რომ ხუთი დღეა საკმარისი ინვესტიციის დასამტკიცებლადო. მაშინ, როდესაც ჰოლანდიაში ინვესტორის მიერ განცხადების შეტანიდან 30 დღეა ვადა, იმის დასადგენად, დაუშვებენ თუ არა გარკვეულ ფირმას ოპერირებისთვის ჰოლანდიაში. სულელები ხომ არ არიან ჰოლანდიელები?! რაც შეეხება თქვენს კითხვას: არ ვიცი, რა დადებითი შეიძლება, მოუტანოს ირანს მისი მოქალაქეების ასეთმა ქმედებამ.
– კიდევ ერთ საპროტესტო ნოტას გამოგზავნიან, საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევენო.
– ამით ხომ უფრო ღვივდება ანტიირანული განწყობა საქართველოში და ირანს ცუდი იმიჯი ექმნება?! სამწუხაროდ, ჩვენი და ირანის ხელისუფლებების ურთიერთობა ყრუსა და მუნჯის დიალოგს წააგავს. არადა, ურთიერთობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს და საქართველომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ირანის ხელისუფლების ინფორმირება.
– ამ ეტაპზე რა ტიპის ურთიერთობებია ირანსა და საქართველოს შორის და რა ინტერესები აქვს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთისადმი?
– მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, საქართველოში ნაკლებად აქვთ რეალური ინფორმაცია ირანში მიმდინარე პროცესების შესახებ და ირანშიც ცოტა თუ იციან საქართველოს შესახებ; მოკლედ ჩამოვთვლი: საქართველოსა და ირანს შორის ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურსა და კულტურულ-ჰუმანიტარულს არ სცილდება და ეს ქვეყნები ერთმანეთს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი სფეროა ტურიზმი. თუმცა, ამ შემთხვევაში, მდგომარეობა დაუბალანსებელია: ძირითადად, ირანელები სტუმრობენ საქართველოს. მათ განსაკუთრებით იზიდავთ თბილისი და ბათუმი. თუმცა, იმავდროულად, აშკარაა ამ ორი ქვეყნის გლობალური ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი ასიმეტრიულობა: ირანის მთავარ მოწინააღმდეგეებს, აშშ-სა და ისრაელს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის სტატუსი აქვთ; ირანს ისტორიულად აქვს თავისი მუდმივი გეოსტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, რაც რუსეთის, თურქეთის, აშშ-ის, დასავლეთის ქვეყნებისა და ისრაელის ინტერესებს უპირისპირდება; მოსკოვი-ერევანი-თეირანის კოალიცია მნიშვნელოვნად მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე; ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ფიქსირდება მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ოფიციალურად გაცხადებული თანხვედრა. რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიცია ხშირად გამოდის დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-ისა და „ნატოს“ წინააღმდეგ; ირანი და რუსეთი აქტიურად თანამშრომლობენ ბირთვულ საკითხებში, რაც თავის მხრივ დიდ უკმაყოფილებას იწვევს შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ევროკავშირში. საქართველო აქტიურად მიისწრაფვის ჩრდილო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და დასაშვებია, რომ საქართველო ირანის მიერ უკვე მოიაზრებოდეს მის მტრების მეგობრად და პოტენციურ საფრთხედ; შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ირანი სხვადასხვა მეთოდებით კიდევ უფრო გააძლიერებს თავის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში. ბოლო პერიოდში საქართველოში მიზანმიმართულად ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, რომ მეზობელი ქვეყნის მიზანია მუსლიმანური რელიგიის გავრცელება, ქართული მიწების ხელში ჩაგდება და ასე შემდეგ, რაც ისტორიულად ქართველებისათვის უაღრესად მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალები ირანელი ტურისტების რიცხვის შემცირებას ითხოვენ. არაა გამორიცხული, რომ ეს პროცესები გარედან მართული პროვოკაციები იყოს.