№50 რატომ დააარსა ბერიამ შუაგულ ტაიგაში ქართული ქალაქი
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას უამრავი არარსებული დანაშაული დააბრალეს, მათ შორის უკიდურესი ნაციონალიზმიც, სიმართლე უნდა ითქვას, რომ მას ასეთი „გადახრები“ ნამდვილად ჰქონდა. ისტორიის დოქტორი ვიქტორ პოლსკიხი წერს: „სამართლიანობიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ბერიას მართლაც ჰქონდა „ვიწრო, კუთხური ნაციონალიზმის“ გამოვლინებები (ასეთ კვალიფიკაციას აძლევდნენ პატრიოტიზმს საბჭოთა კავშირში). ჩემი აზრით კი, ბერია ქართველი პატრიოტი იყო და ეს სულაც არ მიმაჩნია ცოდვად. თუმცა, მას ამ საკითხში გადაუმეტებია კიდეც.
1948 წელს ლავრენტი ბერია უაღრესად საიდუმლო, საბჭოთა ატომურ პროექტს ხელმძღვანელობდა და ხშირად უწევდა ხოლმე ურალის მთების მიღმა მივლინებები, რათა ეს პროცესი პირადად გაეკონტროლებინა. ატომურ პროექტზე ათეულ-ათასობით ადამიანი შრომობდა. მათ შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებიც საშუალო რგოლის სამუშაოებს ახორციელებდნენ – ინჟინრები, კონსტრუქტორები, მშენებლები და სხვა მსგავსი სპეციალობის მუშაკები. იმავე წელს ბერიამ შუაგულ ტაიგაში, ოქროთი, ძვირფასი თვლებითა და სხვა სტრატეგიული ნედლეულით მდიდარ ადგილზე საფუძველი ჩაუყარა ახალი დასახლების მშენებლობას, რომელსაც სევერნოსოლნეცკი ეწოდა (ქართულად – ჩრდილოეთის მზე). იკაფებოდა ტაიგა. ტერიტორიაზე და იქ, სადაც ყინვა 30-40 გრადუსს აღწევს, შენდებოდა სახლები, რომლებშიც ძირითადად, ქართველები სახლდებოდნენ... 1948-1953 წლებში სევერნოსოლნეცკის მოსახლეობამ 80 ათასი ადამიანი შეადგინა, მათ შორის 76 ათასი ქართველი იყო. ამ ადგილას დღეს ორმილიონიანი ქალაქია და მოსახლეობა ოქროს მრეწველობასა და ძვირფასი ქვების მოპოვებაში არიან ჩართულები. შემორჩენილია ქართველების უბანიც. იმ დროს კი ის ქართული ქალაქი იყო და ბერიამ ეს შეგნებულად გააკეთა. არქიტექტორ-ურბანისტი ლევან წერეთელი ყვებოდა: „1948 წელს ბერიამ თავის კაბინეტში დამიბარა და ქართულად მითხრა:
– ამხანაგო ლევან, თქვენ გახასიათებენ, როგორც საუკეთესო ურბანისტს და აქ ამიტომ მოგიწვიეთ. მინდა, კონსულტაცია გამიწიოთ.
– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ. ბრძანეთ, – ვუთხარი ბერიას.
ბერიამ შუაგული ტაიგის რუკა მაჩვენა, რომელსაც სხვათა შორის, თითქმის ყველა პარამეტრით კარგად ვიცნობდი და მითხრა:
– ერთადერთ კითხვაზე გამეცით პასუხი, შესაძლებელია თუ არა ასეთ ბუნებრივ პირობებში თანამედროვე ქალაქის აშენება და ხალხის დასახლება მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივით?
– შესაძლებელია, – მყისვე მივუგე მე.
ბერიას გაუხარდა და ამ ქალაქის მშენებლობა მე დამავალა, თან მითხრა, სამუშაო ძალასა და საჭირო აღჭურვილობას არ მოგაკლებთო...
ქალაქს ბერიამ სევეროსოლნეცკი უწოდა და ერთი წლის მერე იქ უკვე ასოთხმოცდაათი სახლი იდგა. ფუნქციონირებდა კინოთეატრი, ორი მაღაზია და საყოფაცხოვრებო მომსახურების თანამედროვე ცენტრი. ქუჩები კი კოხტად იყო მოკირწყლული...“
სევეროსოლნეცკში ბერიამ ქართველები დაასახლა. ოფიციალური ვერსიით, იქ ცხოვრობდნენ არა მარტო ინჟინერ-მშენებლები და მათი მონათესავე პროფესიის ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც ატომურ პროექტზე მუშაობდა. ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც ჰქონდა – ქალაქის მცხოვრებნი ოქროსა და ძვირფასი ქვების მოპოვებით იყვნენ დაკავებულები და თავიანთი მონაპოვრის 50 პროცენტს გადასამუშავებლად თბილისში აგზავნიდნენ. ამისთვის კი, ბერიას ბრძანებით, თბილისში ოქროს ქარხანა აშენდა, სადაც ძვირფას ქვებსაც ამუშავებდნენ. მთელი „მარილი“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ თბილისში დამუშავებული პროდუქცია საქართველოში რჩებოდა და ქვეყნის ბიუჯეტს ავსებდა. პარალელურად კი, ციმბირის მდიდარ ადგილს ქართველები იპყრობდნენ.
ლევან წერეთელი, ბერიასთან თანამშრომლობის გამო 10 წელი ციხეში იჯდა (1989 წელს გარდაიცვალა). მან აბსოლუტურად ზუსტად იცოდა, თუ რა ხდებოდა სევეროსოლნეცკში. წერეთელი იხსენებდა:
„ლავრენტი ბერია ძალიან გონიერი, წინმჭვრეტელი ადამიანი იყო და ეს ყველაფერი ისე საიმედოდ ჰქონდა შენიღბული, რომ ბრალს ვერავინ ვერაფერში დასდებდა. სინამდვილეში კი, მისი სქემა ასეთი იყო და ორი მიმართულებით მუშაობდა – ციმბირის უმდიდრეს რაიონში ქართველების დასახლება და მათი იქ დამკვიდრება. ციმბირში მოპოვებული სიმდიდრის ნახევრის საქართველოში გადმოგზავნა და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება. 1948-1953 წლებში ეს სქემა დიდი წარმატებით მოქმედებდა. როგორც ვიცი, საქართველომ ციმბირიდან 2 ტონა ოქრო და 10 ათასი კარატი ძვირფასი თვლები მიიღო, რაც ათეულობით მილიონი მანეთი იყო. ციმბირში კი 80 ათასი ქართველი დასახლდა და დასაქმდა...“
ერთობ უცნაურია ის ფაქტი, რომ ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზეე სევეროსოლნეცკი არავის უხსენებია. ალბათ, მთავარ ცილისმწამებელ რომან რუდენკოს, უბრალოდ, გამორჩა...
ბერიას ეს საქმე იმ პერიოდის საბჭოთა კანონებით არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და დანაშაულს არც ჰქონია ადგილი. უბრალოდ, ბერია „ცოტათი“ თავის თანამემამულეებსა და სამშობლოს დაეხმარა, ესაა და ეს... მაგრამ ეს „ცოტა“ დახმარება საქართველოსთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ერთი მხრივ, ხალხის ცხოვრების დონემ აიწია, მეორე მხრივ კი, რესპუბლიკა გალამაზდა და უფრო განვითარებული და თანამედროვე გახდა, რაც ბერიას დამსახურება იყო.“