№50 „ქაჯად გადაგვარება“
ანუ ბევრი ღვარძლი დაიხარჯა ერთი სკამის ნეტარებით
ამ წინასაარჩევნოდ იმდენი ღვარძლი დაიხარჯა ერთი სკამის ნეტარებით (საპრეზიდენტოსი, რასაკვირველია), რომ დღე-დღეზე ველით, ვინ გადაგვარდება ქაჯად.
იქით – სალომე ზურაბიშვილი ემზადება საინაუგურაციოდ (თელავში), აქეთ – გრიგოლ ვაშაძე ბობოქრობს (მასაც უნდა ინაუგურაცია!), რაკი 800 000-მდე ამომრჩეველმა მომცა ხმა (და მერე რა, რომ ჩემს კონკურენტს მილიონ 200 ათასმაო?!), პრეზიდენტობაც მეკუთვნის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოსო.
ჩვენ არ ვიცით, სად წერია, რომ 20 პროცენტით მეტი ხმის მიმღებმა (რაღა ოცის, ერთი ზედმეტი ხმაც საკმარისია) თავისი ადგილი ოცი პროცენტით ნაკლები ხმის მიმღებს უნდა დაუთმოს, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციაში ნამდვილად – არა.
წერია თუ ესიზმრება, ბ-ნი ვაშაძე (გრიგოლი) აცხადებს, რომ ხელისუფლებას სიურპრიზებს მოუწყობს, ჩვენ, ბუნებრივია, არც ის ვიცით, რას გულისხმობს „სიურპრიზებში“, მაგრამ უკვე ვიცით, რომ იქით – მიხეილ სააკაშვილი წაიყვანს უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას (საკუთარი ფბ-გვერდიდან გვამცნო). რითაც უკრაინელ ამომრჩეველს დაეხმარება, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ; აქეთ – ვაშაძე (გიორგი) პეტრო პოროშენკოს (რომელიც, წესითა და რიგით, დანასისხლადაა მიხეილ სააკაშვილთან, მას მოქალაქეობა ჩამოართვა და უკრაინიდანაც გააძევა) საარჩევნო შტაბს 2019 წლის არჩევნებში.
ამის გათვალისწინებით კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქაჯად გადაგვარების პროცესი კარზეა მომდგარი (ოქროსფერი ღორის არ იყოს), ისეთი აურზაურია სალხინეთში.