№50 როდის ქმნის ქალი საყვარელი მამაკაცისგან მტრის ხატს და როგორ ცდილობს თავისი ცხოვრებიდან მის წაშლას
რა ხდება, როცა შეგნებულად მიდიხარ კონკრეტულ ნაბიჯზე – „ის“ შენ არ გეკუთვნის, ანუ თავიდანვე უნდა იყო შეგუებული იმ აზრს, რომ ადრე თუ გვიან, სამუდამოდ დაკარგავ. მაგრამ მაინც ებღაუჭები, ცდილობ ნარჩენებისგან შეკრა მთლიანობა, რომელიც არც არასოდეს არსებობდა. რა შეიძლება ხიბლავდეს ამ სახიფათო თამაშში ქალს. რატომ უნდა სცდიდეს ბედს და იტყუებდეს თავს? ნუთუ, ამ ყველაფერში დამნაშავე სიყვარულია?! ამბობენ, რომ პარტნიორის პოვნა ადვილია. გაცილებით რთულია მისი შენარჩუნება.
მარიამი (29 წლის): შემიყვარდა და ამ გრძნობამ გამაკეთებინა ის, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. დიახ, მე ვიცოდი, რომ ცოლიანი მამაკაცის სიყვარული კარგს არაფერს მომიტანდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, იმედიც ბოლოს კვდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნურად ვაცოცხლებდი ამ იმედს. თავი კი მოვიტყუე, მაგრამ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. შორიდან მარტივად ჩანს – ცოლი ჰყავს? უნდა შეეშვა. რაც სხვისია, ის შენი ვერასოდეს იქნება. თუ ამას გონებაში ჩაიჭედავ, შეიძლება, დიდი უბედურება აიცილო თავიდან.
მშურს მისი, ვისაც საკუთარ გულზე ძალადობა შეუძლია. რა ვქნა, ვერ მოვერიე სიყვარულს. ძალიან რთული აღმოჩნდა. ის ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრა და სხვა ყველა გრძნობა დააჩლუნგა. მაშინ მოვიდა, როცა ყველაზე მარტოსულად ვგრძნობდი თავს. რაღაც მომენტში, ბოროტიც გავხდი. ვნატრობდი, ჩემი საყვარელი მამაკაცი ცოლს გაშორებოდა – ნეტავ, ოჯახი დაენგრეს, რაღაც უბედურება დაემართოს-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ იმისი ცოლი საერთოდ არაფერ შუაში იყო. ხომ ამბობენ, სიყვარული უკეთესობისკენ ცვლის ადამიანებსო – ტყუილია. მე ჩემს მაგალითზე გამოვცადე, რომ პირიქით – უარესობისკენ ცვლის.
– რამ მოგხიბლათ ცოლიან მამაკაცში?
– თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ცოლიანის სტატუსი მამაკაცს რამე განსაკუთრებულ ხიბლს მატებდეს? უბრალოდ, შემიყვარდა და ეს იყო. მატყუებდა და იმედს მაძლევდა. ცოლი არ მიყვარსო, „ისტერიჩკაა“ და აუტანელი ხასიათი აქვს, ყველა სიტყვაზე ვჩხუბობთ და ლამის არის, დავხოცოთ ერთმანეთი, მე მასში ქალს ვეღარ ვხედავ და ამ ურთიერთობას აუცილებლად დავამთავრებ, იმიტომ რომ მომავალი აღარ გვაქვსო. სამწუხაროდ, ახლა უკვე ვიტყვი, რომ ყველა კაცი ერთნაირია და მათი ნდობა არ შეიძლება. ნეტავი, რა სინდისით ცხოვრობს საკუთარ ცოლთან იმ სიტყვების შემდეგ, რაც მასზე აქვს ნათქვამი. თუმცა, რომელ სინდისზეა ლაპარაკი. როცა ერთმანეთი გავიცანით, უკვე ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. არ იყო აუცილებლობა, ასე საზიზღრად ეთამაშა დაჩაგრული ქმრის როლი, რომელსაც ყელში ჰყავს ამოსული მობეზრებული ცოლი. მარტო ერთი რამ მინდოდა – სულ მის გვერდით ყოფნა. ვუსმენდი, როგორ ყვებოდა საშინელ ქალებზე, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – გათხოვდნენ და იშოვონ ქმარი. სამწუხაროდ, ჩემი ცოლიც ამ კატეგორიის ქალების რიცხვშია და აუცილებლად მივატოვებო. ასეთი კაცი მიყვარდა. შევცდი. მართლა ვფიქრობდი, რომ ცოლი არ გამოადგა. თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ღამით არ რჩებოდა. არ მაქვს ჩემი ცოლის სკანდალების თავი. მირჩევნია, მშვიდად დავშორდე. საშინელების ჩადენა შეუძლია და ისევ შენ გიფრთხილდებიო. რაღაც ეტაპამდე მჯეროდა მისი ტყუილების – ვუყვარვარ-მეთქი, ვფიქრობდი. რეალობას ძალიან მწარედ შევეჯახე. სერიოზული შოკი მივიღე და ძალიან დიდხანს თავი ცუდ სიზმარში მეგონა. ის ნაძირალა ყველა სიტყვას მატყუებდა, არც კი უფიქრია, ცოლს დაშორებოდა. კიდევ უფრო ცუდი – მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული. ვუყურებდი იმ ქალს და ვფიქრობდი, რომ ის ჩემზე უარესად იყო მოტყუებული.
– იქნებ, არც იყო მოტყუებული? არსებობენ ქალები, რომლებიც ქმრის თავგადასავლებს საკმაოდ გულგრილად უყურებენ.
– არ ვიცი. მე ამის გამოძიება არ დამიწყია. ამის დრო არ მქონდა და ჩემი ფიქრები უკვე სხვა რამისკენ იყო მიმართული. საყვარელი მამაკაცისგან უკვე მტრის ხატი შევქმენი. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რომ შემეძულებინა. მაგრამ მერე მაინც მოახერხა ხელმეორედ ჩემი გაცურება. თანაც დიდი ოსტატობით. მომადგა სახლში ჩემოდნით. ლამის შოკი მივიღე. ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. ვერ მივხვდი, რა მოხდა. მანამდე ტელეფონით ვეჩხუბე და ვუთხარი, ჩემი სახელი აღარ ახსენო-მეთქი. არც იმას დაუკლია ლანძღვა-გინება. შენთან იმიტომ მინდოდა, რომ ჩემს ცოლს არ ჰგავდი, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მაძლევდი, თურმე, უკეთესი არაფრით ყოფილხარო... და უცებ, სახლში არ მომადგა?! ცოლისგან წამოვედი, შენც ხომ ეს გინდოდაო. ქალი მაინც სულელია და ადვილად იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც უნდა. მეც ეგრევე დამავიწყდა ყველაფერი. ორი კვირა სახლიდან არ გასულა და არც მე გამიშვა. დავიჯერე, რომ ჩემზე გიჟდებოდა, რომ ჩემთან უნდოდა ყოფნა. როცა დავიჯერე ჩემი ბედნიერების, მაშინ გაქრა. როგორც მოვიდა ერთი ჩანთით, ისე წავიდა. მითხრა: რა ვქნა, ვცადე, შენთან ყველაფერი თავიდან დამეწყო, ახალი რეალობა შემექმნა, მაგრამ არ გამომივიდა. ვხვდები, ჩემი ცოლისა და შვილის აჩრდილი არასოდეს მომშორდება, გული ისევ მათკენ მიმიწევს და ძალიან ცუდად ვარ. შენ გვერდით მშვიდად ვერ ვიცხოვრებო. უნდოდა, ჩემგან კარგი ტიპის იმიჯით წასულიყო, მაგრამ უკანასკნელი ნაძირალასავით მოიქცა.
– რატომ? იქნებ არც უცდია თქვენი მოტყუება და მართლა ჰქონდა მცდელობა, მოეგვარებინა ურთიერთობები.
– თავიდან მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ ძალიან პატარა სივრცეში ვცხოვრობთ და სიმართლე არ იმალება. სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ნეტავი ცოლმა უკან როგორ მიიღო, ნუთუ თავმოყვარეობა საერთოდ არა აქვს-მეთქი და უცებ ვიგებ გამაოგნებელ ამბავს: ვაჟბატონმა არაჩვეულებრივი ტრიუკი ჩაატარა. მის ცოლს არც კი გაუგია თავისი ქმრის ორკვირიანი „ახალ რეალობასთან“ შეგუების ამბავი. ვითომ საქმიანი ვიზიტით უცხოეთში ბრძანდებოდა. ამ ნაძირალამ დრო იხელთა, ყველაფერი შესანიშნავად გამოთვალა და პრინციპში, გამოუვიდა კიდეც. სიმართლე შემთხვევით გავიგე, თორემ მაინც შემეცოდებოდა და ვიფიქრებდი იმაზე, რომ კაცმა სცადა. რომ იწვალა და შვილის სიყვარულმა გადასძლია. სინამდვილეში არამზადაა და არავინ უყვარს. მე რომ შურისმაძიებელი ქალი ვიყო, მივიდოდი და მის ცოლს ყველაფერს მოვუყვებოდი.
– ის ქალი რაშია დამნაშავე?
– სადაც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ისიც ხომ აქ ცხოვრობს. რატომღაც არ მჯერა, რომ „რაინდი“ მარტო ჩემთან მოიქცა ასე. ისე ოსტატურად მოქმედებდა, რომ ადრეც ექნებოდა მსგავსი საქციელი ჩადენილი. თუმცა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე არ შემრჩა მოპარული ბედნიერება.
– ეს რას ნიშნავს?
– „რაც არ გერგება, არ შეგერგება“. რატომ წარმოვიდგინე, რომ სხვისი ქმარი მე გამომადგებოდა. კაცი, რომელიც შეჩვეულია ტყუილს და ამაზე აგებს თავის ცხოვრებას, ვერასოდეს შეძლებს გულწრფელ ურთიერთობას. ყველაფერი ჩვენზე, ქალებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვაძლევთ მამაკაცებს უფლებას, სიცოცხლე ჯოჯოხთად გვიქციონ.