კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 თამუნა ნიკოლაძე: ვიყავი უკარება და ყინულის დედოფალი, ბოლო დროს გავლღვი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

თამუნა ნიკოლაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ მისი საეკრანო გმირებისგან განსხვავებულ როლში მოგვევლინა. თათია ისეთ ქართველ ქალებს განასახიერებს, რომლებიც ქმრის ღალატისა და ბევრი სხვა პრობლემის მიუხედავად, ოჯახს არ ანგრევენ და ცდილობენ, ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდნენ.
თამუნა ნიკოლაძე: ბოლო ორი წელი ეკრანზე აღარ ვჩანდი. იმიტომ არა, რომ ამის საშუალება არ მქონდა, ეს ჩემი სურვილით მოხდა – მინდოდა, სხვა ხასიათით, განსხვავებულ როლში ვეხილე მაყურებელს. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება კომედიური სერიალიდან, მაგრამ ამის სურვილი უკვე ნაკლებად მაქვს. იმდენად დავნაყრდი სიტუაციური კომედიით, რომ მინდა, ეს მიმართულება ჩემი ცხოვრების ლამაზ მოგონებად დავტოვო. რაც შეეხება ახალ გმირს „ჩემი ცოლის დაქალებში“, ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი გასაკეთებელია. დღეს ძალიან მწვავედ დგას ღალატის თემა. ადამიანი ერთგული უნდა იყო პროფესიაშიც, მეგობრობაშიც, სიყვარულშიც და ცოლქმრობაშიც. საქართველოში ძალიან ბევრი თათიასნაირი ქალი არსებობს. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი, მეოჯახე ადამიანია. ქმარი ძალიან უყვარს და გაფაციცებული დედაა.
– თუმცა ისეთი ჩანს, მეუღლის საჩუქრების ხათრით რომ ბევრ რამეზე დახუჭავს თვალს.
– კი, მაგრამ თუ გადავხედავთ, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ქალია ისეთი, ვინც ოჯახი რომ არ დაანგრიოს, ბევრ რამეზე დახუჭავს თვალს. ეს ტრაგედიაა, რის გამართლებასაც ვერ ვპოულობ. გაიგო, რომ მისი ქმარი ვიღაც გოგოსთან ერთად დაინახეს კაფეში და ცდილობს, ძალიან სწრაფად და მშვიდად გაარკვიოს ყველაფერი. იმის მიუხედავად, რომ ქმრის არ სჯერა, არ უნდა სხვამ გაიგოს ამის შესახებ და ბავშვთანაც თავს იკავებს – სტანდარტული ქართველი გოგოა. ზოგადად, ჩემი აზრით,  ქალი რომ ქმრის ღალატის შესახებ გაიგებს, ყველაფერს დალეწავს, მაგრამ ადამიანები ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევიან. მე ვცდილობ, ჩემი პერსონაჟი არ იყოს ისტერიკული. დარწმუნებული ვარ, მან კარგად იცის, როგორც იქცევა მისი ქმარი და ეს არაა პირველი შემთხვევა, მაგრამ ითმენს. ვიცნობ ასეთ გოგონებს – ოღონდ ოჯახი არ დაანგრიონ, ოღონდ მეზობლებმა ან, თუნდაც, მშობლებმა და მეგობრებმა არაფერი გაიგონ, ღალატსაც მთელი ცხოვრება მოითმენენ. პირადად მე ძალიან მიკვირს, ვფიქრობ, რომ არაფერი არ უნდა მოითმინო. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ და ერთი შანსი გაქვს.
– თამუნა როგორ მოიქცეოდა მის ადგილას?
– თამუნა წავიდოდა. როგორი წარმოსადგენია, როცა შენი მეუღლე, თუნდაც ფლირტის დონეზე, სხვა ქალს ემესიჯება?! მით უმეტეს, თუ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. თუმცა, კიდევ ვამბობ, ჩემს გარშემო არიან გოგონები, რომლებიც იმის ფიქრში, რას იტყვის ხალხი, ითმინენ ქმრის ღალატსაც და კიდევ მეტსაც. შენ რაც არ უნდა გააკეთო, ხალხი მაინც ძალიან ბევრ რამეს იტყვის და ამ მიზეზით არ უნდა თქვა უარი საკუთარ ბედნიერებასა და თავმოყვარეობაზე. ადამიანები თითქოს იმისთვის არიან დაბადებული, რომ სხვა განიკითხონ, რაც ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ღალატი უპატიებელი, ძნელად გადასაგორებელი და ჩასაყლაპი თემაა. ბევრ ჩემს ახლობელს გაუგია მეუღლეზე მსგავსი ამბავი, მაგრამ თვალი დაუხუჭავს. ზოგს სხვა გზა არ აქვს, წასასვლელი არსად აქვს და რომ წავიდეს, სად წავიდეს?!
– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მშვიდობა. ყველაფერი კარგად არის. ამაზე კონკრეტული საუბარი არ მიყვარს. ყველამ იცის, რომ არც ქმარი მყავს და არც შვილი. თუ რამე მოხდება, ყველა ჩემზე ადრე გაიგებს (იცინის).
– უკარება და ყინულის დედოფალი ვარო, ნათქვამი გაქვთ.
– ადრე ვიყავი უკარება და ყინულის დედოფალი, ბოლო დროს გავლღვი (იცინის). გავიზარდე და ბევრ რამეს უფრო მარტივად, მსუბუქად და თავისუფლად შევხედე.
– ადრე რატომ იყავით უკარება?
– მაშინ, ალბათ, ასე ვფიქრობდი და ასეც ვიქცეოდი. რაღაცნაირი პერიოდი იყო, როცა ეგ ვთქვი, ჩემს ცხოვრებაში რევოლუციური წელიწადი იყო. მაშინ ვფიქრობდი, რომ ცივი და უკარება უნდა ვყოფილიყავი.
– ეს ის პერიოდია, როცა მეუღლეს დაშორდით?
– არა. ამაზე არ მინდა ლაპარაკი. ბევრჯერ ვისაუბრეთ და უკვე წარსულია, ათი წელი გავიდა. დღესდღეობით კარგად ვარ. ჩემს ულამაზეს სახლს ვუვლი, მაქვს პროფესია, ორ სკოლა-სტუდიაში ვმუშაობ, თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ. ახლა სერიალში ვთამაშობ, ვმუშაობ გახმოვანებაზე, მიმყავს ღონისძიებები და უბედნიერესი ადამიანი ვარ, სადაც არ უნდა გამოვჩნდე, ხალხისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ.
– მაშინ, ალბათ, თქვენი გულის გასალღობად მამაკაცს ბევრი სჭირდებოდა. დღეს რა არის ამისთვის საჭირო?
– მამაკაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს, ეს ძალიან გამახარებდა. არ მინდა, მამაკაცზე ძლიერი მე ვიყო. ამიტომაც ვარ ახლა მარტო (იცინის). შემდგარი და კარგი ადამიანი უნდა იყოს, იუმორის გრძნობით, რომელიც პირველ რიგში, ჩემი მეგობარი იქნება. ასაკთან ერთად ადამიანი ხვდები, რომ მარტო ვნება და ბუშტები არ არის სიყვარული.
– ალბათ, გარშემო ბევრი გიჩიჩინებთ, ოჯახი შექმენიო.
– ყველა, გარდა საკუთარი დედ-მამისა. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ყოველთვის მეუბნებიან, თამუნა, შენ როგორც გინდა, ყველაფერი შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებულიო. ოჯახში ჭკუას არავინ მარიგებს, მაგრამ, აი, გარშემო ყველა ამას მიმეორებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, მის ცხოვრებას რა სჭირდება. ჩემზე კარგად არავინ იცის, მე რა მჭირდება. უკვე ერთი წელია, ცალკე გადავედი საცხოვრებლად და ძალიან ბედნიერი ვარ.
– დღეს თითქოს უფრო თავისუფალი ურთიერთობების ტენდენციაა. ურთიერთობის დაკანონება და გაოფიციალურება ბევრისთვის საერთოდ მიუღებელია. თქვენ რას ფიქრობთ?
– რაღაც ეტაპები უკვე გამოვიარე. ბევრი წლის წინ მქონდა ოჯახიც. მე ყოველთვის ვიყავი და ახლაც ოჯახის მომხრე ვარ. ცოლი, ქმარი, შვილები და ჯანსაღი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ შენი ბედ-იღბალი ამის საშუალებას ვერ ან არ გაძლევს, არ შეგვხდა ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება ცხოვრება დაუკავშირო, ცოტა მარტივად უნდა შეხედო ამ ყველაფერს და ისე მიიღო, როგორც სიკეთე. ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ოჯახი თუ თავისუფალი ურთიერთობა? თუ ადამიანები არ არიან მზად ოჯახის შესაქმნელად და მხოლოდ მარტივი ურთიერთობით შეიძლება იყვნენ კარგად, მოდი რა, ყველამ ბედნიერება აირჩიოს. აბა, ის არის კარგი, ჩემს გარშემო გოგონები მეუღლესთან ერთად მარტო იმიტომ არიან, რომ სხვის დასანახად, ოჯახი არ დაანგრიონ?! თუ ის, რომ მე მარტო ვარ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უბედური ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ღამე გაცილებით მშვიდად მძინავს, ვიდრე ჩემს რამდენიმე ახლობელს, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა საკუთარი ქმრისგან. ასაკთან ერთად საკუთარი თავი უნდა დააფასო, არავის არასდროს უნდა დააჩაგვრინო და არავის მისცე უფლება, რომ აგატიროს. მარტივი ურთიერთობა? – ვისაც როგორ გაუხარდება. ადრე შეიძლება, მეთქვა: ვაიმე, არა, უხერხულია! მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ არაფერია უხერხული. მთავარია, კაცს მოსწონდეს ქალი და ქალს – კაცი. პირველ რიგში, ამის მომხრე ვარ.
скачать dle 11.3