№50 შვილის გაჩენა დაქალის ქმრისგან გადავწყვიტე
იმდენად წარმატებული, კარგი ოჯახის შვილი და გარეგნულად მომხიბვლელი გოგონა ვიყავი, ვერავინ იფიქრებდა, რომ გაუთხოვარი დავრჩებოდი. თუმცა, ბედისწერა ასეთი მქონია. თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა, მაგრამ ჩემი შესაფერისი – არა. ზოგს ჩემი ბინა უნდოდა, ზოგს – მამაჩემის ფულები და ამას ვგრძნობდი. ორი უმაღლესი დავამთავრე. მშობლები, საუკეთესოს მაცმევდნენ და მახურავდნენ, საუკეთესო კურორტებზე მასვენებდნენ და არაფერს მაკლებდნენ. კიდევ ვამბობ, ბევრი ბიჭი მეპრანჭებოდა, მაგრამ, ზოგი ფიზიკურად არ მომწონდა, ზოგს, ვგრძნობდი მხოლოდ ჩემი ფინანსები აინტერესებდა, ზოგსაც, ისეთი შეხედულებები და გაგება ჰქონდა, მათ გვერდით ვერ ვიქნებოდი. ბევრს სურდა ჩემი ცოლობა, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი, არჩევანი გამეკეთებინა, შემყვარებოდა, ცოლად გავყოლოდი, კარგი ოჯახი შემექმნა და შვილები გამეჩინა. სწრაფად გაირბინა წლებმა. დღეს კარგი სამსახური მაქვს, ფინანსურად, ბინით და მანქანით უზრუნველყოფილი, ფიზიკურადაც საკმაოდ ახალგაზრდულად გამოვიყურები, მაგრამ, მშობლები გარდამეცვალნენ და მარტო ყოფნა ძალიან მიჭირს. ერთ დღეს ქალაქგარეთ, რესტორანში ვიყავი თანამშრომლებთან ერთად და გვერდით სუფრაზე, ჩემი უახლოესი დაქალის ქმარი შევნიშნე. თავის ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა. რომ დამინახა, გადაირია სიხარულით. ჩამეხუტა, ჩამკოცნა და თანამოსუფრეებს გააცნო ჩემი თავი: გაიცანით, ეს არის ყველაზე ჭკვიანი, საყვარელი და თბილი ადამიანი, ჩემი ცოლის უახლოესი დაქალი, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მარტოა, ძალიან წუნია გამოდგა, ვერ გავათხოვეთ და დაგვრჩა უქმარშვილოდო. მეწყინა მისი ასეთი შეფასება. მეორე დღეს, ავედი ჩემს დაქალთან, საყვედური მინდოდა მეთქვა, იმ უცხო ხალხში როგორ შემარცხვინე-მეთქი. გიორგი მარტო დამხვდა. მითხრა, ლიკა დედამისთან წავიდა, ცუდად ყოფილა, მოდი, ყავა დავლიოთ, ცოტა ვიჭორავოთ მეგობრულად და ისიც მოვაო. საუბარ-საუბარში, ორივე მივხვდით, რომ ისე ვერ ვუყურებდით ერთმანეთს, როგორც დაქალის ქმარი და ცოლის დაქალი. წლებია, გიორგის ვიცნობდი და თითქოს, სწორედ იმ დღეს აღმოვაჩინე მასში ის მამაკაცი, რომელიც მიზიდავდა. ზუსტად იგივე დაემართა მასაც. რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, რაღაც საქმე მაქვს შენთან და შემხვდიო. შევხვდი და მითხრა, საყვედური რომ მითხარი, მართლი ხარ, მინდა, გამოვისყიდო ჩემი შეცდომა და ჩემს „დაჩაზე“ დაგპატიჟოო. ვკითხე, ლიკაც მოდის-მეთქი? მიპასუხა: არა, მინდა, მხოლოდ მე და შენ ვიყოთ. იმედია, უარს არ მეტყვიო. მოკლედ, მის „დაჩაზე“ ერთად ვიყავით და მისი სითბო რომ ვიგრძენი, მივხვდი, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ეს ის კაცი იყო, რომელსაც წლებია, ველოდებოდი. დღეს კი მისგან შვილს ველოდები, თუმცა დაქალმა არ იცის, რომ ბავშვი მისი ქმრის შვილია. გიორგის ცოლობაზე არ მაქვს პრეტენზია. ღმერთმა საჩუქარი გამიკეთა, დედა ვხდები და ამისთვისაც მადლობელი ვარ. თუმცა, არ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემს დაქალს როგორ გავუმხილო ან საიდუმლო როდემდე დაიმალება. ფაქტია, გიორგი ჩემ გვერდით თავს კარგად გრძნობს, ბავშვის გაჩენასაც ჩემსავით, დიდი სიხარულით ელის და მეუბნება, შენ რომ ბედნიერი ხარ, ესეც საკმარისია ჩემთვისო. ვიცი, ეს ამბავი გასკდება, ჩემი დაქალი გაიგებს. იქნებ, რაღაც დროის შემდეგ მაპატიოს და ქმარსაც გაუგოს, მაგრამ ამ ამბის გაგებისას პირველ დარტყმას როგორ გადაიტანს, არ ვიცი. ალბათ, ბევრი გამკიცხავს, მაგრამ მე მხოლოდ შვილი მინდოდა, მისი ქმრის წართმევას არ ვაპირებ.
ნინო, 45 წლის.