№49 რისი ეშინია პანიკურად გიორგი ჩიჩუას და როდის არის მისი მეუღლე ძალიან კრიტიკული
„მთავარი ექიმის“ მთავარი ექიმი გიორგი ჩიჩუაა. მისთვის წამყვანის როლი ახალი ამპლუაა, რომელიც მოულოდნელად მოირგო, მაგრამ რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, აქ მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდოობით სარგებლობს.
გიორგი ჩიჩუა: ერთ წვეულებას მე და ჩემს კოლეგებთან ერთად „ფორმულა კრეატივის“ პროდიუსერები ესწრებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ მიმიწვიეს მათ ტელევიზიაში და შემომთავაზეს, ახლა უკვე ცნობილი გადაცემის, „მთავარი ექიმის“ წამყვანის როლი. ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩემი სპეციალობის სპეციფიკას, რომელიც გულისხმობს განუსაზღვრელი დროით, მუდმივად სამუშაო მდგომარეობაში ყოფნას. ყოველივე ამას თან ერთვის სერიოზული დატვირთვა, როგორც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელისა. ყველანაირ მოულოდნელობას წარმოვიდგენდი, რომელსაც ცხოვრება შემომთავაზებდა, მაგრამ ასეთ სიურპრიზს ფიქრადაც ვერ გავივლებდი, მით უმეტეს, ვერ გავბედავდი. პროდიუსერების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადავწყვიტე, საცდელ გადაცემაში მიმეღო მონაწილეობა, თანაც, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს არაფერს ნიშნავდა და ტელეეკრანზე არ გაუშვებდნენ. ამის შემდეგ, დაახლოებით, თვე-ნახევარი გავიდა. სიმართლე გითხრათ, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ იმ საცდელი გადაღების შემდეგ ამ თემაზე საუბარი საბოლოოდ შეწყდა. ერთ მშვენიერ დღეს გაისმა ზარი: ტელევიზიიდან გაწუხებთ, გთხოვთ, მობრძანდეთ, გადაღებაზე გელითო. შეხვედრაზე დანიშნულ დროს მივედი... და დაიწყო და დაიწყო... ეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა! ხშირად მეკითხებიან, როგორ ახერხებ დროის განაწილებასო, რაზეც ვპასუხობ: ჩემი ძილის ხანგრძლივობის რამდენიმე საათით შემცირების ხარჯზე-მეთქი. აქვე მსურს, აღვნიშნო ჩემი არაჩვეულებრივი მეწყვილე, საოცრად ნიჭიერი ადამიანი – ანა ტყებუჩავა, რომელიც მეხმარება და ხელს მიწყობს კამერის წინ მუშაობაში. თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ იმდენად არაჩვეულებრივ ჯგუფში მომიწია მუშაობა, რომ ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მათ ყველა სირთულე დამაძლევინეს.
– ეკრანზე გამოჩენის შემდეგ პაციენტებს როგორი რეაქციები აქვთ თქვენთან შეხვედრისას?
– ყველასგან უაღრესად დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ. ძველი პაციენტები ძალიან ხშირად მეუბნებიან: „ბატონო გიორგი, ტელეეკრანზე გიხილეთ“ (იცინის). არიან ახალი პაცინეტები, რომლებმაც ჯერ ეკრანზე მნახეს, და შემდეგ გაუჩნდათ ჩემთან კონსულტაციის სურვილი. უაღრესად მადლიერი ვარ ასეთი ნდობისთვის. ტელევიზია ერთია, მაგრამ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა სრულიად სხვა პასუხისმგებლობაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ხშირად, პაციენტებს დამშვიდობებისას რომ ვეუბნები, მომავალ შეხვედრამდე, სამი თვის შემდეგ, მპასუხობენ: არა, ბატონო გიორგი, ერთ კვირაში შევხვდებით ცისფერ ეკრანთანო (იცინის).
– ალბათ, ბუნებრივი იყო, ეს პროფესია რომ აირჩიეთ – შეიძლება ითქვას, ოჯახური ტრადიცია გააგრძელეთ.
– ექიმების ოჯახურ დინასტიას ვაგრძელებ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მედიკოსია. მეუღლეც ექიმია, საკმაოდ ცნობილი ენდოკრინოლოგი – ქეთევან ასათიანი. უფროსი ქალიშვილიც ექიმის სპეციალობას ეუფლება, უმცროსებსაც აქვთ სურვილი, ვნახოთ, რა იქნება. მე ოფთალმოლოგი ვარ, მამაც ოფთალმოლოგია. ბავშვობიდან თვალყურს ვადევნებდი მის საქმიანობას და ბუნებრივია, რომ ინტერესი გამიჩნდა. დედა კარდიოლოგია. იყო პერიოდი, როცა კარდიოლოგიამ გამიტაცა. ერთ დროს კარდიოქირურგობა მსურდა, მაგრამ, როცა მამასთან ქირურგიული უნარების დაუფლება დავიწყე, მივხვდი, რომ ეს ჩემი გზაა, რომელიც უკვე გაკვალული იყო.
– როცა საქმე თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, მაშინ როგორ იქცევით?
– როგორც პაციენტი, ძალიან მძიმე ვარ (იცინის). ეს, ალბათ, ადამიანის ფსიქოლოგიაა – როცა საქმე საკუთარ ჯანმრთელობას ეხება, გავიწყდება, რომ თავად ექიმი ხარ. შენ ავადმყოფის სტატუსი გაქვს და ყველასგან, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისგან, მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვ. ურჩი პაციენტიც ვარ, ექიმის მითითებებს ბოლომდე არ ვიცავ ხოლმე. ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ – ძალიან მეშინია ინიექციის – ქირურგს ნემსის ეშინია (იცინის). რა ვქნა, მისი წვერი რომ მიახლოვდება, ცივი ოფლი მასხამს.
– თქვენი და ასევე, ექიმი მეუღლის გზები როდის გადაიკვეთა, როგორია თქვენი რომანტიკული ამბავი?
– ერთმანეთი ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გავიცანით. ჩემი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე. ის ჩემ გვერდით იჯდა, ბახუსის გავლენის ქვეშ მყოფმა, შემთხვევით, სავსე ხელადიდან წითელი ღვინო კაბაზე გადავასხი. ეს საკმაოდ კარგად ცნობილი ამბავია ჩვენი მეგობრების წრეში. ქეთუშასთვის ეს შოკი იყო (იცინის). უნივერსიტეტში ვიცოდი, სად უნდა მენახა, მეორე დღეს მივედი, კიბეებზე ავრბოდი და შევეჩეხე. ჩავეხუტე და ვუთხარი: „ქეთევან, მე მოვედი“ – კვლავ შოკირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა (იცინის). ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. მერე მე სასწავლებლად უცხოეთში გავემგზავრე, რამდენიმე წლის შემდეგ დავბრუნდი, დავქორწინდით და ერთად წავედით.
– და დღეს სამი შვილი გყავთ.
– ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი გვყავს. უფროსი 19-ის, შუათანა – 16-ის და უმცროსი 14 წლისაა. შუათანა გოგონა – ლიზა ჩიჩუა, ვფიქრობ, არცთუ ცუდად მღერის. ახლახან სტოკჰოლმში ჩატარდა „ქართული კულტურის დღეები“, სადაც ლიზამ შეასრულა შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის სიმღერა „განთიადი“ და რამდენიმე სიმღერა ცნობილ მომღერალ და კომპოზიტორ დავით არჩვაძის „ქართულ კვარტეტთან“ ერთად. ის 10 წლის ასაკიდან, ყოველ შობას სამების ტაძარში გალობს შესანიშნავ მომღერალთან, თავის მასწავლებელთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად. ჩემი სამივე შვილი დაინტერესებულია მედიცინით, ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან, კლინიკაში და ოპერაციებს ესწრებიან.
– რამდენჯერმე ქართული სუფრა ახსენეთ, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
– ჭეშმარიტი ქართული სუფრის ტრადიციას განსაკუთრებულ პატივს ვცემ. ყველა იმ ურთიერთობამ, რომელიც წინათ სუფრასთან ყალიბდებოდა, დღეს სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ვარ. ერთხელ შვილმა მითხრა: მამა, როგორი ასოციალური ადამიანი ხარო. ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხვდები და მიუხედავად ამისა, მაინც ასოციალური ვარ? (იცინის). ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მე მაინც ცოცხალ, უშუალო ურთიერთობას ვანიჭებ პრიორიტეტს. დღეს სიყვარულსაც კი მიმოწერით უხსნიან ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს არასწორია. ქართული სუფრა ადამიანთა შორის ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა. ცეკვაც მიყვარს, სიმღერაც და სადღეგრძელოებიც. ამ ყველაფერს წინაპრებისგან ვეზიარე და ვცდილობ, ჩემმა შვილებმაც შეიგრძნონ.
– ბოლოს ისევ მეუღლეზე გკითხავთ. მას ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა გადაცემაში. რჩევებს თუ გაძლევთ, ახლა უკვე როგორც წამყვანს და როგორ შეგაფასათ ამ ამპლუაში?
– ჩემი მეუღლისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემი ხილვა ამ ამპლუაში. ის თავისი ოჯახის წევრებისადმი ძალიან კრიტიკულია, თუმცა, ამას მკაცრი ფორმით არ გამოხატავს. მეც და შვილებსაც ყოველთვის ძალიან რბილად გვაძლევს შენიშვნებს, რომლებიც, ვფიქრობ, უდავოდ გასათვალისწინებელი და მისაღებია.