№50 რატომ არის ერთი ქალის ქმრობა რობი კუხიანიძისთვის წამგებიანი და როგორ დატოვა მან შვილი „პოსლეზე“ სამშობიაროში
სახელი: რობი.
გვარი: კუხიანიძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– როგორ გახსოვს ბავშვობა?
– ბავშვობაში ბევრი რამ იყო. ბავშვობის თითოეულ წამს დიდ პატივს ვცემ და ყველა ადამიანში არის ბავშვი. მეუბნებიან, რომ ვერ იზრდები, გაუზრდელი ხარო. კარგი, ვიქნები გაუზრდელი-მეთქი. მირჩევნია. მაინც იმით მთავრდება ყველაფერი, რომ ბოლოს ყველა თანატოლები ვართ, უბრალოდ, სხვადასხვა დროში ვიბადებით. მაინც ბერდება ადამიანი და რატომ მივცეთ თავს სიბერის უფლება. ზოგს უნდა, რომ ბავშვობიდანვე დიდი იყოს და მასეთი ადამიანები ძალიან საშიშები არიან, მასეთები პოლიტიკოსები გამოდიან. პატარას რომ სამშობლო უყვარს და მიტინგზე გამოჰყავთ, რომ იზრდება, დაავალებენ ხალხის მიმართ ცრუპენტელობას და ბოლომდე ასრულებს.
– რაიმე მოგიპარავს?
– კი. ექვსი წლის ასაკში ისეთი რამე მოვიპარე, სულ მეცინება. დედაჩემი კულტურის სახლის დირექტორი იყო და სულ კულტურის სახლის ეზოში ვიყავი. იქ ერთი გიტარის მასწავლებლის მანქანაში ჩავიხედე და დავინახე, რაღაც საათის მაგვარი, ჩემი პატარა ხელით გადავწვდი, გავიკეთე მაჯაზე და ვხედავ, ისარი მოძრაობს და გავყევი ამ მოძრაობას, თურმე კომპასი ყოფილა, ამ კომპასმა მიმიყვანა რიონამდე. მის მერე დავიფიცებ, რომ არაფერი მომიპარავს. რატომ უნდა მოვიპარო. რამე რომ არ მაქვს, შემიძლია, ჩემით გავაკეთო. სათვალე რომ გამიტყდება, ვიტანჯები, გამოვიტან „პაიალნიკს” და შევაკეთებ.
– საუკეთესო რა გაქვს?
– იმისთვის ვცხოვრობ, რომ გავარკვიო, მაქვს საერთოდ რამე კარგი? ვერ გაგცემ მაგაზე პასუხს, რადგან ეს პროცესია. თუ შენ აღიარე, რომ მაგარი ხარ, მანდ გაჩერდები. მაგისთვის არ უნდა გეცალოს, მაგას სხვები გადაწყვეტენ.
– ნარკოტიკთან ურთიერთობა გქონია?
– ცხოვრებაში არ გამიკეთებია წამალი, იმიტომ რომ ყველა „იჩხერდა“. „პლანზე“ არ ვიტყოდით უარს. მაგრამ თუ საქართველოში დათესავენ, იმ „პლანს“ არ მოვწევ – მე მასობრივი არაფერი მინდა. ოც წლამდე არ დამილევია, იმიტომ რომ ვერ ვიტანდი კალთაში რომ ჩაგიჯენდნენ, სახეში გაფურთხებდნენ ლაპარაკის დროს, მერე მაგიდაზე შეხტი, ლექსი მომიყევი, პასპორტი ანახე ბიძიას. ეს არ მომწონდა. რაღაც სადღეგრძელოებს რომ „ბაზრობენ“ ოთხმოცი წელი ერთსა და იმავეს. ეს სადღეგრძელოები ბავშვობაში მაქვს მოსმენილი, მის მერე არ გამიგონია.
– ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თავი თუ დაგიკარგავს?
– ბევრჯერ. წლები გავატარე მთვრალმა. წლები მომიწია ლოთობამ. მიკვირს რატომ, მაგრამ მე რა მუსიკასაც ვუკრავ, უყვართ მსმელებს და დიდი სიძულვილით არიან განწყობილნი წამლის მიმართ. კმაყოფილი ვარ, რომ ამ სულისკვეთებაში მომიწია ცხოვრება.
– რისი გეშინია?
– ადამიანში დევს შიშის გრძნობა და ეს აუცილებელია. შიში მაქვს, ჩემს ახლობლებს რამე არ მოუვიდეთ. სხვა რამაა, როცა მშიშარა ხარ, ასეთი ადამიანები ჩადიან მერე ბოროტებას, მათ კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, ეშინიათ.
– როდის ხარ სევდიანი?
– სევდა არ მიყვარს. ამიტომ ვცდილობ, საზოგადოებაში ვიყო ხშირად, რომ სევდამდე არ მივიყვანო თავი. სევდა უფრო უსაქმური ხალხის საქმეა.
– რისკიანი ხარ?
– ალბათ, მართლა გავრისკე, რომ ასეთ სახელმწიფოში დავიბადე და 53 წელი ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ჩემდაუნებურად, რისკიანი აღმოვჩნდი. ახლა სხვა ქვეყნიდან რომ მელაპარაკებოდე, შენს თვალში უფრო რისკიანი ვიქნებოდი.
– როდის ტირი?
– ლოთობაში მოსულა გულაჩუყებული რაღაცები და მიტირია. ცრემლები არსებობს, უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში დედას რომ გიტირებენ და გაგსრესენ, მერე დაგტირიან. დედა რომ გარადამეცვალა, ტირილით ვერ ვიტირე და ძალიან მიკვირდა, რადგან ეს მომენტი სხვანაირად წარმომედგინა. ვერ ვიტირე და სხვა შედეგი მივიღე, დიდხანს ვიყავი შინაგანად გამომშრალი და გამოფიტული. სიხარულისგან მიტირია. ტირილი უცრემლოდაც შეიძლება, ცრემლი არაა ტირილის გამომხატველი. ისე, ხახვმა და „პლანმაც“ ქე იცის ცრემლები.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– პატიება არ არის პიროვნების საქმე. მე არ მესმის, რატომ არ უნდა აპატიო. თუ ისეთი აშკარაა რაღაც, მაგისთვის არსებობს საზოგადოებრივი აზრი და სახელმწიფო. აპატიებ მაშინ, თუ ის ადამიანი ვიღაცასთან მაინც აგებს პასუხს. ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანმა ჩადენილი დანაშაული უნდა მოინანიოს, ჩვენთან სხვანაირად იციან, ჩვენთან ფიზიკურად გეხებიან და არ გაცდიან მონანიებას. დარწმუნებული არიან, რომ არ მოინანიებ.
– რისი გწამს?
– მე სულ მწამს, მჯერა ღმერთის, სასწაულის მწამს. ძალიან ოპტიმისტი ვარ, რაღაც რომ ხდება, არ შემიძლია ვთქვა, არასდროს იქნება უკეთესობა-მეთქი.
მე შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ არ იქნება... ღმერთი ახლა ისეთი სიტყვა გახდა, უცებ რომ გააღვიძო ვინმე და ჰკითხო, ვინ არის ღმერთიო, შეიძლება კაცის სახელი დაგისახელონ.
– რისგან იღებ სიამოვნებას?
– ადამიანი სიკეთეს რომ გაგიკეთებს, შენც უნდა დაუბრუნო და ისიამოვნო, როგორც გინებაზე – წადი შენი დედაო და შენც დაუბრუნებ. სიყვარულის გაზიარებაში სუსტები არიან, უჭირთ.
– რა არის ქალი შენთვის?
– დედა რომ გახდები, მერე ხარ ქალი. ვისაც მაგის ფიზიკური საშუალება არ აქვს, ისინი ჩემს თვალში სულ დედები არიან. ქალი, პირველ რიგში, უნდა აღიქვა დედად. ქალი როდისაა ძლიერი იცი, როდესაც გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავს. იმხელა ვაჟკაცობას აჩვენებს ქართველი ქალი რაღაც სიტუაციებში,
არ მგონია, ბევრი იყოს ისეთი მამაკაცი, რომ ქართველ ქალს შეედაროს.
– კაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების?
– ჩემთვის ძლიერი ქალი სხვა რამაა – ძლიერია ქალი, რომელიც კაცის აზროვნებას უტოლდება. იმაზე დიდი ბედნიერება არის რამე? ქალი რომ გყავს გვერდით და აზროვნებით გიტოლდება, შენ მასთან კამათობ, ლაპარაკობ. მე ლაპარაკის მომხრე არ ვარ. ლაპარაკს მაშინ იწყებს ადამიანი, რაღაცას რომ ვერ უხსნი, მაშინ ორატორობს. მე, მაგალითად, მეგობრები მყავს გვერდით, დაქალები, გონიერი ქალები არიან. გადაწყვეტილებებში ძალიან მართლები არიან და ბევრ ჩმორ კაცზე მეტი ქალობა აქვთ. ქალი არ უნდა გამოყო მამაკაცისგან, როგორც ცხოველი, ის ადამიანია.
– როგორია შენთვის სექსუალური ქალი?
– ეშხიანი, ცოცხალი, ტიპური უნდა იყოს. მე არ ვიცი, ლამაზი ქალი რას ნიშნავს. ერთს რომ ვუთხრა, ლამაზი ხარ, მეორეს რა ვუთხრა – მახინჯი ხარ-მეთქი? მახინჯი ადამიანი, ლამაზი ადამიანი ჩემთვის არ არსებობს. შეიძლება, ჰიგიენურად გავარჩიო, რომ სუნი არ ასდიოდეს. მაგ დოგმებისთვის არსებობს პოდიუმი, ვიღაც კანონს იღებს, რომ ქალი უნდა იყოს ასეთი. ჩემს ბავშვობაში იყო „სქელტრაკიანი“ ქალები მოდაში, მერე „დასუსტდნენ“, ჩემი ყმაწვილკაცობისკენ „სქელტრაკობა” გაქრა, მაგრამ დარჩა ის, რომ ქალი უნდა იყოს ხელში მომყოლი, გემრიელი, ქორფა. რომ შემოარტყამ ხელს ერთ ადგილზე და ერთი სამი წუთი რომ თანთალებს. ოჰ, რაფერ მომინდა ბავშვობაში დაბრუნება, ერთ მსუქან ქალზე მქონდა თვალი დადგმული...
– ქალისთვის გიღალატია?
– როგორ არა. ისე, მოღალატე რას ნიშნავს? „გამიტრაკეს“ ამ სიტყვით. ჩემს შემთხვევაში არ დაარქვეს ღალატი, რადგან რასაც ვაკეთებდი, მაგაზე ტვინი არ მქონდა მომართული. მე მიფიქრია, ცოლად მომეყვანა, რომ მატერიალური მდგომარეობა ამეწყო. მქონდა ბევრი ვარიანტი, რომ ოჯახი დამენგრია და ქალთან რაღაცისთვის ვყოფილიყავი. როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, თავისთავად ხდება, რომ ბევრი ურთიერთობა გაქვს. მაგაში მაგრად გავძელი. თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. კონცერტის დროს ბევრს ერთობი, მაგრამ სახლში რომ დაღლილი მიდიხარ, მაინც ოჯახი გინდა. ჩემმა მეუღლემ უკეთ იცის, მე როგორ მომიაროს. ერთ ცოლთან ვარ მთელი ცხოვრებაა. ეს ხელოვანი ადამიანისთვის ცოტა წამგებიანია. ამბობენ, კაცი თუ ხარ, ორი ცოლი მაინც უნდა გყავდესო და ერთი თუ მყავს კაცი არ ვარ? კაცი ვარ მე? ერთი ცოლი ვერ გამიგდია. თბილისში რომ ჩამოვედი და დავინახე ამდენი პომადიანი ქალი, „დავგოიმდი“ და დავრჩი ერთ ქალთან.
– ქალის გამო სიგიჟეები ჩაგიდენია?
– ქალისთვის სულ მინდა სექსუალური ლტოლვის გარეშეც რაღაც სიგიჟე გავაკეთო. ძალით არც გამიკეთებია. შემთხვევით რომ გაარტყამ ძალიან მაგარ რამეს, ეს არის კარგი. ადამიანთან რომ ხარ ურთიერთობაში, რომც არ გითხრას, რა ახარებს, იმ სიხარულამდე მაინც მიდიხარ.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– მე ხომ გითხარი, რომ არ არსებობს ბოროტება. არსებობს ბოროტი ადამიანი. ბოროტებას რომ გაემარჯვებინა სამყაროში, ჩვენ არ ვიქნებოდით. ისინიც ბოროტები კი არ არიან, ნებისყოფა არ აქვთ, ჩქარა უნდათ. მასეთი ადამიანები სიცოცხლეს ვერ აღიქვამენ, იციან, რომ მოკვდებიან. არ იციან, რომ არსებობს მეორე გზა – გარდაცვალება. გარდაცვალება აბსოლუტურად არ არის სიკვდილი. სიკვდილი ისეთი რამაა, ისეთ დანაშაულს რომ ჩაიდენ, რომ უფლისგან ზიარების ღირსი არ ხარ. ისეთი ადამიანი, ვისაც სიკვდილის ეშინია, ფაქტობრივად, პოტენციური ბოროტია, იმიტომ რომ ჩქარობს. სწორად რომ შეხედო, ბოროტება სიკეთის მაგალითია. ბოროტება იმიტომ არსებობს, რომ შენ არ შეხედო და არ იფიქრო მასზე.
– ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ყველაზე რთულად ვიყავი დედის გარდაცვალებისას და მაშინ, როდესაც ბაბუა გავხდი. ცუდი შედარებაა, მაგრამ დედის გარდაცვალებისას ჩემში ისეთი რაღაცები მოხდა, რომ კინაღამ ვიფიქრე, სიკვდილი არსებობს-მეთქი. მერე დრო დამჭირდა იმისთვის, რომ გადამეხარშა. მე ხომ დედისერთა ვარ და პირველად ჩემს ცხოვრებაში, შვიდი წლის წინ, როცა ჩემი შვილიშვილი დაიბადა, მივხვდი, რომ ის პასუხისმგებლობები, რაც დედაჩემისგან ჩემ მიმართ არსებობდა, დამთავრდა. სამშობიაროში რომ მივიყვანე ჩემი გოგო, იმ დღეს ფული არ მქონდა. ძალიან ვინერვიულე, გავგიჟდი... და მოულოდნელად, ანგარიშზე ძალიან დიდი ფული დამიჯდა. არც მახსოვდა, რომ რაღაც კონცერტის ასაღები მქონდა. სამშობიაროში შვილი „პოსლეზე“ შევიყვანე და რომ გამოვედი, ფულიანი ვიყავი. ქუთაისელი ექიმი „გაიჩითა“ და მითხრა: „რა იყო, ბიჭო, რას ჩამოგიყრია ყურები, სა წავა ის ბოვში“. რომ ვუთხარი, ფული ვიშოვე-მეთქი, სულ გადაირია: ბიჭო, უთხარი შენ გოგოს და შენ სიძეს ხშირად აკეთონ ბოვშები, იქნება ორი კაპიკი გაგიჩნდესო...
– რას ნანობ?
– დედაჩემს არ ეცალა და მამაჩემი ხშირად აკეთებდა საჭმელებს. ეგონა, რომ მაგრად აკეთებდა. ხანდახან გამახსენდება მომენტები, რაღაც საჭმელს რომ გააკეთებდა და გულით რომ უნდოდა, მე მეთქვა: „დედა, რა კარგია“ და მე ვეტყოდი, არაფერი ისეთი, არ მომწონს-მეთქი, ეს არ უნდა მექნა...