№50 როგორ გახდნენ ძმები კენჭაძეები მსოფლიოს ჩემპიონები და რატომ უნდოდათ მათ ჭიდაობისთვის თავის დანებება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები, ამბროლაურელი ძმები – ნიკოლოზ და ავთანდილ კენჭაძეები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ და ქართული საზოგადოებისგან განსაკუთრებული მადლიერება და სიყვარული დაიმსახურეს.
ავთანდილ კენჭაძე: რთულია ჩვენი ემოციების სიტყვებით გადმოცემა. ჩემმა ძმამ პირველ დღეს იჭიდავა და მე რომ ფინალში გავედი, ის ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ემოციებისგან გავითიშე. ვეღარ ვაზროვნებდი, მეორე დღეს მეც რომ ჩემპიონი გავხდი და ეს ყველაფერი გავაანალიზე, ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის ძალიან სასიხარულო გამარჯვება და უპრეცედენტო შემთხვევაა – აქამდე ორი ძმა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონი არასდროს გამხდარა. ამით საქართველოს ისტორია დაიწერა და ძალიან გახარებულები ვართ.
– ფიქრობდით, რომ ორივე ძმა უკან მსოფლიოს ჩემპიონების სტატუსით დაბრუნდებოდით?
– ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო. ჩემს თავში სრულიად დარწმუნებული ვიყავი – ზუსტად ვიცოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი. ამასვე ვფიქრობდი ჩემს ძმაზეც, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუმცა, არ ვიცოდი, თვითონ რამდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. ფაქტია, რომ ჩემპიონი გახდა. როგორი განწყობითაც მივდიოდი, ეს ჩემპიონატი ზუსტად ისე დამთავრდა. ჩემი ძმის მოგება უფრო მეტად გამიხარდა, რადგან მას ამ ეტაპზე არ ჰქონდა იმხელა გამოცდილება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო – ძალიან დიდი სენსაცია მოახდინა. მე ორი კვირის წინ დიდების ფინალში დასანანი წაგება მქონდა და ვერცხლის მედალი მოვიპოვე. 23 წლამდელებში არა მარტო მე, ყველა ელოდა ჩემგან ოქროს მედალს და ავიღე კიდეც. ასე რომ, ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.
– აქამდე რა გზა გაიარეთ? რამდენი წლისები იყავით, ჭიდაობით რომ დაინტერესდით?
– რაჭაში ვცხოვრობდით, ჭრებალოს საჯარო სკოლაში გაიხსნა ჭიდაობის წრე და იქ დავიწყეთ ვარჯიში, რადგან მეშვიდე კლასამდე იქ ვსწავლობდით. შემდეგ რაღაც პრობლემები შეიქმნა და სკოლაში წრე აღარ გვქონდა. ჭიდაობისთვის თავი უნდა დაგვენებებინა ან სხვაგან – თბილისში ან ქუთაისში გაგვეგრძელებინა ვარჯიში. იმხელა სახსრები არ გვქონდა, რომ თბილისში წამოვსულიყავით, არც სახლი გვქონდა და აქ ვერ ვიცხოვრებდით. ამიტომ ქუთაისში გადავედით, რადგან თავის შენახვა იქ ნაკლები გვიჯდებოდა. ქუთაისში წელიწად-ნახევარი ვვარჯიშობდით და ამ სკოლამ დიდი წარმატება მოგვიტანა. მერე, როცა უკვე საქართველოს ჩემპიონატზე კარგი შედეგები ვაჩვენეთ, გადავწყვიტეთ, თბილისში გადმოვსულიყავით და მოვძებნეთ მწვრთნელი – გიორგი გოგშელიძე. იმ დროიდან დაიწყო ჩვენი ვარსკვლავური გზა. დღემდე თუ რამე წარმატებისთვის მიგვიღწევია, ამ ადამიანის დამსახურებაა. იყო პერიოდები, როცა ყველა მხრიდან რთული მდგომარეობა გვქონდა და შეიძლებოდა, ჭიდაობისთვის თავი დაგვენებებინა, მაგრამ ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა, რომ ბოლომდე სპორტში დავრჩით და წარმატებას მივაღწიეთ. რთულ მომენტებში ეს ადამიანი ყველანაირად ჩვენ გვერდით იდგა.
– ოჯახში სპორტსმენი გყავთ ვინმე?
– არა და არც განსაკუთრებული ინტერესი გვქონია, უბრალოდ, სკოლაში ჭიდაობის წრე გაიხსნა და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან აქტიური და ენერგიული ბავშვები ვიყავით, მშობლებმა მიგვიყვანეს. ცოტა ხანში რაიონულ შეჯიბრებებზე კარგი შედეგები ვაჩვენეთ და მანდ უკვე „მოვიწამლეთ“ (იცინის). ამის შემდეგ ბოლომდე გადავდეთ თავი სპორტისთვის. ჩვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი ჭიდაობას უჭირავს და შემდეგ – ყველა დანარჩენს. ოჯახი ყოველთვის გვერდით გვედგა. თუ წაგვიგია, გვამხნევებდნენ: დღეს თუ არა, ხვალ გაიმარჯვებთო და ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს. არჩევანში თავისუფლები ვიყავით, იცოდნენ, რომ ჩვენ პროფესიონალური სპორტი ავირჩიეთ და არ გვეუბნებოდნენ, ამას შეეშვით და სწავლას მიხედეთო. უნივერსიტეტშიც ვსწავლობთ, ტურიზმზე, სადაც ყველანაირად გვიწყობენ ხელს. იმიტომ არ ჩავაბარეთ, რომ ოჯახმა დაგვაძალა. პირიქით, სულ გვეუბნებოდნენ, უნდა იჭიდაოთ და დიდი სპორტსმენები გახდეთო.
– არასპორტულ გარემოში არ იყენებთ ძალას?
– ცხოვრებაში არავისთან კონფლიქტი არ მქონია, მით უმეტეს, ხელით გაწევ-გამოწევა. ყოველთვის, როცა უსიამოვნებაა, ვცდილობ, სიტყვით გავაგებინო ადამიანს და თუ ვერ ვაგებინებ, ვუთმობ, იმიტომ რომ, როცა ადამიანს არ ესმის, ვერც მუშტით გააგებინებ. ვისაც რამდენი ესმის, იმდენი უნდა მოსთხოვო. მუშტი-კრივს და ძალადობას ვგმობ. ასე ბავშვობაშიც კი არ მოვქცეულვარ, ყველასთან ძალიან ძმაკაცური ურთიერთობა მქონდა და ნებისმიერი შელაპარაკება შერიგებითა და მეგობრობით დაგვისრულებია. ასეა ნიკაც. სპორტიდან გამომდინარე, ჩვენ სულ ერთად ვართ და ისედაც ძალიან კარგი ძმობა გვაქვს. წლით და ოთხი თვითაა პატარა ჩემზე და ტყუპებივით გავიზარდეთ. სხვათა შორის, ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავსებას, მაგრამ ბევრი გვეუბნება, ერთმანეთს მართლა ტყუპებივით ჰგავხართო. ხასიათით ის ბევრად პოზიტიურია. არასდროსაა მოწყენილი, სულ ხუმრობს და იცინის, ბევრად კონტაქტურია და ხალისიანი. მე უფრო სერიოზული ვარ და ჩემს თავში ცოტა ჩაკეტილიც.
– თქვენნაირი წარმატებული ბიჭები გოგონებში ძალიან პოპულარულები არიან.
– (იცინის) როცა წარმატებული ხარ და კარგი შედეგები გაქვს, გცნობენ და ინტერესიც მეტია – ეს ყველგან ასეა, მარტო სპორტში არა. ნებისმიერი წარმატებული ადამიანი საინტერესოა გოგოსთვისაც და საერთოდ, ყველასთვის. ჩვენ მიმართაც გაიზარდა ინტერესი და მათ შორის გოგონების მხრიდანაც, მაგრამ ამით შემოვიფარგლები, რადგან პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს.
– ის მაინც თქვით, როგორი გოგონები მოსწონთ მსოფლიოს ჩემპიონებს?
– ადამიანს რაღაც ისეთი უნდა ჰქონდეს, რითაც ჩემთან ახლოს იქნება. რაღაც შეიძლება მომწონდეს მასში, რაღაც – არა, მაგრამ ერთიანობაში, ჩემთვის მისაღები უნდა იყოს. შეიძლება, ადამიანი ჩამოყალიბებული იყო, როგორი გოგო მოგწონს, მაგრამ სულ სხვანაირი შეგიყვარდეს. მოწონება სხვაა და სიყვარული კიდევ სხვა, რთულია წინასწარ თქმა, როგორი შეგიყვარდება – ეს ხომ ბუნებრივად ხდება.
– ნიკა რას ამბობს ამაზე?
– ამაზე არ ვსაუბრობთ, ნიკას თავისი პირადი აქვს, მე – ჩემი. მე ნიკას არჩევანს და აზრს პატივს ვცემ. მთავარია, თვითონ იყოს ბედნიერი იმასთან, ვინც თავად მოსწონს. ის ადამიანი მეც მომეწონება და ისე მივიღებ, როგორც ჩემი ოჯახის წევრს. ნიკაც ანალოგიურადაა ჩემ მიმართ.
– ბოლოს, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზისა და მშობლიურ კუთხეში ემოციური დახვედის შესახებაც მომიყევი.
– ნამდვილად არ ველოდით ასეთ დახვედრას, ძალიან გახარებული ვარ ხალხის ასეთი ყურადღებით. ჩვენმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მე და ჩემს ძმას თბილისში ოროთახიანი ბინა გვაჩუქა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას კიდევ უფრო მეტი წარმატებით გაგახარებთ.