№50 რატომ უშლის ირინა ბაირამაშვილს ქმარი პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას და მოატყუა თუ არა ის გიორგი ვარდოსანიძემ
მუსიკოსი ირინა ბაირამაშვილი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ შოუ-ბიზნესს დაუბრუნდა.
ირინა ბაირამაშვილი: ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე, შოუ-ბიზნესს დავუბრუნდე. ამ დროის განმავლობაში ინტერვიუებში სულ ვამბობდი, მალე დავბრუნდებნ-მეთქი. ხომ არ ვიტყოდი, სახლში ჯდომას ვაპირებ, სასოწარკვეთას უნდა მივეცე-მეთქი?! მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძიძაც მყავდა და ოჯახის წევრებიც მეხმარებოდნენ, დაბრუნება მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩემი შვილი ისეთი მოუსვენარია, ყველაფერში თავისი უნდა გაიტანოს. თავის ჭკუაზე მატარებს. ჩემზე და ჩემს ქმარზეა მოწებებული, ძალიან ხშირად ვკითხულობ ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ და ვიცი, რომ მშობლების ბავშვთან ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ახლა, როცა ცოტა წამოიზარდა, ბევრი რამის გაკეთება გადავწყვიტე.
– ბოლო დროს ბევრისგან მოვისმინე, ირინა განსაკუთრებულად უვლის თავს და კიდევ ძალიან გალამაზდაო. პლასტიკური ქირურგიის ამბავიცაა - რაღაცები გაიკეთა და რაც მთავარია, ქმარი კი არ უშლის, პირიქით, ძალიანაც მოსწონსო. მართალია?
– ვაიმე, არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია და არც ჩემს ქმარს უხარია, გარეგნობაში ასეთი ჩარევები. მე არ ვარ პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი და ვფიქრობ, რაღაცები აუცილებელიცაა. ნაოჭები რომ გაგიჩნდება, უნდა გაისწორო. მქონდა ამაზე ქმართან საუბარი, დასამალი რა არის?! ვუთხარი, ტუჩში ცოტა ფილერს შევიყვან-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, მე როგორიც ხარ, ისეთი მომწონხარ. თუ მეკითხები, იცოდე, რამე რომ გაიკეთო, საერთოდ არ მომეწონები, არაფერი გაქვს გასაკეთებელიო.
– პირიქით ყოფილა...
– კი, არ მოსწონს პლასტიკური ჩარევები. მაკიაჟს რომ ვიკეთებ, ეგეც მაკმაყოფილებს. ვგიჟდები, ისე მომწონს-მეთქი არ ვამბობ, რაღაცებს შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში, მაგრამ ჯერჯერობით, მსგავსს არაფერს ვგეგმავ. იმიჯი მინდა, შევიცვალო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხვირ-პირის გახვრეტას და ტატუების გაკეთებას ვაპირებ (იცინის).
– მეუღლე რა აზრისაა შენს გააქტიურებასთან დაკავშირებით?
– ძალიან ბედნიერია და მხარში მიდგას. შეცდომები რომ მომდის, სულ მეუბნება: იცი, რატომ მოგივიდა ეს შეცდომა? - იმიტომ, რომ მე არ ჩამაყენე საქმის კურსშიო. ფინანსურ საკითხებს ის აგვარებს. თვითონაც ძალიან მაგრად მღერის, ხმაც კარგი აქვს და ვიზუალიც. ცოტა ხანში, მგონი, კონკურსშიც გავა (იცინის). ჩემგან განსხვავებით, ძალიან ამბიციურია. რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მართლა რომ მოინდომოს კონკურსში გასვლა, გავა და გოგოებიც სახეს დაიხოკავენ მის გამო. მაგრამ, მე საერთოდ არ ვიეჭვიანებ. პირიქით, ძალიან მესიამოვნება ეს ყველაფერი (იცინის). მთავარია, სახლში არ შემომივარდნენ ქმრის თაყვანისმცემლები და პაემანი არ დაუნიშნონ, თორემ ისე, რა პრობლემაა? ახლაც ამკობენ კომპლიმენტებით. ქართული მუსიკის საღამო გავაკეთე: რომ დამთავრდა, ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და იმის მაგივრად, მუსიკის შესახებ ეთქვა რამე, მითხრა: შესანიშნავი მეუღლე გყავთო (იცინის).
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე რომ ეპრანჭებიან გოგონები, თან შენს თვალწინაც არ ერიდებიან ამას?
– მერე რა? არ ვრეაგირებ, იმიტომ რომ, მის სიყვარულში დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ პირადი ცხოვრება მწყობრში მაქვს. ამიტომ, ასეთ დროს თავს მის ადგილას წარმოვიდგენ ხოლმე და მგონი, ძალიან ქაჯობა იქნება, მივიდე და „რატოომ?” და მსგავსი რაღაცები დავიწყო. რომ გაგვიცნო, მე და ჩემს დაქალს შემოგვთავაზა, შემიძლია, ერთ-ერთ ბარში საღამო გაგიკეთოთო და ზუსტად იმ საღამოს ამიხსნა სიყვარული. ალბათ, სპეციალურად დამიგეგმა ის საღამო, რომ რამენაირად, სადმე მივემწყვდიე.
– რამენაირად რატომ, წინააღმდეგობით სავსე იყავი?
– არა, პირიქით, გაცნობიდან ოთხ დღეში გავყევი ცოლად. მაგრამ, ის საფრანგეთში აპირებდა წასვლას და ეტყობა, იფიქრა, დიდი დრო დასჭირდება ამ ყველაფერსო. გეფიცები, ყველაფერი ოთხ დღეში მოხდა. გავრისკეთ და მაგრად გაგვიმართლა. ან გავუგებდით ერთმანეთს და ან – ვერა. როცა დავქორწინდით, ერთმანეთს არ ვიცნობდით, ბრმად გადავდგით ეს ნაბიჯი, ერთმანეთს ვენდეთ და თურმე ასეც ხდება.
– სამოსთან დაკავშირებით თუ ეკითხები აზრს?
– თითქმის სულ ვეკითხები, მაგრამ ზოგჯერ არ მოსწონს ხოლმე. აი, მაგალითად, ზედმეტი ვინტაჟურობა არ მოსწონს და ცოტა მეღადავება: ამაში ბებიაჩემის დას ჰგავხარო (იცინის). მთლიანობაში, მოსწონს ჩემი სტილი, მაგრამ ზედმეტი მაკიაჟი და ქუსლები არ უყვარს. თავისუფალი სტილი მოსწონს. გიჟდება, როცა ბიჭურად ვარ ჩაცმული და მისი ზედა ან პერანგი მაცვია.
– გიორგი ვარდოსანიძის შესახებაც გკითხავ: რა მოხდა თქვენ შორის?
– გიორგიმ ერთი რამ მითხრა და სულ სხვანაირად მოიქცა. ჩემი მხრიდან ცოტა „ტეხავს”, რომ ამ ყველაფერის შესახებ მაშინვე არ ვთქვი, მაგრამ, როცა მკითხეს, მაშინ გავეცი პასუხი. ჩემთვის უკეთესია: რაც მეტი ადამიანი იმღერებს ჩემს სიმღერას, მით უმეტეს, რომ ბევრმა არც იცის, ჩემი რომაა (საუბარია სიმღერაზე „ლანდებს” – ავტორი). გიორგიმ დამირეკა და მითხრა: ირი, ძალიან მიყვარს ეგ სიმღერა და მინდა, ვიმღერო, მაგრამ გადაცემებში და სადმე სხვაგან კი არა, უბრალოდ, „ჩემს პონტში”, მეგისაც (მეგი გოგიტიძე) დავურეკეო. მეც ვესაუბრე მეგის და არცერთს არ გვქონდა პრობლემა. მალევე ვნახე, რომ „ნანუკას შოუში” გააკეთა ამ სიმღერის პრემიერა. ზუსტად ეს „გამიტყდა”, რომ არაფერს აპირებდა და მერე გადაცემაში გააკეთა პრემიერა. იმწუთას უნდა დამერეკა, მაგრამ ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შევიკავე თავი და არც ახლა ვაპირებ დავას.
– წერდი, მეუღლესაც ძალიან დასწყდა გულიო.
– გული დასწყდა და ვაი-მეთქი, ვერ ვიტყვი, ჩემი მეუღლე არაა ეგ ტიპი. უბრალოდ, მაშინ ჩვენს საუბარს შეესწრო. ჩემი მეუღლის მეჯვარის შვილის ნათლიაა გიორგი და რომ დამირეკა, ზუსტად ეგ მიხსენა, მისი მეგობარი ვარო. მიკუნაც იქვე იჯდა და გაიგონა ჩვენი საუბარი, თორემ ასეთ საკითხებში არ ერევა. თუ ჩარევაა, ეს სხვანაირად ჩაერეოდა. მე საერთოდ არ მალაპარაკებდა, მაგრამ გიორგიც ისეთი მხრიდან შემოვიდა, მიკუნას არც უფიქრია მსგავსი რამ. უბრალოდ, „ტეხავს” მისი ეს საქციელი, თორემ მე არაფერს ვაპირებ. ნეტავ, ისეთი სიმღერა შევქმნა, მთელმა საქართველომ იმღეროს. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მექნება, მაგრამ მისგან ასეთი საქციელი არ იყო სწორი. ხომ კარგად იცით, ჩემს ადგილას სხვა რამხელა ამბავს დაატრიალებდა?! კიდევ ვიმეორებ, ჩემი დანაშაული ისაა, რომ მაშინვე არ დავურეკე, მაგრამ მაშინ ორსულად ვიყავი, სხვა რამ მიტრიალებდა თავში. ისეთი მოდუნებული ვიყავი, არაფერი მომიმოქმედებია. მერე „ჯაჯანიძის შოუშიც” იმღერა და ამაზე უკვე „ამომასხა”, თორემ ბარებში და თეატრალურის წინ თუ დაჯდება და იმღერებს, ეგ გასახარიცაა.