№50 ბროწეული – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ბროწეულის ნაყოფი არა მარტო გემრიელია, არამედ მეტად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამკურნალოდ გამოიყენება არა მხოლოდ მისი მარცვლები, არამედ კანი, ფოთლები, ტოტები და ფესვებიც კი.
ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით.
ბროწეული შეიცავს პუნიკალაგინს, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამაღლებს ანტიოქსიდანტურ სტატუსს. ის დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. მედიკოსები აცხადებენ, რომ პუნიკალაგინი და სხვა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ეს ხილი შეიცავს, ამაგრებს სისხლძარღვების გარსს და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბროწეულში შაქრის მაღალი შემცველობაა, მისი შეზღუდულად გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ბროწეული ინსულინის კარგი შემცვლელია. მათთვის რეკომენდებულია 60 წვეთი ბროწეულის წვენი ჭამის წინ 4-ჯერ დღეში. თუ დაიცავთ აღნიშნულ რეკომენდაციას, უკვე მესამე დღეს სისხლში შაქრის შემცველობა საგრძნობლად შემცირდება.
ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას შესაბამისად მას ხშირად გამოიყენებენ ანემიასთან საბრძოლველად თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდებულია, მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში იყენებენ ბროწეულის ფოთოლს – აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ასევე ეფექტურია ყვავილიც – მას კუჭის მოქმედების შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები ახასიათებს. ყვავილზე დამზადებული პრეპარატები კარგია ყელისა და ცხვირის დაავადებების დროს, ასევე ტკივილის გაყუჩებისა და სისხლდენის შეჩერებისთვის.
ბროწეულის ნაყოფიც და ქერქიც ხასიათდება შემკვრელი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ დიარეის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. უფროსებისთვის რეკომენდებულია გამომშრალი დანაყილი ქერქის მცირე რაოდენობით მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ბავშვებისთვის ამავე მიზნით საკმარისია ახლად გამოწურული, წყალში განზავებული წვენი. ინფექციური დიარეის დროს ბროწეულის ხის ქერქის შემცველი პოლიფენოლები ეფექტურად ამცირებენ დიზენტერიის ჩხირებს და სხვა გამაღიზიანებლებს.
კლიმაქსური პერიოდისას ჰორმონალური დარღვევების დროს ძალიან კარგია ბროწეულის კურკების გამოყენება. ისინი განსაკუთრებულ ცხიმს შეიცავს, რომელიც ამაღლებს ჰორმონულ აქტიურობას და აღადგენს ჰორმონულ ბალანსს. ამას გარდა, იხსნება თავის ტკივილები, წესრიგში მოდის არტერიული წნევა და მცირდება გაღიზიანებადობა.
ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, რომლებსაც გააჩნიათ გლისტების საწინააგმდეგო მოქმედება. გლისტებისგან გასათავისუფლებლად აიღეთ 40-50 გრამი დაფხვნილი ქერქი, დაასხით 400 მილილიტრი ცივი წყალი, გააჩერეთ 6 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ნახარში არ განახევრდება. გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 საათის განმავლობაში მიირთვით მცირე ულუფებით.
ბროწეულის წვენი არ შეიძლება კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს, როდესაც კუჭის მჟავიანობაა მომატებული. სტომატოლოგები ნაყოფის წვენის დალევას წყალში გახსნილი სახით გვირჩევენ, რადგან, მათი აზრით, კონცენტრირებული წვენის მიღების დროს ბროწეულმა, შეიძლება, კბილის მინანქარი დააზიანოს.