№51 „ჩაგრული“ მჩაგვრელები
მოსკოვის საპატრიარქოს გასაჭირი
რაკი დღე-დღეზე უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია ელის, მსოფლიო საპატრიარქოს ძალისხმევით, რაც შუა საუკუნეებში იმჟამინდელი მსოფლიო პატრიარქისვე დადგენილებას ეფუძნება, რის თანახმადაც, უკრაინის ეკლესია მიაკუთვნეს რუსულს (რომელიც გააუქმა მსოფლიოს ამჟამინდელმა პატრიარქმა) და ასე განსაჯეთ, თვით რუსული ეკლესიის ვტოკეფალიაც კი შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს, ცხადია, რომ მოსკოვის საპატრიარქო უქმად არ ზის.
ბუნებრივია, რუსულმა ეკლესიამ მაშინვე გაწყვიტა ევქარისტული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან (ანუ რუსი სასულიერო პირები ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ მსოფლიო პატრიარქს) და სულ ახლახან რფ-ის პატრიარქმა კირილმა წერილიც აფრინა გაეროში, რომის პაპთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან და მსოფლიო ეკლესიების საბჭოს გენმდივანთან, აქაოდა, „მასობრივად იღრვევა უკრაინაში უკრაინელი მორწმუნეების უფლებები და თავისუფლება“ და რომ „პოლიტიკური მიზნებით ეკლესიის გამოყენებას ცდილობენ წინასაარჩვენო კამპანიაში“.
მოსკოვის საპატრიარქო იმას შეუშფოთებია, რომ უკრაინის ხელისუფლება „უხეშ ზეწოლას“ ახორციელებს უკრაინელ მღვდელმსახურებზე, რომ აღარ დაემორჩილონ რუსულ ეკლესიას და დაივანონ უკრაინული ეკლესიის წიაღში.
მე არ ვიცი, როგორ უნდა დაეხმაროს რომის პაპი და გაეროს გენმდივანი, ანუ როგორ უნდა ჩაერიონ მსოფლიო პატრიარქის უფლებამოსილებაში, თუმცა ვიცი, როგორ ცდილობს რუსეთის ეკლესია, მიითვისოს ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიები (აღარ გავიხსენებ შეთეთრებულსა და გაძარცვულ ქართულ ეკლესიებს) და იმის იმედიც მიკიაფებს, იქნებ, სულაც, კათოლიკურ სამყაროში გადაბარგებულიყვნენ, რაკი მართლმადიდებელში აღარ დაედგომებათ?!