№50 რატომ დაემართათ ინფარქტი ედუარდ შევარდნაძის მოსვლა-წასვლაზე რამაზ ჩხიკვაძესა და ლია ელიავას
„…ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი, როგორ შეიძლება, ნაწყენი ვიყო კიდე რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომელიც გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა! როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ყოველთვის ზედმეტად ვიყავი დატვირთული და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…“
ოჯახში უნდოდათ, მუსიკოსი გამხდარიყო – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი… და კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში მიაბარებენ. მოკლედ, ის განწირულია კონსერვატორიისთვის, მაგრამ ბედის მწერალი სხვაგვარად ფიქრობს… პატარა რამაზს სკოლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაიყვანენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება – პატარა რამაზს თეატრი გაიტაცებს, თეატრის გარდა არაფრის გაგონება არ სურს. დაკვრაზეც აიცრუებს გულს. შინ ტრაგედიაა… გული თეატრისკენ მიუწევს. განხიბლული მამა ბედს ურიგდება, უკან დახევას ამჯობინებს, მაგრამ დედა უკომპრომისოა. როიალზე მიბმას უპირებს… პატარა რამაზს ვერ მოდრეკენ. რამაზი შეუვალი ხდება. ის პირველად უპირისპირდება მშობლების ნებას – თეატრს ირჩევს. რამაზი ასეთივე შეუვალი იქნება ცხოვრების თანამგზავრის არჩევის დროსაც. ადამიანი ცხოვრებაში ორ გადამწყვეტ არჩევანს აკეთებს – პროფესიულ არჩევანს და არჩევანს ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. მშობლები არ გაიზიარებენ რამაზის არც ერთ არჩევანს, მაგრამ რამაზი თავისას გაიტანს და დრო აჩვენებს მის არჩევანთა სისწორეს...
ასე იწყებოდა რამაზი
ბაბუა – აღიარებული ფოლკლორისტი. მამა – კონსერვატორიაში ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი. დედა – პროფესიონალი მომღერალი. შვილი – უჩვეულო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული. ის განწირული იყო კონსერვატორიისთვის, მაგრამ მან თავი თავის ბედისწერას – თეატრს შესწირა. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. ის კარგა ხანს ჩაიკარგა უზარმაზარ სივრცესა და უღიმღამო როლებში. აკი ორჯერ დააპირებს კიდეც თეატრის მიტოვებას და საოპერო, ვოკალურ ხელოვნებაში გადაინაცვლებს… ოთხმა წელმა განვლო წარმატებულ როლამდე – სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებდა „ესპანელ მღვდელში“. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთმა წელმა ჩაიარა მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე „როცა ასეთი სიყვარულია“. მერე გაიხსნა მცირე სცენა და გაიხსნა დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით „ჭინჭრაქაში“. თუმანიშვილის თქმით, ქოსა მრჩევლით ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი იწყება. „ამის შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ. დაიწყო მისი სვლა დიდებისკენ “… რობერტ სტურუა კი იტყვის, რომ „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება…“ თავიდან რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლად იყო დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. ჩხიკვაძის გულს კი დიდად არ ეკარებოდა ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი და უფრო ქოსიკოს როლი მოსწონდა, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადიოდა. რამაზ ჩხიკვაძე პარტერიდან ადევნებდა თვალს. ერთ დღესაც მაესტრომ რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე იხმო. „დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… ეგ რადიკულიტიც კარგია. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა…“
და ასე იწყებოდა დიდი ტანდემი
რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის „შეხვედრაში“ შედგა. შემდეგ „მზიან ღამეშიც“, „ხანუმაშიც“. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნა. „ხანუმა“ მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იყო, რომელიც „სამანიშვილის დედინაცვლით“ დაგვირგვინდა, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი „ყვარყვარეში“ ხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, „ყვარყვარე“ პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს „რობერტ სტურუას თეატრი“ ჰქვია. „ყვარყვარე“ პრემიერამდე 11-ჯერ გასინჯა ცეკას 3-4-კაციანმა კომისიამ. პრემიერაზე თეატრს მთელი თბილისი მიაწყდა, 200 ანშლაგის შემდეგ, სპექტაკლი მოხსნეს – „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის „არტურო უის კაროერიდან“ და თეატრს ბერტოლდ ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ უჩივლეს, თანხას არ გვიხდიანო. იძულებული გახდნენ, სპექტაკლი მოეხსნათ… რამაზ ჩხიკვაძე: „მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი „ყვარყვარე“ იყო, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა. „ყვარყვარე“, სხვათა შორის, გადაღებული იყო და წაშალეს, აბა შეიძლება ეს? ისე, მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო, კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათ. ვეღარ გავიგე, შემთხვევით იყო თუ ბოროტი განზრახვით…“
აზდაკი! რიჩარდი!
„ყვარყვარეს“ შემდეგ იყო დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრე“, რომლითაც თეატრმა საბჭოთა წრე გაარღვია და საგასტროლოდ გავიდა საზღვარგარეთ, გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე, დარბაზი ტაშით დაინგრევა… გერმანიას მოჰყვა მექსიკა – ფესტივალი „სერვანტინო-5“. ჩხიკვაძეს „მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი“ სწორედ მექსიკაში უწოდეს. ინგლისელმა მაიკლ კოვენმა კი „ფაინენშალ თაიმსში“ დაწერა: „რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს… ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“. იგივე მაიკლ კოვენი
მოგვიანებით გამოაცხადებს, რომ მზადაა, ლონდონიდან თბილისში ფეხით ჩავიდეს რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდის როლში სანახავად… „რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“ („თაიმსი“). 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალა კონცერტზე, სადაც „მეფე ლირიდან“ ორ ნაწყვეტს თამაშობს. პარტნიორობას ვანესა რედგრეივი უწევდა, რომელმაც კორდელიას როლის ნაწყვეტი რამაზის პატივსაცემად ქართულად ისწავლა და კორდელიას ქართულად თამაშობდა. ინგლისში, ქალაქ ლესტერში 1988 წელს რამაზ ჩხიკვაძეს ბენეფისი გაუმართეს, იქ ეთაყვანებოდნენ, ამ დროს კი აქ სტურუაზე განაწყენებული რეზო მიშველაძე ჟურნალ „კრიტიკაში“ წერდა, რომ თითქოს უცხოეთის პრესა თეატრის მიერ იყო მოქრთამულ-მოსყიდული და ხოტბა-დიდებით აღსავსე წერილებიც ამიტომ იბეჭდებოდა. ამ „ლოგიკით“ სტურუა და ჩხიკვაძე მსოფლიო მედიამაგნატები გამოდიან, რომელთაც შეძლეს მოესყიდათ „ფაინენშალ თაიმსი“, „თაიმსი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ობსერვერი“, „გარდიანი“, „ლა ფიგარო“… მთელი მსოფლიოს პრესა… რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი რუსთაველის თეატრში მეფე ლირია. „აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში“, – წერდა იტალიური „კორიერე დე ლა სერა“. 90-იანი წლებიდან ქარიშხალი მინელდა. ის ტოვებს თეატრს და მიდის. სცენის გარეშე რჩება…
ნატაშა
„ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი… ბევრი მძიმე დღეც გვახსოვს და ბევრი ხელისშემშლელი პირობაც, ბევრი ჭორი, ბევრი უბედურება… რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ… ჩემი ცოლი არც სოკრატეა და არც არისტოტელე, ჩვეულებრივად განათლებული ქალია, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონების პატრონია (ღ. ღვანიძე). ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ეჭვიანობს, ასატანია…ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსთაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყანაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, ამ მხრივ პატარა დამსახურება მართლაც აქვს.“
ხელოვანის კარდიოგრამა
როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა – ლია ელიავას ინფარქტი დაემართა. შევარდნაძის წასვლისას რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა გულზე პრობლემები. მისი „მოსვლა-წასვლა“ ორი ხელოვანის კარდიოგრამაზე აისახა: „ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი, სიცოცხლე ვის არ უნდა, კაცო, და მეც მინდა…ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურმარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლოს და ბოლოს, დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაც ხმაური შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარსაც მივადექით, გააღეს და დარბის დიასახლისი, აგზნებული ხალხი ერთმანეთს ურტყამს, ვინ სკამს ისვრის ვინ – ბოთლს. აბა, ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგვხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ, სად იყავით, კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიკული ხარხარი მიტყდება.“