კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-49(936)


​ნიკას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მარიკას რეაქცია, როცა მისი სიყვარულის შესახებ გაიგებდა, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ქალს თვალები გაუფართოვდა, გაფითრდა და გონდაკარგული იატაკზე გაიშხლართა. შეშინებული გიო კარს მივარდა და ექიმის დასაძახებლად გაიქცა. ნიკაც შეშფოთდა, მაგრამ ისე იყო დეას წერილით აფორიაქებული, დიდ უბედურებად არ ჩაუთვლია. სამაგიეროდ, კლინიკაში ატყდა ალიაქოთი. პალატაში ერთდროულად სამი ექიმი შემოვარდა. რამდენიმე წუთში კიდევ ორი მიემატა. პაატას დაურეკეს. მარიკას გადასხმის აპარატი დაუდგეს, გონზე მოიყვანეს და საწოლზე, შვილის გვერდით დააწვინეს. თვალები რომ გაახილა, არ ახსოვდა, რა მოხდა. საკუთარ ხელს დახედა და აწივლდა:
– რა მჭირს? ეს რა არის?
– ქალბატონო მარიკა, არ ინერვიულოთ. საშიში არაფერია. ეტყობა, გადაიღალეთ. ახლა გადასხმას გიკეთებთ, მალე მომჯობინდებით. თქვენს მეუღლესაც დავურეკეთ. უკვე მოდის.
მარიკა ოდნავ დამშვიდდა და ბალიშზე თავმიდებულმა სუსტი ხმით ჩაილაპარაკა.
– თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ.
– დედა, გეხვეწები, შენც მისავლელი ნუ გახდები, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკამ და გიოს ანიშნა, ჩემკენ დაიხარე, რაღაც მაქვს სათქმელიო, – შენ ახლა წადი და დეას უთხარი, რომ როგორც კი აქედან გამოვალ, მაშინვე ვნახავ. ხმა არ ამოიღო, თორემ მარიკას ისტერიკების მეორე სერიის ნახვა მოგიწევს.
გიომ თავი დაუქნია და მარიკასკენ შებრუნდა, რომ დამშვიდობებოდა. ქალს მის დანახვაზე თავისი ცუდად გახდომის მიზეზი გაახსენდა და ისევ ავიშვიშდა.
– ნიკა, მითხარი, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა. გიო, სად მიდიხარ? შენ მაინც თქვი, რომ ჩემმა შვილმა მომატყუა ან მე მომესმა და როგორმე დავმშვიდდები.
გიო ღია კარში გაძვრა და შვებით ამოისუნთქა. თავისთვის ფიქრობდა, რა შარში ამოვყავი თავი. ახლა პაატა მაინც არ შემხვდებოდესო. მაგრამ რისიც ეშინოდა, არ ასცდა. ეზოდან გასვლა ვერ მოასწრო, რომ ჭიშკარში მეგობრის მამის მანქანა დაინახა. პაატამაც შენიშნა ბიჭი და ფეხებთან დაუმუხრუჭა.
– გიო, რა ხდება, სად მიდიხარ?
– საქმე მაქვს, ბატონო პაატა. შემოვივლი კიდევ. თქვენ არ ინერვიულოთ, ორივე კარგად არის – ნიკაც და ქალბატონი მარიკაც.
– მართლა? აბა, რატომ დამირეკეს.
გიო დაიბნა და ენა დაება:
– იცით, რაშია საქმე? ექიმმა თქვა, რომ ქალბატონი მარიკა გადაიღალა, ცოტა შეუძლოდ გახდა, მაგრამ ახლა კარგად არის. მართლა...
პაატამ თავი გადააქნია და ჭარხალივით გაწითლებული ბიჭი ეჭვით შეათვალიერა.
– არა, აშკარად რაღაცას არ მეუბნები. შეთქმულებს ჰგავხართ შენც და შენი მეგობრებიც, მაგრამ ახლა ამის დრო არ მაქვს. მერე დაგელაპარაკებით, ყველას ერთად...
***
დეამ ანგარიშმიუცემლად გააღო კარი. ზღურბლზე თავხედურად მოღიმარი, ლამაზი და გემოვნებით ჩაცმული გოგო იდგა.
– გამარჯობა, – თქვა კევის გამომწვევი ღეჭვით და დეა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. დეას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. რაღაც არ მოეწონა ამ გოგოში.
– თქვენ ვინ ხართ?
– აი, შემოვალ და გეტყვი. თუ გინდა, რომ აქვე გაგირკვიო ყველაფერი?
– წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხართ და რა გინდათ.
– რამდენიმე წუთი დამჭირდება, ამაში რომ გაგარკვიო.
– კარგი, შემოდით.
ლიზამ ტუჩი გაბუსხა და ამრეზით მოათვალიერა მოკრძალებულად გაწყობილი ბინა.
– მდა, ესე იგი, აქ ცხოვრობ.
– დიახ, აქ ვცხოვრობ. ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ ახლა უკვე ბევრი რამ ჩემთვის გასაგები გახდა.
– მაინც რა გახდა გასაგები? – დეამ იგრძნო, რომ სიმშვიდეს კარგავდა.
– გასაგებია, რატომ დაადგი ნიკას თვალი.
დეასთვის უკვე ყველაფერი „დალაგდა“, თითქოს გულზე მოეშვა და გაიღიმა.
– ახლა მივხვდი, ნიკას მეგობარი ხარ.
– არა. ასე ვერ ვიტყოდი. მე ნიკას მეგობარი კი არა, საცოლე ვარ და ცოლიც გავხდები. ამიტომ გირჩევ, არც კი ეცადო, ისევ გამოჩნდე მის ცხოვრებაში.
დეამ შეხედა. ერთი სული ჰქონდა, ხელი ჩაევლო გოგოსთვის, კართან მიეყვანა და გარეთ გაეგდო, მაგრამ შინაგანმა თავდაჭერილობამ, აღზრდამ თუ რაღაც სხვა გრძნობამ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. თვითონაც უკვირდა, რომ მოახერხა საკუთარი თავი ხელში აეყვანა.
– ვერაფერი გავიგე, რა გინდა შენ?
ლიზამ მედიდურად ჩაიცინა. სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და უტიფრად მიახალა მოღიმარ დეას.
– ჰმ, უფრო ჭკვიანი მეგონე. კარგი. აგიხსნი. ნიკას უნდა შეეშვა. ოღონდ, არ მითხრა, რომ არც კი იცნობ ნიკას. იცი, ხომ, სიკვდილს რომ ძლივს გადაურჩა. თუმცა, რას გეუბნები, რა თქმა უნდა, იცი. დარწმუნებული ვარ, ამ ამბავში მთლად უდანაშაულო არ უნდა იყო. გემოვნება კარგი გქონია. არა, რა იფიქრე, რომ ხელის ერთი გაქნევით მოიწყობდი ცხოვრებას? აღარც იაფფასიან სპექტაკლებში მოგიწევდა პერანგისამარა კუნტრუში, ალბათ, ორ კაპიკად და აღარც ბარში მუშაობა? ასეა, ხომ?
დეა გაფითრდა.
– საიდან იცი, მე რას ვაკეთებ და როგორ ვცხოვრობ. საერთოდ, რა იცი ჩემ შესახებ?
– ბევრი რამე ვიცი, საყვარელო და არ გირჩევ, ისე დამიპირისპირდე, რომ ყველაფერი ნიკას მშობლებთან მოვყვე.
– ტყუილად ფიქრობ, რომ შენი შანტაჟის მეშინია, – თქვა დეამ და იგრძნო, როგორ გაუოფლიანდა ხელისგულები.
– მერე ვინ გაშინებს? უბრალოდ, გიხსნი, რა შეიძლება მოხდეს, თუ სიჯიუტეს გამოიჩენ და შენსას არ მოიშლი.
დეა სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და თავის ხელებს ჩააშტერდა.
– უკვე გითხარი, შენი შანტაჟი საერთოდ არ მადარდებს. უბრალოდ, ვნანობ, რომ კარი გაგიღე, – თქვა წყნარად.
ლიზამ მხრები აიჩეჩა.
– რას იზამ, გარდაუვალს ვერ გაექცევი. ახლა არ გამიღებდი კარს, სხვაგან გნახავდი. მიზანს ყოველთვის ვაღწევ.
– გეტყობა, ნიკა ძალიან გიყვარს.
– რა მნიშვნელობა აქვს?! პრინციპის საკითხია. ნუ, როგორ აგიხსნა, მას ჩემად მივიჩნევ და საშინლად არ მიყვარს, როცა ჩემს საკუთრებას ეხებიან.
– გასაგებია. კიდევ გინდა ჩემთვის რამის თქმა თუ წახვალ?
– ცოტა ხანი კიდევ მოგიწევს ჩემი ატანა. მოკლედ, ნიკას მშობლებმა არ იციან, რომ მათი შვილი შენმა ცხოველმა საყვარელმა დაასახიჩრა.
– ის ჩემი საყვარელი არ არის, ყოფილი ქმარია.
– ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. გაგიმართლა, რომ სერიოზული არაფერი დაუშავდა, თორემ მამამისი ორივეს ციხეში ჩაგსვამდათ. ლამაზი ხარ... შესაფერისი მამაკაცის პოვნა არ გაგიჭირდება. დამიჯერე, ნიკა შენი შესაფერისი არ არის. მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებ.
– ჰმ, – გაეღიმა დეას, – როგორი მზრუნველი ხარ?
– რატომაც არა? – გადაიკისკისა ლიზამ, – ქალური სოლიდარობა არც ჩემთვის არის უცხო. მიხვდი, ხომ, ყველაფერს? მაშინ წავალ.
– ტყუილად კი გაისარჯე. ნიკასთან შეხვედრას ისედაც არ ვაპირებდი, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვინმესი მეშინია. მინდა, ბედნიერი იყოს – სულ ეს არის.
– უცნაური ვინმე ხარ. მე მირჩევნია, თავად ვიყო ბედნიერი. თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მშვიდობით...
დეამ კარი ჩაკეტა და ფანჯარასთან მივიდა. დაინახა, როგორ ჩაჯდა მისი სტუმარი ძვირფას, ბოლო მოდელის ავტომობილში. ყელში თითქოს ბურთივით გაეჩხირა რაღაც და ატირდა...
***
პაატამ ცოლს შეშფოთებით შეხედა და გვერდით მიუჯდა. მარიკას ფერი დაბრუნებოდა, მაგრამ ქმრის ყურადღება ესიამოვნა და შეიფერა. კაცი დარწმუნდა, საგანგაშო რომ არაფერი იყო. შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა.
– მშვიდობა ყოფილა. აბა, რომელი მომიყვებით, აქ რა მოხდა. ნიკუშ, იქნებ შენგან დაგვეწყო?
ნიკამ რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა და ხელი ისე გაიქნია, თითქოს ეუბნებოდა, არ ვარ ლაპარაკის გუნებაზეო.
– პაატა, შენ არ იცი, რა მოხდა. შენ ვერ წარმოიდგენ, რა უბედურება დაგვატყდა თავს. ეს უსინდისო კი ხმას არ იღებს. ისეა გაჩუმებული, თითქოს მას არ ეხებოდეს ჩემი ცუდად ყოფნა.
– მარიკა! – გამაფრთხილებლად დაუძახა ნიკუშამ და ტელეფონში მესიჯის წერა განაგრძო.
– უყურე ახლა ამას, უყურე... ლამის მოვკვდი, კინაღამ გული გამისკდა და აქეთ არის დიდგულზე.
– არაფერი მომხდარა ისეთი, რომ შენ ასეთი ამბავი აგეტეხა. ბავშვი გგონივარ? ერთ დღეს ხომ აუცილებლად შემიყვარდებოდა ვინმე, ამას რატომ არ აცნობიერებ?
პაატას სახეზე გაოცება გამოესახა და მარიკას მიუბრუნდა.
– ანუ? იქნებ რებუსების გარეშე მითხრა, რასაც გულისხმობ.
– კარგი, მე გეტყვი, – ამოიოხრა ნიკამ, – ვიცი, მაინც არ მომეშვებით. შეყვარებული მყავს-მეთქი და გაგიჟდა. გონება დაკარგა და ექიმები დაიხვია თავზე. არ იცი, როგორი არანორმალურია?!
– ნიკუშა, გეყოფა. არ გამაგიჟო. ყველაფერი თქვი.
– რაც არის, იმის ვამბობ.
– ორივე გაჩუმდით! – გაბრაზდა პაატა, – მარიკა, რას ხედავ საშინელს იმაში, თუ ნიკას ვიღაც შეუყვარდა.
– ვიღაც კი არა, ქმრიანი და შვილიანი ქალი. სწორედ მაგიტომაც არის ახლა აქ თავ-პირდანაყული.
– ლიზას მონაჩმახს უჯერებ? – აყვირდა ნიკა, – სულელია ეგ გოგო, ეჭვიანობს და რაღაცები ელანდება.
პაატა ადგა  და შვილთან მივიდა.
– ნიკა, თუ სიმართლეს არ იტყვი, იძულებული გავხდები, ამ საქმეს მსვლელობა მივცე. გამომძიებელი ჩემს სიტყვას ელოდება. გინდა, იმ ქალს პრობლემები შეექმნას? ეს გინდა?
– არა, – ჩაიბუზღუნა ნიკამ და დედას გაბოროტებით გახედა.
– მაშინ, თქვი რა მოხდა, ყველაფერი მოყევი.
– არ მინდა, მარიკა რომ ისმენდეს.
– უყურე ამას? – გადაყოლილი ვარ, შვილო, შენზე და ამის ღირსი ვარ?
– მარიკა, სიარული შეგიძლია? – ჰკითხა პაატამ, – ძალიან გთხოვ, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე.
– ცუდად ვარ, ვერ ავდგები, – გააპროტესტა ქალმა.
– მარიკა, გთხოვ...
– არ გავალ! – კიდევ უფრო ჯიუტად განაცხადა ქალმა. ნიკამ ხელი ჩაიქნია.
– იყოს, რა აზრი აქვს. მალე მაინც ყველაფერს გაიგებს. ოღონდ ორივეს გაფრთხილებთ – თავებიც რომ დაიხოცოთ, მე მაინც მეყვარება ის გოგო და ცოლადაც შევირთავ.
– შენ აქ ულტიმატუმს ნუ გვიყენებ! – ხმა გაიმკაცრა პაატამ, – ვინ არის?
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩვეულებრივი გოგოა, ძალიან ლამაზი და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. მგონი, სრული უფლება მაქვს, ის მიყვარდეს, ვინც მინდა.
– ოჰო, საქმე სერიოზულად ყოფილა, – პაატა ადგა და პალატაში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. მარიკამ გადაწყვიტა ბოლომდე „გაენადგურებინა“ შვილი.
– ვაჟბატონო, სანამ ენას დაიგრძელებ, იქნებ გვითხრა, გათხოვილი ქალის ცოლად მოყვანას როგორ აპირებ ან მზად ხარ თუ არა სხვისი შვილის გასაზრდელად?
– ეგ ჩემი პრობლემაა და მივხედავ.
პაატამ გაიცინა.
– სარკეში ჩაიხედე და მიხვდები, როგორ შეგიძლია პრობლემების მოგვარება.
– არ გინდა, ეგ ირონია. ვის არ უჩხუბია.
– არა, ნიკა. ჩხუბსაც აქვს თავისი წესები. თუ შენ სხვის ცოლს ეჩალიჩებოდი და ამის გამო მოგხვდა, მაშინ კიდევ უფრო მაგრად უნდა მოგხვედროდა.
– პაატა, რას ამბობ? უფრო მაგრად როგორ უნდა მოხვედროდა, ხომ არ მოკლავდა.
– მარიკა, შენ ნუ ერევი. იცი, ეს რას ნიშნავს? – კარგად ვერ გაგვიზრდია ეს ვაჟბატონი და კაცობა ვერ გვისწავლებია.
– ანუ, იმას არაფრად აგდებ, გათხოვილი, შვილიანი ქალის ცოლად მოყვანა რომ უნდა?
– ეგ სხვა პრობლემაა. ნიკა, ახლა მითხარი, მე რა გავაკეთო.
– წარმოდგენა არ მაქვს, რა გინდა. მხრები აიჩეჩა ნიკამ და მამას გამომწვევად შეხედა.
– ვერ ხვდები? ძალიან ცუდი. მაშინ მე აგიხსნი – შენი ცემისთვის იმ კაცს პასუხი უნდა მოვთხოვო. მე კი არა, კანონმა უნდა მოსთხოვოს. მაგრამ მე, როგორც მამაკაცი, მისი მესმის და ვამართლებ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. მორჩეს ეს ამბავი. მალე კარგად გავხდები, გავეწერები აქედან და ყველაფერი ძველებურად იქნება. ნუ, თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში. მე ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ მივიჩნევ.
– ანუ, ამ კახპას მოიყვან ცოლად? – იწივლა მარიკამ.
– ნუ ყვირი, დედა. გირჩევნია, დეას კახპას ნუღარ დაუძახებ და, საერთოდაც, პატივისცემით მოეკიდე.
– პაატა, მიშველე რამე... მიშველე, თორემ ისევ ცუდად გავხდები.
– აი, რატომ მინდოდა აქედან გასულიყო, – აღშფოთდა ნიკა, – და, საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ნუღარ ჩაყოფთ!
– კარგი, აღარ ჩავყოფ... – ამოიოხრა პაატამ, – ახლა მე და დედაშენი წავალთ და რაც გინდა, ის ქენი. კლინიკაში მკურნალობის ფულიც გადაიხადე, გამომძიებლის შეკითხვებსაც უპასუხე. მერე კი, ვნახოთ, რა მოხდება.
ნიკა გაშრა.
– აჰა, ანუ ასე აპირებ დამსაჯო? ძალიან კარგი. არა უშავს, არ დავიკარგები, არაფერი მინდა თქვენი, სახლშიც არ დავბრუნდები.
პაატა ცოლს მიუბრუნდა.
– მარიკა, ადექი, ჩაიცვი და წავიდეთ.
ქალმა სასოწარკვეთით ამოისლუკუნა.
– რას ამბობ, პაატა. ასე როგორ მივატოვოთ?
– რასაც გეუბნები, გააკეთე, ჩაიცვი და წავიდეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3