№50 რატომ იყო ხელსაყრელი რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყება და განიხილავს თუ არა კრემლი კიევსა და თბილისს ერთ პაკეტად
უკრაინაში, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი, თუმცა რაღა ინციდენტი, როდესაც, ფაქტობრივად, რუსეთმა კიდევ ერთი უკრაინული ტერიტორია დაიკავა და უკრაინელი მეზღვაურებიც დააპატიმრა, უკავშირდება თუ არა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს (ანუ არის თუ არა ამაზე რეაქცია) და დაკმაყოფილდება თუ არა კრემლი მხოლოდ ქერჩის მიმართულებით, თუ ჩვენი მისამართითაც უნდა ველოდოთ სამხედრო გართულებას? – ამ თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– რატომ გადაწყვიტა რუსეთმა, ასე მკვეთრად ემოქმედა ამ გაქანებული სანქციებისას?
– უპირველესად, თქვენს მკითხველს მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, არჩევნები რომ დამთავრდა და ქართველი ერის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს აღარ ლანძღავს და მეორე ნაწილი პირველს კომპრომატებს აღარ უქვეყნებს. ვფიქრობთ, მსოფლიოსა და ჩვენს სამეზობლოში, პოსტსაბჭოურ სივრცეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობის მომავალს ეხება, ვიდრე...
– ვინ გახდება აქ პრეზიდენტი.
– დიახ; და ვიდრე ზღვარს გადასული ლანძღვა-გინება თანამდებობებისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას: რა თქმა უნდა, უკავშირდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, თუმცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების გარეშეც ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას, იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსეთს აზოვის ზღვის აკვატორიის კონტროლიც უნდა. აზოვის ზღვა განსაკუთრებული დანიშნულებით არ გამოირჩევა, იქ მძიმე ტანკერებისა და საზღვაო ფლოტის შეყვანა ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ სამხედრო-საპატრულო კატერები თავისუფლად იმოძრავებს და ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურები და სამხედრო დაზვერვაც მიიჩნევს, რომ ქერჩიდან, ანუ ზურგიდან, მათ საფრთხე ემუქრებათ. ამდენად, მთლიანად უნდათ კონტროლი. გარდა ამისა, რატომღაც ყველას გვავიწყდება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არ დამთავრებულა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ბრძოლა, იქ, უბრალოდ, დაკონსერვდა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს განახლდეს. რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ჩვენთან მიმართავს – ადამიანების გატაცება, მავთულხლართების გავლება, რუსეთის მაღალჩინსონების ვიზიტები, უკრაინაში არ გამოდგება. დიდი ქვეყანაა და ეს მათ ვერ გაანერვიულებს, ამიტომ პირდაპირ ქმედებებზე გადადის. იქაც იგივე მანევრი ჩაატარა: თავისი გასაკეთებელი გააკეთა და გაყუჩდა. თავი რომ არ ემართლებინა, უკრაინის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დაუწყო ჩივილი.
– პირადად მე ამ წინასაარჩევნო პერიოდში სამხედრო კამპანიას ჩვენი მიმართულებით მოველოდი. ქერჩის მოვლენები მოწმობს, რომ ამ ჯერზე ჩვენ გადავრჩით?
– საერთოდ, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირებამდე რუსეთს აფხაზეთის განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. თუ გახსოვთ, მაშინ ისეთი არეული დრო იყო, რომ სევასტოპოლის პორტის ბედიც კი გაურკვეველი იყო.
– დიახ და არ იცოდა, სად წაეყვანა თავისი შავი ზღვის ფლოტი.
– რაღაც პერიოდში მთელ მსოფლიოში ყველას მოეჩვენა, რომ რუსებმა ამ პორტის მიმართ ყურადღება მოადუნეს. შემდეგ კი, უკრაინის ხელისუფლებასთან 25-წლიანი იჯარის დონის კონტრაქტი გააფორმეს, ისევე, როგორც თავის დროზე – ყაზახეთთან ბაიკანურის კოსმოდრომზე და ყველა ელოდა, რომ რუსეთი შავ ზღვაში კბილებს გამოაჩენდა, მაგრამ ამისთვის მას არც ფინანსური რესურსი ჰყოფნიდა და არც სამხედრო ძალა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ, ამერიკელების დახმარებით, ეკონომიკა გააძლიერა და საუბედუროდ და ბევრისთვის გასაოცრად, ფული ეკონომიკაში კი არა, სამხედრო მოდერნიზაციაში ჩადო, ჩათვალეს, რომ დროა, შავი ზღვა გააკონტროლონ. ეძებდნენ მიზეზს და მიზეზმაც არ დააყოვნა. ეს იყო მაიდანი, რევოლუცია, რის შედეგადაც დამარცხდა პრორუსული ორიენტაციის უკრაინის ხელისუფლება და ეს მხოლოდ იანუკოვიჩის ბრალია. ნურავის აბრალებენ რუსები. ეს მათი ბრალი იყო, თუმცა, როგორც წესი, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობასავით“, წარუმატებლობას ყოველთვის სხვას აბრალებენ, და მხოლოდ წარმატებებს მიიწერენ.
ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ ოკუპირებული ქერჩის პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად და დარტყმები პირდაპირ ქერჩის გამო რომ არ მიეღოთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემა ააგორეს, ორ რესპუბლიკას გამოაცხადებინეს დამოუკიდებლობა და მთელი მსოფლიოს ყურადღება იქით გადაიტანეს, ამასობაში კი ქერჩზე ხიდი გადეს. ხიდის გადებამდე ჯერ კიდევ სჭირდებოდათ აფხაზეთი იმისთვის, რომ ქერჩში არსებული სევასტოპოლის პორტისთვის ზურგი გაემაგრებინა.
– რუსეთი მოიქცა იმავე ტაქტიკით, როგორითაც საქართველოში: 1999 წელს სტამბოლის სამიტზე ეუთოს თავისი სამხედრო ბაზების გატანას დაჰყაბულდა, გაიტანა კიდეც სამი ბაზა, დატოვა მხოლოდ გუდაუთაში. 2008 წელს კი ომი მოიმიზეზა და გაცილებით სტრატეგიულ ადგილებში ახალი ბაზები შემოიყვანა. უკრაინაში ჯერ გრძელვადიან იჯარას ითხოვდა შავი ზღვის ფლოტისთვის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ადგა და ყირიმი მიიერთა.
– დიახ. ზედმეტი ტვირთი მოიშორა და რაც სჭირდებოდა, მხოლოდ ის დაიტოვა. იგივე ტაქტიკაა, ოღონდ უფრო მასშტაბური და უფრო დიდ საფრთხეებთან დაკავშირებული, იმ მიზეზით, რომ 45-მილიონიანი უკრაინა, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, არ არის 4-მილიონიანი საქართველო და ომის დაწყება იქ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა დასავლეთს, გაეროსა და აშშ-ს, რომ დაერწმუნებინათ უკრაინა, არ ეომა.
– ფიქრობთ, დასავლეთმა დაარწმუნა უკრაინა, უსისხლოდ დაეთმო ტერიტორია? რა მაქვს სალაპარაკო, ჩემი ქვეყანა ყველა ბოლო ომში დამარცხდა, მაგრამ გაუსროლელად დატოვეს ყირიმი უკრაინელებმა. რბილად რომ ვთქვა, არ იყო ლამაზი სანახაობა.
– კი არ ვფიქრობთ, დარწმუნებულები ვართ და რაღაც კონკრეტული ფაქტებიც კი ვიცით, მაგრამ ეს მკითხველისთვის საინტერესო არ იქნება, სუფთა სამხედრო-პოლიტიკური თემებია. ერთს ვიტყვი: მინიმუმ, სამი დღით ადრე იცოდა პენტაგონმა, რომ რუსეთი შესვლას აპირებდა და ჩვენ ვფიქრობთ, არ ასროლინეს სწორედ იმიტომ, რომ უკრაინა არ იყო საკმარისად მომზადებული საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, თუმცა ჩვენზე მეტ და დიდხანს შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ უკრაინაში ომი და დესტაბილიზაცია, ჯერ ერთი, რუსეთს გეოგრაფიულად წასწევდა წინ და მეორე, კავკასიაში ძალიან არევ-დარევდა ვითარებას. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში ლტოლვილთა ნაკადები იყო მიმწყდარი ევროპას და ისლამური სახელმწიფოს პრობლემა ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო. ანუ რუსეთმა ისარგებლა, სირიისა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებიდან უნდოდა გამოღწევა და საომარი მოქმედებების ევროპისკენ გადატანა. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდებოდა, ეს ძალიან სახიფათო იყო, იმიტომ რომ, უნდოდა თუ არა, რუსეთს მაშინ კავკასიაც უნდა დაეპყრო, რომ თავისი სამხედრო მანევრებისთვის ზურგი გაემაგრებინა. მოგეხსენებათ, კავკასია არ არის სტაბილური რეგიონი და თუკი რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა და ეს ომი არ იქნებოდა ერთი და ორთვიანი, რა თქმა უნდა, კავკასიაშიც აირეოდა სიტუაცია. როგორც ვიცი, რუსეთის სამხედრო შტაბში ეს სცენარიც განიხილებოდა, ამიტომ დასავლეთმა დაარწმუნა უკრაინელები, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ. ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის გამო და არა მარტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო, რუსეთი სანქციების ქვეშ მოექცა და დაიწყეს უკრაინის გაძლიერება, როგორც სამხედრო ტექნიკით, ისე ტექნოლოგიებით.
– და ამან რა შედეგი მოიტანა უკრაინისთვის? იმას გარდა, რუსებმა რომ ქერჩის სრუტე დაიკავეს?
– გეთანხმებით, მაგრამ დათმობა ხომ შეთანხმების გარეშე არ ხდება?! ისიც ვიცით, როგორ განვითარდება სამომავლოდ მოვლენები. მინდა მკითხველს ვკითხო: ერთი ტერიტორია მაინც მითხარით, რომელიც არ დაბრუნებულა გარკვეული ხნის შემდეგ. როგორც ჩანს, არსებობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო და როგორც მიმდინარე პროცესებიდან ჩანს, საქმე სწორედ აქითკენ მიდის: რუსეთს გაეზარდა ხარჯები და შეუმცირდა შემოსავლები.
– ნავთობის ფასი დაეცა. ყატარი გაზის მოპოვებას ზრდის, რაც გაზის ფასსაც შეამცირებს.
– მარაგებისგან ცლიან რუსეთს და პარალელურად, უკრაინას აძლიერებენ. ვახსენე, რომ ტექნოლოგიებს აძლევენ უკრაინას და იმასაც გავიხსენებ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, სამხედრო ტექნიკის ექსპორტის მხრივ, მეორე ქვეყანა უკრაინა იყო. ის ქარხნები ისევ არსებობს, უბრალოდ, მათი გადაიარაღება მიდის, რომ თანამედროვე ტიპის ტექნიკა გამოუშვან. თუ რუსეთი უახლოეს ერთ ან ორ წელიწადში მიხვდება, რომ ეკონომიკურად ძალიან სუსტდება და დათმობაზე უნდა წავიდეს, დაიწყება ვაჭრობა, რომ სევასტოპოლამდე მისასვლელი გზა დაიტოვოს და დანარჩენი დააბრუნოს. გაგახსენებთ, რომ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში ყირიმის ნახევარკუნძული მიიღეს, რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ გააფორმა ორი კონტრაქტი: ერთი ყირიმის ავტონომიის ხელმძღვანელთან და მეორე – სევასტოპოლის მერთან. ანუ, სევასტოპოლის პოზიცია ორმაგად უფრო გამყარებულია, ვიდრე მთელი ყირიმის ნახევარკუნძულის. ასე რომ, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების თემა დაკონსერვებულია, მათ შორის, ის თემაც, რითაც რუსეთს აიძულებენ, დამობებზე წავიდეს, ჩვენ არ გვგონია, რომ რუსეთის ინტერესი იყოს 40-მილიონიან ქვეყანასთან ბრძოლა, თან ჩვენზე კარგად შეიარაღებულებიც არიან და თავადვე აწარმოებენ საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას.
– რუსეთისთვის ჩვენ უკრაინასთან ერთ პაკეტში მოვიაზრებით? ჩვენი მიმართულებითაც შეიძლება, განახორციელოს ინტერვენცია?
– არაპროგნოზირებადი და არაადეკვატურია რუსეთი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან რუსეთის მისამართით აგრესიული რიტორიკა აღარ ისმის, მანამდე, უკაცრავად ჟარგონისთვის, „ბლატაობდნენ“ და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს რიტორიკა აღარ არის, მაგრამ საქართველომ საერთაშორისო არენაზე დიპლომატიური ბერკეტები უნდა გაააქტიუროს და საერთაშორისო ტრიბუნებიდან დიპლომატიური ენით ჩვენ ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა უნდა მოვითხოვოთ. გვაქვს ამის საშუალება. თუნდაც, ის ფაქტი, რომ უკრაინასთან ყოველდღე ეძაბება სიტუაცია, შესაძლებელია, რომ რუსეთი, თავდაუსხმელობის გარანტიის არსებობის შემთხვევაში, ქართულ სახელმწიფოსთან რაღაც დათმობებზე წამოვიდეს. საერთაშორისო ზეწოლის ფონი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ანგრევს და მომავალში კიდევ უფრო მაგრად დაანგრევს, ჩვენთვის, ასევე, არის საშუალება. ჩვენ ხომ დასავლეთი არ გვიკრძალავს ხმის ამოღებას?! დასავლეთი ამბობს, მე რუსეთი დავსაჯე საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო და ის დაისჯება ნებისმიერი არაადეკვატური ნაბიჯისთვის. ამიტომ შენ უნდა გათვალო, როგორ გამოიყენო არსებული ვითარება საშენოდ. ისე, როგორც სჭირდება შენს სახელმწიფოებრიობას და რომ ხელი არ შეეშალოს საერთაშორისო საზოგადოებას თავისი სანქციების განხორციელებაში.