№50 რა დიდი ტრაგედია გადაიტანა ირაკლი ბაგრატიონის ოჯახმა და რის გამო აღადგინა მან „ფიცის კაცთა“ ორდენი
იმერეთის ბაგრატიონთა სახლის მეთაური, ირაკლი ბაგრატიონი სოლომონ პირველის მამისა და სოლომონ მეორის პაპის, იმერეთის მეფის, ალექსანდრე მეხუთის შთამომავალია. ირაკლი ხალისიანი ადამიანია, გადამდები დადებითი ენერგიით. ის ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო შეხვედრაზე პრაღაში იმყოფებოდა. მანამდე კი ქობულეთში ისტორიკოს მანანა ხომერიკთან ერთად 13 ადამიანი მონათლა.
ირაკლი ბაგრატიონი: 2018 წლის 28 ნოემბერს, იმერეთის ბაგრატიონთა სახლის პატრონაჟით, ევროპის საერთაშორისო ბიზნესალიანსმა ქალაქ პრაღაში საშობაო მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. მიღების მიზანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენა.
– ევროპაში დიდ პატივს სცემენ სამეფო დინასტიების წარმომადგენლებს, ზოგადად, ამ ინსტიტუტს. როგორი იყო შენ მიმართ დამოკიდებულება?
– ევროპაში სხვანაირი დამოკიდებულებაა, რადგან ისინი აფასებენ საკუთარ წარსულს და წარსულიდან გამომდინარე ქმნიან მომავალს. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ბაგრატიონების ისტორია; ის, რომ გვარს 15 წმიდანი ჰყავს და ძლიერი გვარია, შესაბამისად, ამ გვარისა და ზოგადად, ბაგრატიონების მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. რაც შემეხება მე, როგორც იცით, უბრალო ადამიანი ვარ და მათ გაოცებას იწვევდა ისიც, რომ ამხელა გვარის წარმომადგენელს როგორ შეეძლო ყველა ასე მიეღო და მათთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა.
– მიღებაზე ქართული ჩოხით იყავი.
– ეს ჩოხა ჩემი დიზაინით შევაკერინე. მოგეხსენებათ, რომ თავადური ჩოხა განსხვავებულია თავისი ორნამენტებით. ჩემს ჩოხას აქვს ორნამენტები, ოღონდ არის სადა, უბრალო, იმერული, თავადური ჩოხა.
– ასეთ ადგილებში უფრო გრძნობ ხოლმე თავს პრინცად?
– რაც ვარ და რასაც წარმოვადგენ, ამას ყოველთვის ვგრძნობდი. ეს არის ისტორია, რომელიც შენს გენში ცხოვრობს. მათთვის ბაგრატიონების ისტორია, მათი როლი, თავისი ისტორიული მნიშვნელობით, უდიდესია. ეს საღამო ერთგვარი კულტურული გაცნობა იყო და ასევე, იმის გაცნობა, თუ ვინ ვართ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვიტანეთ ეს ისტორია. მათ აინტერესებდათ, დღეს როგორი სიტუაციაა საქართველოში და რას საქმიანობენ ბაგრატიონები. რა თქმა უნდა, მეც ვუხსნიდი, რომ ვარ უბრალო ადამიანი, რომელიც მუშაობს, შრომობს ისე, როგორც სხვა დანარჩენი ქართველები. მათ აქვთ აბსოლუტურად სხვა სტატუსი, მიდგომა, მაგრამ როგორ უნდა აუხსნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ყველანირად ცდილობდნენ ქართველ კაცში ეს იდეოლოგია, წარსული წაეშალათ. ბაგრატიონი, ეს არის ჩვენი ისტორია, წარსული. რაც კი გვაქვს, გაგვაჩნია, ჩვენი მეფეების დამსახურებაა., ქართველი ერი რომ დღემდე მოვიდა, ეს იმის დამსახურებაა, რომ გვაქვს უფლის სიყვარული, მისი მადლი და გვყავდა მონარქი მეფე, ვისაც მიჰყვებოდა ხალხი. ალბათ მოვა დრო, როცა ჩვენი წარსულის დაფასებას დავიწყებთ. რადგან თუ ადამიანი თავისი ქვეყნის წარსულიდან, ისტორიიდან გამომდინარე არ დაიწყებს მომავლის შენებას, იმას არც მომავალი ექნება. პატრიარქიც სულ გვიმეორებს მონარქიის აღდგენას. მონარქია, ეს არის იდეოლოგია, რომელიც რწმენისა და მადლის მატარებელია.
– არასდროს გქონია მეფობის სურვილი, თუნდაც ბავშვობაში?
– ბავშვობიდან არ მქონია ამის სურვილი. გავიზარდე იმერეთში, ჩემს დალოცვილ მხარეში. იმ პერიოდში ცდილობდნენ, ზოგადად, ბაგრატიონებისთვის გაეკეთებინათ იგნორი. იმ ავბედით ისტორიას, რაც ჩვენს ოჯახს აქვს გადატანილი, ჩემი ბაბუა, ირაკლი ბაგრატიონი, ძალიან განიცდიდა და ოჯახში ამ საკითზე არ საუბრობდა. შევარდნაძის პერიოდში, როცა თავად-აზნაურთა სახლი, ბაგრატიონთა სახლი შეიქმნა, მაშინაც იყო განცდა, რომ ჩვენ მოვრიდებოდით ამ საზოგადოებას, რადგან ყველაზე მეტად ჩვენი ოჯახი დაიჩაგრა. გვარი არასდროს გადაგვიკეთებია, ყოველთვის ბაგრატიონები ვიყავით. მთავარი ის იყო, რომ გვარი გაგვეგრძელებინა და გვეარსება. ბაბუა ძალიან მაგარი კაცი იყო. წარმოიდგინეთ, მამა დაუჭირეს, დაუხვრიტეს. დედაც დაუპატიმრეს, რომელიც ციხიდან, რომ გამოვიდა, სახლში მისული საწოლზე დაწვა და სამი თვე არ ამდგარა, ხმა არ ამოუღია, შვილები უვლიდნენ. რაც შეეხება ბაბუას, დაიჭირეს და მატარებელში რომ აიყვანეს, იქ აღმოჩნდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამოსვა მატარებლიდან, გადაარჩინა და თვე-ნახევარი მალავდა სოფელი. იმდენი სიმწარე ნახა, სწავლაზეც ზედმეტი იყო საუბარი, სახლი დაუნგრიეს, ყველაფერი წაართვეს, რამდენჯერ გაქურდეს... შემდეგ ძლივს შექმნა თავისთვის რაღაც. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა მას დააწვა კისერზე. ეს ადამიანი ჩემთვის მაგალითია, როგორ შეინარჩუნა ღირსება ამ რთულ სიტუაციაში. თავადური პეწიო, რომ ამბობენ, ეს მართლაც არსებობს და ბაბუა ამის მაგალითი იყო, საოცარი – ფიზიკურად, ქცევით და საუბრის მანერითაც. მისგან ყველაზე მეტად სიყვარული ვისწავლე. სულ ამბობდა: თუ გინდა, მტერი დაამარცხო, უნდა გიყვარდესო. ისეთ ადამიანებს აპატია, რომლებმაც ყველაფერი წაართვეს, თუმცა, უფალმა შემდეგ ის ოჯახები დასაჯა.
– რას მეტყვი მამაზე და დედაზე?
– მამა საოცარი ადამიანია, დათუნას ეძახიან. ეს არის კაცი, რომელიც ყველას უყვარს. დედაჩემი კობახიძეა, უსაყვარლესი ადამიანი – პატიოსანი და მშრომელი. აფთიაქარია და თუ ვინმეს წამალი უნდა, რამე სჭირდება, ყველა მასთან მოდის, ყველას ექიმია. მამასაც ბევრი რთული პერიოდი აქვს გამოვლილი, მაგრამ ბედნიერად ცხოვრობს თავის ოჯახში, იმერეთში.
– შენს ცხოვრებაში რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?
– ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ჩემი გენეტიკა მიცავს. თუმცა, როცა გვარს გაიგებენ, კომპლექსი უჩნდებათ, ამიტომ გვარს არასდროს ვამბობ, მხოლოდ სახელს.
– როგორც ვიცი, შარშან პატრიარქთან შეხვედი ინიციტავით – „ფიცის კაცთა“ ორდენის აღდგენას ითხოვდი. ახლა რა დატვირთვა ექნება მას?
– მივმართე უწმიდესობას და ღვთის მადლით აღვადგინეთ. „ფიცის კაცთა“ ორდენი სოლომონ მეორის დროს იყო დაარსებული, თუმცა ფესვები უფრო ძველი აქვს. ეს არის ერთადერთი ქართული ორდენი, რომელიც ქართულ რეალობაში არსებობდა. წინა საუკუნეებში იმერეთის მეფის კარზე მიღებულ წარჩინებულ ადამიანებს „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ძალიან რთულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას მათ ანდობდნენ. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლსაც ასრულებდნენ. „ფიცის კაცთა საძმოს“ მფარველად წმიდა გიორგი მიიჩნევა. დავიწყეთ ხატზე მუშაობა, გავამზადეთ პროექტი, შევედით პატრიარქთან და მოვუყევით ჩვენი ინიციატივის შესახებ. მან გვითხრა: 200 წელია, ბაგრატიონის ინიციატივით ხატი არ შექმნილა. აუცილებლად შიგნით უნდა იდოს წმიდა ნაწილები და რაც მთავარია, გადასაშლელი უნდა იყოსო. ხატი აერთიანებს ხეს, ჭედურობას, მინანქარს და ფერწერას. კარიბჭეზე 15 წმიდანი მეფე იქნება გამოსახული და ასევე, ღვთისმშობელი. ბაგრატიონების მფარველი მთავარანგელოზი მიქაელია, ამიტომ, როდესაც გადახსნი, შუაში იქნება წმიდა გიორგი და აქეთ-იქიდან – მთავარანგელოზები. რაც მთავარია, ეს ხატი ივლის ხალხში, ოჯახებში, არსად ვაპირებ დადებას. ყველა ხატი მორწმუნე ოჯახში ლოცვით ძლიერდება. მის უწმიდესობას ძალიან გაუხარდა, დამლოცა და კურთხევა მოგვცა. ეს ხატი შეიქმნება „ფიცის კაცთა“ ორდენის პატრონაჟით, რომელიც ქრისტიანულ იდეოლოგიაზეა დამყარებული, ცდილობს განვითარდეს ქველმოქმედების კუთხით. ძირითადი იდეა, ისევ და ისევ, ქართული იდეოლოგიაა, მონარქია და წარსულის წინ წამოწევა, თუ რა ვიყავით, რა უნდა შევქმნათ.
– როგორც ვიცი, პატრიარქს დიდი ხანია, იცნობ. რა არის ის რჩევა, რომელიც დღემედე გახსოვს?
– პატარა ბავშვი ვიყავი, როცა გავიცანი. მამა თეოდორე ამბროლაძემ გამაცნო, საპატრიაქროში შემიყვანა და მისმა უწმიდესობამ დამლოცა. ძალიან ბრძენია ჩვენი უწმიდესობა და წინასწარ გრძნობს, რა გითხრას. რაც გაწუხებს, პირდაპირ იმას გეუბნება. პატრიარქთან როცა ხარ, ჯერ მორიდებას გრძნობ, შემდეგ აბსოლუტურად თავისუფლდები.
– ცოტა ხნის წინ 13 ადამიანი მონათლე.
– ღვთის მადლით, წილად მერგო, სოფელ ლეღვაში 13 ადამიანი მომენათლა, ისეთი ბედნიერი ვიყავი... დღევანდელი ქობულეთის რაიონი ქვემო გურიაში შედიოდა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში, ხომერიკები, ჯაშები და ბოლქვაძეები, თურქეთის მხრიდან ექსპანსიის გამო, საცხოვრებლად შიდა გურიაში გადავიდნენ, რათა გამაჰმადიანება აეცილებინათ. ხომერიკების მიტოვებული ეკლესია თანდათან დაანგრიეს. ისტორიკოსმა მანანა ხომერიკმა 2002 წელს ეკლესიის ნანგრევების შუაგულში ჯვარი აღმართა. 6 ოქტომბერს 13 მუსლიმანი მოვნათლეთ, მე და ქალბატონი მანანა გავხდით ნათლიები. ეს მათი დიდი სურვილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი მყავს მონათლული, ამ 13 ადამიანის მონათვლა უდიდესი სიხარული და პასუხიმსგებლობა იყო. ღვთის მადლით, იმედია, ჩავაკითხავ ჩემს ნათლულებს და ჩემს პასუხისმგებლობას ღირსეულად ვზიდავ.