№50 რატომ არის სიღარიბეზე საშიში სიღარიბესთან შეგუება და რატომ არის კომფორტული ადამიანებისთვის მსხვერპლად ყოფნა
ძალადობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს (და არა მხოლოდ პოლიტიკურს). საბჭოთა რეპრესიებგამოვლილებს არც დამოუკიდებლობის პერიოდში დაგვილხენია (სამწუხაროდ, კასრების კადრები ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა, იმ კადრების შემოქმედები, „ნაციონალები“, კვლავ ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობენ, იმავე კადრების განადგურების მომხრეები, არასამთავრობო სექტორი, კვლავ განაგრძობს სამოქალაქო აქტივობებს, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებამ კი მათი პოლიტიკური სივრციდან გაქრობა არ ისურვა ან ვერ მოახერხა).
თუ ამას დავამატებთ, რომ ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილს კვლავაც სჯერა, რომ ტოტალური ძალადობის გარეშე „ნაციონალები“ რეფორმებს ვერ გაატარებდნენ ან, სულაც, ძალადობას ლამის მიესალმებიან და გავიხსენებთ, რომ პატრონის ძიება საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის არსებობის გამართლებაა („უპატრონო“ კვლავ რჩება ერთ-ერთ შეურაცხმყოფელ ეპითეტად), ვითარება არც თუ სახარბიელოა, ვინაიდან ჯანსაღ საზოგადოებას მხოლოდ თვითკმარი ადამიანები ქმნიან.
ამ რთულ თემაზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ცნობილია, რომ მსხვერპლი ეჩვევა თავის როლს და მუდმივად ეძებს მოძალადეს ან თავად ხდება მოძალადე. ჩვენთან მუდმივად ეძიებენ პატრონს, და თუ მას მკაცრი ხელი ექნება, უფრო უკეთესი. ეს ზოგადად ადამიანის ხასიათის თავისებურებაა თუ ჩვენ გამძაფრებულად გვახასიათებს?
– ადამიანის ურთიერთობა მეორე ადამიანთან შეიძლება, იყოს კომფორტული, საფრთხესთან დაკავშირებული ან კატასტროფული, საბედისწერო და ასე შემდეგ, ამ პრობლემას აქვს სამი განზომილება: ერთ მხარესაა ძალადობის მსხვერპლი, მეორე მხარეს დგას მოძალადე, რომელიც ახორციელებს ზეწოლას, მათ შორის, იმას, რომ მსხვერპლმა არ გათქვას მოძალადე და საიდუმლოდ შეინახოს ძალადობა და მესამე მხარეს არის მხსნელი, რომელსაც შეიძლება, მიმართოს მსხვერპლმა და რომელსაც შეუძლია მხარში ამოუდგეს მსხვერპლს და მოძალადეს გაუმკლავდეს. მაგრამ, რაც მეტად შეეცდება მსხვერპლი, დაიხმაროს მხსნელი, მოძალადე მით უფრო აძლიერებს ზეწოლას მსხვერპლზე და ბოლოს უკვე მსხვერპლი იწყებს ზეწოლას მხსნელზე, რატომ ვერ დამიცავი, არ ხარ შენ ნამდვილი მხსნელი, არ ვარგიხარ და ამჯერად მსხვერპლი ხდება უკვე მოძალადე, ხოლო მსხნელი – მსხვერპლი. ამ სიტუაციაში უკვე მსხვერპლად ქცეული მხსნელი თვითონ ეძებს მხსნელს და ასე გრძელდება. ამას მეტაფორულად ბერმუდის სამკუთხედი ჰქვია. ეს ის სამკუთხედია, რომელშიც ადამიანები ხვდებან და კატასტროფაში სამივე კატეგორია იძირება, ანუ ერთგვარი ბერმუდის სამკუთხედია, რომელშიც ყველა გემი იძირება. ითვლება, რომ მსხვერპლად ყოფნა, რომელიც ჩივის, არიქა, თავს მესხმიან და მიშველეთო, იწვევს მოძალადის ახალ დარტყმებს და მხსნელი მას ვეღარ ეყოლება, იმიტომ რომ მხსნელს თავად ამსხვერპლებს.
– როგორ ასახავს ჩვენს პოლიტიკურ კონტექსტს: საზოგადოება „ოცნებას“ სთხოვს, დამიცავიო და აქცევს „ნაციონალების“ მსხვერპლად.
– ამიტომ, ხანდახან მსხვერპლის მხარეს დადგომა პრობლემაა, იმიტომ რომ ხშირად მსხვერპლები თავად პოულობენ თავიანთ აგრესორებს, მოძალადეებს. კრიმინოლოგიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში – კრიმინოლოგია არის მეცნიერება დანაშაულის მიზეზების შესახებ – მოტანილია ასეთი სტატისტიკა გაუპატიურებების შესახებ, რომ ხშირად დანაშაულის დიდი წილი მსხვერპლზე მოდიოდა. მან მიიქცია ყურადღება და გამოიწვია მოძალადე. თან, ეს იშვიათი შემთხვევა არ არის, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე ხდება.
– შემინიშნავს, რომ ადამიანები ტკბებიან თავიანთი მსხვერპლობით.
– საერთოდ, მსხვერპლად ყოფნა მეორადი მოგების შემცველია. პირველადი სახით ის წამგებიანია, მაგრამ, მეორე მხრივ, თავისი დივიდენდები მოაქვს: შეგიცოდებენ, მხარში ამოგიდგებიან და ეს განხილულია, როგორც დადებითი მოვლენა. თუმცა, სინამდვილეში, ვინც გიცოდებს და მხარში გიდგას, ესე იგი, შენ გაყენებს თავის თავზე დაბლა და გიცოდებს, როგორც სუსტს. შენ კი გგონია, რომ შეგიცოდა და კარგი ადამიანია. ამდენად, მსხვერპლი ქმნის მითებსა და ილუზიებს კარგი და ცუდი ადამიანების შესახებ. მაგალითად, წინასაარჩევნოდ რომ არიგებენ პროდუქტს, მათ ჰგონიათ, სიკეთეს უკეთებენ, რეალურად კი რყვნიან და ადამიანურ სახეს ართმევენ. მაგრამ ადამიანთა უმეტესობას ამდენი გაცნობიერების უნარი არ აქვს. მახსოვს, ელცინს არჩევნების წინ დედა მოუკვდა და რუსული ტელევიზია აცხადებდა, ელცინი ცოდვაა, დედა მოუკვდა და მიეცით ხმა, დამატებით ნუღარ აწყენინებთ, ისედაც დამწუხრებულიაო. რუსულ კულტურაშიც არის შეცოდების კომპონენტები და ამომრჩევლისგან მოითხოვეს თანაგრძნობა, ანუ დედის გარდაცვალების დივიდენდი მიიღო და დამატებით ერთი-ორი ამომრჩეველიც შეიძინა.
– მიხეილ სააკაშვილიც გვაცოდებს თავს, რომ დედა და ბებია არჩენენ და დანაზოგით ცხოვრობს. ბიზნესმენებიც გვიყვებიან, როგორი უქონელები იყვნენ და გაჭირვებიდან ამოვიდნენ.
– ასეთი აპელირება გაჭირვებაზე, მსხვერპლობაზე მეორადი სარგებლის ძიებაა. ადამიანი შეიძლება, იყოს გარემოს მსხვერპლი, სისტემის მსხვერპლი და უამრავი ვარიანტია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსხვერპლობას თან ახლავს მეორადი მოგების ძიება. იმ სარგებელზე ყურადღების მიპყრობა, რაც დაკავშირებულია თანაგრძნობასთან. ხშირად გამოიძახებენ „სასწრაფო დახმარებას“, ცუდად არიან, მაგრამ მოდიან ექიმები და ადამიანი კარგად ხდება. ეს იმიტომ რომ მას ყურადღება აკლდა და ახლა კომფორტულად გრძნობს თავს და კარგად ხდება, რადგან გრძნობს ყურადღებას. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია – მსხვერპლები აპელირებენ თავიანთ მსხვერლოპაზე და ამით დივიდენდებს იღებენ. ამას ადასტურებს დევნილების მაგალითიც: მათ ურიგებდნენ პროდუქციას თავიანთი დევნილის მოწმობის საფუძველზე. და ისინიც კმაყოფილები იყვნენ, რა თქმა უნდა, ქვეცნობიერის დონეზე, რომ კარგია, დევნილი რომ ვარ, ვიღებ შემწეობას, სხვა ვერ იღებს.
– იგივე ხდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფების შემთხვევაშიც. ხშირად მათ ურჩევნიათ, მიიღონ შემწეოება, ვიდრე თავად იმუშაონ.
– ადამიანები ეჩვევიან სიღარიბეს. საერთოდ, პრობლემა სიღარიბე არ არის, გაცილებით ცუდი რამაა სიღარიბესთან შეგუება, სიღარიბის გათავისება, ვიდრე ის, რომ ფული გაკლია და ხელმოკლედ ხარ. როდესაც შეეგუები სიღარიბეს, ფიქრობ, რომ ამას მოაქვს დივიდენდები, იმით, რომ იღებ შემწეობას. ადამიანებს მუშაობის დაწყება არ უნდათ, იმიტომ რომ მაშინ შემწეობას წაართმევენ და არ უღირთ. ურჩევნიათ, იყვნენ შემწეობის, ანუ სხვის ხარჯზე, სხვის კმაყოფაზე, ვიდრე თვითონ იმუშაონ და ეს მოაქვს მსხვერპლობას. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია და სხვებისგანაც გამიგია, გამოჩენილა 400-500-ლარიანი სამსახური და არ მიდის ადამიანი, იმიტომ რომ არ უღირს, რადგან ფეხს ფეხზე გადაიდებს და მიიღებს დახმარებას. ამიტომ ადამიანებისთვის მსხვერპლობა არის არგუმენტი და მოსწონთ. მსხვერპლობა გავრცელებული ფენომენია, რომელიც არ არის მხოლოდ ქართველების თავისებურება ან რომელიმე ერის. თუმცა მაგალითს გეტყვით, მაგალითად, სომხები მუდმივად აპელირებენ გენოციდით და უხარიათ, თუ აღიარებენ მათ გენოციდს. ანუ დიდ აქცენტს აკეთებენ მსხვერპლობაზე. მეტიც, სპიტაკში რომ მიწისძვრა მოხდა, პირველივე დღეებში ჩავედი და ვეხმარებოდი სომეხ ფსიქოლოგებს. ყველანი მძიმედ იყვნენ ფსიქოლოგიურად, მაგრამ ისეთებიც ვნახე, რომლებიც ხელებგაშლილები ამბობდნენ, მთელი მსოფლიო ჩვენ გვეხმარება, ასეთი რამ არსად მომხდარაო. ანუ მოსწონდათ, რომ ყველაზე დიდი მიწისძვრა მათთან მოხდა და ამით ამაყობდნენ.
– ჩვენც ანალოგიურად ვიქცევით რუსეთთან მიმართებით: აუცილებლად დაგვამარცხებს, ის დიდია და დაგვჩაგრავს და მსოფლიომ უნდა დაგვიცვას. მსხვერპლის როლით ვეძებთ დივიდენდებს?
– აქ კიდევ სხვა ვარიანტებიცაა: რა გინდათ რუსეთისგან, კარგად ვცხოვრობდით, ვატარებდით დროს, თავისუფლად ჩავდიოდით.
– მხსნელობა მეტად უმადური საქმეა – საკუთარ მაგალითზე ვიცი. უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ.
– მხსნელი ხშირად იმდენად თანაუგრძნობს მსხვერპლს, რომ გადაამეტებს ხოლმე და მასთან თავის თავს გააიგივებს, დაიწყებს ცხოვრების შავ ფერებში დახატვას და შეიძლება, აჯობოს კიდეც მსხვერპლს შეფასებებსა და შეგრძნებებში, რომ ცხოვრება, თურმე, რა ცუდი ყოფილა. მეორე მომენტია, როდესაც არა მარტო მხსნელი, რიგითი ადამიანიც თავის თავს აიგივებს აგრესორთან, იმიტომ რომ აგრესორი გაგებულია, როგორც ძლიერი მხარე. მაგალითად, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მუშაობდნენ ებრაელებიც, რომლებიც თანამშრომლობდნენ ფაშისტებთან და ისინი გაცილებით სასტიკად და დაუნდობლად ექცოდნენ თავიანთ თანამოძმე ებრაელებს, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში მომუშავე გერმანელები. ანუ ხდება ხოლმე იდენტიფიკაცია აგრესორთან, როდესაც მის როლში ჯდები. ანუ მხსნელი, ერთი მხრივ, შეიძლება, თავს აიგივებდეს მსხვერპლთან და შეცოდების გამო ჩავარდეს მსხვერპლის პოზიციაში და, მეორე მხრივ, შეიძლება, გაუჩნდეს იდენტიფიკაცია აგრესორთან, მოძალადესთან, იმიტომ რომ ის მთლად ცუდი კაცი არ არის, ამდენი ცუდიც არ გაუკეთებია, შეიძლება, მსხვერპლი ზოგ რამეს კიდეც აბრალებდესო, ანუ არბილებდეს სიტუაციას. მაგალითად, როგორც სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, თუ ძალადობდა, სამაგიეროდ, ესა და ეს ააშენაო, ესე იგი, ამართლებენ.
– ეს საკითხი სულ მაინტერესებს, არ იჯერებენ ძალადობის ფაქტებს თუ ლატენტური მოძალადეები არიან?
– იჯერებენ, მაგრამ გადაფასებას აკეთებენ. დააკნინებენ ბრალდებას, ჩამოაწერენ. იმიტომ რომ, რაც გააკეთა, ის უფრო მნიშვნელოვანი იყო.
– ანუ თვითონაც პოტენციური მოძალადეები არიან?
– შეიძლება, არ არიან მოძალადეები, მაგრამ ამართლებენ აგრესიას, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება, იყოს კიდეც მოძალადე. იდენტიფიკაცია მოძალადესთან არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მოძალადე ხდები, უბრალოდ, მის ბანაკში ხარ, ოღონდ თავად მოძალადე არ ხარ. რაც უფრო ხშირად აჩვენებს „ოცნება“ 7 ნოემბრისა თუ 26 მაისის კადრებს, მით მეტად გაამართლებენ სააკაშვილის მომხრეები ძალადობას: დატეულიყვნენ სახლში, აბა, რა უნდოდათ ქუჩაში?!
– ბოლო პერიოდში თავი დავანებე მხსნელის როლს, როდესაც მივხვდი, რომ მსხვერპლები ცდილობდნენ ჩემით მანიპულირებას. მაგრამ სინდისი ხანდახან მქენჯნის ხოლმე, რადგან ყველას ეწყინა, რომ აღარ ვაძლევ საშუალებას, გამომიყენონ. თქვენ ახლა განამტკიცეთ ჩემი გადაწყვეტილება.
– მსხევრპლის მხრიდან მხსნელი ყოველთვის მანიპულაციის ობიექტი ხდება. ამ სამივე პოზიციის თავისებურება ის არის, რომ სამივე ერთმანეთზე უარესი მანიპულატორია და ცვლიან როლებს: მსხვერპლი ხდება მხსნელი, მხსნელი – მოძალადე, მოძალადე – მსხვერპლი და ასე შემდეგ. მოკლედ, საბედისწერო წრეა.