№50 სად მიიწვია ცნობილმა ამერიკელმა ბარიტონმა სოფია სილაგაძე და როგორ მღეროდა ის კვიპროსის ოპერის სცენაზე ცნობილი მომღერლების გვერდით
ნიჭიერი მომღერლის, სოფია სილაგაძის წარმატებული მუსიკალური კარიერა ჯერ საქართველოში დაიწყო, შემდეგ კვიპროსზე გაგრძელდა და ახლა ის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. წარმატებულად გამოვიდა ქართულ „X ფაქტორში“ და თავისი ლამაზი ხმით ყოველთვის ხიბლავს როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მსმენელს.
სოფია სილაგაძე: მას შემდეგ, რაც ამერიკაში საცხოვებლად ჩამოვედი, უფრო მეტად დავინტერესდი კლასიკური მუსიკით. გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ამ სფეროში და ჩემი მიზნებისკენ აქტიურად მივიწევ. აქაური ცხოვრების რიტმი მაძლევს მოტივაციას, რომ ვიყო რეალიზებული და საინტერესო, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა. ეს, იმავდროულად, დიდი გამოწვევაც არის, რადგან ყველაფრის ნულიდან დაწყება და ახალ გარემოსთან შეგუება გიწევს.
– როგორ მიდის შენი მუსიკალური კარიერა ამერიკაში?
– აქ გავიცანი მარკ ოსვალდი, ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ბარიტონი, რომელიც 15 წელი „ნიუ-იორკ მეტროპოლიტენ ოპერაში“ მღეროდა. მას ნამღერი აქვს ლუჩიანო პავაროტისთან, პლასიდო დომინგოსთან, ალფრედო კრაუსტან და დირიჟორ ჯემს ლავინთან ერთად მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სცენაზე. მან მიმიწვია დესპინას როლში მოცარტის ოპერაში – „ასე იქცევა ყველა ქალი“, მანჰეტენზე – MARC A. SCORCA HALL, NATIONAL OPERA CENTER-ში“. დესპინა საკმაოდ სახასიათო გმირია და მთლიანი როლის შესწავლითა და შესრულებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ამ ეტაპზე ვსწავლობ პუჩინის ოპერა „ბოჰემიდან“ მუზეტას როლს და მოცარტის „დონ ჟუანიდან“ – სუზანას.
– ქართველმა ემიგრანტებმა „თბილისობა“ ნიუ-იორკში განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნეთ.
– „თბილისობა“ ნიუ-იორკში ემიგრანტებისთვის დადებითი ემოციების დღესასწაულია. ერთად შეკრებილ ბედნიერ ადამიანებს უყურებ, რომლებიც ამ დღეს, საკუთარი ქვეყნიდან შორს, როგორც სახლში, ისე გრძნობენ თავს, თან, ერთი დღით. კონცერტი გაიმართა „ფესვების“ ორგანიზებით და მასში მონაწილეობა ნიუ-იორკში მოღვაწე ყველა ქართველმა მომღერალმა მივიღეთ. ჩემთვის ნიუ-იორკული ცხოვრება უკავშირდება რიტმს, რომელსაც ერთი დღეც არ უნდა ჩამორჩე. უნდა მიიღო ყოველდღიური გამოწვევა, რასაც აქაური ცხოვრების სტილი გაძლევს. იყო ხალისიანი და მოტივირებული მაშინაც კი, როდესაც „სტარბაქსში“, უბრალოდ, ყავის დასალევად შედიხარ, რადგან არასოდეს იცი, ვის შეხვდები და როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება.
– მახსოვს, ძალიან წარმატებულად მოღვაწეობდი კვიპროსზე.
– კვიპროსი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. იქ ყოფნას უამრავი წარმატებული და მნიშვნელოვანი დღეები უკავშირდება. განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა. ამ ზაფხულს გახლდით კვიპროსზე, ბატონ პოლის ხარალმბუსის მიწვევით, რომელიც ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორია, ასევე, ჩემი უახლოესი მეგობარი. მან მიმიწვია მის მიერ შექმნილ ოპერაში „ქალღმერთ აფროდიტას დაბადება“. მეც სიხარულით დავთანხმდი. ოპერაში, ასევე, მონაწილეობდნენ ცნობილი ბერძენი მეცო-სოპრანო, კასანდრა დიმოპულუ და ცნობილი ტენორი, ფილიპე მოდინო, ლიმასოლის კუმანდარიას ორკესტრი და მაესტრო, ფრანცის გაი. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო პრემიერაში და ეს ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული, წარმატებული ნაბიჯი იყო. თუმცა ვიცი, რომ მომავალშიც არაერთი წარმატება მელოდება.