კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ ამუშავდა ბაგრატიონთა ღმერთთან ნათესაობის თეორია და როგორ შესწირა უფალს მეფე ბაგრატ მესამემ შვილი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

975 წელს დემეტრე – აფხაზთა მეფე, უმემკვიდროდ გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა უსინათლო თეოდოსი მესამე. საერთოდ, უსინათლოები არ აჰყავდათ ტახტზე, მაგრამ იმ დროს აფხაზეთში რთული ვითარება იყო. სამეფო ოჯახში აღარ იყო სხვა მამრობითი სქესის მემკვიდრე. აფხაზთა მეფეების ოჯახში ხუთი ძმა: კონსტანტინე, რომელიც ქართლის მეფეს უწოდებდა თავს, ლეონ მესამე, დემეტრე მესამე, თეოდოსი მესამე და ბაგრატი, რომელსაც „ჩალა-მეფეს“ უწოდებდნენ, უმემკვიდროდ დარჩნენ. აფხაზთა სამეფო ოჯახს მხოლოდ ორი წარმომადგენელიღა ჰყავდა: ბატონიშვილი გურანდუხტი, უძეოდ გადაგებული მეფეებისგან და და მისი მცირეწლოვანი ვაჟი – ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი. ამგვარად, გამოდიოდა, რომ აფხაზთა მეფეების ტახტის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო ბაგრატი, გურანდუხტის ძე.
თითქოს ღმერთმა გამოუთავისუფლა ადგილი აფხაზთა სამეფო ტახტზე ასასვლელად ბაგრატ ბაგრატიონს.
ქართველთა სამეფოში, ტაო-კლარჯეთში, ზემო ქართლის სამხრეთში, იმიერ ტაოში 961 წლიდან მეფობდა დავით მესამე დიდი კურაპალატი, აშოტ დიდის შთამომავალი. დიდ დავითს ძე არ ჰყავდა. ამიერ ტაოში, ზემო ქართლის ჩრდილო ნაწილში, კლარჯეთში მეფობდა დავით კურაპალატის ახლო ნათესავი – ბაგრატ მეორე, რომელსაც ჰყავდა პატარა შვილიშვილი, ზემოთნახსენები ბაგრატ გურგენის ძე.
 ბაგრატიონთა კიდევ რამდენიმე ოჯახი არსებობდა ტაო-კლარჯეთში, მაგრამ, ყველაზე შესაბამისი იქნებოდა, ორივე სამეფოს, იმიერ და ამიერ ტაოს მემკვიდრედ სწორედ ბაგრატი, გურგენისა და გურანდუხტის ძე გამოცხადებულიყო. ამიტომ, დავით კურაპალატმა სწორედ ის იშვილა და გამოაცხადა იმიერ-ტაოს ტახტის მემკვიდრედ.
თითქოს აქაც, ტაო-კლარჯეთში, ღმერთმა გამოუთავისუფლაო ქართველთა მეფეებისა და მეფეთ-მეფის ტახტი პატარა ბაგრატიონს, გურგენისა და გურანდუხტის ძეს.
სიმბოლურია მისი სახელი და გვარი - ბაგრატ ბაგრატიონი. სადინასტიო სახელითა და გვარით დაუდო სათავე ბაგრატ ბაგრატიონმა საქართველოს გაერთიანებას, როგორც ჩანს, სახელი ბაგრატი ღვთისგან კურთხეულია საქართველოსთვის. სამწუხაროა, რომ ბაგრატიონები უკვე აღარ არქმევენ შვილებს ამ სახელს, იქნებ იმიტომაც დაკარგეს ტახტი.
 ქართლის ერისთავის, იოანე მარუშისძის ინიციატივით, დავით დიდმა 975 წელს მცირეწლოვანი ბაგრატ გურგენის ძე ქართლის ერისთავად გამოაცხადა. შიდა ქართლის დაკავებას კახეთის საქორეპისკოპოსოც ცდილობდა, მაგრამ დავით დიდ კურაპალატს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. რა თქმა უნდა, გაერთიანების მოწინააღმდეგენი მაშინაც იყვნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, გაერთიანების მესვეურნი გონიერნი და ძლიერები აღმოჩნდნენ.   
 სამიოდე წელიწადში სიტუაცია მომწიფდა და ქუთათისში, აფხაზთა სამეფოს დედაქალაქში შეიყვანეს მცირეწლოვანი ბაგრატი და აფხაზთა მეფედ გამოაცხადეს.  უსინათლო თეოდოსი მეფე ტაოში გააგზავნეს პატივით. ბაგრატ ბაგრატიონმა მიიღო აფხაზთა მეფის წოდება. აღსრულება დაიწყო გრიგოლ ხანძთელის მიერ ბაგრატიონების დალოცვამ. ამუშავდა ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობის თეორია. საქართველოს გაერთიანება დაიწყო ღვთივკურთხეული გვარის წარმომადგენელმა – ბაგრატ ბაგრატიონმა.
 რამდენიმე წელიწადში ბაგრატი სრულწლოვანი გახდა და თვითონ შეუდგა მართვას, დედის, მამის, პაპისა და მამობილის თანადგომით. ქართლი რეალურად დაიმორჩილა. გარშემო შემოიკრიბა ერთგული მოღვაწეები. ბაგრატ მეფეს შეეძინა ორი ვაჟი – გიორგი და გურგენი და ქალიშვილი გურანდუხტი, რომელიც შემდგომში შესანიშნავ ქართველს, ფერის ჯოჯიკის ძეს მიათხოვეს. ზოგს მიაჩნია, რომ გურგენი იყო უფროსი და ამიტომ ერქვა ბაგრატის მამის, მეფეთ-მეფე გურგენის სახელი. როგორც ჩანს, გურგენი ღვთისთვის შეუწირავთ და მონასტერში გაიზარდა. შეიძლება, გიორგი უფროსი იყო და გურგენი – უმცროსი. უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრედ დაბადებული, ნაკლებად სავარაუდოა, მეფეს უფლისთვის შეეწირა, რადგან მეფის მემკვიდრე ისედაც შეწირულია – მეფობისთვისაა დაბადებული და მეფობა კი უფლის სავალდებულო სამსახურია და არა ამქვეყნიური პატივი.
 იმ დროს ხშირი იყო შემთხვევა შვილის ღვთისათვის შეწირვისა. შვილის ღვთისადმი შეწირვა მის მოცილებას ან საკუთარი ინტერესებისთვის შეწირვას და სამაგიეროდ, ღვთისგან რაიმეს მოთხოვნას არ ნიშნავს. ეს შვილზე ზრუნვა იყო, რადგან სიყრმიდანვე ეკლესიაში იქნებოდა და სულზე იზრუნებდა. ქრისტიანული რწმენით, მშობლის უმთავრესი დანიშნულებაა შვილის სულზე ზრუნვა, მისი დაყენება ღვთის გზაზე, რათა სასუფეველში შესვლა დაიმსახუროს. შესაძლოა, ბაგრატ მეფე ამით ღვთისგან ქვეყნის გაერთიანებაში თანადგომას ითხოვდა, ასევე შესაძლოა, ერთ-ერთი ვაჟის მონასტერში გაგზავნა, ტახტისთვის შესაძლო ბრძოლის აცილებაც იქნებოდა. შეიძლება, სასულიერი გზაზე დადგომა გურგენ უფლისწულის პირადი სურვილიც იყო.
 გავიდა დრო. პაპის – ბაგრატ მეორისა და მამის – გურგენისა და მამობილის – დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდგომ მათ მიერ დაწყებული გზა ბაგრატ მესამემ გააგრძელა. მიიღო ქართველთა მეფის, მეფეთ-მეფის ტიტულები. ბიზანტიის კეისარმა მას კურაპალატის წოდება მიანიჭა. დაიკავა ჰერეთი და კახეთი და რანთა და კახთა მეფედაც იქცა.
 1014 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე, ქართული ეკლესიის წმიდანი, ბაგრატ მესამე. ტახტზე ავიდა მისი ძე, გიორგი პირველი, ცამეტი ან ჩვიდმეტი წლისა.
 1009 წელს თრიალეთში, გავლენიან სამცხელ აზნაურს, იაკობს და მის მეუღლეს შეეძინათ ვაჟი. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მარიამს გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა: „შეგეძინებათ ძე, რჩეული ვერძი ღვთისა, უწოდეთ მას გიორგი და ღმერთს შესწირეთ!“ იაკობს და მარიამს უკვე ჰყავდათ უფლისთვის შეწირული უფროსი შვილი, თეკლა, რომელიც დაბადებამდე შესწირეს ღმერთს და 7 წლის ასაკში ტაძრისის მონასტერში მიაბარეს. მართლაც, რამდენიმე დღეში შეეძინათ ვაჟი, დაარქვეს გიორგი და 7 წლის ასაკში ისიც ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს. ამ პერიოდში მისი ბიძები, მამამისის უფროსი ძმები – გიორგი მწერალი და საბა ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ. მათ გაიგეს ტაძრისში მათი ძმისშვილის ყოფნის შესახებ და სთხოვეს უმცროს ძმას, იაკობს, თავისი ძე ხახულში გადაეყვანა.
 1019 წელს იაკობმა 10 წლის გიორგი თავის ძმებთან, ხახულში, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მიიყვანა და მათ ჩააბარა. გახარებულმა ბიძებმა პატარა ძმიშვილი ლავრის წინამძღვარს, მამა მაკარის წარუდგინეს. იმავე მონასტერში მოღვაწეობდა ბაგრატ მესამის ძე, გიორგი პირველის ძმა – ბასილი, გურგენყოფილი. იმ დროისათვის ის უკვე სახელგანთქმული ყოფილა, როგორც მწერალი, მთარგმნელი და მწიგნობარი. ასევე, ხახულში მოღვაწეობდა ცნობილი მნათე – ანტონი.
 ასე გაიცნეს ერთმანეთი ქვეყნის გამაერთიანებლის სახელგანთქმულმა ვაჟმა და საქართველოს ეკლესიის მნათობმა.
  „მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისა“ – ბასილი ბაგრატის ძე ქართული ეკლესიის წმიდანია.
скачать dle 11.3