№49 რატომ გადაწყვიტა ლევან წურწუმიამ საქართველოდან წასვლა და რით აკვირვებს მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკელებს
28 ოქტომბერს ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონატი World Natural Powerlifting Federation ეგიდით ჩატარდა. მასში, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ხელმძღვანელობით, ქართული გუნდიც მონაწილეობდა. საერთო ჯამში, ათი ოქრო და გუნდური პირველი ადგილი მოვიპოვეთ. მათგან სამი ამერიკაში მცხოვრები ქართველი სპორტსმენის, 28 წლის ლევან წურწუმიას დამსახურებით. მან ბიცეფსით წონის ამოწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამასთან ერთად 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულიც დაიმსახურა.
ლევან წურწუმია: საოცარი შეგრძნებაა, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ ხარ, განსაკუთრებულად გენატრება სამშობლო და ამ დროს საშუალება გეძლევა, საკუთარი ქვეყანა ასახელო, ეს მხოლოდ შენი კი არა, მთელი ქვეყნის წარმატება და სახელია. მსგავსი სიხარულის განცდას ვუსურვებ ყველა სპორტსმენს, ვინც წარმატებისთვის იბრძვის. მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგე, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ორმაგად გამიხარდა მსოფლიო რეკორდის დამყარება. შეჯიბრების ბოლოს საუკეთესო სპორტსმენადაც რომ გამომაცხადეს, ეს უკვე ენით აღუწერელი ემოცია იყო. საუკეთესოთა შორის, საუკეთესოდ რომ დაგასახელებენ, უდიდესი სიხარულია.
– როგორი იყო წინასწარი განწყობა, ელოდი ამხელა წარმატებას?
– ჩემპიონატზე რომ გავდივარ, წაგებაზე არასდროს ვფიქრობ. ამჯერადაც ვფიქრობდი, რომ უნდა მომეგო. მაგრამ ასეთ შედეგს ვერ წარმოვიდგენდი. როცა ერთ გამარჯვებას მოიპოვებ, განწყობაც მაღლდება და უფრო და უფრო მეტ შედეგზე კონცენტრირდები. პირველს მეორე, მეორეს მესამე ოქროს მედალი მოჰყვა და მერე მსოფლიო რეკორდზეც გამიჩნდა ამბიცია. რა თქმა უნდა, ეს დაგეგმილი არ მქონდა, მაგრამ რადგან ასე გამოვიდა, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტად ჩაიწერება.
– ამ შედეგამდე გრძელი გზა და დიდი შრომა იქნებოდა, თავის სირთულეებითა და წარმატებებით...
– დასავლეთში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში დავიბადე. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსური გაჭირვების გამო ვერ დავდიოდი სპორტზე, უბრალოდ, იქ შესაბამისი პირობები არ იყო. თან, ეს ამერიკული სპორტია, საქართველოში თანდათან მკვიდრდება და იმ პერიოდში შესაბამისი დარბაზები თბილისშიც ნაკლებად იყო. თუმცა სახლის პირობებში ყოველთვის ვვარჯიშობდი. პროფესიონალურ სპორტში სტუდენტობის პერიოდში ჩავერთე, როცა სპორტის აკადემიაში ჩავაბარე. შეჯიბრებებში პირველივე ეტაპიდან კარგი შედეგები მქონდა, საქართველოშიც ძალიან ბევრი ოქროს მედალი მაქვს მოპოვებული. ჩემი ოჯახი ბოკალში აგროვებდა ჩემს მედლებს, მაგრამ მალე ისე გაიზარდა მათი რაოდენობა, რომ ქვაბშიც აღარ ეტეოდა (იცინის).
– წარმატებული ასპარეზობების შემდეგ ამერიკაში გადასვლაც ლოგიკური იყო.
– ამერიკაში ჩემი წამოსვლა უშუალოდ სპორტს არ უკავშირდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მხრივაც მქონდა სერიოზული გეგმები. აქ სასწავლებლად ჩამოვედი და ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, როგორზეც საქართველოში ვოცნებობდი. ამიტომ თავს სიზარმაცის საშუალებას ვერ მივცემდი. მეორე წელია, რაც აქ ვარ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის პრაქტიკულად, შვიდი თვე ვემზადებოდი, მაგრამ საქართველოდან დიდი ბეგრაუნდი მქონდა. როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადები, სხვანაირი მოტივაცია გაქვს. საქართველოს ჩემპიონატზე იცი, თითოეული შენი მოწინააღმდეგე რისი გამკეთებელია და ცდილობ, მათზე ცოტა მეტი გააკეთო, რადგან ეს საკმარისია გამარჯვებისთვის. მეც დამატებით ვარჯიშით თავს აღარ ვიკლავდი და ვიჯერებდი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი იყო. როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადები, არ იცი, რა დონის პროფესიონალებთან მოგიწევს შეხვედრა და თუ ძალიან მაგრად არ მოემზადე, შესაძლოა, საერთოდ, საპრიზო ადგილის გარეშე დარჩე. ეს რომ გავიაზრე, ყოველდღიურად მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდი და უფრო და უფრო მეტს ვითხოვდი საკუთარი თავისგან – სულის ამოხდამდე ვიტვირთებოდი. გარდა ამისა, როცა საქართველოში ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე იაზრებ, რომ შენი ასპარეზობა ქვეყნის სახელიცაა და პასუხისმგებლობა და მოტივაცია გიასმაგდება.
– რთული პერიოდები?
– რთულია, როცა გინდა, საყვარელი საქმე აკეთო, მაგრამ ვალდებული ხარ, ხანდახან გვერდზე გადადო და სხვა რამით დაკავდე, რადგან მარტო სპორტით ცხოვრებას ვერ შეძლებ. საქართველოში იყო პერიოდი, როცა ექვსი თვე ისე გასულა, ვერ მივარჯიშია. ერთხელ სერიოზული ტრავმა მივიღე და კარგა ხანს შტანგას საერთოდ ვერ ვეკარებოდი. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. ჩვენს ქვეყანაში ტრავმირებული სპორტსმენი „ჩამოწერილია“. ყველას ისეთი ადამიანი სჭირდება, ვისგანაც დიდ წარმატებას ელიან, რაც ტრავმირებულისგან ნაკლებმოსალოდნელია. ვინმემ რომ დაგიჯეროს და შენში ინვესტიცია ჩადოს, კარგ ფორმაში უნდა იყო და ტრავმა რომ მივიღე, ამის შანსი აღარ მქონდა. საბედნიეროდ, შევძელი, ყველაფერს საკუთარი სახსრებით გავართვი თავი და უფლის წყალობით, ორგანიზმმაც ხელი შემიწყო.
– ორი უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული. არადა, როგორც წესი, სპორტსმენები ამას ნაკლებად ახერხებენ ხოლმე.
– ამერიკელ მეგობრებს რომ ვეუბნები ჩემი სპორტული მიღწევების შესახებ და შემდეგ იმასაც იგებენ, რომ ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, ძალიან უკვირთ, რადგან აქ სხვანაირი სისტემაა. უნივერსიტეტის დამთავრებაც ძალიან რთულია და იშვიათი ამბავია, ამის გარდა, აქ უფრო ერთ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულები. საქართველოში „ყველაფერჩიკები“ ვართ, რაც ცუდი სულაც არაა. ცხოვრება კონკურენციაა და არ იცი, როდის რა დაგჭირდება, მაგრამ კონკრეტულ საკითხში პროფესიონალიზმი აუცილებელია. მეც ვცადე რაღაცები – სპორტისა და სწავლის პარალელურად, ჩემი ბიზნესიც დავიწყე – საკუთარი საქმე, რადგან მეტი შემოსავლის აუცილებლობასთან ერთად, უფროსების კარნახს ვერ ვეგუებოდი. ცოტა ამბიციური ვარ, შეიძლება, ყველა საკითხში საჭირო ბეგრაუნდი არ მქონდეს, მაგრამ მაინც გავაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი, აუცილებლად უნდა გამომივიდეს. რაც შეეხება სწავლას, პირველად სპორტის მენეჯმენტზე ჩავაბარე და ათლეტიზმის ფედერაციაში ვმუშაობდი – ჯერ მწვრთნელად, შემდეგ კლუბის ხელმძღვანელად. საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა, შემეძლო, კარგად მეცხოვრა, მაგრამ ბევრისთვის გაუგებარი ნაბიჯი გადავდგი. ამ სამსახურს თავი დავანებე და აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რადგან იქ ბენდუქიძე იყო ახალი მოსული და რეფორმებს ატარებდა. ყველა მეუბნებოდა, რაღად გინდა სწავლა, როცა ასეთი სამსახური გაქვს და სწავლითაც უკვე ისწავლეო. შეიძლება, სხვებს არ უთხრა, რომ რაღაცები არ იცი და განვითარება გჭირდება, მაგრამ საკუთარ თავს უნდა გამოუტყდე ამაში. როცა ისეთ წარმატებულ და განათლებულ ადამიანებთან გაქვს შეხება, როგორებთანაც მე მქონდა, ხვდები, რომ განათლების ძალიან დაბალი დონე გაქვს. იმ პერიოდისთვის მოთხოვნადი ვიყავი, მაგრამ დრო რომ გავიდოდა, ისეთი საჭირო აღარ ვიქნებოდი, იმდენი განათლებაც არ მექნებოდა, რომ სხვა რამე გამეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტე, ბიზნესის ფაკულტეტზე მესწავლა და წინ წავსულიყავი. ამერიკაში ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც სწავლა იყო. დღემდე, ყველა გარემოში ვცდილობ განვვითარდე და წინ წავიდე. ვცდილობ, სპორტსმენობასთან ერთად მოაზროვნე ადამიანი ვიყო. აქ ახლა ენის მოსამზადებელ კურსს გავდივარ და ექვსი თვის შემდეგ სასწავლებელში უნდა გადავინაცვლო.