№50 რაც ქალმა უნდა იცოდეს
ჭეშმარიტმა ქალმა თავად უნდა შექმნას საკუთარი მომხიბვლელობა და განსაკუთრებულობა. თუ უნდა, რომ კაცები მისით აღფრთოვანებულები იყვნენ, მნიშვნელოვანია იცოდეს წესები და ურთიერთობის ნიუანსები.
* უნდა იჩხუბოთ
აგრესიულობა არც ისე მომხიბლავ თვისებად ითვლება და ქალს ერთი ამბის ატეხვასაც მთლად ღირსეულ საქციელში ვერ ჩაუთვლი, მაგრამ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუკი ბრაზს გრძნობთ, აუცილებელად უნდა გამოხატოთ კიდეც. ის ქალები (და კაცებიც), რომლებიც თავს იკავებენ, უკმაყოფილებას გულში იკლავენ, „იბერებიან“ და ბოლოს „სკდებიან“. ნუ დაიტოვებთ გულში ნურაფერს, ამოუშვით ორთქლი! მაგრამ გააკეთეთ ეს ისე, რომ სხვას – ახლობელ და საყვარელ ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ.
* თავგზა უნდა აგებნეთ
ხანდახან მიმართულებას ვკარგავთ, თავგზა გვერევა და ეს საშინელი განცდაა, თუმცა საჭიროც. გზა როცა გერევა, ბევრ რამეს სწავლობ. ეს საკუთარი თავის, ახალი, უფრო პერსპექტიული გზის პოვნის შანსია.
* იტირეთ
თუ გეტირებათ, იტირეთ. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. დაგროვილი ემოციების გამოშვება საჭიროა. ცრემლებით ემოციებისგან ვიცლებით. ეს ბუნებრივი რეაქციაა, ისეთივე რეაქცია, როგორიც სიცილი. არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ემოცია შევიკავოთ.
* დარჩით მარტო
ქალები სიყვარულს იმით გამოხატავენ რომ საყვარელ ადამიანს მარტო არ ტოვებენ. განსაკუთრებით, როდესაც უჭირთ. არადა, მარტოობა აუცილებელია. მხოლოდ ამ დროს ვახერხებთ საკუთარი თავს ჩავეძიოთ, აღვიდგინოთ წონასწორობა და ავიღოთ კურსი. მიეცით საყვარელ ადამიანს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შანსი. ნუ შეგეშინდებათ, ის არსად წავა. პირიქით, დაგიფასებთ ამ საქციელს.
* ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვების რჩევა-დარიგებებს
ზოგიერთი მეგობარი მოსიარულე რჩევების ფაბრიკაა. ნებისმიერი სიტუაციისთვის მოეპოვებათ ერთი-ორი გენიალური იდეა, თუ როგორ უნდა მოიქცე. ზოგჯერ საჭიროა სხვების მოსმენაც, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში, ერთ ყურში უნდა შეუშვათ და მეორედან გამოვუშვათ, თორემ ისინი ერთ დღესაც აუცილებლად გაგაგიჟებენ.
* დაარღვიეთ წესები
თუმცა, ეს რომ მოახერხო, ჯერ წესები უნდა ისწავლო. უნდა დაემორჩილო წესს, რომელიც ნასვამს საჭესთან დაჯდომას გიკრძალავს. მაგრამ ყოვლად გამოუსადეგარი წესი უნდა დაარღვიო. ადამიანს საკუთარი შეხედულებები უნდა ჰქონდეს, თუნდაც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ნუ მოერგებით საზოგადოებას, სიტუაციას, ადამიანებს. თუ გინდათ ბედნიერი იყოთ, იბრძოლეთ!
წლებს ნამდვილად
აქვს მნიშვნელობა
ყველა წყვილი ვერ აცნობიერებს პირობას, რაც ბედნიერი თანაცხოვრებისთვის არის აუცილებელი – ურთიერთობის შენარჩუნებას ორივე პარტნიორი უნდა ეცადოს. დასახელდა ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება განქორწინების მიზეზი.
წერენ, რომ სიყვარული მხოლოდ 3 წელს ცოცხლობს, რის შემდეგაც წყვილი ან შორდება, ან მათი ურთიერთობა უარესდება. სინამდვილეში, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ პარტნიორები ერთმანეთს უფრო კარგად იცნობენ, აფასებენ და გაცილებით კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს. კვლევების მიხედვით, ქორწინების მესამე წელი ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა.
პირველი სერიოზული პრობლემები პარტნიორების ცხოვრებაში შესაძლოა, ქორწინების მეხუთე წელს დაიწყოს. ამ პერიოდში ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან და ბევრი ზრუნვა სჭირდებათ. ქალები ვეღარ იცლიან მეუღლეებისთვის. იწყება გაუცხოება. უკმაყოფილო ქმარი ხმამაღლა გამოთქვამს პრეტენზიებს, რასაც ცოლი უმადურობაში უთვლის. წყვილი დაშორებაზე იწყებს ფიქრს, კვლევის მიხედვით, ქორწინების მეხუთე წელი ყველაზე რთულად მიიჩნევა. თუ წყვილმა ერთად 5 წელი გაძლო, მათ წინ ძლიერი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელით.
გაირკვა, რომ წყვილები უმეტესად გაზაფხულზე და შემოდგომაზე შორდებიან. მანამდე ისინი ცდილობენ, ქორწინებას მეორე შანსი მისცენ. ხოლო თუ არაფერი გამოვა, განქორწინება გარდაუვალია. ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდით წელიწადის ამ ორ დროს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდ ოჯახებში გაიზარდნენ, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების უკეთესი უნარი აქვთ. ეს უნარი კი შეიძლება, მათ ქორწინების გადარჩენაში დაეხმაროთ. ანუ, ეძებეთ პარტნიორი მრავალშვილიანი ოჯახიდან.
თუ პარტნიორებს ჩხუბის დროს ერთმანეთის მოსმენა არ შეუძლიათ, მაშინ განქორწინების რისკი ბევრად მაღალია.
კვლევებმა აჩვენა, რომ განათლებულ წყვილებს შორის განქორწინების შემთხვევები ნაკლებია.
სიყვარულის
ფორმულა
იქნებ მართლაც არსებობს სიყვარულის ფორმულა? რა უნდა გავაკეთოთ, რომ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვროთ ჩვენს რჩეულთან ერთად. წაიკითხეთ ყურადღებით, იქნებ გამოგადგეთ:
* დილით ვინც პირველი იღვიძებს, ყავასაც ის ამზადებს – თუ თქვენი მეუღლე ყავას არ სვამს. თავად მოიდუღეთ და მიირთვით;
* ერთმანეთი დაპატიჟეთ კონცერტზე, თეატრში. ბილეთები შეიძინეთ ჩუმად და გაუკეთეთ სიურპრიზი;
* სანამ კერძს მოამზადებთ, ჰკითხეთ პარტნიორს, რისი ჭამა ესიამოვნება. რატომ არ უნდა გაანებივროთ? შეიძლება, დაგავიწყდეთ რომელია მისი საყვარელი კერძი, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ რომელი კერძი არ უყვარს მას;
* ხშირად გაატარეთ ერთად თავისუფალი დრო, უყურეთ გადაცემებს, ფილმებს.;
* უმასპინძლეთ ოჯახში სტუმრებს – მისი მეგობრებიც ჩასვით სტუმართა სიაში;
* დაეხმარეთ ერთმანეთს, სთხოვეთ და ისიც მიიღებს მონაწილეობას ოჯახურ საქმიანობაში;
* შეისწავლეთ ერთმანეთის სურვილები;
* ხშირად ეკონტაქტეთ (სამსახურში ყოფნისას დაურეკეთ და მოიკითხეთ);
* გაუკეთეთ ერთმანეთს მცირედი სიუპრიზები;
* ხშირად გაეპრანჭეთ და იკეკლუცეთ;
* ჩხუბი დასაშვებია, რადგან ზოგჯერ შერიგება – აუცილებელი;
* შეეცადეთ, გააძლიეროთ, გაამძაფროთ გრძნობები მის მიმართ. უთხარით, როგორ გიყვართ;
* გამოყავით კვირაში დღე თუნდაც ერთი სიგიჟის ჩასადენად.
სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, მაგრამ მის გარეშე აზრს კარგავს.