№50 როგორ „გააცურა“ რუსთაველის თეატრის დასმა საბჭოთა „კაგებე“
ეროსი მანჯგალაძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „სამოცდახუთი წელია. მთელი თეატრის დასი მოსკოვში ვიმყოფებით. მხოლოდ არა გასტროლებზე, არამედ საკავშირო უწყებრივი თასის საფეხბურთო ფინალის სათამაშოდ. ჩვენ, არც მეტი და არც ნაკლები, უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ცენტრალური აპარატის გუნდს უნდა შევხვედროდით, რომელიც იმ დროს უძლიერესი იყო. თანაც ფინალი მოსკოვში ტარდებოდა და ყველა გვეუბნებოდა, განწირულები ხართო. ჩვენ კი მოგება გვინდოდა და ერთ ეშმაკობას მივმართეთ. წინა დღეს მოსკოვში თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ჩვენი ბიჭები თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მე და რამაზ ჩხიკვაძე სასტუმროში მივადექით „დინამოელებს“. მიშა მესხი დავიმარტოხელეთ და ვთხოვეთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გრიმით ეთამაშა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში „კაგებეს“ წინააღმდეგ. მიშა არც კი შეყოყმანებულა, ისე დაგვთანხმდა. მეორე დღეს მიშას გრიმი გავუკეთეთ და რომ არ „დავმწვარიყავით“, ჩვეული მარცხენა თავდასხმის მაგივრად, დაცვის ცენტრში გავამწესეთ... ეს, რა თქმა უნდა, ნომინალურად. სინამდვილეში კი მიშამ „კაგებეს“ გუნდის წევრებს „მუსრი გაავლო“... ყველას ორ-ორჯერ ატყუებდა და ისე გაჰქონდა გოლები. მატჩზე მყოფი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ სემიჩასტნი ისე იყო აღფრთოვანებული ქართველი „მცველის“ თამაშით, რომ ყვიროდა: ბრავო, ბრავო, ონ იგრაეტ, კაკ მესხიო... პირველი ტაიმი ხუთით ნული მოვუგეთ საბჭოთა მზვერავებს. შესვენებაზე კი მიშა გამოვცვალეთ და ის აეროპორტში გაემგზავრა და თბილისში დაბრუნდა. მეორე ტაიმში „კაგებემ“ შემოგვიტია და სამი გოლიც გაგვიტანა, მაგრამ ჩვენც შევუგდეთ ერთი და საბოლოო ჯამში 6:3 მოვუგეთ... მატჩის გმირი რომ მოიკითხეს, ჩვენ მას ის ფეხბურთელი წარვუდგინეთ, რომელიც განაცხადში გვყავდა და სემიჩასტნიმ ერთი კი შეხედა მას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და მიხვდა თუ არა ტრიუკს, ვერ გავარკვიეთ. აი, ამგვარად გავაცურეთ საბჭოთა დაზვერვა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ანალოგიური სამსახურები ვერაფერს უხერხებდნენ“.